„რადგან სიცოცხლე ერთხელ გვეძლევა...“ - კვირის პალიტრა

„რადგან სიცოცხლე ერთხელ გვეძლევა...“

გიორგი კვეტენაძის­ გაცნობის შემდეგ­ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სიყვარულით სავსე ადამიანს მთების დაძვრა შეუძლია, მაშინაც კი, როდესაც ის ეტლს არის მიჯაჭვული და უამრავი ტკივილი აქვს გადატანილი. სწორედ ასეთია გიორგი­ - დაბადებიდან ეტლს მიჯაჭვული და ბაღდათელების მაგალითი გამძლეობასა­ და სიცოცხლისმოყვარეობაში­. ადამიანი, ვინც არაერთი ბაღდათელი გამოჰგლიჯა­ სასოწარკვეთას: შეზღუდული შესაძლებლო­ბის ბაღდათელებს ვგულისხმობ, რომლებიც­ გიორგის გაცნობამდე­ ცხოვრებას ემალებოდნენ.

"თუკი ღვთის მადლიერი ხარ ყოველი გათენებული დილისთვის, მაშინ სასოწარკვეთა და უიმედობა ვეღარ მოგერევა. რა თქმა უნდა, არსებობს ფიზიკური ტკივილი, მაგრამ ჯანმრთელი სულით მისი დაძლევაც შეიძლება"

- ვერავინ იტყვის, რომ ეტლში ცხოვრება­ მარტივია. ისედაც, სიცოცხლის ბედნიერებას ცოტა თუ აღიქვამს. ალბათ, თავადაც გქონიათ­ პროტესტის მომენტები და ყველაზე მეტად ბავშვობაში, როდესაც სხვა ბავშვებთან შედარებისას საკუთარი განსხვავებულობა აღმოაჩინეთ.

- რა თქმა უნდა, მქონდა, მაგრამ ასეთ დროს გადამწყვეტი გვერდით ისეთი ხალხის ყოფნაა, რომელიც სიტყვის უთქმელადაც გაჩვენებს, რომ სასიხარულო ყოველთვის შეგიძლია ნახო, რომ გამარჯვება მხოლოდ შენზეა დამოკიდებული და არა ეტლზე ან სხვა რამეზე. მე მყავდა და ახლაც მყავს ასეთი ხალხი: ჩემი ოჯახი, დედმამიშვილები, მეგობრები, მასწავლებლები. მათ გარეშე მართლაც ყველაფერი ძალიან ძნელი იქნებოდა, მით უმეტეს, რომ არასოდეს ვმდგარვარ ფეხზე, სამშობიარო ტრავმით დავიბადე, შუაზე გადატეხილი ხერხემლით, რომელმაც სიარულის შესაძლებლობა წამართვა. თუმცა საბედნიეროდ, ძლიერი ხელები დამიტოვა. ასე რომ, დარდსა და სასოწარკვეთასთან მარტო არ დავრჩენილვარ. ოჯახსა და ნათესავებთან ერთად ჩემთან ჩემი სოფელიც იყო. რა თქმა უნდა, სკოლაშიც დავდიოდი და ბოლო კლასები უკვე 90-იანი წლების დასაწყისს დაემთხვა, როდესაც ირგვლივ ყველაფერი ჩალუსკუმდა და გაჭირვების გამო სკოლაში სიარულიც გამიჭირდა - თავად მასწავლებლები­ მოდიოდნენ ჩემთან გაკვეთილების ჩასატარებლად. მათგან ერთი დღეს უკვე სასულიერო პირია - ანუ ისევ ჩემი მასწავლებელი და მოძღვარია. დღესაც მასწავლის, რომ ცხოვრებაში უპირველესი ღვთის და ადამიანის სიყვარულია. თუკი გულში მცირეოდენი სიყვარული გაქვს, იქ თუნდაც წამიერად შემოსული აგრესიისა და სიძულვილის ადგილი აღარ არის. თუკი ღვთის მადლიერი ხარ ყოველი გათენებული დილისთვის, მაშინ სასოწარკვეთა და უიმედობა ვეღარ მოგერევა. რა თქმა უნდა, არსებობს ფიზიკური ტკივილი, მაგრამ ჯანმრთელი სულით მისი დაძლევაც შეიძლება.

- გეთანხმებით, მით უმეტეს, ვიცი, რომ როდესაც შშმ პირების ორგანიზაცია უამრავ რაიონში არ არის შექმნილი, ბაღდათში თქვენ მოინდო­მეთ და შექმენით, რასაც ცოტა ენერგია არ სჭირდება.

- ასეთი ორგანიზაცია მართლაც ბევრგან არ არის. ეს ჩემი გარდაცვლილი მეგობრის გამოც შევძელი. ჩემამდე ის ედგა სათავეში ამ საქმეს. 2012 წლიდან დღემდე ამ საქმემ მართლაც დიდი ენერგია მოითხოვა.­ უამრავი შეზღუდული შესაძლებლობების ბაღდათელი იყო შინ გამოკეტილი. მათი სახლებიდან გამოყვანა რთული საქმე იყო, ერჩივნათ დამალულიყვნენ და ასე გაელიათ სიცოცხლე. მათ საათობით ვესაუბრებოდი და ვარწმუნებდი... მართლა არ მესმის, რატომ უნდა გაატარო ოთხ კედელში სიცოცხლე, რომელიც ერთხელ მოგეცა. ასეთ მდგომარეობას ადამიანი მძიმე ფიქრებამდე და ზოგჯერ უმძიმეს გადაწყვეტილებამდე მიჰყავს.

eradze2-1667752434.jpg

- რამდენიმე წლის წინ თქვენც მძიმე, სახსრების მოკვეთის ოპერაცია გადაიტანეთ.

- დიახ, როგორც ჩანს, ეტლმაც შეუწყო ხელი მძიმე დაავადების ჩამოყალიბებას. თუმცა, რომ გითხრათ, ამის გამო დეპრესია დამემართა და ცხოვრება ამომიტრიალდა-მეთქი, ტყუილი იქნება. ჩემს ცხოვრებაში დიდად არაფერი შეცვლილა. ეს ნებისმიერს შეიძლება დაემართოს. ამ დროს ცხოვრება 360 გრადუსით ტრიალდება, მაგრამ სასოწარკვეთა არ უნდა მოგერიოს. ამას რომ ვაჯობო, მე ამის საშველი მაქვს - ღმერთთან საუბარი. ამიტომაც ხშირად ეკლესიაში ვარ. უფლის გვერდით ყოფნაა ადამიანის მხსნელი, თორემ გარშემო იმდენი საცდურია, მარტივად შეიძლება დაიღუპო­ - ისეთ დაღუპვას ვგულისხმობ, როცა ადამიანი სიმშვიდეს კარგავს და იტანჯება..­.

- როგორც ვიცი, თქვენ პატრიარქის ჩოხოსანთა­ სიაშიც ხართ.

- ბაღდათის ჩოხო­სანთა წინამძღოლი ვარ. მართალია, ბევრი­ არა ვართ, მაგრამ აუცილებლად გავმრავლდებით. თუ რატომ, თქვენც ხომ იცით - უცხოტომელებს რომ თავი დაანებო, უამრავი ქართველი ისე ებრძვის ყველაფერ ქართულს, თითქოს მასში დაუძინებელ მტერს ხედავდეს. საიდან და რატომ მოდის ამხელა აგრესია, არ ვიცი, მაგრამ ჩვენ ვეცდებით ყოველივე ქართული დავიცვათ. მე და ჩემი მეგობრები დროდადრო ვხვდებით ერთმანეთს და გულს ვუშლით. ჭიქა ღვინოზე ლექსებსაც ვკითხულობთ. გოგლა ლეონიძე მიყვარს ძალიან.

- სწორედ ესაა ბედნიერება, როცა ერთმანეთი გიყვართ. თქვენს ოჯახში ასეთ სიყვარულს ყველაზე მეტად ვინ გამოხატავს?

- ჩემი პატარა ძმისშვილი, 5 წლისა, რომელიც საღამოს შინ რომ დავბრუნდები, ისე მხვდება, თითქოს დედამიწის შემოვლიდან დავბრუნდი. ყველაზე მეტად კი დედაჩემი მაკრიტიკებს, როდესაც ვინმეს შინიდან გამოყვანას ვცდილობ და აღარ ვეშვები, გაანებე თავი, ხალხს ნუ აწვალებ, ყველას თავისი ცხოვრება აქვსო. მე კი ვერ ვანებებ, რადგან სიცოცხლე ერთხელ გვეძლევა.