"მგონი რაღაც ტენდენცია დაიწყო - ჯონი დეპი ამერიკაში გაამართლეს, აქ - მე და ბასილაშვილი..."
მსახიობი გიორგი გურგულია, რომელსაც ყოფილი ცოლი ძალადობაში ადანაშაულებდა, ცოტა ხნის წინ გამართლდა. ჩვენი ინტერვიუც ამ თემით დაიწყო.
- სამ რამეს მედავებოდნენ: შეგინებას, მუქარას და ტელეფონის გამორთმევას. ტელეფონი იმიტომ გამოვართვი, რომ ადრე ტყუილად ჰქონდა პოლიციაში დარეკილი. რომ მოვიდნენ, გაკვირვებული დარჩნენ, ბავშვი მეხუტებოდა, მამა არ წახვიდეო. როცა მამა აგრესიულია, ბავშვი, არ წახვიდეო, არ ეუბნება... გაერიდეთო, მითხრეს, რომ თქვას, ხელი დამარტყაო, უნდა წაგიყვანოთო. მაშინ ასე გამოვერიდე. მეორედაც რომ რეკავდა, ვუთხარი, ტყუილად მოვა ეკიპაჟი და უხერხულობაში ჩავარდები-მეთქი, ჰოდა, ტელეფონი გამოვართვი, დილით დაგიბრუნებ, სხვა აზრზე იქნები-მეთქი. მეზობლისგან მაინც დაურეკავს და გამოვიდა, რომ წავართვი. მეორე დღეს კი იხვეწებოდა, უკან მომეცით განცხადებაო, მაგრამ... ბოლოს პროცესზე მოვიდა და თქვა, არ ვიძლევი ჩემი ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ ჩვენებასო... დღევანდელ სასამართლოს ვერც შევადარებ სააკაშვილის დროინდელს. მაშინ რასაც პროკურატურა ეტყოდა, ბრმად იღებდა სასამართლო. ახლა ნამდვილად არსებობს სასამართლო და შეუძლია მსჯელობის შედეგად პროკურატურისგან განსხვავებული აზრი ჰქონდეს... პროკურატურის წარმომადგენლებმა, 96% მამაკაცების გამამტყუნებელი განაჩენი გამოდისო. მგონი ახლა რაღაც ტენდენცია დაიწყო - ჯონი დეპი ამერიკაში გაამართლეს, აქ - მე და ბასილაშვილი... როცა ეს პროცესი მქონდა, მოვარდა ზოგიერთი არხი და გახარებულები მიკიოდნენ, ხელი დაარტყითო?! უნდოდათ ჩემგან მონსტრი შეექმნათ. ახლა, რომ გამამართლეს, ყველა გაჩუმებულია.
- ხშირად ისმის საყვედური, სასამართლოში სააკაშვილის დროინდელი ხალხი ტრიალებსო...
- შეიძლება იგივე ხალხი ტრიალებს, მაგრამ ის წინა სასამართლო წარმოუდგენელი იყო. ჩემი შვილი დააკავეს, სინამდვილეში კი მე მებრძოდნენ და ის ჰყავდათ პაატასავით. შეუცვივდნენ სახლში, ჩაუდეს "სუბოტექსი"... კინაღამ მომიკლეს შვილი. 12 წელი მიუსაჯეს და ერთ დღეს არ უკლებდნენ. როცა 2012 წელს მთავრობა შეიცვალა, პოლიტიკური მუხლით გავიდა. ყველა მიხვდა, რომ ჩემ გამო იყო დაჭერილი.
- როგორც ვიცი, ეს პირველი ქორწინება და განქორწინება არ ყოფილა, მაგრამ მოძალადის იარლიყის მიკერების საშიშროების წინაშე პირველად აღმოჩნდით. ყოფილ მეუღლეებთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?
- გადასარევი. კონფლიქტი არავისთან მაქვს. შვილებთანაც არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს. მე ძალადობის წინააღმდეგი ვარ, მთელი ცხოვრება სულ სხვებს ვიცავდი.
- რამდენჯერ იყავით დაქორწინებული?
- 4 ცოლი მყავდა, პირველ ორთან 10-10 წელი ვიცხოვრე, მესამესთან - 7 წელი, მეოთხესთან - 5. 19 წლისა დავქორწინდი. 20 წლის ვიყავი, პირველი შვილი რომ გამიჩნდა. 4 შვილი მყავს. დავითი, ლუკა, ანდრია და მარინოლა. 3 შვილიშვილიც მყავს. უფროსი, გიორგი გურგულია, უკვე 19 წლისაა. უმცროსი შვილიშვილი, იკა, და ჩემი შვილი მარინოლა თანატოლები არიან.
- როგორი მამა ხართ?
- ყველა შვილი გიჟდება ჩემზე. ვცდილობ მამა კი არა, უფრო მეგობარი ვიყო, არ ვუბრაზდები. ანდრია, ჩემი მესამე ბიჭი, ორწლინახევრის იყო, რომ წავიყვანე და 14 წლამდე ჩემთან ცხოვრობდა. ახლა საფრანგეთშია, დედასთან. იქ ჩააბარა ლეონარდო და ვინჩის სკოლაში, მაღალი IQ აღმოაჩნდა და მეცხრე კლასის მაგივრად მე-11-ში დასვეს. შვილის წარმატება მამის ბედნიერებაა. ჩემი და თამრიკო ფოცხიშვილის შვილი, დათუნა, კარგი რეჟისორია. ახლახან ხევსურებზე ფილმი გააკეთა და დიდი წარმატება აქვს. პოლონეთში დამწყები რეჟისორების ათეულში შეიყვანეს. ლუკა კარგად ხატავს, მეურნეობაც დაიწყო, ნატახტარში სათბურები აქვს. მარინოლა სასწაული გოგოა. ახლა 7 წლისაა. რეზინის ბავშვია, ჰიპერაქტიური, სულ მოძრაობს, მე ვიყავი ეგრე. ბალეტზე იარა, ახლა ტანვარჯიში მოინდომა, კარგად ხატავს, ნიჭიერი გოგოა. მამის ფანია და მეც ვგიჟდები მასზე. პარასკევ საღამოს მომყავს და შაბათ-კვირას ყველაფრისგან გამოთიშული ვარ. სულ მამასთან უნდა, მერე იწყება ტირილი, არ უნდა წასვლა, მივაცილებ სახლში და არ მიშვებს, სანამ ძილის დრო არ მოუვა, ეზოში ვსეირნობთ და მთელი ამბავი გვაქვს, 5-ჯერ მაინც მაცილებს.
- კიდევ თუ გიფიქრიათ დაოჯახებაზე?
- ხომ იცით, ცხოვრება როგორიც არის, რაც მეტად ეწინააღმდეგები რაღაცას, უფრო მეტად გემართება. ამიტომ არც ვეწინააღმდეგები და არც ვცდილობ... მოკლედ, განგება როგორც ინებებს...
- რუსეთ-უკრაინის ომსაც შევეხოთ... რას იტყოდით დღევანდელ მსოფლიოზე?
- მსოფლიო ცოტა გაგიჟდა და ომი დაუშვა 21-ე საუკუნეში. ატომური ომი არავის აწყობს. რუსი კი არის გამკეთებელი, რომ თავიც აიფეთქოს და სხვაც ააფეთქოს, მით უმეტეს, თუ 200 გრამი დალია. მეორე მსოფლიო ომის მერე ტექნოლოგიები განვითარდა, იყო რენესანსი, კინო, მხატვრობა, მუსიკა, მიმდინარეობები... ეტყობა ეს ყველაფერი რაღაც პიკამდე მივიდა და ისევ ომისკენ წავედით... ადამიანი არ იცვლება, მისი სულიერი ზრდა არ ხდება და ეს მიგვიყვანს კატასტროფამდე. ცხოვრებაში ყველაზე მთავარი მშვიდობა და სიყვარულია...