რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სრული "ჩაძირვა" რას მისცემს საქართველოს - კვირის პალიტრა

რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სრული "ჩაძირვა" რას მისცემს საქართველოს

შავი ზღვის რეგიონში ძალთა თანაფარდობა იმის მიხედვით იცვლება, თუ რა ხდება რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტის ხაზზე და მის ღრმა ზურგშიც.საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ დასავლეთმა და უპირველესად კი ნატომ, საოცარი უდარდელობა გამოიჩინეს, რაც სამხედრო-პოლიტიკური ახლომხედველობის შედეგი გახლდათ და დაკარგა ძვირფასი დრო შავი ზღვის აკვატორიაში მნიშვნელოვნად გაძლიერებულიყო, სანამ რუსეთი სუსტი იყო.

საამისოდ არაერთი წინა პირობა არსებობდა - შავ ზღვაზე გასასვლელის მქონე ექვსი ქვეყნიდან სამი თავად ალიანსის წევრი იყო ან მალევე გახდა - თურქეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, ორი - უკრაინა და საქართველო კი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრებას იხვეწებოდნენ და მხოლოდ ერთი - რუსეთი რჩებოდა ნატოს სავარაუდო მოწინააღმდეგის რანგში.

მაგრამ ალიანსმა თავისი პასიურობით ის მიიღო, რომ რუსეთმა მნიშვნელოვნად გააძლიერა თავისი შავი ზღვის ფლოტი, ხოლო აზოვის ზღვა მთლიანად ჩაკეტა ჯერ ყირიმის ხიდის აგებით, ხოლო უკრაინაში შეჭრის შემდგომ უკრაინის აზოვის ზღვის სანაპირო ტერიტორიების სრული ოკუპაციით.

ბევრი მოელოდა, რომ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ რუსეთის შავი ზღვის ფლოტი გადამწყვეტ როლს შეასრულებდა ოდესა-ოჩაკოვის სანაპირო ზოლზე დიდი საზღვაო დესანტის გადასხმითა და რუსეთის საოკუპაციო ძალებისთვის მოლდოვის სეპარატისტული დნესტრისპირეთისკენ სახმელეთო დერეფნის გაჭრით.

საბედნიეროდ, კრემლის ეს ჩანაფიქრი ჩაიფუშა, პირიქით, რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა სამარცხვინო მარცხი განიცადა კრეისერ „"მოსკვასა"“ და დიდი სადესანტო ხომალდის ჩაძირვით, კუნძულ ზმეინიდან გაქცევით, ყირიმის ხიდის აფეთქებით, სევასტოპოლის ყურეში დივერსიული თავდასხმებით თუ თავად რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბის შენობის სახურავზე უკრაინული კამიკაძე-დრონის "დაშვებით".

ამ ყველაფერს რამდენიმე დღის წინ დაემატა კრემლის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უკან დახევა - რუსეთის ხელისუფლებამ დაინახა, რომ უკრაინა, თურქეთი და გაერო რუსეთის გარეშეც გააგრძელებენ გემებით ხორბლის გატანას ოდესიდან სტამბოლში და მოსკოვს არავინ დაეკითხებოდა. ამიტომაც კრემლმა ჩაყოლა ამჯობინა და ისევ დაბრუნდა ამ ხელშეკრულებაში.

ეტყობა, კრემლში, როგორც იქნა, მიხვდნენ, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის რამდენიმე დარჩენილი ბრძოლისუნარიანი ხომალდი თუ შეეწინააღმდეგებოდა ხორბლით დატვირთული სავაჭრო გემების ცურვას, ეს ანტიჰუმანურ აქტად შეფასდებოდა საერთაშორისო დონეზე, ხოლო თუ საქმე ძალისმიერ დაპირისპირებამდეც მივიდოდა, მაშინ რუსეთის შავი ზღვის ფლოტი ძალიან არასახარბიელო სიტუაციაში აღმოჩნდებოდა.

რა თქმა უნდა, შავ ზღვაში რუსულ რამდენიმე ფრეგატს, კორვეტსა და წყალქვეშა ნავს ჯერ კიდევ შეუძლია „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტები კიევის გარდა, სტამბოლს, ბუქარესტსა და სოფიას მიაწვდინოს, მაგრამ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ძლიერება დეგრადირებისკენ მიდის.

უკრაინელების ხომალდსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების, „ნეპტუნებისა“ და „ჰარპუნების“ შიშით რუსული ხომალდები აქამდე სევასტოპოლის ყურის ტრავერსს ვერ ტოვებდნენ და იქიდან უშვებდნენ „კალიბრებს“ უკრაინული ქალაქებისკენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა კომბინირებული, საჰაერო და საზღვაო დივერსია მოუწყვეს დისტანციურად მართვადი დრონებით თვით სევასტოპოლის ყურეში, რუსი სამხედრო მეზღვაურები უსაფრთხოდ თავს ვერც სევასტოპოლის მთავარ სამხედრო-საზღვაო ბაზაში გრძნობენ.

შესაბამისად, შავ ზღვაში დარჩენილი რუსული ხომალდების აქტიურობა მნიშვნელოვნად შენელებულია და მხოლოდ ფრთოსანი რაკეტების უკრაინის ქალაქებისკენ გაშვებით შემოიფარგლება, ხოლო ამ ფლოტის სადესანტო შესაძლებლობები თითქმის ანულირებულია არა მარტო რუსული დიდი სადესანტო ხომალდების ჩაძირვა-დაზიანების, არამედ თავად შავი ზღვის ფლოტის საზღვაო ქვეითთა ბრიგადებში პირადი შემადგენლობის დიდი საბრძოლო დანაკარგის გამოც, რომელიც მათ უკრაინის მიწაზე განიცადეს.

გარდა ამისა, თურქეთი მონტროს კონვენციის მოშველიებით ცხრა თვეზე მეტია ხმელთაშუა ზღვიდან შავ ზღვაში არ უშვებს რუსეთის სხვა ფლოტების ხომალდებს შავი ზღვის ფლოტის გასაძლიერებლად.

საქართველოსთვის, რომელსაც დრო­ებითი ოკუპაციის მიუხედავად, კიდევ დარჩა შავ ზღვაში გასასვლელი პორტები, სულერთი ნამდვილად არ არის, რა ბედი ეწევა რუსეთის შავი ზღვის იმ ფლოტს, რომელმაც აგვისტოს ომის დროს ოკუპირებულ ოჩამჩირეში სევასტოპოლიდან წამოყვანილი საზღვაო დესანტი გადმოსხა.

რუსეთის ძლიერი შავი ზღვის ფლოტიდან მუდამ არის მოსალოდნელი საფრთხე ბათუმისა და ფოთის პორტებზე, როგორც მთლიანად საქართველოს საზღვაო კარიბჭეებზე, და ამიტომაც ბოლომდე დეგრადირებული ან შავ ზღვაში კრეისერ "მოსკვასავით" (რომელიც ხელმძღვანელობდა აგვისტოს ომის დროს აფხაზეთის სანაპიროზე რუსული საზღვაო დესანტის გადმოსხმას) სრულად ჩაძირული რუსული ფლოტი ყველაზე მეტად ესადაგება საქართველოს ინტერესებს.