„ძალისიდან ჩვენი ევროპული წარსული შემოგვყურებს“ - კვირის პალიტრა

„ძალისიდან ჩვენი ევროპული წარსული შემოგვყურებს“

ალბათ, ბევრმა არ იცის, მაგრამ მცხ­ეთის­ ახლოს იმ ზღაპრული ქალაქის ნაშთებია შემორჩენილი, რომლის ფუფუნებაზე ანტიკური ბერძნები წერდნენ და ძალისს უწოდებდნენ. ახლა ბევრს არაფერს ვიტყვი­ აქ შემორჩენილ II-III საუკუნეებში აშენებულ 2500კვ/მ-იან და 30-ოთახიან სასახლეზე, მის ცენტრალურ გათბობაზე, აბანოებსა და მის მოზაიკაზე, რომელმაც გასულ 70-იან წლებში აღმოჩენისას მეცნიერებიც კი განაცვიფრა. ამჯერად ისეთ ფუფუნებაზე ვისაუბრებ, როგორიც ამ სასახლის საცურაო აუზია, ოღონდაც ეკალბარდში ჩაფლული, რაც სიამაყის ნაცვლად, გულს გატკენთ - მართალია, ეს 400კვ/მ-იანი ფუფუნების ობიექტი თითქმის ხელუხლებლად არის შემორჩენილი, მაგრამ, ალბათ, მალე აღარ იქნება, რადგან წვიმისა და ქარის სათარეშოდ არის მიტოვებული, რაზეც მცხეთელები და მცხეთის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების სააგენტოს დირექტორი რევაზ მამულაშვილი გულისტკივილით ლაპარაკობს.

- მცხეთელი ვარ და აქაური ქვებიც კი მიყვარს, მაგრამ ძალისის ნაქალაქარს თვალს შეგნებულად ვარიდებ ხოლმე. მძიმეა მისი ნახვა, ჩვენ კი არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია. ძალისიც და სხვა ბევრი მუზეუმ-ნაკრძალიც ოდითგან კულტურის სამინისტროს საკუთრებაა. იქნებ ვცდები, მაგრამ მცხეთას რომ ეკუთვნოდეს, ალბათ, მცხეთელები ყველაფერს მოიკლებდნენ­ და ამ სიმდიდრეს მიხედავდნენ. კულტურის სამინისტროსაც ვერ ვადანაშაულებ, ცხადია, ყველაფერს ვერ გასწვდება, მაგრამ ამხელა­ სიმდიდრეს ვინმემ ხომ უნდა მოუაროს?!

ძალისი გასული საუკუნის 70-იან წლებში აღმოაჩინეს და ბევრს ახსოვს­, როგორ­ გააოცა თანამე­დროვე მეცნიერება, მათ შორის არაერთი უცხოელი მეცნიერიც. სხვათა შორის, ძალისის ნაქალაქარის ადგილზე საბჭოთა მეურნეობის აშენებას აპირებდნენ და სათხრელად ტრაქტორიც მოიყვანეს, მაგრამ მაშინ ერთი ქართველი მეცნიერი გადაუდგა წინ. როგორც აღმოჩნდა, ის მრავალჯერ იყო მოსული ამ ადგილას და ეჭვი ჰქონდა, რომ მიწის ქვეშ რაღაც სერიოზული უნდა ყოფილიყო. იმ კაცმა თავი გადადო. წარმოიდგინეთ, რამდენს უნდა დაჰპირისპირებოდა, რომ საბჭოეთის­ გეგმები ჩაეშალა. ახლა აქაურობას თითქოს­ საგანგებოდ ვაზიანებთ­ - ბავშვმაც კი იცის, რომ ქარსა და წვიმას ახალაშენებ­ული ნაგებობებიც ვერ უძლებს, არათუ 20 საუკუნის აუზი. ეს აუზი მარგალიტია - თუ მოუვლი, იმდენად ლამაზია, მასთან თანამედროვე­ აუზები ახლოსაც ვერ მივა. ისეთი ხარისხი აქვს, რომ შეიძლებოდეს წყლის ჩასხმა, ნაკლს ვერ მოუძებნი­ საცურაოდ. კიდევ კარგი,­ აქაურობის პატრონობა იტალიელებმა­ იკისრეს, რადგან თავს რომაელების მემკვიდრეებად მიიჩნევენ, თორემ, ალბათ, ძალისის 12 ფერის მოზაიკაც აღარ იქნებოდა.

- აუზმა ან სასახლის ნაშთებმა რა დააშავა, იქნებ მათი მოვლაც ეკისრა ვინმეს?

- როგორც გითხარით, მათი მოვლა ოდესღაც კულტურის სამინისტროს გადასცეს, ის კი ყველაფერს ვერ გასწვდა... ნაცვლად იმისა, ტურისტებმა ნახონ აქაურობა, ეკალბარდისა და ქარის სათარეშოდ არის მიშვებული. იმ ეკალბარდში ზაფხულში გველი იცის, ზამთრობით კი ტალახია. ისედაც ვის უნდა მოუნდეს შესვლა იქ, სადაც სიცოცხლის ნიშნად მხოლოდ ერთი ჯიხური­ დგას და იშვიათად ბილეთები იყიდება.

- რომაული­ აუზი მართლაც შეუდარებელია. ნეტავ ვინ ტკბებოდა ამ ფუფუნებით 2000 წლის წინ - დამპყრობელი რომაელები თუ იბერიის მეფეები?

- მე ერთი რამ ვიცი - ძალისიდან ჩვენი ევროპული წარსული შემოგვყურებს. აქ ჩვენი ევროპული სიმდიდრეა. რომის­ იმპერიამ ლამის მთელი ევრაზია ფეხქვეშ გაიგო­ და ჩვენც გადმოგვწვდა, მაგრამ კულტურული იმპერია იყო და იმიტომაც ვითარდებოდნენ რომის დროინდელი იბერია და კოლხეთი, თანაც, არც იმდროინდელი საქართველო­ იყო ღატაკი.­ მალე საქმე იქამდე მივიდა,­ რომ თვით რომმა დახარა თავი საქართველოს წინაშე: ვიცით, რამხელა ძღვენი გამოუგზავნა II საუკუნეში რომის იმპერატორმა ადრიანემ ფარსმან მეფეს, რომ რომში ჩასულიყო. ძეგლიც დაუდგა მთავარ­ ქალაქში. მსოფლიოში იშვიათია ძალისის მსგავსი ძეგლი, თუმცა ჩვენც ხომ იშვიათი ხალხი ვართ, რომ ამ სიმდიდრეს გულარხეინად ვანიავებთ.

- რა უნდა გაკეთდეს ქალაქის ნაშთისა და იმ 2000-წლოვანი აუზის შესანარჩუნებლად?

- თავის დროზე ძალისის ნაქალაქარი 3-მტრიანი მიწის ფენით იყო დაფარული, რამაც ის ჩვენამდე მოიტანა. ის მიწა დღესაც მუზეუმ-ნაკრძალის გარშემო ყრია, რაც სამარცხვინოა. აუცილებელია დაკონსერვება, რაც მისი დამცავი იქნება. ვგულისხმობ კონსერვაციის თანამედროვე საშუალებებს, ეს კი სპეციალისტების ხელშია, თორემ თუ ძალისი და მისი აუზი დაიშალა, ისინი ამას თავს არ აპატიებენ. რაც უფრო სწრაფად იფიქრებენ ამაზე, მით უკეთესი მათთვისაც და ქვეყნისთვისაც.

P.S. ჩვენ დავუკავშირდით კულტურის სამინისტროს, სადაც გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე ძალისის საკითხზე კომენტარს ვერ გააკეთებენ, თუმცა აუცილებლად კონტროლზე ეყოლებათ.