მერე რა, რომ ზამთარია - კვირის პალიტრა

მერე რა, რომ ზამთარია

წლის მთავარი საფეხბურთო მოვლენა - მსოფლიო ჩემპიონატი რამდენიმე დღეში დაიწყება და 20 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე გაგრძელდება. "კატარი-2022" უნიკალური ტურნირია: ეს არის პირველი მუნდიალი, რომელიც ახლო აღმოსავლეთის ქვეყანაში გაიმართება, თანაც - ზამთარში! ეგზოტიკურობის გარდა, წლევანდელი ტურნირი ყველაზე ძვირადღირებულიც იქნება - მუნდიალის მასპინძლობისთვის ორგანიზატორმა ქვეყანამ კოლოსალური თანხა... 208 მილიარდი ევრო დახარჯა! შედარებისთვის: წინა მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც რუსეთში გაიმართა, მხოლოდ 13,2 მილიარდი დაიხარჯა. პრინციპში, იმის გათვალისწინებით, რომ სტადიონების, საფეხბურთო ბაზებისა და ფან-ზონების გარდა, კატარში ახალი აეროპორტები, მეტრო, გზები, სასტუმროები და სხვა ტურისტული ობიექტებიც აშენდა, დახარჯული თანხის ოდენობა აღარ გაგაოცებთ. სამაგიეროდ, საკმაოდ უჩვეულო იქნება ის ინფორმაცია, რომელსაც დღევანდელ წერილში წაიკითხავთ:

ზამთრის მუნდიალი და... კონდიცირება

შესავალშიც დავწერე, რომ ფეხბურთის ისტორიაში ეს პირველი მსოფლიო ჩემპიონატია, რომელიც ზამთარში გაიმართება. აქამდე მიჩვეული ვიყავით, რომ მუნდიალს ივნის-ივლისში ვადევნებდით თვალს. თუმცა ზაფხულში კატარში ისე ცხელა (ივლისში ტემპერატურა +50 გრადუსსაც კი აღწევს), არათუ უზარმაზარ საფეხბურთო ფორუმში მონაწილეობა, სუნთქვაც კი ჭირს. რაც შეეხება ნოემბერ-დეკემბერს, წლის ამ დროს საშუალო ტემპერატურა 24-28 გრადუსია, რაც სწორედაც ზედგამოჭრილია ფეხბურთის სათამაშოდ! სიახლეა ისიც, რომ ზამთრის "სიგრილის" მიუხედავად, კატარის სტადიონები... კონდიცირების სისტემითაც იქნება აღჭურვილი!

ფეხბურთი ფხიზელი თვალით

კატარში აკრძალულია ალკოჰოლი, ასევე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ნასვამი ყოფნა - წესის დამრღვევს 850 დოლარის ოდენობის ჯარიმა ან ნახევარწლიანი პატიმრობა ემუქრება. შესაბამისად, სტადიონებზე ალკოჰოლური სასმელი არ გაიყიდება. თუმცა, რადგან გულშემატკივართა დიდი ნაწილისთვის ფეხბურთი და ლუდი განუყოფელი ნაწილია, მუნდიალის ორგანიზატორებმა "გამონაკლისი" დაუშვეს - მთელი ქვეყნის მასშტაბით შექმნილ ფან-ზონებში იქნება ალკოჰოლის მიღების მსურველთათვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილები. ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტის თავკაცის, ნასერ ალ-ხატერის თქმით, სპეციალურად გამოიყოფა ადგილები, სადაც ნასვამი გულშემატკივრები... გამოფხიზლებას შეძლებენ!

sporti2-1667745416.jpg
Al Rihla Pro - წლევანდელი მუნდიალის ოფიციალური ბურთი

სტადიონები

მსოფლიო ჩემპიონატისთვის კატარში 7 სუპერთანამედროვე სტადიონი აშენდა (ჯამში, სტადიონების, სანაკრებო ბაზებისა და ფან-ზონების მშენებლობაზე 7 მილიარდ ევრომდე დაიხარჯა). გარდა ამისა, განახლდა ხალიფას სტადიონი და მთლიანობაში, ტურნირს რვა არენა მოემსახურება. ესენია: Lusail Iconic Stadium in Lusail (tevadoba - 80,000 mayurebeli), Al Bayt Stadium in Al Khor (60,000), Stadium 974 in Doha (40,000), Al Thumama Stadium in Doha (40,000), Khalifa International Stadium in Al Rayyan (45,416), Education City Stadium in Al Rayyan (45,350), Ahmad bin Ali Stadium in Al Rayyan (44,740), Al Janoub Stadium in Al Wakrah (40,000 capacity). მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ფინალურ მატჩს, რომელიც 18 დეკემბერს გაიმართება, ლუისალში მდებარე Lusail Iconic Stadium უმასპინძლებს. ამ ულტრათანამედროვე არენის ტრიბუნებმა, სადაც 80 ათასი დასაჯდომი ადგილია, პირველი "გამოცდა" უკვე ჩააბარა - სექტემბერში გამართულ "ზამალეკი"-"ალ ჰილალის" მატჩს 77 000 მაყურებელი დაესწრო.

ოფიციალური ბურთი

"კატარი-2022"-ის მონაწილე გუნდები ითამაშებენ "ადიდასის" ბურთით, რომელსაც Aლ ღიჰლა Pრო ჰქვია. ტურნირის ოფიციალური ბურთის შექმნისას პრიორიტეტი მის ეკოლოგიურობას მიენიჭა. შედეგად, ის პირველი ბურთია, რომელიც წყლის ბაზაზე შექმნილი წებოთი და მელნით არის დამუშავებული. არაბულ ენაზე ბურთის დასახელება Aლ ღიჰლა "მოგზაურობას", "ექსკურსიას" ნიშნავს.

თილისმა

წლევანდელი მუნდიალის თილისმაა ლა იბ, რომელიც თეთრი კუფიის (ტრადიციული არაბული თავსაბურავი) და მფრინავი ხალიჩის ერთგვარი ნაზავია. "ლაიბი" მოხერხებული, მხიარული და ცნობისმოყვარე არსებაა, რომელიც სპეციალურ ვიდეორგოლში გვეუბნება, რომ "სიყვარულით დაეხმარება ყველას, ვისაც აქვს მიზანი, შრომისმოყვარეობა და მიზანდასახულობა მის მისაღწევად". "ლაიბი" ყველას მოგიწოდებთ დაიჯეროთ თქვენი შესაძლებლობები. მას თქვენთვის ფეხბურთით სიხარული მოაქვს", - ნათქვამია ფიფას ვებგვერდზე. რატომაც არა? არაბულ ენაზე ხომ "ლა იბ" "ყველაზე მაგარ ფეხბურთელს" ნიშნავს.

sporti3-1667745416.jpg
ბოლო მუნდიალი ლეგენდებისთვის?

ჰიმნი

2022 წლის მუნდიალის ოფიციალური ჰიმნი დოჰაში გაზაფხულზე წარადგინეს - ტურნირის წილისყრის დროს. ეს არის სიმღერა Hayya Hayya (Better Together – "ერთად უკეთესია"), რომელსაც ასრულებენ ამერიკელი ტრინიდად კარდონა, აფრიკელი დავიდო და კატარელი აიშა. "ეს არის სიმღერა, რომელშიც შერწყმულია ამერიკის, აფრიკის და ახლო აღმოსავლეთის ხმები, რომელიც აჩვენებს, როგორ შეუძლია ფეხბურთსა და მუსიკას მსოფლიოს გაერთიანება. რამდენიმე სიმღერისგან შედგენილი საუნდტრეკი, როგორც არასდროს, ისე ახლოს მიიტანს მუნდიალის სულს გულშემატკივრამდე", - სჯერათ ტურნირის ორგანიზატორებს.

აქ VAR და თამაშგარეც

VAR (Video Assistant Referee) მსოფლიო ჩემპიონატზე ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ გამოჩნდა. თუმცა კატარში სხვა ტექნოლოგიურ სიახლესაც ვნახავთ. ეს არის თამაშგარე მდგომარეობის დაფიქსირების ნახევრად ავტომატური სისტემა, რომელიც მსაჯებს ოფსაიდის დადგენისას უფრო სწრაფი და ზუსტი გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება. სისტემა იყენებს სტადიონის სახურავქვეშ განლაგებულ 12 სპეციალურ კამერას, რომელთა დახმარებითაც მოედნის ყველა წერტილის გაკონტროლებაა შესაძლებელი, მით უმეტეს, რომ სპეციალური ამთვლელი ბურთსაც ექნება.

მასპინძელი

მუნდიალის მასპინძელი კატარის ნაკრები პირველად მონაწილეობს მსოფლიო ჩემპიონატში. ეს გუნდი აზიის თასის მოქმედი მფლობელია, აქვს "ამერიკის თასზე" (2019) და "ოქროს თასზე" (2021) მონაწილეობის გამოცდილებაც. რაც შეეხება სადებიუტო მუნდიალს, ისედაც მიხვდებოდით, რომ მსოფლიოს 32 საუკეთესო გუნდს შორის კატარელები ტურნირის მასპინძლის სტატუსით მოხვდნენ. საფეხბურთო რუკის მსგავსად, ტურნირის წინა მასპინძლებს კატარი გაცილებით ჩამორჩება როგორც ტერიტორიით (მსოფლიოში 164-ე ადგილი), ისე მოსახლეობის (148-ე ადგილი) მხრივაც. მაგალითად, ტერიტორიის ფართობით აშშ კატარზე დაახლოებით... 849-ჯერ დიდია!

წესები

საფეხბურთო წესების თვალსაზრისით, წლევანდელ მუნდიალზე განსაკუთრებული სიახლე ბევრი არაფერია. თუ არ ჩავთვლით ისეთ ნაკლებად მნიშვნელოვან ცვლილებებს, როგორიც არის 26-კაციანი განაცხადი 23 ფეხბურთელის ნაცვლად, 5 ცვლილება თითოეული მატჩის განმავლობაში და ა.შ. პრინციპში, 5 ცვლილებას უკვე მივეჩვიეთ. მუნდიალის მონაწილე გუნდების მწვრთნელებს შეეძლებათ დამატებითი დროის დანიშვნის შემთხვევაში დამატებით ისარგებლონ მოთამაშეების შეცვლის უფლებით.

ბოლო მუნდიალი მესისა და რონალდუსთვის?

ცხადია, ტურნირის მონაწილე 32 ნაკრებში ბევრია ისეთი ფეხბურთელი, რომლებიც 2026 წლის მუნდიალზე ვეღარ ითამაშებენ, მაგრამ ბოლო ათწლეულის საუკეთესო დუეტის ფონზე მათი დასახელება არც ღირს. ლიონელ მესი 35 წლის არის, კრიშტიანუ - 37-ის. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია მივიჩნიოთ, რომ მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატი ლეგენდარული არგენტინელი და პორტუგალიელი ფეხბურთელების გარეშე ჩაივლის, რაც "კატარი-2022"-ს უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. არგენტინა და მესი ჩემპიონატის ფავორიტთა შორის სახელდებიან და "ალბისელესტეს" ქომაგებს იმედი აქვთ, რომ ლეო წელს მაინც მოახერხებს სანუკვარი თასის მოგებას. პრინციპში, 2026 წლის მუნდიალზე რეკორდული რაოდენობის - 48 ნაკრებმა უნდა ითამაშოს და ფანტასტიკა სულაც არ იქნება, "ბებერი მგლები" მომდევნო მუნდიალზეც ვნახოთ. თუმცა ერთია განაცხადში ყოფნა, მეორე - პლანეტის საუკეთესო მოთამაშეების ნახვა საუკეთესო ფორმაში! რატი შელეგია