როგორ ჩატარდება 2024 წლის არჩევნები? - კვირის პალიტრა

როგორ ჩატარდება 2024 წლის არჩევნები?

პარლამენტმა "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების შეტანა დაიწყო, რაც ევროკავშირის 12-პუნქტიან რეკომენდაციებშიც არის დაფიქსირებული. პროექტის მიხედვით, რომელიც პირველი მოსმენით უკვე მიღებულია, ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენებაზე ჯარიმა ორმაგდება, იმავესთვის, დამრღვევი პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების ვადაც იზრდება. წესდება საუბნო საარჩევნო კომისიის პროფესიული ნიშნით არჩეულ წევრთა სერტიფიცირება და შეიქმნება კომისიის სერტიფიცირებულ წევრთა ბაზა. პროექტის თანახმად, თუ საარჩევნო უბანში დათვლის შედეგად დაფიქსირდა 5 ან 5-ზე მეტი, ან 10 ან 10-ზე მეტით ნაკლები ბიულეტენი მისულ ამომრჩეველთა რაოდენობასთან შედარებით, საარჩევნო უბანი გადათვლას დაექვემდებარება. მარკირებას დაექვემდებარება ამომრჩეველი, რომელიც გადასატანი ყუთით ისარგებლებს. რაც მთავარია, 2024 წლიდან საქართველო სრულად ელექტრონულ საარჩევნო სისტემაზე გადავა. ელექტრონული საარჩევნო სისტემა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველთა რეგისტრაციასა და იდენტიფიცირებას, ხმის მიცემას, ხმების დათვლასა და შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პროცედურებს გულისხმობს.

ელექტრონული არჩევნების სისტემა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მთაწმინდის საარჩევნო ოლქში დაიტესტა. როგორ მუშაობს ელექტრონული საარჩევნო სისტემა, ამაზე "კვირის პალიტრა" უბანზე დაკვირვებით წერდა და უნდა ითქვას, რომ ეს სისტემა მართლაც ბევრ არსებით ხარვეზს აღმოფხვრის. თუმცა კვლავ პრობლემაა ამომრჩეველთა რეგისტრაციის საკითხი. როგორ მოხერხდება ამ სისტემის მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოყენება და აღადგენს თუ არა არჩევნების ნდობას, ამ საკითხებზე "კარგი მმართველობის ინსტიტუტის" აღმასრულებელ დირექტორს ირაკლი ხორბალაძეს ვესაუბრეთ, რომელიც ელექტრონული არჩევნების უზრუნველყოფის ხელმძღვანელია.

- ეს ტექნოლოგია გვაძლევს შესაძლებლობას, რომ უკეთესად ვმართოთ პროცესი - მარტივი იყოს ამომრჩევლებისა და საარჩევნო მოხელეებისთვის და რაც მთავარია, თავიდან აგვაცილოს ადამიანური ფაქტორით გამოწვეული შეცდომები. თუ დღეს არჩევნებზე გვჭირდება უამრავი ადამიანი, ტექნოლოგიების გამოყენებით მათი რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდება. გარდა ამისა, პრობლემები, რომლებიც ხშირად შეიძლება შეიქმნას საარჩევნო უბანზე იმიტომ, რომ ადამიანები ვართ, დაძაბულობაა, სტრესი, შესაძლოა ვიღაცას ნაკლები კვალიფიკაციაც აქვს, ამ აპარატმა უნდა მოგვიგვაროს, რადგან კომპიუტერულად ითვლის და აკეთებს იმას, რა ბრძანებაც აქვს მიცემული. ეს ნიშნავს, რომ შეცდომები პრაქტიკულად გამორიცხულია. შესაბამისად, თუ არჩევნების პროცესში ადამიანური ფაქტორი ძალიან მინიმალურად დარჩება, შეცდომებიც აღარ გვექნება.

- ამომრჩეველთა რეგისტრაცია რა წესით წარიმართება? თუკი დარჩება ძველი წესი და ელექტრონული ხმის მიცემის ტესტურ რეჟიმშიც გამოიყენეს, როცა რამდენიმე კაცი ზის და ჟურნალებში აღრიცხავს ამომრჩევლებს ყოველგვარი ბიომეტრიული მონაცემების გარეშე, ეს რა გავლენას იქონიებს შედეგებზე?

- ამაში კონკრეტულად რა პრობლემას ხედავთ, ზუსტად რომ გიპასუხოთ?

- რამდენიმე პრობლემაა: პირველი - ამომრჩევლის იდენტიფიკაცია როგორ მოხდება და ვინ გააკეთებს? თუ გაკეთდა ისევ არაბიომეტრიული მონაცემებით და მხოლოდ უბნის სიის მიხედვით, ე.წ. კარუსელის პრობლემა როგორ მოგვარდება?

- თუ ვსაუბრობთ ერთი პირის მიერ რამდენჯერმე ხმის მიცემაზე სხვადასხვა უბანზე, მაშინ მაქვს კითხვა, რა ზომებს ვიღებდით აქამდე და რა ზომები გვრჩება იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს და ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი? ამის გამოსარიცხად ძალიან ბევრი რამ გაკეთდა და ამას ემატება ვერიფიკაციის კომპონენტიც. თუ ამ პირობებშიც ვერ აღმოვფხვრით არაერთგზის ხმის მიცემას, მაშინ გამოდის, უფრო სხვა პრობლემა გვაქვს. აი, რას ვგულისხმობ: ყველა დაინტერესებულ მხარეს აქვს საშუალება მიიღოს ამომრჩეველთა სია და გადაამოწმოს, არის თუ არა ერთი ამომრჩეველი ბევრჯერ სიაში სხვადასხვა უბანზე. ეს მექანიზმი დღესაც არის და უნდა გამოიყენოს ყველამ, ვინც ზრუნავს საარჩევნო პროცესზე; მეორე - საარჩევნო უბანზე მხოლოდ აპარატურის იმედზე არა ვართ. იქ კომისიის 17 წევრია, რომელთა ნახევარზე მეტი პარტიების დანიშნული წევრები არიან და მათი მოვალეობაა პროცესი სწორად წარიმართოს. თუ ვინმემ არ "დაინახა" ის ამომრჩეველი, რომელსაც იქ ყოფნის უფლება არ ჰქონდა, მის პირადობის მოწმობას გავატარებთ ელექტრონულ მოწყობილობაში (რომლის მეშვეობითაც ხდება ვერიფიკაცია), და ეს მოქალაქე არ აღმოჩნდება ამ უბნის სიაში, აპარატი გამოსცემს განგაშის სიგნალს და გვატყობინებს, რომ დარღვევა დაფიქსირდა, რომ ის განმეორებით ცდილობს ხმის მიცემას.

ელექტრონულ არჩევნებს არ უნდა შევხედოთ, როგორც ყველა პრობლემის მომგვარებელ ინსტრუმენტს. ეს არის საშუალება, რომელიც უზრუნველყოფს არჩევნების შედეგების სიზუსტეს და შედეგების დროულად გამოცხადებას.

- ერთი პირადობის მოწმობით რამდენიმე ადგილზე ხმის მიცემა იმდენად არ არის პრობლემა, რამდენადაც ერთი პირის მიერ ბევრჯერ ხმის მიცემა და ეს როგორ მოგვარდება?

- ეს მითური "მრავალი პირადობა" არასდროს დამთავრდა! ოდესმე დაიჭირეს ფაქტზე ვინმე, ვისაც ჰქონდა ხუთი-ათი მოწმობა? შესაძლოა მე რაღაც ეჭვი მქონდეს, მაგრამ ეჭვების საფუძველზე არასდროს ვსაუბრობ, მით უმეტეს, მტკიცებით ფორმაში. ჰიპოთეზურ მსჯელობას ყოველთვის მირჩევნია რეალობაზე საუბარი.

- ჰიპოთეზური გვინდა იმიტომ, რომ მოვახდინოთ პრევენცია. ეს ერთი, და მეორე - როდესაც ზუსტად არჩევნების წინ ვიგებ, რომ ჩემს სახლში ათობით ისეთი პირია ჩნდება ჩაწერილი, რომლებზეც მანამდე არაფერი მსმენოდა, არა მაქვს საფუძველი ვივარაუდო, რომ ამას სწორედ ხმის მიცემისთვის გამოიყენებენ?

- თუ არა გვაქვს მოწესრიგებული ის საქმე, რომ ერთ კაცს ერთი პირადობის მოწმობა ჰქონდეს, მაშინ საერთოდ არაფერი გამოგვივა და რაზე ვსაუბრობთ! თუ ეს პრაქტიკა არსებობს, არც ისე რთულია აღმოჩენა. ერთი და ორი რომ იყოს ასეთი, გავლენას ვერ მოახდენს. ბევრი უნდა იყოს და თუ ბევრია, არა მგონია, შესაძლებელი იყოს ამის დაფარვა.

- ვერიფიკაციის სისტემას დავუბრუნდეთ - ანუ აპარატში თავსდება პირადობის მოწმობა და აპარატი ეძებს უბნის სიაში არის თუ არა, მიცემული აქვს თუ არა უკვე ხმა, მაგრამ აპარატი ხომ არ არის ჩართული ერთიან ქსელში, რომელიც იდენტიფიცირებას მთელი სიის მიხედვით მოახდენდა? თუ ასეა, მაშინ როგორ დავრწმუნდე, რომ ამ კონკრეტული პირადობის მოწმობით სხვა უბანზე არ მისცემს ხმას? თუ ვერიფიკაცია არ ხდება ბიომეტრიული მონაცემებით მთელ სიაში, რა ვიცი, ვინ სად რამდენჯერ მისცა ხმა?

- ბიომეტრიული მონაცემების გამოყენება არ ხდება იქიდან გამომდინარე, რომ პოლიტიკურ პარტიებსა და საზოგადოებას შორის ამ თემაზე ერთგვაროვანი აზრი არ არის ბევრი მოტივიდან გამომდინარე, მათ შორის რელიგიური, ცხოვრების წესი და ა.შ. მოქალაქეთა დიდი ნაწილი ელექტრონულ პირადობის მოწმობასაც კი არ იღებს და წარმოიდგინეთ, ასეთებს საარჩევნო უბანზე თითის ანაბეჭდის დატოვება რომ მოსთხოვონ. ამიტომაც შევჩერდით პირადობის დამადასტურებელი მოწმობით იდენტიფიკაციაზე.

- ვისაც ბიომეტრიული მონაცემების "ეშინია", საბაჟოებზე ხომ უწევთ გამოყენება და არჩევნებისთვის რა პრობლემას ქმნის? ეს ხომ უფრო გაზრდის არჩევნების სანდოობას?

- ელექტრონული არჩევნები არ არის ინტერნეტით ხმის მიცემა ან ბიომეტრიული მონაცემების გამოყენება, რაც ბევრს ჰგონია. ამასთან, არჩევნებში ბიომეტრიულ მონაცემებს უმეტესად ძალიან დაბალი განვითარების ქვეყნებში იყენებენ, სადაც მოუწესრიგებელია სამოქალაქო რეგისტრაცია და საარჩევნო სიები. ამერიკაში, კანადაში, ავსტრალიაში, სადაც ელექტრონული არჩევნები ტარდება, არ იყენებენ ბიომეტრიულ მონაცემებს, იმიტომ, რომ იქ არის მოწესრიგებული სამოქალაქო რეესტრი და ამის საფუძველზეა შედგენილი საარჩევნო სიები, რომელთა გადამოწმება ყველას შეუძლია. პლუს ადამიანის პირადი მონაცემებიც დაცულია. ჩვენთანაც იგივეა - სამოქალაქო რეესტრიც გამართულია და საარჩევნო სიებიც გასუფთავებულია. ეს პროცესი 2013-2014 წლიდან დაიწყო და სიების პრობლემა აღარ არის. თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, გადამოწმება შეუძლია.

- თქვენ რას ფიქრობთ, ბიომეტრიული გადამოწმება შეუწყობდა თუ არა ხელს საარჩევნო პროცესის გაუმჯობესებას და გაზრდიდა სანდოობას?

- მე წინააღმდეგი არა ვარ, მაგრამ არ ვთვლი, რომ ეს აუცილებელია, მით უმეტეს, თუ ვინმემ მოინდომა, არც ბიომეტრიული მონაცემების გაყალბება იქნება რთული.

რუსა მაჩაიძე