ვისი მოკავშირე გახდება „გენერალი ზამთარი“ - რუსი ოკუპანტების თუ უკრაინის დამცველების? - კვირის პალიტრა

ვისი მოკავშირე გახდება „გენერალი ზამთარი“ - რუსი ოკუპანტების თუ უკრაინის დამცველების?

რუსეთ-უკრაინის ომის მეათე თვე დაიწყო და იკვეთება ბრძოლების ახალი ტაქტიკა, რასაც ძირითადად ბუნება განაპირობებს.

მთელი ზაფხულის პერიოდში ორივე დაპირისპირებული მხარე ბრძოლების საწარმოებლად, თავდაცვითი ზღუდეების მოსაწყობად და საჭიროების შემთხვევაში იქიდან კონტრიერიშებზე გადასასვლელად უმთავრესად იყენებდა ქარსაცავი ტყის ზოლებს, რომლებიც სამანქანო გზებს მიუყვება.

მაგრამ დადგა შემოდგომა და ქარსაცავი ტყის ზოლები ისე გაშიშვლდა, რომ მათ საფარქვეშ გაჭრილი სანგრებიც კი გამოჩნდა, რომ აღარაფერი ვთქვათ ტანკების დამალვაზე (ისე კი ქარსაცავი ტყის ზოლებიდან თვეობით ბრძოლამ უკრაინის ტყის საფარს უდიდესი ზიანი მიაყენა - ათიათასობით ხე განადგურდა).

შემოდგომაზე უკრაინის ტერიტორიის დიდ ნაწილზე, იქ, სადაც ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, დაიწყო წვიმის სეზონი, რაც ავტომატურად ნიშნავს უკრაინის შავნიადაგიანი მიწების გაუვალ ტალახად გადაქცევას არა მარტო სამხიდიანი მაღალი გამავლობის საარმიო სატვირთო ავტომობილებისთვის, არამედ თვით მუხლუხიანი საბრძოლო ტექნიკისთვისაც - ქვეითთა საბრძოლო მანქანებისა და ტანკებისთვისაც კი...

შესაბამისად, შეტევის წამოწყება მძიმე ტექნიკის მხარდაჭერით მხოლოდ ასფალტირებული გზებით თუ შეიძლება, რომელთა გადაკეტვა და გამოთოფვა ბევრად ადვილია, ვიდრე ტრიალი მინდვრის.

აქედან გამომდინარე, დიდი პრობლემები შეექმნა უკრაინის არმიას, რომელიც ბოლო თვეებში ახალ-ახალ კონტრიერიშებს ცდილობს ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიების თანდათან გასათავისუფლებლად.

უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილში არ იცის ისეთი დიდი ყინვა, რომ წვიმით ატალახებული საველე გრუნტის გზები მთელ ზამთარში გაყინოს და მძიმე ტექნიკის გადასაადგილებლად გამოსადეგი გახდეს.

ამიტომაც უკრაინის არმიის ფართომასშტაბიანი შეტევები ქვეყნის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილების დეოკუპაციისთვის ბევრად ინტენსიურად, ალბათ, უფრო მომავალი წლის გაზაფხულის მიწურულს დაიწყება, როდესაც საველე გზები გამოშრება.

თუმცა რუსეთ-უკრაინის ომში ზამთარში "ტაიმ-აუტის" აღებასაც არ უნდა ველოდოთ, კვლავ გაგრძელდება პოზიციური და სისხლისმღვრელი ბრძოლები, რომლის დროსაც კრემლი ეცდება მოკავშირედ გაიხადოს... "გენერალი ზამთარი"!

ეს ცნება - "გენერალი ზამთარი" - ჰიტლერის გენერალიტეტმა "დაბადა" თავის დიქტატორთან თავის გასამართლებლად, როდესაც 1941 წლის დეკემბერში უკვე მოსკოვის გარეუბანს მიმდგარებმა ვეღარ შეძლეს კრემლამდე დარჩენილი რამდენიმე ათეული კილომეტრის ბრძოლებით გადალახვა და საბჭოთა კავშირის დედაქალაქის დაპყრობა. მაშინ მესამე რაიხის გენერლებმა ჰიტლერს შესჩივლეს, რომ სტალინის ბედზე რუსეთში საშინელი ყინვა დაიწყო, ხოლო ბლიცკრიგის ომისთვის მომზადებული გერმანიის არმია, რომელიც ომში გამარჯვებას შემოდგომის ბოლომდე აპირებდა, სათანადოდ არ იყო მომარაგებული თბილი ტანსაცმლითა და სხვა აუცილებელი ატრიბუტებით, რაც აუცილებელია საბრძოლო წინსვლისთვის ყინვის დროს.

მაშინ "გენერალმა ზამთარმა" მართლაც შეაჩერა გერმანელების წინსვლა მოსკოვისკენ, მაგრამ საბჭოთა ჯარისკაცებზეც ხომ ისევე მოქმედებდა ყინვა, როგორც გერმანელებზე? რა თქმა უნდა, მაგრამ საბჭოთა არმია უკეთესად აღმოჩნდა მომარაგებული თბილი "ვატნიკებითა" (ბამბის ქურთუკი) და "ვალენკებით" (თექის ჩექმები), მაშინ როდესაც გერმანელი ჯარისკაცები მოსკოვის მისადგომებთან 30-გრადუსიან ყინვაში თხელ შინელებსა და ტყავის ჩექმებში ითოშებოდნენ.

პუტინის გენერალიტეტს ნამდვილად იმედი არ უნდა ჰქონდეს, რომ ფრონტის ხაზზე, სადღაც დონეცკთან და მით უმეტეს, ხერსონთან, "გენერალი ზამთარი" უკრაინის დამცველებს სანგრებში გაყინავს. ჯერ ერთი, იმ ადგილებში დიდი ყინვა არ იცის, და მეორე - ასიათასობით უკრაინელ სამხედროს 2014 წლიდან დონბასის ფრონტზე შვიდი ზამთარი აქვს "გადაგორებული" და არ გაყინულან; მესამე და მთავარი - დასავლეთი უკრაინის არმიას მარტო ტანკებსა და ჭურვებს როდი უგზავნის. ბოლო ერთი თვეა ნახევარ მილიონამდე ზამთრის სამხედრო ქურთუკების, შარვლებისა და თბილი საცვლების გაგზავნაც დაიწყო, რითაც უკრაინის როგორც არმიის, ისე რეზერვის დიდი ნაწილის მოთხოვნა დაკმაყოფილებულია.

პირიქით, ზამთრის თბილი ტანსაცმლის პრობლემას თავად უკრაინაში შეჭრილი რუსული არმია უფრო განიცდის, მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც 300 ათასი რეზერვისტიც გაიწვიეს და მათთვის გამთბარი ყაზარმებიც კი არა აქვთ, არათუ თბილი ქურთუკები.

ასე რომ, "გენერალ ზამთრით" პუტინი უკრაინის არმიის პირად შემადგენლობას ვერ დააშინებს, თუმცა მაინც ეცდება ამ ფაქტორის გამოყენებას უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.

როგორ გგონიათ, პუტინის ოკუპანტებს უკრაინის თბო და ჰიდროელექტროსადგურების სარაკეტო დაბომბვის დაწყება ზაფხულშივე არ შეეძლოთ?

ბუნებრივია, შეეძლოთ, მაგრამ მაშინ ასეთ ეფექტს ვერ მიიღებდნენ, რადგან უკრაინის ატომური, თბო და ჰიდროელექტროსადგურები იმდენად დიდი ოდენობის ელექტროენერგიას გამოიმუშავებდნენ, რომ უკრაინა იქით ყიდდა ევროპაში, რაც ასეთ ფართომასშტაბიან ომში მყოფი ქვეყნისთვის ნონსენსია.

აცივებისთანავე კრემლმა წინასწარგანზრახულად დაიწყო ინტენსიური სარაკეტო დარტყმები უკრაინის ერთიან ენერგოსისტემაზე ორი მიზნის მისაღწევად: უკრაინამ ვეღარ გაყიდოს ზედმეტი ელექტროენერგია ევროპაში და ამით სახელმწიფო ბიუჯეტი მცირედით მაინც შეავსოს. ამასთან, უსაშველოდ გაძვირებული რუსული გაზის გარეშე დარჩენილ ევროპას ზამთარში ენერგომატარებლების დეფიციტი აქვს, რამაც შეიძლება "ააბუნტოს" კომფორტს მიჩვეული და შეცივებული ევროპელები, რომ შეუწყვიტონ სამხედრო დახმარება უკრაინას და მოუხსნან ეკონომიკური სანქციები რუსეთს.

მაგრამ არის მესამე მიზანიც - "გენერალ ზამთრის" დახმარებით კრემლი უშუქოდ და გათბობის გარეშე დარჩენილ უკრაინულ ქალაქებში გაყინული ბავშვების, ქალებისა და მოხუცების საშუალებით შეეცდება უკრაინის ხელისუფლება დიდ დათმობაზე დაიყოლიოს ომის კრემლისთვის მომგებიან პოზიციებზე "გასაყინად".

p.s. "გენერალმა ზამთარმა" ერთხელ უკვე ითამაშა უარყოფითი როლი პუტინის ჩანაფიქრის შესრულებაზე, თუმცა ამის აღიარება კრემლში დღემდე არ სურთ - 2022 წლის 24 თებერვლის გამთენიამდე, როდესაც რუსეთის არმია არანაკლებ ექვსი მიმართულებიდან თავს დაესხა უკრაინას, რუსეთის ბრიანსკის, კურსკის, ბელგოროდის, ვორონეჟისა და როსტოვის ოლქების საზღვრისპირა რაიონებში, ასევე ბელორუს-უკრაინის საზღვართან ღია მინდორში, გაუთბობელ კარვებში ან სულაც შიშველ მიწაზე ერთ თვეზე მეტხანს იყინებოდა ის ასი ათასზე მეტი რუსი ჯარისკაცი და ოფიცერი, რომლებიც კრემლიდან უკრაინაზე თავდასხმის დაწყების ბრძანებას ელოდნენ. ამ გარემოებამ უცილობლად ითამაშა უარყოფითი როლი რუსეთის გენერალიტეტის ბლიცკრიგის ოპერაციის წარმატებაზე, რამაც ჩაშალა კრემლის სტრატეგიული გეგმები.