326-დღიანი "ეროვნული უსაფრთხოება“ - რუსა მაჩაიძის ბლოგი - კვირის პალიტრა

326-დღიანი "ეროვნული უსაფრთხოება“ - რუსა მაჩაიძის ბლოგი

"4 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა", - ვკითხულობთ მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში, რომლის ასლი, ცხადია, უსაფრთხოების საბჭოს ვებგვერდზეც არის გამოქვეყნებული - ანუ ზუსტად 326-ე დღეს წინა სხდომის გამართვიდან. თავი რომ დავანებოთ "ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ" კანონის ჩანაწერს, რომ "საბჭოს სხდომა, როგორც წესი, იმართება 3 თვეში ერთხელ (მუხლი 19, 5 პრიმა, 3), 2021 წლის 13 დეკემბრის შემდეგ, როდესაც წინა სხდომა გაიმართა, რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო და ჩვენთან ამ ხნის განმავლობაში საბჭოს სხდომა არ გამართულა. გასაგებია, რომ ეს ომი "ჩვენ არ გვეხება", მაგრამ ხომ ფაქტია, უკვე მეცხრე თვეა გრძელდება და 21-ე საუკუნის ჯერჯერობით ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ომია. მან უკვე რადიკალურად შეცვალა სიტუაცია ევროპაში და მთელ დედამიწას სხვადასხვა ფორმით შეეხო. გასაგებია, რომ "რუსეთს არ ვაღიზიანებთ", მაგრამ 13 დეკემბრიდან 24 თებერვლამდე თითქმის სამი თვე იყო გასული და რომ გვეთქვა, "როგორც წესი, საბჭოს სხდომის ჩატარება გვიწევსო", ისეთი რა მოხდებოდა?!

შესაძლოა ვიღაცამ იფიქროს, რომ რა მნიშვნელობა აქვს, პრემიერი მინისტრებთან ერთად დახურულ ფორმატში სად ილაპარაკებდა, მაგრამ სხვა თუ არაფერი, ამ "სიტუაციურ ოთახს" წელიწადში ერთხელ ეყოფა განიავება? ოთახს, ალბათ, მომსახურე პერსონალი მიხედავს, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ დემოკრატიულ ქვეყნებში ინსტიტუტებს აქვთ გადამწყვეტი მნიშვნელობა. მოქალაქეები ხელისუფლებას ლეგიტიმაციას იმიტომ აძლევენ, რომ უსაფრთხოების გარანტიები ჰქონდეთ, ნებისმიერი თვალსაზრისით, და ხელისუფლება ვალდებულია, საქმის კურსში ამყოფებდეს მათ. როდესაც ჩვენს გვერდით ომია, ხალხი უნდა ხედავდეს, რომ "ვიღაც" ამაზე ფიქრობს და რაღაცას აკეთებს. იმის გამო, რომ ეს ორგანო ზუსტად იმისთვის არსებობს, კოორდინაცია გაუწიოს უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვას, "სხვისი ომის" დროსაც კი ამ ინსტიტუტს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.

თუმცა რა სამ თვეში ერთხელ შეკრებაზეა ლაპარაკი, როდესაც ქვეყანას უსაფრთხოების კონცეფცია კარგა ხნის ვადაგასული აქვს. ეს დოკუმენტი ბოლოს 11 წლის წინ დამტკიცდა და მას შემდეგ არ განახლებულა, მიუხედავად იმისა, რომ კანონი მის, მინიმუმ, 5 წელში განახლებას ავალდებულებს მთავრობას.

"აღსანიშნავია, რომ წელს, თებერვლის მდგომარეობით, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის საბოლოო ვერსია მზად იყო პარლამენტისთვის წარსადგენად, მაგრამ მკვეთრად შეცვლილი უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, მიმდინარეობს დოკუმენტის უსაფრთხოების არსებულ გარემოსთან შესაბამისობაში მოყვანა. პარალელურად, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს საფრთხეების შეფასების დოკუმენტისა და ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის განახლების მიმართულებით, რომლებშიც აგრეთვე აისახება შეცვლილი უსაფრთხოების გარემო და არსებული გამოწვევები", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში და როდის მოვა შესაბამისობაში, არ არის დაკონკრეტებული - იმედია, მიღებამდე ისე არ დაძველდება, რომ ვერც დამტკიცდეს. საბჭოს სხდომის შესახებ გავრცელებულ განცხადებაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ხაზგასმული, რომ "სხდომაზე განხილულ იქნა გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების გარემოს მნიშვნელოვანი ტენდენციები და საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები". არადა, ეს გამოწვევები ხომ, მინიმუმ, 9 თვეა არსებობს და გამოდის, 325 დღეს „უსაფრთხოდ“ ვცხოვრობდით, არ გვქონდა გამოწვევები და საფრთხე მხოლოდ 326-ე დღეს გაჩნდა?