"შემიძლია ვთქვა, რომ იღბლიანი ქალი ვარ, რადგან ბევრი ოცნება ავიხდინე"
სექტემბრის ბოლო კვირას ევროპელების ყურადღება ბელგრადში ახალი კულტურული ცენტრის გახსნამ მიიპყრო. Madlena Palace of Art - ასე ჰქვია 7000 კვმ-ზე გადაჭიმულ კულტურულ სივრცეს, რომელიც გამოფენებს, კონფერენციებს, პოეზიის საღამოებს, სხვადასხვა ღონისძიებასა და თეატრალურ წარმოდგენებს უმასპინძლებს. ამ იდეის ავტორები კი მეცენატი ცოლ-ქმარი მადლენა და ფილიპ ზეპტერები არიან. 1986 წელს ფილიპ ზეპტერმა მეუღლესთან ერთად დააარსა კომპანია ZEPTER International-ი, რომელიც ამჟამად მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ოპერირებს. გამოცემა "ფორბსმა" 2016 წელს სერბეთის უმდიდრეს ადამიანად ფილიპ ზეპტერი დაასახელა. მას უკავშირდება უმსხვილესი ინვესტიციები სერბეთის კულტურული ცხოვრების განვითარებისათვის - "ფორმულა 1"-ის, ჰოკეის მსოფლიო თასის, ჩოგბურთის AთP შეჯიბრების, კანის კინოფესტივალის, ევროპაში პირველი კერძო ოპერის მშენებლობის, "მადლენა ზეპტერ-ფონდის", ზეპტერ-მუზეუმის (გაიხსნა 1950 წელს), ლიტერატურული პრემიის, დიზაინის საერთაშორისო პრემიის, საგამომცემლო სახლის, პირველი აუქციონის სახლისა და კიდევ სხვა მრავალი კულტურული ღონისძიებების სპონსორობა. დღეს ზეპტერების ინვესტიცია კულტურასა და ხელოვნებაში მილიონებს ითვლის. მადლენა ზეპტერი ევროპული და ამერიკული მედიისთვის ერთ-ერთი სასურველი და რთულად ხელმისაწვდომი რესპონდენტია. ექსკლუზიურად "კვირის პალიტრის" მკითხველისთვის კი ევროპაში სახელგანთქმული მეცენატი ქალი მოგითხრობთ თავის ცხოვრებაზე, წარმატებასა და სიყვარულზე.
- ქალბატონო მადლენა, მინდა ჩვენი საუბარი თქვენი წარდგენით დავიწყო. როდესაც ბელგრადში თქვენი სახელობის მუზეუმი გაიხსნა, მაშინ მედიაში წერდნენ, რომ 500-ზე მეტ ბენეფიციარს დაეხმარეთ განათლების მიღებაში, რომ თქვენ ხართ ხელოვნების უდიდესი ქომაგი. საიდან მოდის ამხელა სიყვარული ხელოვნებისადმი?
- ჩვენს ოჯახში ხელოვნებასა და კულტურას ძალიან დიდი დაფასება ჰქონდა, ხელოვნება, როგორც სულიერი საზრდო, ჩვენთვის ფუნდამენტური ღირებულება იყო. სილამაზე არ არის მხოლოდ ადამიანური ბუნების მახასიათებელი, ის სულიერი საზრდოცაა და აუცილებელია ჩვენი საზოგადოება უკეთესობისკენ შეიცვალოს სწორედ ხელოვნებისა და კულტურის დახმარებით. სილამაზის აღქმა ზოგჯერ ძნელი ხდება რუტინულ ცხოვრებაში და ჩვენი ურთიერთობა ხელოვნებასთან, ბუნებასთან, თვით ჩვენს სხეულთანაც პრობლემურია. ამიტომ ყოველთვის ვურჩევ ხელოვანებსა და ახალგაზრდებს, რომ დრო დაუთმონ საკუთარი თავის შეცნობას. ხელოვნების ნიმუშები უსასრულობის პატარა ნაწილაკებია, რომლებიც აღბეჭდილია რაღაც ხელშესახებში, ჩვენი საქმე კი მათი დათვალიერება და ტკბობაა.
- თქვენი ახალი კულტურული ცენტრი Madlena Art Palace იტალიელი დიზაინერის კარლა ტოლომეოს გამოფენით გაიხსნა. ვიცი, რომ მასთან დიდი ხნის მეგობრობა გაკავშირებთ.
- კარლა ტოლომეოს პირველად ჩემი მეგობრის მეშვეობით მილანში შევხვდი. შემდეგ ჩვენი ნაცნობობა გაგრძელდა შეხვედრებით, საღამოებით ჩემს თეატრში და სხვა პროექტებით. ერთ დღეს მასთან სტუდიაში მივედი და მაშინ ჩაისახა ჩვენი მეგობრობაც.M მე მისი ქმნილებები შემიყვარდა, არტისტული ხედვა, რამაც მიბიძგა, რომ ის საერთაშორისო დიზაინის პრემიის ჟიურიში ყოფილიყო. მე მისი სკამებით და ავეჯით მაქვს გაწყობილი ჩემი პარიზის, მონაკოსა და ბელგრადის სახლები. კლარას სკამები ამშვენებს ბელგრადში არტსასახლესაც.
- ერთხელ თქვით, მე ვისწავლე შრომა, მაგრამ ასევე ცხოვრება ოცნებებში, სადაც ბევრი რამეა შესაძლებელი და რაც უფრო შესაძლებელია, მით უფრო რეალისტურია ოცნებაო. დაგრჩათ აუსრულებელი ოცნებები?
- მე მეოცნებე ადამიანი ვარ, თუმცა ძალიან პრაქტიკული და რეალისტი. მე ვარ ქალი, რომელიც უკეთეს მსოფლიოზე ოცნებობს, ცხოვრების იმ ხარისხზე, რომელიც ადამიანების მატერიალურ და სულიერ კეთილდღეობას გააუმჯობესებს. ჩემი მუშაობა ემყარება იდეალიზმს და პროფესიული მიღწევების შერწყმის აუცილებლობას. შემიძლია ვთქვა, რომ იღბლიანი ქალი ვარ, რადგან ბევრი ოცნება ავიხდინე კულტურასთან, ხელოვნებასა და პროფესიულ პროექტებთან დაკავშირებული პროექტებით. მე ვერ შევწყვეტ ოცნებას, რადგან ოცნება ნიშნავს გასცდე შიშის ბორკილებს და შექმნა რეალობაზე ზემოქმედების შესაძლებლობა. მხოლოდ ის იქნება არსებულით კმაყოფილი, ვისაც ჯერ აუსრულებელი ოცნებები აქვს. ოცნებები ჩემთვის მოქმედების მოტივატორი და ბედნიერების პირობაა.
- თქვენი და ფილიპის სიყვარულის ისტორიაზე გვიამბეთ.
- მე ფილიპს ბელგრადის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში შევხვდი. ასეთ გაბედულ და მომხიბლავ ახალგაზრდა მამაკაცთან შეხვედრა ჰგავდა ორ განსხვავებულ სამყაროს შორის კონტაქტს, რომელსაც შეეძლო ნაყოფიერი და სიცოცხლის მომტანი ემოციების გაცვლა რაღაც ახლისა და უკეთესის შესაქმნელად. ხიბლი და თავდაჯერება, იდეალიზმი და გახსნილობა, ფილოსოფიური აზროვნება და ბავშვური სიხარული, სწავლისა და ახლის ძიების სურვილი, სიკეთისა და სიყვარულის უნარი - ასეთია ფილიპ ზეპტერი, ჩემი ცხოვრების თანამგზავრი. შეყვარებულმა წყვილმა დავტოვეთ ბელგრადი, რომ დაგვეპყრო მსოფლიო - ვენა, ლინცი, მიუნხენი, მოგვიანებით კი პლანეტის 65 ქვეყანა მართლაც დავიპყარით. ვერც ერთი ჩვენგანი, ალბათ, ვერ მიაღწევდა დღევანდელ პოზიციას მარტო, მეორის გარეშე. ფილიპში აღმოვაჩინე პოეზია შერწყმული დიდ პრაგმატიზმთან, რომელსაც შეუძლებელი იყო არ მოვეხიბლე. მასში დავინახე მამაცი მეოცნებე, რომელიც მზად იყო რისკზე წასასვლელად თავისი იდეების ხორცშესხმისთვის.
ჩვენმა წამიერმა შეხვედრამ შეცვალა ჩვენი ცხოვრება. ეს იყო ის წამი, როდესაც უეცრად ყველაფერი სხვაგვარი ხდება, როდესაც უეცრად ყველაფერი ჩუმდება, რადგან ორი გული უსმენს ერთმანეთის გულისცემას. ეს არის ჯადოსნური წუთი, სადაც ყველაფერი ჩერდება, რათა თავიდან დაიწყოს. ეს წუთი იყო 50-წლიანი ცხოვრების დასაწყისი. მაშინდელი გოგონა განაგრძობს ჩემში ცხოვრებას და არასდროს მოკვდება. დღეს მე მას ვუჩურჩულებდი: "შეიძლება შენ ჯერ არ იცი, მაგრამ დღეს იწყება შენი დიდი სიყვარულის ისტორია, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში გაგყვება. იარე წინ, მომავლისკენ, სამყაროსთვის გახსნილი გულითა და სულით".
- ბავშვობის მოგონებებზე გვიამბეთ.
- მატარებლით მგზავრობის მოყვარული ბავშვი ვიყავი. მომწონდა ტრიალი დედაჩემის მოდის სახლში, მიყვარდა მუსიკა... პატარა ქალი ვიყავი, რომელსაც ყოველთვის წარმოდგენილი ჰქონდა თავისი მომავალი მსოფლიოში. ვიკვებებოდი როგორც რეალობით, ასევე ფანტაზიით და ვცდილობდი გონივრული რეაქცია მქონოდა ომის შემდგომ მძიმე პერიოდზე. მშობლებმა ჩამინერგეს მნიშვნელოვანი ფასეულობების პატივისცემა. ორივე ჩემთვის თავისუფლებისა და ღირსების მაგალითი იყო. წარმოსახვაში ხშირად ვირგებდი ძლიერი ქალების როლს: კოკო შანელის, პეგი გუგენჰაიმის, კოლეტის, ლუ ანდრეა-სალომესი...
- თქვენს სახელს უკავშირდება ევროპაში პირველი კერძო ოპერა. როგორ დაიბადა იდეა?
- იმის გაცოცხლება, რაც აღარ არსებობს, ყველაზე რთულად დასაწყებია. ზემუნის სახელმწიფო თეატრიდან აღარაფერი იყო დარჩენილი კედლებისა და ჭერის გარდა, დანარჩენი მხოლოდ ტკბილ მოგონებებში დარჩა. როდესაც ეს ურთულესი სარესტავრაციო სამუშაო დავიწყეთ, 1997 წელი იყო. "მადლენიანუმი" არის კულტურის სფეროში ჩემი შრომისა და მუშაობის გვირგვინი და ევროპის ქვეყნებში დაგროვილი რამდენიმე ათწლეულის გამოცდილების შედეგი, რომელიც მინდოდა გადმომეტანა სერბეთში. განსაკუთრებით ძველი ზემუნის ატმოსფეროსა და სულისკვეთებაში. აი, ამიტომ შეიქმნა "მადლენიანუმი" - ლამაზი შენობა საგამოფენო სივრცეებით, რომელმაც ბელგრადს მეორე თეატრი აჩუქა და უპირველეს ყოვლისა, ოპერა, პროზა, მუსიკა, ბალეტი... ეს არის ადგილი, სადაც მაყურებელს შეუძლია შესანიშნავი შოუები, წარმოდგენები იხილოს, დაათვალიეროს გამოფენები, ისიამოვნოს ლამაზი, შეუდარებელი არქიტექტურით.
- რას შეცვლიდით მსოფლიოში, რომ შეგეძლოთ?
- ვისურვებდი სამყარო აღივსოს მეტი სიყვარულითა და თანაგრძნობით კაცობრიობის მიმართ. მე მჯერა სოციალური სამართლიანობის, მხარს ვუჭერ ინიციატივებს განვითარებადი ქვეყნებისთვის და ვეხმარები სერბეთის ხელოვანებსა და სტუდენტებს სტიპენდიებით. ხელოვნება ადამიანის სულიერების მამოძრავებელი ძალაა. ამიტომ ვაშენებ თეატრებსა და გალერეებს, პოპულარიზაციას ვუწევ მწერლებსა და ხელოვანებს. მე მხარს ვუჭერ ისეთ ფასეულობებს, როგორიცაა ლოიალურობა, თანამშრომლობა და კრეატიულობა. რას შევცვლიდი მსოფლიოში, ამის შესაძლებლობა რომ მქონდეს? კარგი შეკითხვაა. ალბათ, რამის შეცვლას ვერ შევძლებდი, მაგრამ მჯერა, რომ თითოეულმა ადამიანმა ყოველთვის უნდა გასცეს თავისი ცოდნის მაქსიმუმი. შესაძლოა თავად ვერ დაინახონ თავიანთი ძალისხმევის შედეგი, მაგრამ ის მომავალ თაობებს დარჩებათ.