ორი ოჯახი - კვირის პალიტრა

ორი ოჯახი

"მას საკუთარ თავზე მეტად ვენდობოდი­. ის ჩემთვის ციხესიმაგრესავით იყო. არაფრის მეშინოდა, რადგან ვიცოდი­, ნებისმიერ პრობლემას მომიგვარებდა. თურმე­ ვცდებოდი. მე რომ ნათელი­ და ღირსეული­ მეგონა, თურმე ბნელი ადამიანი­ ყოფილა,­ უბრალოდ, კარგად თამაშობდა სიყვარულობანასა და ოჯახობანას. ჩვენი­ თოთ­ხმეტწლიანი­ თანაცხოვრება ერთი დიდი ტყუილი გამოდგა.­ ამის პატიება ვერ შევძელი. ბევრმა მისაყვედურა, თვალები უნდა დაგეხუჭა, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ვაჟკაცი ქმარი გყავდა, ცივ ნიავს არ გაკარ­ებდა. რა იცი, რა სიტუაციაში ჩავარდა,­ იქნებ ბავშვის გამო ვერ თქვა უარი იმ ქალზეო, მაგრამ მე არ შემეძლო სხვაგვარად. მაშინ საკუთარ თავსა და ღირსებაზე უარი უნდა მეთქვა. ბავშვების ნახვა სხვა ქალებივით არასოდეს დამიშლია, მე კი მისი ნახვის სურვილი აღარ გამჩენია", - მითხრა ქალბატონმა მანანამ და იმ ღალატზე მიამბო, რომელმაც უსაშველო ტკივილი დაუტოვა.

თაზომ პირველ კურსზევე დაადგა თვალი მანანას. მართალია, სხვადასხვა­ ფაკულტეტზე სწავლობდნენ, მაგრამ უნივერსიტეტში­ თითქმის ყველა ერთმანეთს იცნობდა, მანანასთანა გოგო კი რომ ვერ შეგემჩნია, მართლაც წარმოუდგენელი იყო. ცოტა ხანში ყველამ იცოდა, რომ მანანას და თაზოს ერთმანეთი უყვარდათ. გამორჩეულ წყვილს სიყვარულიც გამორჩეული და რომანტიკული ჰქონდა. თაზო ისეთ სიურპრიზებს უწყობდა, ერთ რამედ ღირდა ნახვა. ძმაკაცებსაც ხშირად რთავდა შეყვარებულისთვის მომზადებულ წარმოდგენებში.…დიახ, წარმოდგენა უფრო ერქვა იმ სიურპრიზებს, ვიდრე ორიგინალური საჩუქარი. აი, მაგალითად, პირველი თოვლის დროს მანანას აივნის ქვემოთ სპირტიან პატარა ფიალებს გულის ფორმით განალაგებდა, მერე ასანთს მოუკიდებდა და საოცარი სანახავი­ იყო თოვლში აგიზგიზებული გული... გაზაფხულზე, როცა იასამანი გაიშლებოდა, ფესვებიანად მიუტანია მანანას აივანთან. გოგონა მეორე სართულზე ცხოვრობდა, თაზო რის თაზო იქნებოდა, შეყვარებულის აივანზე რომ არ ამძვრალიყო?! საიდანღაც მოიტანა გრძელი კიბე და გოგომ ვერც გაიგო, ისე ჩუმად­ აავსო მისი აივანი ნაირ-ნაირი ყვავილით... ერთხელ, როცა უნივერსიტეტში ხევსურეთში სალაშქრო დიდი ჯგუფი შედგა, მანანაც და თაზოც ჩაეწერნენ. აი, იქ უწყობდა თუ უწყობდა ლამაზ სანახაობებს თავის რჩეულს. ციცაბო კლდეზე თოკების გარეშე რომ აძვრა, ულამაზესი მთის ყვავილი მოუწყვიტა და მიართვა, ყველამ პირი დააღო. უფროსებიც ახლდნენ, ისინი, ვინც მთაში სიარულს მიჩვეული იყვნენ და თაზო გააფრთხილეს: მეორედ აღარ გაბედო სამაგრების გარეშე კლდეზე ასვლა, რომანტიკა კარგია, მაგრამ მთას ხუმრობა არ უყვარსო.

შეყვარებული წყვილი რომ ბედნიერ ოჯახს შექმნიდა, ეჭვი აღარავის ეპარებოდა. მეხუთე კურსზე იყვნენ, როცა დაოჯახდნენ. მანანა სკოლის მასწავლებელი გახდა, თაზო კი გეოლოგი გახლდათ... მხოლოდ­ ერთი წელი იმუშავა გეოლოგად და მიხვდა, ოჯახიდან შორს ვერ გაძლებდა. მამის მეგობარმა სამშენებლო საქმეში ჩართო და ისე გამოიჩინა თავი, მალე დააწი­ნაურეს. ყველამ იცოდა, რომ ამ ორს მართლა ბედნიერი ოჯახი ჰქონდა... სხვების დასანახავად კი არა, ყოველი დღე ერთმანეთის საამებლად, ერთმანეთზე ზრუნვით იყო დატვირთული. საოჯახო ალბომი რომ გენახათ, ფოტოებიც მოგიყვებოდათ მათი სიყვარულის საოცარ ამბავს. დედა, მამა და ორი ბავშვი, ოთხივე ლამაზი, ლაღი და ღიმილიანი...

ალბათ, ძნელია ასეთი შესავლის მერე ღალატზე ლაპარაკი. მაგრამ ვინ უწყის, როდის შეუჩნდება ადამიანს ეშმაკი. თაზოს­ მეორე ოჯახიც რომ ჰყავდა, მანანამ კი არა, თაზოს უახლოესმა მეგობრებმაც არ იცოდნენ. ეს ამბავი კი მოულოდნელად გამოაშკარავდა - თაზოს მეორე ქალთან ხელი მოწერილი კი არა, ჯვარი ჰქონია დაწერილი.­ ბიჭი ჰყოლია - გიორგი. ზაფხული იყო. თაზოს მეორე ოჯახი წყნეთში ჰყავდა დაბინავებული, პირველი კი, ზღვაზე ისვენებდა. თაზო ხან წყნეთში ადიოდა, ხან ურეკში მყოფთ ჩააკითხავდა. სწორედ იმ დროს, როცა ტრადიციულად საღამოს შვიდ საათზე მამას ქუჩის კუთხეში ელოდებოდა 10 წლის გიორგი (დედამისიც იქვე იდგა), საიდანღაც გამოვარდა მანქანა, ბავშვს დაეჯახა და არც გაჩერებულა, ისეთივე სისწრაფით დაეშვა დაღმართზე... დარტყმამ გიორგი 2 მეტრზე გადაისროლა. დედა და მეზობლები რომ მისცვივდნენ, ბავშვი სისხლში იყო მოთხვრილი, სუნთქვა უჭირდა. ბიჭის დედის კივილი ცას სწვდებოდა... მანქანის მძღოლი მთვრალი აღმოჩნდა, წყნეთის გზაზე საპირისპიროდ მომავალ სხვა მანქანას დაეჯახა და ერთიანად დალეწა თავისიც და სხვისიც. მანქანებს ვინ დაეძებდა, ის მეორე იქვე გარდაიცვალა, მთვრალი მძღოლი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხელოვნურ სუნთქვაზე ჰყავდათ კარგა ხანს, თუმცა მასაც ვერ უშველეს. რაც შეეხება გიორგის, მას ფეხი ჰქონდა მოტეხილი და რამდენიმე ნეკნი გაბზარული. ერთმა ნეკნმა ფილტვიც დაუზიანა და ამიტომაც უჭირდა სუნთქვა. თაზო იმ დროს მივიდა სახლთან, როცა სასწრაფოს მისი შვილი საავადმყოფოში მიჰყავდა.­ გულგახეთქილმა მამამ ვის აღარ დაურეკა, მთელი სანაცნობო ჩართო, ამდენწლიანი სიფრთხილე სულ დაავიწყდა, ყველას ევედრებოდა, შვილი გადამირჩინეთო. ზღვაზე დასასვენებლად წასულ მანანას მალევე­ აცნობეს ეს ამბავი და ქალი გაოგნებული დაბრუნდა თბილისში.

გიორგი გადარჩა და როცა მამამ შვებით­ ამოისუნთქა, მერეღა გააცნობიერა,­ რომ მის საიდუმლოს ფარდა­ აეხადა. მანანას­ არც ჩხუბი აუტეხია, არც საყვედური უთქვამს. არადა, გაოგნებული იყო თაზოს მეორე ოჯახის აღმოჩენით, სახეზე­ მხოლოდ ერთი დიდი კითხვითი ნიშანი­ ეხატა­…და ესღა ამოღერღა, ამიხსენი, რა ხდება­ ჩვენს თავსო... თაზო კი იჯდა თავჩაქ­ინდრული და ხმას ვერ იღებდა. მანანამ მეორედ რომ ჰკითხა, როგორ მოახერხე ამდენი წელი ორმაგი ცხოვრებაო, ამაზე კაცმა უპასუხა: თავადაც არ ვიცი და შენ რა გითხრაო?

როცა მანანა და თაზო ოფიციალურად განქორწინდნენ, კაცი მაშინღა გამოუტყდა ახლო მეგობარს (არც მან იცოდა თაზოს გასაიდუმლოებული ოჯახის შესახებ): მე და მანანას უკვე ბავშვები გვყავდა, როცა ეკა გავიცანი. ეკლესიაში­ შევედი საღამოს წირვაზე, ჩემ წინ ქალი ცუდად გახდა, გარეთ გამოვიყვანე და წყალი მივუტანე. ვერ აგიხსნი, რა დამემართა. მეგონა, მე და ეს ადამიანი წარსულში ერთად ვიყავით, მერე სადღაც გაფრინდა და ახლა ისევ დამიბრუნდა... ეკა ჩემი სულის ნაწილი გახდა. მანანა ხომ უსაზღვროდ მიყვარდა, ეკას გარეშეც ვერ წარმომედგინა სიცოცხლე... ეკას გულწრფელად ვუთხარი ჩემი გაორებული გრძნობის შესახებ და გამიგო, მანანა კი ვიცოდი ვერ გამიგებდა და ამიტომაც საგულდაგულოდ ვმალავდი ეკასა და გიოს არსებობას. ბავშვს რომ მანქანა არ დასჯახებოდა და მისი სიცოცხლე სასწორზე არ ყოფილიყო შეგდებული, ვერც ვერავინ გაიგებდა მათ არსებობას. მანანას რომ ჩემთვის ეპატიებინა და ეთქვა, აირჩიე, ან მე, ან ის ქალიო, უპირატესობას ისევ მანანას მივანიჭებდი, მაგრამ ჩემმა ცოლმა განქორწინება მაშინვე მოითხოვაო...

დღეს მანანას თაზოსთან ყოფნის არც ერთი დღის გახსენება არ უნდა. როცა წარმოიდგენს, რომ მისი ქმარი ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობდა, საშინლად ითრგუნება. ვეღარც იმ რომანტიკულ დღეებს­ იხსენებს, როცა შეყვარებული­ თაზო საოცარ სიურპრიზებს უწყობდა. მისთვის მხოლოდ შვილები და მათი მომავალია მნიშვნელოვანი. იცის, როდის ხვდება ქმარყოფილი ბავშვებს, რომლებიც სულ მალე სკოლას დაამთავრებენ. ამის წინააღმდეგი პირველივე დღიდან არ იყო, თუმცა ერთი რამ თვითონაც უკვირს - დაშორებიდან ხუთი წლის შემდეგ ერთხელაც არ გასჩენია სურვილი თაზოს შეხვედროდა ან თუნდაც მისი ხმა გაეგონა. იმ დიდი სიყვარულის მერე ღალატი ლამის სამყაროს დასრულების ტოლფასი აღმოჩნდა.

მარინა ბაბუნაშვილი