„პარლამენტის მანდატს დავტოვებ იმ შემთხვევაში, თუ სახალხო დამცველად ამირჩევენ“ - კვირის პალიტრა

„პარლამენტის მანდატს დავტოვებ იმ შემთხვევაში, თუ სახალხო დამცველად ამირჩევენ“

იაგო ხვიჩიას განცხადებით, სააკაშვილი და გვარამია პოლიტპატიმრები არიან, ივანიშვილი კი ოლიგარქი არ არის. რატომ მიიჩნევს სააკაშვილს პოლიტპატიმრად (იქვე დასძინა, რომ თავისი შინაგანი რწმენით სააკაშვილს სისხლის სამართლის დანაშაული ჩადენილი აქვს) "გირჩის" დეპუტატი, რომელიც შეიძლება ცოტა ხანში სახალხო დამცველად მოგვევლინოს, თავისებურად და განსხვავებულად აფასებს როგორც პოლიტიკურ პროცესს, ასევე სახალხო დამცველის უფლება-მოვალეობებს. ასევე განსხვავებული მიზეზი აქვს დეპუტატის მანდატის დასატოვებლად.

- ტყუილად რატომ უნდა გავიდე პარლამენტიდან, შეჯიბრებაა, ვინ უფრო სწრაფად დატოვებს საპარლამენტო ორგანოს თუ რა ხდება?! პარლამენტის მანდატს დავტოვებ იმ შემთხვევაში, თუ სახალხო დამცველად ამირჩევენ.

- თქვენ არ ფიქრობთ, რომ პარლამენტის­ დატოვება, პროცესის ქუჩაში გადატანა და პერმანენტული პროტესტი ოპოზიციისთვის შეიძლება წარმატების ფორმულა აღმოჩნდეს?

- როგორც თავის დროზე არ მესმოდა,­ რატომ იყო ივანიშვილის­ დამარცხების ფორმულა სიების ჩახსნა, ისე არ მესმის, როგორ შეიძლება ოპოზიციის გამარჯვების ფორმულა გახდეს პარლამენტის დატოვება. ესე იგი, პარლამენტიდან გადიან ოპოზიციონერი დეპუტატები და მათ ნაცვლად არავინ არ შემოდის. ეს ხომ სიგიჟეა?! როდესაც "გირჩის" დეპუტატები ვამბობდით, რომ სიების ჩახსნა სწორი არ იყო, ხელისუფლებასთან შეთქმულებად გამოგვაცხადეს. ახლა არაფრის თქმას არ ვაპირებ, რაც უნდათ, ის ქნან.

- რას ფიქრობთ, "ლელოს" ფორმულაზე, რომელიც პარტიების დაშლასა და მათ ბაზაზე­ ახალი ძალის შექმნას გულისხმობს?

- ეგზოტიკური ფორმულაა. ეს ინიციატივა თუ რაიმე კავშირშია ოპოზიციაში საყოველთაო პრაიმერთან, კარგია იერა­რქიის განსასაზღვრად. ახლა არჩევნები­ არ არის და ვერ ვამოწმებთ, ვის როგორი მხარდაჭერა აქვს. იქიდან გამომდინარე,­ რომ სააკაშვილი ციხეშია და პოლიტიკიდან წასვლას აპირებს, "ნაცმოძრაობა" კი კრიზისშია, არ ვიცით, ვის რა წონა აქვს ამ წუთში.

- სკანდალური იყო თქვენი განცხადება იმის შესახებ, რომ სააკაშვილს სისხლის სამართლის დანაშაული კი აქვს ჩადენილი, მაგრამ ის მაინც პოლიტიკური პატიმარია, არც მწვადი გინდათ დაწვათ და არც შამფური?

- რა შუაშია მწვადი და შამფური? მიუხედავად იმისა, მას ჩადენილი აქვს თუ არა დანაშაული, ციხეში არ მოხვდებოდა, რომ არ ყოფილიყო პოლიტიკური აქტორი.­ ამ ფორმულით ვაფასებ მე პოლიტპატიმრად. გარდა ამისა, მაქვს შინაგანი რწმენა,­ რომ მას ჩადენილი აქვს სისხლის სამართლის დანაშაული. სააკაშვილი ციხეში არ იქნებოდა, 2013 წელს პოლიტიკური საქმიანობა რომ შეეწყვიტა. რაც შეეხება ნიკა გვარამიას, ქმედება, რომელსაც ედავებიან, ჩემი აზრით, სისხლის სამართლის დანაშაული არ უნდა იყოს. ამის გამო ადამიანს არ უნდა ვიჭერდეთ, მაშინ ციხეში ჩავყაროთ ყველა საჯარო სამსახურებში სამსახურებრივი მანქანის უკანონო სარგებლობისთვის. ამას დამატებულია ის, რომ ამ საქმეზე მართლმსაჯულება 7 წლის განმავლობაში არ დადგა და დადგა მაშინ, როდესაც ყველაზე პრობლემური დრო იყო დასავლური­ ინტეგრაციისთვის. აქედან გამომდინარე მიმაჩნია უკანონო პატიმრად. ამ ყველაფერს ვხსნი იმით, რომ ქვეყანაში არა პოლიტიკური პროცესი, არამედ ბრძოლა გვაქვს გაჩაღებული. სინამდვილეში ეს ადამიანები ციხეში არიან როგორც დაპირისპირებული მხარეები. ჩემი პოზიციაა ბრძოლა შევწყვიტოთ და შერიგების გზას დავადგეთ, თორემ ყოველთვის იარსებებენ ბრძოლის დროს ტყვედ აყვანილი სხვადასხვა თანამდებობის პირები.

- შესაძლოა "ქართულმა­ ოცნებამ" "ოლიგარქიის შესახებ" კანონის მიღების შემდეგ კიდევ აიყვანოს ტყვეები "ბრძოლის ველიდან"?

- რა თქმა უნდა... მაინც იმედს ვიტოვებ, რომ ეს არ მოხდება, ვინაიდან უფრო გაიზრდება პოლარიზაცია.

- თქვენი შეფასებით, ვინ არის საქართველოში ოლიგარქი?

- ჩვენ ოლიგარქები არა გვყავს!­ არც ივანიშვილია ოლიგარქი­ და ეს არ არის მისი პრობლემა­. ივანიშვილის პრობლემაა ერთპიროვნული მმართველობა. ერთპიროვნული მმა­რ­­თველი იყო სააკაშვილიც, მანამდე შევარდნაძეც... რასაკვირველია, ივანიშვილს აქვს გავლენა ხელისუფლებაზე და მისი მთავარი ლეგი­ტიმაციის წყაროც ივანიშვი­ლია. მე რომ მჯეროდეს, ბიძინა ივანი­შვილი სრულად არის ჩამოშორებული ქართულ­ პოლიტიკას, ალბათ, უფრო ვინერვიულებდი ამ სიტუაციაში.

- იმის გამო თუ ინერვიულეთ, სახალხო დამცველის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ნაზი ჯანეზაშვილმა, კანდიდატების შესარჩევ გასაუბრებაში მონაწილეობაზე უარი რომ თქვა თქვენი შეკითხვების გამო, შოუს მოწყობაში დაგადანაშაულათ და განაცხადა, რომ ხელისუფლება­ მისდამი ლოიალურად განწყობილ სახალხო დამცველს ეძებს? გამორიცხავთ, რომ თქვენი­ არჩევის შემთხვევაში კიდევ უფრო გამყარდება აზრი "ქართულ ოცნებასთან" თქვენი ფარული თანამშრომლობის შესახებ?

- მათ, ვისაც "ოცნების" ფარულ აგენტად მივაჩნდი, ალბათ, კიდევ უფრო გაუმყარდებათ ეს აზრი, მაგრამ მე ორი საათის განმავლობაში ვამტკიცებდი იმას, რომ ისევ იმავე იაგო ხვიჩიად დავრჩები, თუ სახალხო დამცველად ამირჩევენ. რაც შეეხება ჯანეზაშვილს, ის სულ აკრიტიკებდა "ოცნებას" და სხვათა შორის, ხშირად მეც ვიზიარებდი მის პოზიციებს. ახლა "ოცნებას" ჰქონდა საშუალება დაესვა შეკითხვები მის მუშაობაზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. მან ამაზე­ უარი თქვა. რაც შეეხება იმას, რომ თითქოს მე არასერი­ოზულ კით­ხვებს ვსვამდი, ბატონმა­ მიშა სარჯველაძემ მოიფიქრა შესანიშნავი გამოსავალი და შემომთავაზა, რომ ყველა კანდიდატს, ჩემს კონკურენტებს, ჰქონოდათ საშუალება­ ჩემი გამოსვლის დროს კითხვები დაესვათ­. დავთანხმდი და ეს თემა ამოიწურა.

- როდესაც დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ­ გკითხათ, ვის ეკუთვნის ადამიანის სულიო, უპასუხეთ, რომ ღმერთსო, მაგრამ, როდესაც კიდევ ერთი კითხვა დაგისვათ, თქვენი ვის ეკუთვნისო? უპასუხეთ, არ ვიცი, ამაზე ფიქრისთვის ცოტა მეტი დრო დამჭირდებაო. ამასობაში ხომ არ გაარკვიეთ, ვის ეკუთვნის თქვენი სული?

- მაშინაც გარკვეული მქონდა, სული ჩემი იქნება თუ სხვისი, ღმერთს ეკუთვნის, უბრალოდ, ამის შინაარსის გააზრებისთვის შესაბამისი გარემო არ იყო. კადნიერებად მივიჩნიე ამაზე საუბარი.

ხათუნა ბახტურიძე