რას ჰყვება რუსეთიდან გაქცეული დეპუტატი, რომელსაც აშშ-მა პოლიტიკური თავშესაფარი მისცა - კვირის პალიტრა

რას ჰყვება რუსეთიდან გაქცეული დეპუტატი, რომელსაც აშშ-მა პოლიტიკური თავშესაფარი მისცა

რუს დეპუტატს, რომელმაც უკრაინაზე თავდასხმის გამო რუსეთის ხელისუფლება გააკრიტიკა და რამდენიმე დღეში ქვეყანა­ დატოვა, ამერიკაში პოლიტიკური თავშე­საფარი მისცეს. ვიქტორ კამენშიკოვს რუსეთში უკვე უწოდეს მოღალატე... ვლადივოსტოკის საქალაქო საბჭოს ყოფილი დეპუტატის თქმით, ის აშშ-ში მექსიკის გავლით შევიდა, საზღვარზე დააკავეს და გაუშვეს საემიგრაციო ციხეში, რომლის შემდეგ ფლორიდის შტატში ჩავიდა. "კვირის პალიტრა" მას აშშ-ში დაუკავშირდა.

- რუსეთის ხელისუფლება უკრაინაზე­ თავდასხმის გამო ომის პირველივე დღეებში­ გააკრიტიკეთ, რაც ძალზე გაბედული ნაბიჯი­ იყო. რამ განაპირობა თქვენი ამგვარი გადაწყვეტილება?

- ცოტა შორიდან დავიწყებ - ჩემთვის რუსეთის გლობალური, იმპერიული ამბიციები და ზრახვები ყოველთვის მიუღებელი­ იყო. ჩემთვის კატეგორიულად დაუშვებელია პუტინის არათუ საგარეო პოლიტიკა, მისი საშინაო დიქტატურაც, რომელზეც მისი ხელისუფლება დგას. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ვვარაუდობდი, რომ რაც დრო გავიდოდა, რუსული სახელმწიფოს ფაშიზმი სულ უფრო სახიფათო სახეს მიიღებდა და ჩემი მოლოდინი გამართლდა. თუმცა ისეთი წინა პირობები ჰქონდა, მოულოდნელიც არაფერია. გავიხსენოთ ჩეჩნეთის ომი. მასზე თავდასხმისთვის პუტინმა­ ვითომ ძალზე "ლეგალური" ნიადაგი შექმნა, ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონიდან მომავალ საფრთხეებზე ამუშავდა რუსული პროპაგანდა და საბოლოოდ უდიდესი ადამიანური­ მსხვერპლის ხარჯზე რეგიონში რუსული იურისდიქცია დამყარდა. შემდეგ იყო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომელიც მასშტაბითა და შედეგებით Yგანსხვავდება­, მაგრამ პატარა საქართველოს, რომელიც თანამედროვე სახელმწიფოს აშენებას ცდილობდა, უმძიმესი­ კვალი დაატყო. რუსეთს არასდროს მოსწონს მის მეზობლად განვითარებული სახელმწიფოს არსებობა, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა რესპუბლიკის, რომელსაც ამდენი წლის შემდეგაც თავის უკანა ეზოდ მიიჩნევს. 2014 წელს უკრაინას დაესხა თავს, ახლა კი მისი სრულად ათვისება მოინდომა. სამწუხაროდ, მისი, როგორც მსოფლიო ბაზარზე ერთ-ერთი უდიდესი ეკონომიკური მოთამაშის, ანგარიშზე აქამდე არაერთი პატარა, ლოკალური კონფლიქტები ყოფილა და ყველა შერჩა. ასეთი სისტემის მქონე­ სახელმწიფოში განსხვავებული აზრის გამოხატვა ადვილი არ არის - სისტემა­ მაშინვე ანიჭებს მოღალატის სტატუსს, მაგრამ იქ მოსახლეობის უმრავლესობის განწყობას ხელისუფლების სათავეში მყოფი პირები წარმოადგენენ და ამიტომაც არის რეალობა ისეთი, როგორიც არის. სხვაგვარად რომ ყოფილიყო, ხელისუფლება უკვე რამდენჯერმე შეიცვლებოდა ისე, როგორც საქართველოში ან უკრაინაში­ მოხდა. რუსი საზოგადოება პოლიტიკურად­ პასიური და შემგუებელია. ობიექტურად თუ შევხედავთ, მხოლოდ პროპაგანდა არ არის დამნაშავე. 21-ე საუკუნეში ალტერნა­ტიული საინფორმაციო საშუალებებიც არსებობს, მაგრამ პრობლემა კომპლექსურია­ და მოსახლეობასაც ხელისუფლების სჯერა.

deputati-1667741391.jpg

უკრაინელი ხალხის მიმართ ჩემი პასუხისმგებლობა იმდენად დიდია, რომ პირად საფრთხეზე საუბარიც კი უხერხული­ მგონია. ჩემი საფრთხე რა მოსატანია, როდესაც ხარკოვში, კიევში, ზაპოროჟიეში, ნიკოლაევში უდანაშაულო ადამიანები ყოველდღე იხოცებიან, რუსულმა არმიამ მარიუპოლში საშინელება დაატრიალა, რუსი ხალხი კი ამის შესაჩერებლად არაფერს აკეთებს. არავითარი სოლიდარობა არ მაქვს მათ მიმართ, ვისაც ახლა "ჰაიმარსების" პირისპირ უწევს ყოფნა. ის დედები, რომლებიც შვილებს სასაკლაოზე უშვებენ, ლამის მთელი ცხოვრება ხმას პუტინს აძლევდნენ. რაც ახლა ხდება, თავად არიან დამნაშავე. მათი პასიურობის და შემგუებლობის გამო უკრაინაში უდანაშაულო ადამიანებს ყოველდღე ხოცავენ. როდესაც ამას აცნობიერებ, სულ ცოტა, ხელისუფლებას უნდა უთხრა, რომ დამნაშავეა. მით უმეტეს, თუ დეპუტატი ხარ, ხელისუფლებას წარმოადგენ, შენი სამოქალაქო პოზიცია უნდა გაახმოვანო. მეც ასე მოვიქეცი, რაც ქვეყნის დატოვების ფასად დამიჯდა, მაგრამ არ ვნანობ. ამერიკის ციხეებში ინტერნეტიც არ მქონდა, რომ გამეგო, რა მორ­იგი­ სისულელე ჩაიდინა ჩემი ქვეყნის ხელისუფლებამ. ზოგჯერ გულუბრყვილოდ ვფიქრობდი, იქნებ ხალხში სამართლიანობამ გამოიღვიძა და პუტინის ხელისუფლება აღარ არსებობს-მეთქი. ახლა ამაზე სიმწრით მეცინება.

- მოსკოვსა და პეტერბურგში აქციები­ იყო, მაგრამ შემდეგ ყველაფერი მიჩუმდა.

- იმიტომ, რომ პროტესტი არასაკმარისი იყო. რუსი საზოგადოება ყველაფერს შეეჩვია. იციან, რომ განსხვავებული აზრის გამო სისხლის სამართლის საქმეს აღძრავენ, ამ დროს სხვები ჩუმად არიან და ისიც ფიქრობს, მე რატომ უნდა გავიწიროო. რუსეთის მოსახლეობა არ არის მზად პოლიტიკური ცვლილებებისთვის, ცალკეული ადამიანის ძალისხმევითა და თავგანწირვით კი არაფერი შეიცვლება. მათ ციხეში ჩასვამენ, პროპაგანდა მოღალატეებად აღიარებს და ყველაფერი ჩვეულ დინებას დაუბრუნდება. თუმცა არ მინდა იმ ხალხის თავგანწირვა­ გავაუფერულო და ვეთანხმები ანდრეი პიონტკოვსკის სიტყვებს - ვინც ახლა საკუთარი სიცოცხლით რისკავს და ომის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებზე გამოდის, ისინი თავისუფალი, პროგრესული რუსეთისთვის წირავენ სიცოცხლესა და თავისუფლებასო. მათი უმეტესობა ეფ-ეს-ბემ ციხეში ჩაყარა. მაგრამ, როდესაც ეს რეჟიმი დაინგრევა, რუსეთს მხოლოდ ერთი არჩევანი დარჩება - საქართველოსთან, უკრაინასთან, მოლდოვასა და ყველა იმ ქვეყანასთან დიალოგი, რომელთაც წლებია ზიანს აყენებს. რუსი საზოგადოების ღირსებისთვის უნდა ითქვას, რომ იქ არიან ადამიანები, რომელთაც ომი არ სურთ, მაგრამ რუსეთში დღემდე ვერ ჩამოყალიბდა ისეთი­ საზოგადოება, როგორიც 2003 წელს საქართველოში, 2014 წელს კი უკრაინაში იყო - ქუჩაში გამოვიდნენ და რეჟიმი შეცვალეს. შესაძლოა ვინმე გულის სიღრმეში ეწინააღმდეგება ომს, მაგრამ გამოხატვას ვერ ბედავს. რომ შევადაროთ - მაშინ, როდესაც ქუჩაში გამოსულ გოგონებს მენტები­ ხელკეტებით გაუსწორდნენ, რუსი კაცების ნაწილი არაყს სვამდა და ომში წასულ სამხედროებს რუსეთიდან ამხნევებდნენ, - მიდით, ბიჭებო, ანახეთ მათ რა შეგვიძლიაო. არადა, მსგავსი რამ უკრაინაში რომ მომხდარიყო, დარწმუნებული ვარ, "მოლოტოვის კოქტეილებს" დაუშენდნენ - რა უფლებით ექცევით ასე ჩვენს ქალებსა და გოგონებს, ამის მორალური უფლება არა გაქვთო. ჩვენებს კი ამისთვის სიმამაცე არ ჰყოფნით. შესაძლოა თავიანთ გარემოცვაში პუტინს ლანძღავენ, მაგრამ პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევას­ ვერ ბედავენ, მიუხედავად იმისა, რომ სინამდვილეში ყველაზე სუსტი არიან და ამას ძალადობით ფუთავენ. ისინი თავიანთ ხალხს უსწორდებიან, რადგან რეჟიმს ემსახურებიან... ჩვენს ხალხს კიდევ ერთი უბედურება სჭირს - უმეტესობამ თავისი უფლებები არ იცის, სწორი ჰგონია ის, რასაც რეჟიმი კარნახობს. მოსახლეობის ის ნაწილი, რომელსაც რეჟიმთან ბრძოლის გამბედაობაც ჰქონდათ და თავიანთ უფლებებსაც იცნობდნენ, აღარ არსებობს. ახლა იმაზე მსჯელობა, ისინი პუტინმა გაანეიტრალა თუ მათი რაოდენობა ძალიან მცირე იყო და მასშტაბური სახე ვერ შეიძინა, არ ღირს. ასე რომ, ჯერ ცვლილებას არ ველოდები - 50 დემოკრატი და პროგრესულად მოაზროვნე ადამიანი ვერაფერს შეცვლის. თუ სასწაული მოხდა და გამოუვიდათ, ასეთი ხელისუფლება უფრო არალეგიტიმური იქნება, ვიდრე პუტინია, რადგან ის გუნდი მოსახლეობის უმეტესობის განწყობას არ გამოხატავს.

- ნაწილობრივმა მობილიზაციამ მაინც გააჩინა პოლიტელიტაში განხეთქილება. რა შეგიძლიათ ამაზე გვითხრათ?

- რუსეთის პოლიტიკური პროცესების შეფასება იმ ათვლის წერტილიდან შემიძლია, რომელიც იქიდან წამოსვლის წინ დავტოვე - შესაძლოა სცენარებს ჩამოვრჩი. ამიტომ არ შემიძლია იმის თქმა, როდის მოკლავენ პუტინს და ვინ გააკეთებს ამას, მაგრამ შემიძლია გავიხსენო, რომ ერთპიროვნული მმართველი სტალინი თავისივე გარემოცვიდან მოკლა ვიღაცამ, რომელსაც შესაძლოა მეგობრადაც თვლიდა და ექიმიც კი არავის გამოუძახებია. 24 საათზე მეტხანს იწვა იატაკზე უგონოდ, მაგრამ არავინ შეიმჩნია... ასე რომ, პუტინსაც იგივე ელოდება და მნიშვნელობა არა აქვს, "გულის შეტევით" გარდაიცვლება თუ ნამდვილ მიზეზს ათი წლის შემდეგაც ვერ გავიგებთ,­ მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მის მოშორებას აუცილებლად შეეცდებიან. რამდენი ადამიანიც უნდა აიყვანოს დაცვაში, არც ამას აქვს მნიშვნელობა, რადგან შესაძლოა სწორედ მათ მოკლან, მაგრამ საინტერესოა, ვინ გააკეთებს ამას. ვფიქრობ, ჩერჩილის ფრთიანი გამოთქმა­ შესანიშნავად აღწერს ახლანდელ სიტუაციას - რუსული პოლიტიკა ბულდოგების შერკინებაა ხალიჩის ქვეშო. ეს საბჭოთა­ წლებში თქვა, მაგრამ ჩვენ იმ პოლიტიკური მემკვიდრეობის გამგრძელებელი ვართ და ვერასდროს ვხვდებით კულუარებში რა ხდება, ვინ ვის ებრძვის და უღრენს. ამიტომ რუსული პოლიტიკა ამოუცნობი ორმოა.

- ცივილიზებული მსოფლიო ერთხმად ამბობს, რომ რუსეთის დამარცხება გარდაუვალია,­ თუმცა ის მაინც ახერხებს უკრაინას სხვადასხვა­ მიმართულებიდან შეუტიოს.

- ის, რომ უკრაინასთან ომში რუსეთი დამარცხდება, ჯერ კიდევ 2022 წლის იანვარში ვთქვი. იმ დროს აშკარა იყო, რომ სამხედრო ინტერვენციისთვის ემზადებოდა. ის 2014 წლიდან ებრძოდა უკრაინას და ამ დროის განმავლობაში თავისი შეცდომებით არაფერი უსწავლია. პუტინმა ყველაფერი გააკეთა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები პროფესიონალურ არმიად ჩამოყალიბებულიყო. ის რომ არა, უკრაინას ახლა ასე მაღალ დონეზე მომზადებული არმია არ ეყოლებოდა. რუსეთის არმიას კი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ წინსვლა არ ჰქონია. ამის მაგალითია ხერსონისა და ხარკოვის მიმართულებით უკრაინის არმიის კონტრშეტევები, რომელთაც რუსეთი არ ელოდა და სანამ "ძლევამოსილი არმიის" სამარცხვინო გარღვევებს ითვლიდა, უდიდესი ძალა გაუნადგურეს. ამიტომაც აქვთ პუტინსა და მის გარემოცვას პანიკა ხერსონის გამო. ლოჯისტიკურად ის ძალიან მნიშვნელოვანი საკვანძო რეგიონია, მაგრამ პოზიციებსაც ვეღარ ამაგრებენ. თან ესმით, რომ უკან დახევა ცუდად იქნება აღქმული და ორ ცეცხლს შუა არიან. აშკარაა, უკრაინა წლის ბოლომდე ხერსონ-მელიტოპოლს დაიბრუნებს, თუ პარალელურად, დონეცკი-ლუგანსკის დაბრუნებასაც არ აპირებს. ამ შემთხვევაში, ალბათ, ცოტა მეტი დრო დასჭირდებათ. ირანული "შაჰიდების" სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმის მიუხედავად, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გამარჯვების დროშა მყარად უჭირავთ. ასე რომ, დასავლელი ანალიტიკოსების შეფასებას სავსებით ვემხრობი - 200 ათას რუს ახალწვეულს ფრონტის ხაზზე გარდატეხის შეტანა არ შეუძლია.

ეს პუტინს სჭირდება შთაბეჭდილების შესაქმნელად, თითქოს პროცესებს სტაბილურად მიჰყვება. როდემდე მოიტყუებს თავს რუსი პოლიტელიტა, ძნელი სათქმელია. რუსეთში დაახლოებით 60 მილიონი მამაკაცი ცხოვრობს, ნაწილობრივი მობილიზაციის გამო და მანამდეც, უხეში გათვლებით, 5 მილიონამდე კაცი ქვეყნიდან წავიდა, დარჩენილ რაოდენობაში, ალბათ, ნახევარი მაინც უნარშეზღუდული პირია, ნაწილი ჯერ სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის პატარაა ან უკვე ასაკოვანი; საბოლოოდ, ალბათ, 30 მილიონი რჩება და სანამ მათი რაოდენობაც საგრძნობლად არ შემცირდება, პუტინი, ალბათ, იომებს... თუმცა გასათვალისწინებელია დასავლეთი, საერთაშორისო საზოგადოების პოზიცია, რომელიც ასევე პუტინის "დამსახურებით" შეიკრა ერთ წრედ ნატოსა და ევროკავშირის გარშემო. ყველა თანხმდება, რომ უკრაინის ცა რუსული რაკეტების, ავიამოიერიშეებისა და დრონებისთვის უნდა დაიხუროს. თუ დააკვირდებით, ბოლო ხანებში პუტინი აღარ არის ძველებურად ქედმაღალი. მეტიც, ის კოლექტიურ დასავლეთს ეუბნება, მეგობრებო, მე თქვენ გირეკავთ, მაგრამ არ მპასუხობთ, გთხოვთ, ყურმილი აიღეთო. ძველებურად სამყაროს მეფედ არ გრძნობს თავს და რიხით აღარ ელაპარაკება მსოფლიო ლიდერებს. პირიქით, მიანიშნებს, დავილაპარაკოთო. ყველამ იცის, რომ ის თავის პირობებს არასდროს ასრულებს, მაგრამ მაინც აყენებს პირობებს, მიუხედავად იმისა, რომ თავს ისე კარგად აღარ გრძნობს, როგორც თუნდაც რამდენიმე თვის წინ, როდესაც ეგონა, რომ დასავლეთი­ დაიღლებოდა და უკრაინას აითვისებდა. პუტინი ნელ-ნელა აცნობიერებს­, რომ საქმე კარგად არ მიდის. თუმცა მასებისთვის იხტიბარს არ იტეხს, როტაცია ნორმალურია, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდისო. ასევე ატყუებდა მასებს ჰიტლერიც 1944 წელს, "ვალკირიის ოპერაციის" ჩავარდნის შემდეგ, როდესაც გაირკვა, რომ მისი გარემოცვა ფიურერის ლიკვიდაციას გეგმავდა. მან ნაწილი დახვრიტა, ზოგს თვითმკვლელობა აიძულა, მაგრამ ნაცისტების პროპაგანდა მაინც ბეჯითად ტყუოდა, მხოლოდ კადრების როტაცია ხდებაო. პუტინიც თავის საყრდენ გენერლებს ციხეში უშვებს, მაგრამ ამ პროცესს "ახალ სისხლს" უწოდებს. ასე რომ, სულ მალე პუტინს დიდი არჩევანი არ ექნება, მალე ის ჩიხში მოექცევა. ამის მანიშნებელია თეთრი სახლის, ბაიდენისა და სხვა გავლენიანი ლიდერების დუმილი. ისინი დროს წელავენ, რითაც მიანიშნებენ, შენთან არ გვსურს ლაპარაკი, რაც შენი პრობლემაა, ხვალ-ზეგ უკრაინაში მაინც დამარცხდებიო. ამიტომ, ვფიქრობ, უახლოეს ხანებში მოლაპარაკება დაიწყება. შორს არ არის ის დრო, როდესაც შეიარაღებაზე შეზღუდვების დაწესება მოუწევთ, რადგან ამოუწურავი რესურსი არც ერთ ქვეყანას არა აქვს. შესაძლოა პუტინი შეეცადოს და თავი მშვიდობისმყოფლად წარმოაჩინოს, რომელსაც ომის შეჩერება სურს. რუსულ საინფორმაციო საშუალებებში უკვე ლაპარაკობენ, რომ საომარი მოქმედებების გაჭიანურება მოწინააღმდეგე მხარეს აძლევს ხელს. ამასობაში ის ძალების შევსებას შეეცდება, რათა ომი გააგრძელოს სასურველი მდგომარეობის შექმნის იმედით.

- პუტინი ბოლო დროს ხშირად ლაპარაკობს ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზეც.

- მასობრივი განადგურების იარაღის­ გამოყენების საფრთხე არსებობს, მაგრამ ცოტა ლოგიკას მოკლებულია. დავუშვათ, დაარტყეს ზაპოროჟიეს, სამხედროები თავს უშველიან, მშვიდობიანი მოსახლეობა კი დაიხოცება, თან არა მარტო უკრაინაში, ევროპის არაერთ ქვეყანაშიც, თანაც მხოლოდ ერთჯერადად არა. პუტინი შეშლილია, მაგრამ ბევრ საკითხში პრაგმატიკოსიც. მისი გარემოცვის ნაწილი გამუდმებით ცდილობს ისე წარმოაჩინოს, თითქოს რასაც მოისურვებს, ყველაფრის გაკეთება შეუძლია, მაგრამ ასეთი გიჟიც არ არის, რომ მშვიდობიანი ადამიანების დახოცვის შედეგი ვერ გააცნობიეროს. ვერც იმას იტყვის, რომ ეს უკრაინულმა მხარემ ჩაიდინა, რადგან თანამედროვე ეპოქაში ამის დადგენა ადვილია. ეს იცის პუტინმა. ახლახან მან აღიარა, რომ შავი ზღვა ჩაკეტა. იცის, რომ მსოფლიო არ დაუჯერებს. მით უფრო, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებაზე არაერთხელ დაიმუქრნენ, ამიტომ ყოველი შემთხვევისთვის მზადყოფნაც იქნება. ჩვენ ვნახეთ, რა შეუძლია რუსულ არმიას. მისი ეფექტურობა ნატოს თანამედროვე არმიის კი არა, 45-მილიონიანი უკრაინის პირისპირაც მარტივად გამოჩნდა - აღარც ვიცი, სად გაქრა მათი ნაქები ახალი ტანკი "არმადა", რომელზეც ლეგენდებს ჰყვებოდნენ. ათი წელი ხარჯავდნენ ფულს ვითომ ჰიპერშესაძლებლობების მქონე ტექნიკის შექმნაზე და არც გამოუყენებიათ. "ნომერი მეორე არმიის" ტანკები მასობრივად ფეთქდება ბრიტანეთის საშუალო დონის ანტისატანკო კომპლექსების გამოყენებით, საუკეთესო ავიამოიერიშეები კი ამერიკულმა ანტისაჰაერო სისტემებმა ჩაყლაპეს. ასე რომ, მართალია, ნებისმიერი რაოდენობის, თუნდაც ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში მსოფლიო ძალიან დაზარალდება, მაგრამ, ვფიქრობ, დასავლეთ ევროპის ქალაქებამდე ვერ მიაღწევს, რადგან მათ შემაკავებელი სისტემები აქვთ. ნატოსა და დასავლეთს რუსეთის გასანადგურებლად 20-25 წუთი დასჭირდებათ. ამ შემთხვევაში საქმეში ჩაერთვება წყნარი ოკეანისა და ბალტიის ფლოტი, ნატოს მეექვსე ფლოტი, რომელიც შავი ზღვის უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი და ასობით ავიამზიდსა და სარაკეტო კომპლექსს­ მოიცავს. ამიტომაც რამდენიმე წუთში წერტილოვანი დარტყმით რუსეთის ყველა დიდი ქალაქი: მოსკოვი, პეტერბურგი, როსტოვი, ასევე, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, ქარხნები, ელექტროსისტემები და ბატონი პუტინი ბუნკერში უშუქოდ დარჩებიან და თუ თავად არ დაიხალა ტყვია, სიბნელეში ვიღაც მაინც დაახლის.

- არაპოლიტიკურ თემაზე კითხვას დაგისვამთ - ვიცი, რომ საქართველოში ნამყოფი­ ხართ. ტურისტულად იყავით?

- დიახ, ბევრი ქართველი მეგობარი მყავს. ერთი უცნაური ჩვევა მაქვს - იმ ქვეყნებშიც, რომლებიც მომწონს, ორჯერ ვარ ნამყოფი, საქართველო კი შემიყვარდა, სამჯერ ვიყავი და კიდევ ჩამოვალ. სოციალური ქსელის გარეკანზე თბილისის ხედის ფოტო მაქვს და როდესაც­ მეკითხებიან,­ სად არის გადაღებული, ვპასუხობ, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალაქში, ეს თბილისია-მეთქი. საქართ­ველო ულამაზესი ქვეყანაა, უნიკალური ისტორიით, მდიდარი კულტურით. მისი ისტორია მხოლოდ ქაღალდზე დაწერილი კი არ არის, ყოველ ნაბიჯზე იკითხება - ხალხში, არქიტექტურაში, ღირსშესანიშნაობებში, ეკლესია-მონასტრებში, რომლებშიც­ ღმერთი ლაპარაკობს. უზარმაზარი ამერიკა შეიძლება გაქრეს, მაგრამ საქართველო იყო და იქნება, რადგან თვითგადარჩენის უდიდესი ისტორიული გამოცდილება აქვს - ხან ირანი უტევდა, ხან რუსეთი და ხანაც ოსმალეთის იმპერია. ქართველ ხალხს სტუმართმოყვარეობაში გამოხატული მაღალი შინაგანი კულტურა კარნახობს ღირსეულად მიიღოს მეზობელი იმპერიული ქვეყნების წარმომადგენლები, მიუხედავად იმისა, რომ შორეული წარსულიდან თურქეთის მწარე კვალი ახსოვთ, უახლოესი დროიდან კი - რუსეთის. შემდეგ კი იქაურობა საბჭოთა კავშირმა მიანგრ-მოანგრია.

2003 წელს ქართველმა ხალხმა ძალზე სწორი პოლიტიკური არჩევანი გააკეთა, შემდგომი შიდაპოლიტიკური პროცესების განხილვას არ დავიწყებ, მაგრამ ეს ერი ამტკიცებს, რომ იმსახურებს ევროპაში ინტეგრაციას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, რომლის 20% ჩემი ქვეყნის მიერ ოკუპირებულია. ისე სწრაფად იცვლება პროცესები, რომ შესაძლოა ეს ტერიტორიები ძალიან სწრაფად დაიბრუნოთ. ხვალ პუტინი რომ მოკვდეს, ზეგ ხელისუფლება შეიცვლება. 90-იან წლებში აშშ-ის სპეციალური სამსახურის ანგარიშში საბჭოთა კავშირი ყველაზე სტაბილურ სახელმწიფოდ იყო მიჩნეული როგორც ეკონომიკურად, ასევე სხვა მიმართულებით, მაგრამ რამდენიმე წელიწადში დაიშალა. ამიტომაც იმედია, მე და თქვენ მალე მზიანი საქართველოს ულამაზეს ზღვისპირა ქალაქ სოხუმში ყავას დავლევთ და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს მიმოვიხილავთ.