"სულ სწორება მაქვს იმ თამასაზე, რომელიც მამამ დატოვა" - კვირის პალიტრა

"სულ სწორება მაქვს იმ თამასაზე, რომელიც მამამ დატოვა"

არქივი, 2022-11-13

უმძიმეს 90-იან წლებში, როცა ხალხი­ ქუჩაში ფეხით დადიოდა, როცა არ იყო გათბობა, როცა პურის შოვნაც კი საშინლად­ ძნელი იყო, ამ დროს ჯანსუღ კახიძის თბილისის სიმფონიურ ორკესტრს­ არც ერთი დღით არ შეუჩერებია­ მუშაობა.­ სწორედ მაშინ, 1993 წელს, დაფუძნდა­ ყოველწლიური­ ფესტივალი "შემოდგომის­ თბილისი". მუსიკოსებს ზოგჯერ სანთლის­ შუქზე უწევდათ კონცერტის­ დასრულება.­ პალტოებში ჩაცმული მაყურებელი გაყინულ ­ დარბაზში კლასიკური მუსიკის წყალობით მძიმე რეალობას დროებით ივიწყებდა. იმ წლებში უდიდესი ზეიმი იყო ჯანსუღ კახიძის საშობაო კონცერტებზე მოხვედრა. ეს დღეები დაუვიწყარ მოგონებად გადაიქცა... 2002 წელს ჯანო კახიძე გარდაიცვალა­ და მისმა შვილმა, კომპოზიტორმა და დირი­ჟორმა ვახტანგ კახიძემ თბილისის­ სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელობა იტვირთა. მან გააგრძელა 1993 წელს მამამისის დაწყებული ფესტივალი­ "შემოდგომის თბილისი", რომელიც 16 სექტემბრიდან 23 ოქტომბრის ჩათვლით წელს 30-ედ გაიმართა და გააერთიანა სხვადასხვა ჟანრის მოყვარული მსმენელი. ფესტივალი ანზორ ერქომაიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტით დაიხურა. საღამოს დასრულების შემდეგ ბატონ ვახტანგ კახიძეს გავესაუბრეთ, რომელიც ძალზე საინტერესო მოსაუბრე აღმოჩნდა.

- გილოცავთ ფესტივალის საიუბილეო თარიღს. ვიცი, რომ წლევანდელი ფესტივალისათვის განსაკუთრებით ემზადებოდით.

- გმადლობთ. მგონი, საფინალო კონცერტი ფესტივალის ღირსეული გვირგვინი იყო. ერთიმეორეს ჯობდა, ისეთი კონცერტები გაიმართა. ძალიან კმაყოფილი ვარ.

- ბატონ ჯანოს დღეს რომ ენახა ეს ყველაფერი, რას იტყოდა?

- ძალიან ბედნიერი იქნებოდა. რამდენიმე წლის წინ დაწყებული საქმე ასე რომ გრძელდება და უფრო ვითარდება, ძალიან გაიხარებდა, რადგან აგურ-აგურ ააშენა ეს ცენტრი, უდიდესი შრომა ჩადო, როდესაც ეს ფესტივალი დააფუძნა. მამაჩემი უმაღლესი დონის პროფესიონალი იყო და ყველა დეტალს აქცევდა ყურადღებას. მეც ამ გზას მივყვები, მაგრამ ამას ემატება ჩემი კომპოზიტორობა, რომელიც ძალიან მეხმარება­ ამა თუ იმ ნაწარმოების შინაარსის განსხვავებულად წაკითხვაში. თითქმის ყველა ნაწარმოებში არის ფარული­ ხმათა სვლა ან ნაკლებად გამოკვეთილი ჰარმონიული პლასტი, რასაც დირიჟორმა შეიძლება არ მიაქციოს ყურადღება, კომპოზიტორი კი აუცილებლად მიაქცევს და თუკი დირიჟორი განათლებით კომპოზიტორია, შეეცდება, ეს დეტალები უფრო მეტად თვალსაჩინო გახადოს. ამიტომ ჩემთვის ხშირად უთქვამთ, რომ ამა თუ იმ ნაწარმოების შესრულებისას სულ სხვა ხმები გაიგონეს, რაც ადრე არ ესმოდათ.

jansug-1667751521.jpg

- ყოველდღიურ ცხოვრებაში როგორი იყო მამა?

- ყოველდღიურობაში ძალიან ბევრი რამ იყო სასაცილოც, უცნაურიც... ერთხელ ავსტრალიაში ჩავედით, 24 საათი ვიმგზავრეთ, დაღლილები ვართ საშინლად. მე მწეველი ვარ, ის არამწეველი იყო და ამიტომ სხვადასხვა ნომერში გაგვიშვეს. მე ბოლო სართულზე გამამწესეს და დავთქვით, რომ ერთ საათში ფოიეში შევხვდებოდით. ამ ერთი საათის განმავლობაში მომიკაკუნეს კარზე და ჯერ შამპანური მომართვეს, - გმადლობ, რომ ჩვენი სტუმარი ბრძანდებითო, მერე ხილი შემომიტანეს. მამასთან­ ვრეკავ, შენთან მოაქვთ რაიმე-მეთქი? არა, არაფერიო. მოკლედ, მესამეჯერ რომ მომიტანეს მოსაწვევი ვიპ-სტუმრებისთვის, მივხვდი, რაც ხდებოდა და ამ დროს მამა მირეკავს სიცილით: გამოდი მაგ ნომრიდან, არაა ეგ შენი ნომერი, ჩემიაო.

- განსაზღვრა თუ არა თქვენი პროფესიული გზა მამამ?

- მუსიკოსი უნდა იყოო, დაჟინებით არ მოუთხოვია. აბსოლუტური თავისუფლება მომცა. 1989 წელს ჩემი ბალეტი იდგმებოდა­ ოპერაში. მამაჩემი ძალიან ხშირად გასტროლზე იყო, ამიტომ, ფაქტობრივად, მე მოვამზადე ორკესტრი და რადგან თავად ვიყავი ავტორი, ბალეტის გასწორება-კორექტირებამაც მე მომიწია. ამასობაში, პროფესიულად წინ მივდიოდი. პრემიერები­ როცა დაიწყო, დადგა საკითხი, თავად ხომ არ მედირიჟორა. ასე დაიწყო ჩემი დირიჟორობა.

- ემოციურად როგორი იყო მამის გზის გაგრძელება?

- ყველაზე ემოციური იყო მამას შეცვლა სადირიჟორო პულტთან - ასეთი­ დიდი დირიჟორის შემდეგ ორკესტრის ხელმძღვანელობა და შემოქმედებითი პოლიტიკა ძალიან რთული იყო, თუმცა მალე მოვირგე ეს როლი. ერთი მხრივ, თითქოს ეჩვევი ამას, მაგრამ, მეორე მხრივ, მამის გარდაცვალება ყველასთვის მტკივნეულია... სულ მახსოვდა ის პასუხისმგებლობა, რომელიც ახლდა მამაჩემის საქმეს; სულ სწორება მაქვს იმ თამასაზე, რომელიც მან დატოვა.

- როდის იწერება მუსიკა?

- სახელოსნოში, სახლში...სულ ტყუილია, მუზა მოვიდა, კარი გავუღე, მხარზე დამაჯდაო... (იცინის) იმისთვის, რომ დაწერო­ ნაწარმოები, სერიოზული მომზადება­ გჭირდება. არა მარტო ფსიქოლოგიური, თავი უნდა გამოითავისუფლო, რომ მხოლოდ შენს თავს ეკუთვნოდე. შეუზღუდავად უნდა იმუშაო. სამწუხაროდ, ბოლო წლებია, რაც ამ საქმეს მოვკიდე ხელი (ცენტრის ხელმძღვანელობას და ორკესტრს ვგულისხმობ)­, დრო განმარტოებისთვის ძალიან ცოტა მაქვს.

- მუსიკის მიღმა როგორია თქვენი ცხოვრება?

- სულ მაინტერესებდა ასტროლოგია. პლანეტების მდგომარეობა და მათი ცვლა, ყოველდღიური, ყოველსაათობრივი და ყოველწამიერი. აქ ცხოვრობდა ძალიან საინტერესო ასტროლოგი ცოლ-ქმარი და როდესაც სერიოზულად დავინტერესდი, შეგირდობა ვთხოვე. მოკლედ, სერიოზულად ვსწავლობდი... მაგალითად, მთვარე ყველაზე ხშირად ცვალებადი პლანეტაა. მთვარის თვე არის დაახლოებით 29 დღე. ყოველ ორ-სამ დღეში სხვადასხვა ნიშანში გადადის. ეს ძალიან მოქმედებს ადამიანის ხასიათზე... მთვარეს აქვს ოთხი ძირითადი ფაზა: ახალმთვარეობა, მეორე მეოთხედი, სავსემთვარეობა და მეოთხე მეოთხედი. ოთხივე ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან... რატომ დამაინტერესა ამ ყველაფერმა? იმიტომ, რომ ერთ დღეს წერ მუსიკას, მეორე დღეს საერთოდ ვერ წერ, მერე შეიძლება ერთი კვირა ან ნახევარი წელი ვერაფერი დაწერო. რამდენი მაგალითია ამის დიდი კომპოზიტორების ცხოვრებაში, როცა ერთსა და იმავე რაღაცას დაბრუნებია შემოქმედი ორ-სამჯერ! რაღაც ახსნა ხომ უნდა ჰქონდეს ამას? მე ამაში ვიპოვე ახსნა. ანოტაციაში მიწერია, რომ მე მთვარე გამოვიწვიე საცეკვაოდ! Moon Dances ანუ "მთვარის ცეკვები" დაწერილია ჩელოსა და კამერული ორკესტრისათვის. სოლისტი იყო მრავალი საერთაშორისო პრიზის მფლობელი ვიოლონჩელისტი გიორგი ხარაძე. ის ამჟამად პარიზის "ბასტილიის ოპერის" ვიოლონჩელისტთა გუნდის კონცერტმაისტერია.

- თქვენი სპექტაკლები და კინომუსიკა­ ცალკე საუბრის თემაა. თქვენი ავტორობით 20-მდე ფილმისა და 60-მდე სპექტაკლის მუსიკა­ შეიქმნა. ამა თუ იმ კომპოზიციაში ხშირად ისმის თქვენი ხმაც...

- ჩემი სიმღერით გატაცება ოჯახიდან­ მოდის. მამა, ბაბუა, ბიძა - ყველანი მღეროდნენ. საერთოდ, ვოკალი ყველაფრის საფუძველია. სასულე ინსტრუმენტების საფუძველი ვოკალია. თუ ვოკალის ბუნება კარგად გაქვს გაგებული, სხვანაირად იდირიჟორებ...

- დასასრულ, გეგმები როგორია?

- მაყურებლის დიდი სურვილით კინომუსიკის საღამოს ისევ გავმართავთ საახალწლოდ, 28 დეკემბერს.

რუსუდან შაიშმელაშვილი