„ასე მგონია, დამწვარი ცხედრების სუნი შენობის კედლებს გაუჯდა“ - კვირის პალიტრა

„ასე მგონია, დამწვარი ცხედრების სუნი შენობის კედლებს გაუჯდა“

უკრაინის ზღვისპირა ქალაქი მარიუპოლი, რომელიც რუსეთის შეიარაღებულმა­ ძალებმა მიწასთან გაასწორეს, აუცილებლად დარჩება რუსული არმიის დაუჯერ­ებელი სისასტიკის სიმბოლოდ. თვეების­ განმა­ვლობაში სარაკეტო თავდასხმა არ წყდებოდა "აზოვსტალში" "აზოველების" გასანადგურებლად. დაბომბვას სამხედრო­ებთან ერთად, ათასობით სამოქალაქო პირი, მათ შორის ბავშვები ემსხვერპლნენ. მასობრივი საფლავების გარდა, თითქმის ყველა რაიონსა და უბანში შეხვდებით 10-15 ხის ჯვარს, მუყაოს ან რკინისფირფიტებიანი წარწერებით... მაისის მიწურულიდან ქალაქს რუსეთის შეიარაღებული ძალები აკონტროლებდნენ. მართალია, დაბომბვა შეწყდა, მაგრამ ხალხი სიბნელეში, სახურავებახდილ სახლებსა და შიშში ცხოვრობდა. როგორც ამბობენ, ჩამონგრეულ სარდაფებში დღემდე არის ცხედრები. 44 წლის ლილი, რომელსაც ქალაქი იმ უმძიმეს თვეებშიც არ დაუტოვებია, "კვირის პალიტრას" უამბობს, თუ რა პირობებში უწევთ ყოფნა იმის მოლოდინში, რომ ერთ დღესაც ყველაფერი შეიცვლება და რუსების მმართველობას თავს დააღწევენ.

- ვინაობას ვერ გავამხელ, რადგან ჩემი ოჯახიდან რამდენიმე "აზოველი" იყო და ყველანი, ვინც ახლა აქა ვართ, რუსებს­ აღრიცხვაზე ვყავართ. ჩვენს ყოფას ცხოვრებას ვერ დავარქმევთ, უბრალოდ, ვარსებობთ იმ იმედით, რომ ერთ დღესაც ეს ჯოჯოხეთი დასრულდება, ოჯახის წევრებზე, ახლობლებზე, ნათესავებზე ამბის გაგება ფარულად არ მოგვიწევს,­ რადგან რუსები არ ისვენებენ და ესესელებივით დადიან კარდაკარ და ყველაფერს ასჯერ ამოწმებენ. გაუთავებლად გვისვამენ კითხვებს. აქ არიან ისეთი მარიუპოლელები,­ რომელთა შვილები, ქმრები დღემდე საომარ მოქმედებებში მონაწილეობენ. ისინი განსაკუთრებით ფრთხილობენ, რადგან თუ რუსებმა ეჭვი აიღეს­, ხანგრძლივი დაკითხვა, ახსნა-განმარტებითი ბარათები, მოწმეების ძიება­ და მსგავსი პროცედურები არ ასცდებათ. ოკუპანტებს ჩაწერილი აქვთ ყველა ჩვენგანის მისამართი, ომამდე სად ვმუშაობდით, ომის პირველ დღეებში, ალყის დროს, სად ვიყავით, თავს რით ვირჩენდით, ოჯახის რამდენი წევრი გვყავს, სად მუშაობდნენ, ახლა სად იმყოფებიან, იბრძოდნენ­ თუ არა... ყველა კითხვაზე პასუხი ლამის დაზეპირებული გვაქვს და სხაპასხუპით ვპასუხობთ...

ქალაქში ისევ საშინელი სუნი დგას, ასე მგონია, დამწვარი ცხედრების სუნი შენობის კედლებს გაუჯდა. ახლახან ერთ საცხობში ვიპოვეთ სამი ცხედარი. სავარაუდოდ, თანამშრომლები იყვნენ და დაბომბვისას იქ შეაფარეს თავი. ვიღაცამ "პოლიცია" გამოიძახა, რუსები მოვიდნენ და შიგ არ შეგვიშვეს. არადა, რამეს ვიპოვიდით, რითაც მათი იდენტიფიცირება შესაძლებელი იქნებოდა. რუსებს არ აწყობთ მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის შესახებ ცნობების გავრცელება. ყველგან ჰყავთ თავიანთი კაცი, რომელიც ინფორმაციას აწვდის და ცდილობენ ყველა დაღუპული "ნაცისტებად" გაასაღონ, თითქოს იქ იმალებოდნენ ან თავიანთ ხალხს­ თავს ესხმოდნენ, რათა შემდეგ რუსი სამხედროებისთვის დაებრალებინათ. ჩემი ოჯახის ნაწილი აქ არის, ზოგმა­ კი ამ ჯოჯოხეთს როგორღაც დააღწია თავი. ჩემი მეზობლის შვილი დღემდე იბრძვის, თუმცა ჩვენ ვამბობთ, რომ სამხედრო იყო და ბრძოლაში დაიღუპა. არადა, ცოცხალია, ხუთჯერ კონტუზია მიიღო, მაგრამ მაინც იბრძვის. დედას შავებიც კი ჩავაცვით კოლაბორაციონისტებისთვის თვალის ასახვევად. ისინი რუს სამხედროებზე დაუნდობელი არიან... ჩემი და "აზოვსტალის" ალყაში მოყვა, ექიმი იყო. მის შესახებ მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ცოცხალი იყო და საარსებოდ რამდენიმე ლუკმა პური და ერთი-ორი ყლუპი­ წყალი ჰქონდა. რუსებმა ის ტყვედ მაშინ აიყვანეს, როდესაც ქარხნის ბუნკერს პატარა შვილთან ერთად აფარებდა თავს. დედა-შვილმა ფილტრაციის ბანაკი ვერ გაიარა, გაშიფრეს, რომ ექიმი იყო და დასასჯელად შვილს დააშორეს. ის რუსეთში, ტყვეთა ბანაკში გადაიყვანეს, მისი 9 წლის შვილი კი ბავშვთა სახლში წასაყვანთა სიაში ჩაწერეს, თუმცა ოჯახის ნაცნობმა რუსმა ბავშვი ავტობუსშივე იცნო და მისი წყალობით ბავშვი ახლა კიევში ბებიასთან არის. ჩემმა დამ ტყვეობაში რამდენიმე თვე გაატარა. უკრაინელ ტყვეებს ყოველდღე ეუბნებოდნენ, რომ ისინი უკრაინაში არავის ახსოვს, ხელისუფლებას არ სჭირდება, ყველამ დაივიწყა და მათი ბრძოლა თავიდანვე განწირული იყო. ჩემი და ამ ზაფხულს სხვა ქალებთან ერთად ისევ მარიუპოლში დააბრუნეს. ალბათ, იმიტომ, რომ ქალაქში სამედიცინო პერსონალის კატასტროფული დეფიციტია. ერთხანს მკაცრ ზედამხედველობაში ჰყავდათ, მერე კი ჰოსპიტალში შეასახლეს. გარეთ გასვლა "საშვის" წარდგენის შემდეგ, მხოლოდ რამდენიმე საათით შეუძლია. კოლაბორაციონისტები მის ისევ ტყვეთა ბანაკში დაბრუნებას ითხოვდნენ, არაერთი საჩივარიც დაწერეს. ისინი აქ საბჭოთა სისტემით მუშაობენ, დასმენებით იღებენ ხელფასს, პრივილეგიებს.

- რა ხდება ქალაქში, რა პირობებში უწევს მოსახლეობას ცხოვრება?

- ამას ცხოვრებას ვერ დავარქმევ. ქალაქში ჰუმანიტარული კატასტროფაა, რომელიც მეხუთე თვეა გრძელდება. რამდენიმე საათის, ზოგჯერ დღე-ღამის განმავლობაში გვიწევს პურის რიგში დგომა. საკმარისი პური არ ცხვება, რადგან ხან საწვავი არ არის, ხან დენი, ხანაც ფქვილი. რუსულ საინფორმაციოებში კი აცხადებენ, რომ საკვები უფასოდ გვირიგდება, სინამდვილეში სულადობის მიხედვით აძლევენ მათ, ვისაც ნაგავი გააქვს, გზებს თხრის, სარემონტო სამუშაოებზე მუშაობს... ზოგიერთს დაბომბილი სახლებიდან და კორპუსებიდან რაც გადარჩა, იმის გამოტანაზე ამუშავებენ. გააქვთ გათბობის რადიატორები, წყლის ავზები, გამათბობლები. ყველაფრის დეფიციტია. არ არის წყალი. ერთ-ორ ადგილას გააკეთეს და იქიდან ვეზიდებით ბიდონებით. დენით გათბობა გვიწევს, მაგრამ ძალიან ხშირად გვითიშავენ და შეშით ვთბებით. ბაზარში საიდანღაც გაჩნდა შეშის ღუმელები, რუსები "ბურჟუიკას" ეძახიან და ძალიან ძვირად ყიდიან. რადგან ფული არა გვაქვს, ხალხი ცარიელ სახლებსა და კორპუსებს ცლის, გადარჩენილი ავეჯი გამოაქვთ და რუსებს საწვავში, ზეთში, პურის ფქვილში, შეშის ღუმელსა და მსგავს ნივთებში უცვლიან. რა ვქნათ, ზამთარი კარს არის მომდგარი და უნდა გადავიტანოთ.

- მაღაზიები არის, სადაც სურსათი ან ჰიგიენისთვის საჭირო ნივთები იყიდება?

- ქალაქსა და მის შემოგარენში ძალიან ცოტა მაღაზიაა, უფრო ფარდული. დიდი მარკეტები დაბომბეს, გაძარცვეს და გადაწვეს. პატარა ჯიხურებში სურსათი იყიდება და ყველაფერი ძალიან ძვირია. მაღაზიები კოლაბორაციონისტებისაა და კარგ სარგებელსაც ნახულობენ - მარიუპოლი-დონეცკის გზა გახსნეს და იქიდან უამრავ რამეს ეზიდებიან. ადრე ყირიმშიც მიდიოდნენ, პურის ფქვილი და ჰიგიენის ნივთები იქიდან მოჰქონდათ, ახლა "ვიზიტები" შეამცირეს, სავარაუდოდ, ვერ რისკავენ, რადგან ითქვა, რომ რამდენჯერმე საქონლით დატვირთული მათი სატვირთო მანქანები აფეთქდა. შიდა დაპირისპირებაც აქვთ - გავლენისთვის იბრძვიან. საჯარო სამსახურებში კარგი პოზიციების დაკავება სურთ და ერთმანეთს არ ინდობენ. სამსახურები მხოლოდ მათ აქვთ, ე.წ. საჯარო სამსახურებში დაასაქმეს - ვითომ ქალაქის აღსადგენ პროექტზე, ჰუმანიტარული პრობლემების აღმოფხვრაზე მუშაობენ. ამასთან, რუსების შემოტანილ ე.წ. ჰუმანიტარულ დახმარებას თავიანთ ახალგახსნილ ფარდულებში ეზიდებიან და სამმაგ ფასად ყიდიან. პირადობის მოწმობები და სხვა დოკუმენტები მხოლოდ მათ აქვთ, ამიტომ უპრობლემოდ მიდიან ყველგან და საქონელი ჩამოაქვთ.

- თქვენ რას გიპირებენ?

- უკრაინის საბუთები ჩამოგვართვეს და დნრ-ის პასპორტები დაგვირიგეს. ეს ახალი ინიციატივაა. მე ჯერ არ მისარგებლია,­ მაგრამ ამბობენ, რომ უმისოდ მაღაზიაშიც ვერაფერს შეიძენ. მათ კი, ვინც მუშაობის სანაცვლოდ ე.წ. ჰუმანიტარულ დახმარებას იღებს, აუცილებლად მოუწევთ მისი წარდგენა. რამდენიმე ადგილას გზა აღადგინეს. იქაურ ქუჩებსა და დასახლებებში ტრანსპორტი დადის, დონეცკიდან გადმოსულები­ ტაქსაობენ და მიკროავტობუსებიც მათი საკუთრებაა. ამ ტრანსპორტით უფრო ისინი სარგებლობენ, ვინც ვაჭრობს. როგორც ვთქვი, დენი აღადგინეს, ოღონდ ნაწილობრივ, რადგან არის საცხოვრებელი კორპუსები, რომელიც იმდენად განადგურებულია, რომ იქ დენის ჩართვა სახიფათოა, თუმცა ხალხი მაინც ცხოვრობს ლამპისა და სანთლის შუქზე. რა ქნან, წასასვლელი არსად აქვთ. უკვე ძალიან ცივა, მაგრამ მოსახლეობის დიდი ნაწილი ისევ ღია ცის ქვეშ ცხოვრობს. ჩვენ თქვენი ახალი ხელისუფლება ვართ, მოგვახსენეთ, რა პრობლემები გაქვთო, გვეუბნებიან. კვირაში ერთხელ მოდიან, საჩივარს ჩაინიშნავენ და მიდიან, შემდეგ სხვა მოდის, პრობლემები კი რჩება. ხალხი გულუბრყვილოდ ეუბნება, ყველაფერი ძალიან ძვირია, ასე ვერ ვიარსებებთო, რაზეც ე.წ. ადმინისტრაციის სამს­ახურის თანამშრომლები ცინიკურად პასუხობენ, ცოტაც მოითმინეთ, გამარჯვებას გავიფორმებთ და ფასებზეც კონტროლი დაწესდებაო. აქ ბევრს შვილი ან ქმარი ომში ჰყავს და მათთვის ეს მძიმე მოსასმენია.

ადგილს, სადაც ჩემი ოჯახი ომამდე ცხოვრობდა, საავადმყოფოს დასახლებას ვუწოდებდით, რადგან რამდენიმე მეტრში იყო მრავალპროფილური სამედიცინო­ ცენტრი. რუსებმა ქუჩებს სახელები გადაარქვეს და თავიანთი გენერლების, ოფიცრების­, სამხედრო დაჯგუფებების ან მათი მეთაურების სახელები უწოდეს. ოდნავ მოშორებით ეკლესია დგას. საავადმყოფო რუსულ რაკეტებს ვერ გადაურჩა, შენობა სანახევროდ დაინგრა. ეკლესიაც დაზიანდა, მაგრამ იმდენად არა, როგორც სხვა დანარჩენი. როცა შემოვიდნენ, რუსები პირველად საავადმყოფოს აღდგენას შეუდგნენ და როგორც სჩვევიათ, უხარისხოდ შეაკეთეს - ზერელედ გადაღებეს, დანგრეული შენობებიდან წამოიღეს მასალა, კარები, სახურავის ნაწილი,­ ფანჯრები. დაჭრილი სამხედროებისთვის ადგილი ხომ სჭირდებოდათ, სხვაგან ვერ წაიყვანდნენ, იქ შეყარეს. უამრავი მათგანი ინფექციისგან, ანტისანიტარიაში გამწვავებული ჭრილობების, არასათანადო მოვლის გამო დაიღუპა. დაჭრილებს არ ჰქონდათ საკვები, მედიკამენტები, გადასახვევი მასალაც კი. ახლაც ასეა. პერიოდულად მოჰყავთ შედარებით მსუბუქად დაჭრილები, მაგრამ ისინი დაღუპულთა სიაში ხვდებიან, რადგან საჭირო სამედიცინო აღჭურვილობა არ არის. რამდენიმე დღის წინ შიდა დაპირისპირების გამო დაშავებული სამხედროები მოიყვანეს, ნასვამები იყვნენ, რამდენიმეს თავი ჰქონდა გახეთქილი. არის თვითდაზიანების შემთხვევებიც, მაგრამ ოფიციალურ დოკუმენტებში "საბრძოლო მოქმედებების დროს მიღებული დაზიანება" იწერება.