"რა ხვიჩა, რის გოჩა, ნუ შემჭამეთ, კაცო, ტყიბულიდან ვარ ჩამოსული" - ქუთაისური იუმორის საიდუ­მლო - კვირის პალიტრა

"რა ხვიჩა, რის გოჩა, ნუ შემჭამეთ, კაცო, ტყიბულიდან ვარ ჩამოსული" - ქუთაისური იუმორის საიდუ­მლო

საქართველოს ვერც ერთ კუთხეში ვერ ხუმრობენ ისე სხარტად და მოსწრებულად, როგორც "სავარდო და სამაისო" ქუთაისში. ქუთათურების იუმორზე ყველაზე კარგად ისევ ქუთაისის მკვიდრები ჰყვებიან, მათ შორის არის ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე, რომელმაც რამდენიმე სახალისო ამბავი გვიამბო თავისი ქალაქის ცხოვრებიდან:

- ჩემს მშობლიურ ქალაქში ენაკვიმატ­ ადამიანს ყოველ ნაბიჯზე წააწყდებით. ამიტომ სახუმარო ამბებს რა გამოლევს? ინტერვიუს ყველაზე აქტუალური თემით - ტურიზმით დავიწყებ... მოგეხსენებათ, ამ ზაფხულს საქართველოში რუსეთიდან უამრავი ტურისტი ჩამოვიდა. რუსი სტუმრები ქუთაისსაც არ მოჰკლებია. ჩემი მეგობარი ამ ბიზნესშია ჩართული და თავისი სასტუმროსთვის ადმინისტრატორს ეძებდა. რადგან ბიზნესი მოითხოვს, ერთი მნიშვნელოვანი პირობა ჰქონდა - მომავალ ადმინისტრატორს რუსული კარგად უნდა სცოდნოდა. განცხადება კი გამოაქვეყნა, მაგრამ ვაი იმ გამოქვეყნებას: მაშინვე თავს დაესხნენ - ქუთაისელმა ადმინისტრატორმა რუსული რატომ უნდა იცოდესო?! როგორც იქნა, რისხვის პირველმა ტალღამ გადაიარა და საქმე გასაუბრებამდე მივიდა. ერთ-ერთ კანდიდატს, რომელიც გასაუბრებაზე მივიდა, ჩემმა მეგობარმა ჰკითხა:

- რუსული ენა თუ იცითო?

- რავა არ ვიცი, გაქცეულ რუსს კი მოვაბრუნებ და სხვა რა უნდა ვქნაო? - არ დაიბნა მომავალი ადმინისტრატორი.

- ნეტა რუსი სადმე გაიქცეოდეს და რას ჰქვია, უკან მოაბრუნებო? - "დატუქსა" ჩემმა მეგობარმა.

- როგორც ვიცი, ტურებს თქვენც ატარებთ და გიდის მოვალეობასაც ასრულებთ.

- გამოგიტყდებით, ტურიზმმა მეც ჩამითრია: ძალიან მიყვარს ტაო-კლარჯეთი, ტურებსაც ვატარებ და გიდის ფუნქციასაც ვასრულებ. ერთხელაც ჩავედით ართვინში და ნაყინის გამყიდველი დავინახეთ, იმანაც შეგვნიშნა და სუფთა ქართულით დაიწყო ყვირილი: აბა, ქართველებო, კაი ნაყინი, გემრიელი ნაყინიო. სიხარულისგან კინაღამ­ გავგიჟდით და შევესიეთ, თანაც ერთმანეთს შევჩიოდით, რა გამართული ქართულით ლაპარაკობს, ეტყობა, ბაბუამისი ხვიჩასავით ან გოჩასავით მოიტაცეს და გაყიდეს, აფსუს, საცოდავი ქართველები სად აღარ ვართ გაფანტულიო. შემოვეხვიეთ ნაყინის გამყიდველს და შეკითხვები დავაყარეთ, სადაურია, ართვინში როგორ მოხვდა და სად ისწავლა ქართული ასე კარგად. ცოტა ხანს გვისმინა და ბოლოს მოგვახალა: რა ხვიჩა, რის გოჩა, ნუ შემჭამეთ, კაცო, ტყიბულიდან ვარ ჩამოსული, ახლა ნაყინის სეზონია და ვმუშაობო. ასე ჩაგვივარდა კოვზი ნაცარში.

- გარდა ტურიზმისა, რაზე ხუმრობთ ქუთაისში ყველაზე ხშირად?

- ქუთაისი რის ქუთაისია, თუ მოდას ჩამორჩა, ჰოდა, ბოლო ხანებში ჩვენს ქალაქში ძალიან მოდური გახდა კულინარიული­ თემები. რა თქმა უნდა, ამაზეც ბევრს ხუმრობენ და ხშირად კამათობენ. მოგეხსენებათ, ქუთაისი არ არის ზღვისპირა ქალაქი, რის გამოც ჩვენთან თევზი და ზღვის პროდუქტები ნაკლებად პოპულარულია. ამიტომ სტუმარი რომ ჩამოვა და იკითხავს,­ კარგ თევზს სად გავსინჯავო, ქუთაისელები მაშინვე პასუხობენ, სად და, გასვენებაშიო.­..

დღეს გასტრონომიას და კულინარიას ნაირ-ნაირ გადაცემებს უძღვნიან და მეც ხშირად მიწვევენ. როდესაც საქართველოს სხვადასხვა კუთხის სამზარეულოზე მეკითხებიან, ვამბობ, რომ მეგრული ან კახური­ სამზარეულო ძალიან ძვირია, რადგან კერძებში ხორცი, სულგუნი და სხვა ძვირად ღირებული პროდუქტები დომინირებს. ჩემი აზრით, მათ ფონზე იმერული სამზარეულო გაცილებით იაფია: შეკაზმე ფხალი, ეკალა, ნაირ-ნაირი სალათები და სუფრაც მზად არის. ქუთაისში სულ მეჩხუბებიან, იმერულ სამზარეულოს ნუ შეურაცხყოფო - ყველში 20 ლარი უნდა გადაიხადო, რომ სტუმარს ნამდვილი იმერული ხაჭაპური მიართვა, ეს არის იაფი სუფრაო?! რაც მართალია, მართალია, კარგი იმერული ხაჭაპური ძალზე ძვირი სიამოვნება გახდა, რადგან ყველი ძალიან გაძვირდა. ჩვენს ქალაქში კარგი ყველის შერჩევა ცალკე რიტუალია. როგორც ყველა ნამდვილი ქუთაისელი, ამ რიტუალს არც მე ვღალატობ. ერთხელ ბაზარში გამყიდველს ვკითხე, რა ღირს შენი ყველი-მეთქი? 17 ლარიო, მიპასუხა. 17 ლარი რა ამბავია? აქვე, მეორე რიგში 12 ლარი ღირს-მეთქი. მერე, იმ რიგში რატომ არ იყიდეო, მკითხა ასაკოვანმა ქალმა და თვალები ეშმაკურად აუციმციმდა. აღარ არის, უკვე გაუთავდათ-მეთქი. ჰოდა, როცა აღარ მექნება, მეც კი მოგყიდი 12 ლარადო, მომახალა! რა თქმა უნდა, გემრიელად გამეცინა­ - მოდი და, ასეთ მოსწრებულ პასუხზე ნუ გაგეცინება!

კიდევ ერთი ამბავი მახსენდება, რომელიც ცოტა ხნის წინ მოხდა: ჩემს კოლეგას ტყუპი შეეძინა. მოგეხსენებათ, ახლა რელიგიური სახელების დარქმევაა მოდური და ერთს მიქაელი დაარქვეს, მეორეს - გაბრიელი. თურმე მეორე დღეს კარის მეზობელი აფრთხილებს: შენი ბიჭებისთვის იმისთანა სახელები დაგირქმევია, რომ წამეიზრდებიენ, ჩემს ჭიშკართან ახლოს მოსული არ ვნახო არც ერთიო...

- ერთდროულად რამდენიმე საქმეში ხართ ჩართული, ამას როგორ ახერხებთ?

- ალბათ, იმერული სისხარტე მეხმარება. ადრე ჩემი პროფესიით მაინც ვმუშაობდი, ახლა კიდევ ერთი საქმე დამემატა:­ ძალიან ხშირად მიღებენ რეკლამებში. სოციალურ ქსელშიც ბევრ სარეკლამო კლიპში­ ვმონაწილეობ და სულ ვხუმრობ: ლამის პრომობიჭუნად გადავიქეცი, როგორც პრომოგოგონები დაჰყავთ რეკლამებზე, მეც ასე ვარ-მეთქი. ერთხელ ერთ-ერთმა ტაქსის კომპანიამ დამიქირავა: შვიდი თუ რვა რეისი გავაკეთე, მოქალაქეებს უფასოდ ვემსახურებოდი. იმ საღამოს ერთი ქალი "ფეისბუკში" წერდა: ჩემი შვილი მეუბნება, დღეს ტაქსი გამოვიძახე, დათო ლიკლიკაძე მოვიდა და სახლამდე უფასოდ მომიყვანაო. ახლა 112-ში უნდა დავრეკო, სასწრაფო გამოვიძახო და უნდა გადავამოწმო, ჩემმა შვილმა­ ცოტა ხომ არ აურიაო. ვერ დაიჯერა, რომ ეს სიმართლე იყო, არადა, უკვე მეც შევეჩვიე რეკლამებში გადაღებას და სხვებმაც იციან, რომ ეს ჩემი ახალი საქმეა.

- როგორც ჟურნალისტს, თანაქალაქელები ხშირად მოგმართავენ?

- ალბათ, ჩემი აქტიურობის თუ იმის გამო, რომ ჟურნალისტი ვარ, ფიქრობენ, რომ ამ ქალაქში რაც ხდება, ყველაფერი მე მეხება. ამიტომ უხერხულ მდგომარეობაშიც ხშირად ჩავვარდნილვარ. ერთხელ ჯიბლაძის ქუჩიდან დამირეკეს და მთხოვეს, ჩვენს ქუჩაზე წყალი არ მოდის და ბატონო­ დათო, იქნება გვიშველოთო. ქალი რეკავდა,­ რომელიც მეტისმეტად აღშფოთებული იყო. გადავწყვიტე დავხმარებოდი და მაშინვე დავრეკე წყალმომარაგების კომპანიაში, საიდანაც მითხრეს, ჯიბლაძის ქუჩას წყალი მიეწოდება, არც ავარიული გამორთვაა და არც ადგილზეა დაზიანებაო. დავურეკე ამ ქალს და ვუთხარი, რომ მის ქუჩაზე წყალი ყველგან მოდიოდა. უი, მაპატიეთ, ონკანი ჩაკეტილი მქონია, წეღან მოვუშვი და წამოვიდაო. ასეთი კურიოზები ჩემს ცხოვრებაში ხშირად ხდება, მაშინ კი ვბრაზდები, მაგრამ მერე მეგობრებს ვუყვები და ერთად ვიცინით ხოლმე.

ალბათ, ბოლოს მკითხავთ, რაში მდგომარეობს ქუთაისური იუმორის საიდუ­მლოო. ალბათ, იმაში, რომ ქუთათურები­ თითქმის ყველაფერზე ხუმრობენ. როდესაც რაღაც უჭირთ, იუმორს იშველიებენ და როცა კარგი რამ ხდება, მაშინ ორმაგად ხალისობენ. ეს თვისება ჩემი მშობლიური ქალაქის მკვიდრებში ყველაზე მეტად მხიბლავს.

ხათუნა ჩიგოგიძე