სხეულის ენა - ყველაზე სანდო ინდიკატორი ადამიანის ამოსაცნობად - კვირის პალიტრა

სხეულის ენა - ყველაზე სანდო ინდიკატორი ადამიანის ამოსაცნობად

"როდესაც ვხედავთ შეუსაბამობას ადამიანის არავერბალურ ნაწილსა და ვერბალურ ნაწილს შორის, სანდო ყოველთვის სხეულის ენაა", - ამბობს ფსიქოლოგი ირინე ტაბუციძე. სხეულის ენა და მისი მეშვეობით წაკითხული ტყუილ-მართალი იქნება ჩვენი დღევანდელი საუბრის თემა.

- სიტყვა "ვერბალური" ლათინურიდან მომდინარეობს და ნიშნავს "სიტყვიერს". შესაბამისად, არავერბალური - "უსიტყვოს". არავერბალური კომუნიკაცია ბევრად დიდი ინფორმაციის მატარებელია. ერთია, რაც ვერბალურად, სიტყვიერად გვესმის, მაგრამ მთელი დატვირთვა (ფსიქოლოგების აზრით, დაახლოებით 60%) მოდის არავერბალურ კომუნიკაციაზე. არავერბალურში შედის პარალინგვისტური ნაწილი, როგორიცაა ხმის ტონი, საუბრის ტემბრი... მეორეა ვიზუალური ნაწილი, რასაც ვხედავთ, რაშიც შედის ჟესტები, მიმიკები, სხეულის პოზა, სიარულის მანერა... როდესაც შეუსაბამობას ვხედავთ ადამიანის არავერბალურსა და ვერბალურ ნაწილს შორის, სანდო ყოველთვის სხეულის ენაა - ის, თუ რას ჰყვება სხეული კონკრეტული ინფორმაციის შესახებ, ბევრად სანდოა, ვიდრე სიტყვები, რომელთაც ადამიანი გამოთქვამს.

ხშირად აკვირდებიან პოლიტიკოსებისა და სხვა ცნობილი პირების არავერბალურ ენას, რადგან თვლიან, რომ უფრო სანდოა და განსაზღვრული ინფორმაციის მიღება შეიძლება. სხვათა შორის, ბევრი ცნობილი პოლიტიკოსი ამას საგანგებოდ სწავლობს. რა თქმა უნდა, არავერბალური ნაწილის მთლიანად გაკონტროლება შეუძლებელია, მაგრამ რაღაც დოზით სწავლაც შეიძლება და გაკონტროლებაც. ყველაზე იოლად­ კონტროლდება ხელები. სახეს, სხეულის ზედა ნაწილსაც შედარებით ვაკონტროლებთ, პრაქტიკულად არ კონტროლდება ფეხები.

- ჟესტებზე რა გვეტყვით?

- ჟესტიკულაცია ქართველებს გვიყ­ვარს და ხშირადაც ვიყენებთ. ითვლება, რომ სკანდინავიურ ქვეყნებში საათში საშუალოდ 10-20-ჯერ იყენებენ ჟესტს, იტალიელები - 80-ჯერ, მექსიკელები - 180-ჯერ... საქართველოს მონაცემები არა გვაქვს, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ცოტა ნაკლებად, ვიდრე იტალიელები. ჟესტიკულაცია ეროვნებისა და კულტურების მიხედვით განსხვავდება. ამიტომ უცხო ქვეყანაში ჩასულს ურჩევენ ხოლმე, რომ თავისი ენის ჟესტიკულაცია არ დაურთოს მათთან საუბარს, რადგან შეიძლება სულ სხვა მნიშვნელობა ჰქონდეს, ხანდახან შეურაცხმყოფელიც კი.

არის დომინანტური ჟესტები. მაგალითად, მხარზე ხელის ჩამოდება ან შეხება ხშირ-ხშირად, როდესაც ადამიანს აგრძნობინებ, მე შენზე ძლიერი ვარ და გარკვეული გავლენა მაქვსო; მუშტები - როდესაც­ ადამიანი აგრესიულია და რაღაცაზე ბრაზდება, უნებურად მუშტები ეკვრება და მთელი ხელები ეჭიმება, ისე, რომ გააზრებული იმწუთას არც აქვს.

- მხარზე ხელის ჩამოდებას ხშირად ვხვდებით პიარულ სიუჟეტებში. ვთქვათ, რომელიღაც პოლიტიკოსმა მოინახულა სოციალურად გაჭირვებულის ოჯახი, აუცილებლად ამ დროს მხარზე ეხება ხოლმე და ბავშვს წაეთამაშება.

- დადგმული სცენებია... შეხება ისე იფუთება, თითქოს შემხები სითბოსა და ზრუნვას გამოხატავს. თუმცა კომუნიკაციაში არის ზოგადი წესი - უცხო ადამიანს არ ვეხებით. არ შეიძლება, იმიტომ, რომ ზოგისთვის ეს გამაღიზიანებელია.

ცალკე დატვირთვა აქვს პოლიტიკოსების ხელის ჩამორთმევას. იდეალური ხელის ჩამორთმევაა, როდესაც ის თანაბარია.­ არის მდგომარეობა, როდესაც ერთი ხელი ზემოდან ექცევა, მეორე - ქვემოდან. ხშირად პოლიტიკოსები მოსწრებაზე არიან - რომელი ხელიც ზემოდან მოექცევა, დომინანტური პოზიციაც მის პატრონს უჭირავს და მის სიძლიერეს უსვამს ხაზს. თუ ქალს ესალმები, პირიქით, მიღებული ჟესტია, რომ ქალის ხელი ზემოდან უნდა მოექცეს, ამით პატივისცემას გამოხატავ. სხვათა შორის, ტრამპს აქვს ხელის ჩამორთმევის თავისებური მანერა. გარდა იმისა, რომ ხელს ართმევს საკმაოდ ძლიერად, მერე თავისკენ ქაჩავს. ამ დროს მისი იდაყვი წელთან ხვდება. ეს სიძლიერის დემონსტრირებაა - როგორი ძლიერი ვარ, რომ ჩემს სივრცეში გითრევო... არის მომენტი, როდესაც ხელის ჩამორთმევა შესაძლოა თანაბარია, თანაბარი პოზიციით, მაგრამ შეიძლება დამატებით იდაყვზე ხელის შეხება, რაც ასევე დომინანტობის მაჩვენებელია. ამას სპეციალურად სწავლობენ, მით უმეტეს, პოლიტიკოსები, რადგან ადამიანის ტვინი გაუცნობიერებლად ემოციას მაინც იჭერს, თუ რა მდგომარეობაშია პარტნიორი და როგორ ურთიერთობს მასთან. ამიტომ სწავლობენ და იოლადაც შესაძლებელია ჟესტიკულაციის გაკონტროლება.

- რამდენი პროცენტით?

- 100%-ით ვერა, მაგრამ ყველაზე მეტად დანარჩენ ვერბალურ ნაწილებთან შედარებით... გამარჯვებული ადამიანის პორტრეტი უთუოდ გინახავთ - ჟესტებს რომ თავი დავანებოთ, შენიშნავთ, როგორ დგას: გამართული მხრებით, ხერხემლით, სწორი პოზიციით, ნიკაპი ოდნავ აწეული სიარულის დროს. ასე პუტინიც დადის, მიუხედავად თავისი სიმაღლისა - რომ მოდის, თითქოს ძალიან ძლიერია, თითქოს მთელი ქვეყანა მოაქვს. სინამდვილეში სიარულის­ ასეთი მანერა ნასწავლი აქვს. როცა პოლიტიკაში მოვიდა, ის სულ სხვაგვარად იქცეოდა. ისეთ სიარულს, როგორითაც პუტინი დადის, "განდიდების მანერა" ჰქვია. მსოფლიოს დიდი პრეზიდენტების უმრავლესობა მუშაობდა ამაზე. მაგალითად, ვიცი, რომ შევარდნაძეც მუშაობდა არავერბალურ ნაწილზე. სხვა რაღაცებზეც, მათ შორის წარდგენის, ურთიერთობის ფორმაზე, თუ როგორ მოეპოვებინა­ კეთილგანწყობა, როგორ მოეხდინა გავლენა ადამიანებზე.

შემდეგ მოდის მიმიკები, რომლებიც ყველაზე ინფორმაციულია. მსხვილი მიმიკების კონტროლი, ასე თუ ისე, შეგვიძლია.

- მსხვილი მიმიკები რომელია?

- ჩაცინება, ყბების შეკვრა... სამაგიეროდ არ შეგვიძლია მიკრომიმიკების გაკონტროლება. მაგალითად, წყენის დროს ტუჩის მარცხენა კუთხე უცბად გახტება და ამის გაკონტროლება შეუძლებელია.

ჩვენს ემოციებს, მიმიკებს ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო აკონტროლებს. მარცხენა ნახევრის გაკონტროლება კი გვიჭირს. ამიტომაც რთული ემოციის დროს, წყენის ან ბრაზის დროს, ტუჩის კუთხემ მარცხენა მხარეს იცის ხოლმე ათამაშება, რის გაკონტროლებასაც ადამიანი ვერ ახერხებს.

ზოგს ძალიან მეტყველი სახე აქვს - რომ შეხედავ, წაკითხვა შეგიძლია, რას განიცდის. ზოგს შეკავებული და შეზღუდული­ აქვს მიმიკების გამოვლენა. მაგალითად, პანდემიის პერიოდში დიდი პრობლემა შექმნა ნიღბებმა, რადგან სხვა ადამიანების თვალების მეტს ვერაფერს ვხედავდით და მიმიკებისა და ემოციების ამოცნობა გვიჭირდა.

ყველაზე მდიდარი და მრავალფეროვანი­ მაინც ღიმილი და სიცილია, სიხარულისა­ და ბედნიერების გამოვლენა, რადგან ღიმილს აქვს ყველაზე მეტი გრადაცია და მნიშვნელობა - შეიძლება იყოს დიდი ბედნიერების გამომხატველი, სიხარულის, სიმწრის, ბრაზისაც კი, შეურაცხყოფის დროსაც კი შეიძლება მწარედ ჩაიღიმო. ყველაზე ადვილია ადამიანისთვის სიხარულის იმიტირება, ყველაზე რთული - ბრაზისა და რისხვის. ღიმილი ორნაირი არსებობს: გულწრფელი, რასაც დიუშენის ღიმილს უწოდებენ. ამ დროს ჩართულია ყველა ნაოჭი და კუნთი, თვალის ირგვლივ ნაოჭები გულწრფელი სიცილის დროს ჩნდება... ე.წ. პანამერიკანის ღიმილს კი უწოდებენ (სტიუარდესების პატივსაცემად ეწოდა), როცა მოძრაობს მხოლოდ ცხვირის ქვემოთ კუნთები. პირი იღიმის, მაგრამ თვალები და ზედა ნაწილი უძრავია. ასე გვესალმებიან და გვიღიმიან მაღაზიებში ხშირად კონსულტანტები, სინამდვილეში, გულწრფელად სულაც არ ეღიმებათ, ეს მათი სამუშაოს ნაწილია.

როდესაც ადამიანს უყურებ, სხეულის პოზა ძალიან მნიშვნელოვანია. ქუჩაშიც რომ დააკვირდე, თუ როგორ დადიან ადამიანები, ეს განსაზღვრულ ინფორმაციას­ მოგაწვდის. არის მხრებში მოხრილი, დამძიმებული პოზა, როდესაც ადამიანს მძიმე ტვირთი აწევს ცხოვრებაში. სხეულის პოზა იცვლება, როდესაც ცხოვრება გეცვლება. როცა უყურებ, თითქოს კაცი ფეხებს ძლივს­ მიათრევს, ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ასეთ დროს გადაადგილების პრობლემაა. ფიზიკურ გადაადგილებაზე კი არ არის მაინცდამაინც ლაპარაკი, წინ წასასვლელ გზას, გამოსავალს რომ ვეღარ ხედავს. ბედნიერი ადამიანები მხრებში სწორდებიან, ნიკაპი ცოტა ზემოთ აქვთ აწეული და ლაღად მოდიან.

- თვალებზეც ვისაუბროთ.

- თვალები ძალიან მეტყველია, როდესაც ადამიანს ვესაუბრებით. მაგალითად, როდესაც ადამიანს რაღაცების წარმოდგენა სურს ვიზუალურ ხატებს ქმნის, მოგონებებს... ამ დროს თვალები ცოტა ზემოთ იყურება. როდესაც ხმებზეა აქცენტი და აუდიომოგონებები მოდის, მაშინ თვალი შუა ნაწილშია, თითქოს ჰორიზონტს გაჰყურებს. როდესაც ადამიანი ორიენტირებულია შინაგან შეგრძნებებზე, თვალებს, როგორც წესი, ქვემოთ ხრის. როდესაც რაღაც ახლის მოფიქრებას იწყებს, სხვა პოზიციაშია. როდესაც ყოველივე ეს ნასწავლი გაქვს, ადვილია შემჩნევა, როდის იტყუება და როდის გველაპარაკება გულწრფელად თანამოსაუბრე. მაგალითად, ხელების გადაჯვარედინება ყოველთვის ჩაკეტილ პოზას არ ნიშნავს.­ შეიძლება ამ დროს ადამიანს სციოდეს ან დაიღალა და ასე კომფორტულად გრძნობს თავს - ანუ რომელიმე ერთი მაჩვენებლით დასკვნის გამოტანა არ შეიძლება. ამას კომპლექსურად უნდა შესწავლა.

- ვიზუალურ კავშირზე რას გვეტყვით?

- როგორც ვთქვი, თვალები ძალიან ინფორმაციულია. მაღალი თვითშეფასების, თავდაჯერებული ადამიანები, როგორც წესი, საუბრის დროს თვალებში უყურებენ პარტნიორს, მაგრამ როდესაც მას ესაუბრებიან, მზერა უკვე სხვაგან გადადის - ანუ ვიზუალურ კავშირს არ ინარჩუნებს, როდესაც მეორე მხარე ლაპარაკობს. საერთოდ, როდესაც ჩვენზე სტატუსით ცოტა მაღალ პირს ველაპარაკებით, ან რაღაცა კრიტერიუმებით გვჯობია, ჩვენ მეტად ვუყურებთ­ თვალებში, ვიდრე ის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მისი ემოციების დაჭერა და შეფასების შემჩნევა. ჩვენთვის უმნიშვნელო ადამიანს, როგორც წესი, თვალებში­ იშვიათად ვუყურებთ ხოლმე. იდეალურ ვარიანტში, ვთქვათ, როდესაც მოლაპარაკებაა, რა თქმა უნდა, ჯობია ვიზუალური კავშირი იყოს შენარჩუნებული. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებთან ურთიერთობის დროს, როდესაც რაღაცაზე ელაპარაკები, უთანხმდები ან შენიშვნას აძლევ. მთავარია, თვალები იყოს მის სიმაღლეზე და ზემოდან არ დაჰყურებდე, მორჩილების განცდა არ გაუჩინო. რა თქმა უნდა, თვალებში მიშტერებაც ცუდი ტონია.

- შევარდნაძე ახსენეთ და, ის ცნობილი იყო თავისი გულღია სიცილით.

- შეიძლება შინაგანი იყო, მაგრამ მე მაინც მგონია, კარგად დამუშავებული ჰქონდა ყოველივე. მახსოვს, მის დროს ჟურნალისტად ვმუშაობდი. შორიდან ბევრი ლანძღავდა, მაგრამ ახლო ურთიერთობა თუ გიწევდა, პირისპირ კონტაქტი, რაღაცნაირად კეთილგანწყობას გიჩენდა სწორედ იმ ღიმილით, ჟესტებით, ყურადღებით... ვიზუალურ კავშირს ადვილად ამყარებდა, ანუ იცოდა, როგორ მოეხდინა გავლენა შენზე.

- არალინგვისტურ ნაწილზე გადავიდეთ...

- არალინგვისტურ ნაწილს თავის დატვირთვა აქვს. ერთია, რაზე ვლაპარაკობთ­ და მეორე, როგორ გადმოვცემთ სათქმელს. ითვლება, რომ რაც უფრო დაბალია ხმის ტემბრი, მით მეტი სიძლიერის მაჩვენებელია, მით უმეტეს, თუ ადამიანი მშვიდად საუბრობს. ეს შინაგანი ძალის მანიშნებელი და ინფორმაციის მატარებელიც არის. მაღალი ტონალობის ხმის ტემბრი, გაწვრილებული ხმა უსიამოვნო მოსასმენია, მაგრამ ვერაფერს იზამ, ზოგს ბუნებრივად ასეთი ხმა აქვს. მაგრამ ბევრ გავლენიან პირს ვარჯიში უწევს, რომ ასეთი მაღალი ტონალობის ხმა ძალიან სერიოზულად ჟღერდეს.

- საუბრის ტემპსაც ხომ აქვს მნიშვნელობა?

- კომუნიკაციაში ოქროს წესია, რომ ადამიანი რა ტემპითაც საუბრობს, იმ ტემპითვე აზროვნებს. აზროვნების ტემპი არ არის მიბმული არც ინტელექტზე, არც განათლებაზე. ადამიანს, რომელიც ძალიან სწრაფად აზროვნებს, თუ დინჯად ველაპარაკებით, ეს მისთვის გამაღიზიანებელია; და პირიქით, ადამიანი, რომელიც დინჯად საუბრობს, თუ ძალიან ჩქარა ვესაუბრებით, ინფორმაციის გადახარშვას ვერ ასწრებს, შესაბამისად, კომუნიკაცია ზიანდება. ამიტომ არსებობს ოქროს შუალედი, რომელსაც კარგი ორატორები იცავენ - საშუალო ტემპს, რომელიც ორივე მხარისთვის გასაგებია. კარგი ტელეჟურნალისტებიც ასე უნდა საუბრობდნენ.

არის კიდევ დამაჯერებელი კილო, საუბრისა და ხმის ტონი, რომელიც დამარწმუნებელ ეფექტს ქმნის. გარდა ტონალობისა და ხმის ძალისა, გვეხმარება საუბრის კილოც, სიტყვებიც, რომელთაც დამარწმუნებლად ამბობ. მაგალითად, არადამაჯერებელია: "მე მგონია", "რა ვიცი", "სხვები ასე ფიქრობენ" - ასეთი ფრაზები, რა თქმა უნდა, დამაჯერებლობას კარგავს.