პუტინს უკრაინაზე გამარჯვება კორეული ჭურვებითა და ირანული დრონებით სურს - კვირის პალიტრა

პუტინს უკრაინაზე გამარჯვება კორეული ჭურვებითა და ირანული დრონებით სურს

უკრაინაში შეჭრამდე რუსეთის არმიას "მსოფლიოში სიძლიერით მეორედ" მოიხსენიებდნენ აშშ-ის შეიარაღებული ძალების შემდეგ, რასაც ამართლებდა ყველა წინა პირობა - უზარმაზარი ბირთვული არსენალისა თუ ათიათასობით ტანკის ქონა...მაგრამ რეალობა ბევრად მწარე აღმოჩნდა კრემლისთვის - დღეს რუსეთის არმიას არათუ მეორე ადგილს არგუნებენ, არამედ ელოდებიან უკრაინის ფრონტზე სიტუაციის განვითარებას და თუკი ხარკოვის ოპერაციის დროს სამარცხვინო უკან გაქცევა მალე ხერსონშიც განმეორდა, მაშინ რუსეთის არმიის სიძლიერეზე ძალიან ბევრი ეჭვი გაჩნდება თავად რუსეთის მოსახლეობაშიც...

რუსეთის არმიის პრობლემებზე მეტყველებს ისიც, რომ პირადი შემადგენლობის შესავსებად კრემლს არა მარტო ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადება დასჭირდა, არამედ ციხეებიდან აგროვებს მძიმე დანაშაულებისთვის გასამართლებულ პატიმრებს, შუააზიელ გასტერბაიტერებს მოსკოვის ქუჩების დაგვის ნაცვლად რუსული სამხედრო ფორმის ჩაცმას ეხვეწება რუსეთის მოქალაქეობის ერთ წელიწადში მინიჭების სახარბიელო პერსპექტივით.

მაგრამ შეიარაღება ტაჯიკი მიგრანტი არ არის, რომ რუსული პასპორტით მოთაფლო, მისი საბრძოლო დანაკლისის შესავსებად ან საწყობები უნდა მოქექო, ან საკუთარი წარმოება ააჩქარო, ან კიდევ საზღვარგარეთიდან იმპორტირება დაიწყო.

როგორც აღმოჩნდა, საბჭოთა კავშირის დანატოვარი სამხედრო საწყობები მთლად უზომო არ ყოფილა. რუსეთის არმიის მეთაურობას უკვე უჭირს სათანადო რაოდენობისა და ხარისხის სამხედრო ტექნიკისა და საჭურვლის მოძიება და უკრაინის ფრონტზე გაგზავნა, სადაც ყოველდღიურად არანაკლებ 40 ერთეულ ტანკსა და ჯავშანმანქანას კარგავს.

პრობლემა ის არის, რომ საბჭოთა მემკვიდრეობიდან რუსეთის არმიას კი დარჩა, მაგალითად, 22 ათასზე მეტი სხვადასხვა ტიპის ტანკი, რომელთაგან საშტატო შეიარაღებაზე სამი ათასზე მეტი ჰყავდა, მაგრამ დანარჩენების დიდი ნაწილი უკვე ჯართია, რადგან ღია ცის ქვეშ სამ ათეულ წელზე მეტია დგანან და ამასთან, ნაწილებისგან გაძარცულიც არის.

საბჭოთა წარმოების ყველა რაკეტა და ჭურვი შეიძლება არ იძარცვებოდა, მაგრამ 30-40 წლის წინ დამზადებული საარტილერიო ჭურვის ჰილზაში დენთს თუ რაკეტის მყარ საწვავს პირვანდელი ტექნიკური მონაცემები დაკარგული აქვს და მათი შეცვლაა საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში, სტარტაღებული რაკეტა მოწინააღმდეგის ნაცვლად თავად გამშვებს დაეცემა თავზე, რისი ამსახველი არაერთი ვიდეო ვრცელდება უკრაინის ფრონტიდან.

სამხედრო ტექნიკისა და საბრძოლო საჭურვლის გარემონტება-მოდერნიზაციას ახალი ტექნოლოგიები სჭირდება, რაც ასევე დიდ პრობლემად გადაიქცა არაერთი სანქციადადებული რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის. თუკი აქამდე სერიულად წარმოებულ რუსულ "ისკანდერებსა" და "კალიბრებში" უხვად გამოიყენებოდა უცხოური და არა მარტო ჩინური და ტაივანური, არამედ თვით ევროპული და ამერიკული მაღალტექნოლოგიური დეტალები (მაგალითად, მიკროჩიპები), ეს გზაც მეტწილად გადაეკეტათ შეიარაღების რუს მწარმოებლებს.

კრემლს დარჩა ერთადერთი გამოსავალი, რაც შეიძლება სწრაფად შეივსოს უკრაინასთან ომში განცდილი საბრძოლო დანაკარგი - დაიწყოს მისი შესყიდვა ისეთი ქვეყნებისგან, რომლებიც წლებია თავად არიან სანქციადადებული და უკვე გამონახული აქვთ შემოვლითი გზები, თუ როგორ აწარმოონ შეიარაღება და საბრძოლო საჭურველი.

ლაპარაკია ირანსა და ჩრდილო კორეაზე, რომელთაგან შეიარაღების მიყიდვას რუსეთის არმიისთვის ვერავინ წარმოიდგენდა შარშან.

თუმცა უკრაინასთან ომში დარტყმამიღებულმა კრემლმა გადალახა თავმოყვარეობა და ირანიდან დაიწყო შედარებით პრიმიტიული კამიკაძე-დრონების შესყიდვა და როგორც ჩანს, არც წააგო - ირანულმა "შაჰიდებმა" დიდი პრობლემები შეუქმნეს უკრაინელებს! არა იმიტომ, რომ ირანული "შაჰიდი" საბრძოლო ტექნიკის საოცრებაა, არამედ ერთდროულად დიდი რაოდენობით გამოყენების გამო - უკრაინული ქალაქისკენ გაშვებული ათი "შაჰიდიდან" უკრაინელმა მეზენიტეებმა რვაც რომ ჩამოაგდონ, ის ორი გადარჩენილი დრონი-კამიკაძეც საშინელებას დაუტრიალებს საცხოვრებელი კორპუსების ბინადრებს.

მოსალოდნელია, რომ "შაჰიდების" შემდეგ ირანი რუსეთს უფრო ძლიერ კამიკაძე-დრონებს, "არაშ-2"-ებსაც მიჰყიდის, მაგრამ უკრაინელებისთვის სიტუაცია კრიტიკული გახდება, თუკი გამართლდება ამერიკული დაზვერვის განცხადება იმის შესახებ, რომ მოსკოვი თეირანისგან "ფათეჰისა" და "ზოლფაგარის" ტიპის ბალისტიკური რაკეტების ყიდვას იწყებს.

ათმეტრიანი "ზოლფაგარი" 700 კმ-მდე მიფრინავს, ხოლო "ფათეჰ 110" კი 300 კმ-ს ფარავს, რაც რუსეთის არმიას საშუალებას მისცემს ოკუპირებული ხერსონიდან, ასევე ბელორუსიდან და ბელგოროდის, ბრიანსკისა და კურსკის ოლქებიდან უკრაინის არაოკუპირებულ ტერიტორიაზე ყველა მნიშვნელოვან ობიექტს მისწვდეს და თანაც, დიდი სიზუსტით.

საქმე ის არის, რომ ბევრი, მათ შორის, დასავლეთში, ცოტა დამცინავად უყურებდა სანქცირებული ირანის შესაძლებლობებს, რომ შექმნიდა მაღალი სიზუსტის დრონებს და მით უმეტეს, ბალისტიკურ და ფრთოსან რაკეტებს.

ირანული "შაჰიდ-136"-ის უკრაინაში საბრძოლო გამოყენებამ საპირისპირო დაამტკიცა, მანამდე კი, 2020 წლის 8 იანვარს, ირანმა ერაყის ალ-ასადის ამერიკულ საჰაერო ბაზას სწორედ ზემოხსენებული ბალისტიკური რაკეტებით გასაოცარი სიზუსტის დარტყმები მიაყენა - ირანული რაკეტები ამერიკულ ანგარებს მოხვდა, რითაც დასავლელი და მათ შორის ისრაელელი სპეციალისტებიც დარწმუნდნენ ირანის არცთუ სახუმარო სარაკეტო შესაძლებლობებში.

ირანის შემდეგ თავი უკვე მუდმივად სანქცირებულმა ჩრდილო კორეამაც წამოყო და რუსეთს, სავარაუდოდ, როგორც დასავლეთის დაზვერვა აცხადებს, ათიათასობით საარტილერიო ჭურვს უგზავნის.

ამ ინფორმაციის დადასტურებად შეიძლება ჩაითვალოს ისიც, რომ რამდენიმეწლიანი შეჩერების შემდეგ სწორედ ახლა განახლდა სარკინიგზო ეშელონების გადასვლა ჩრდილო კორეიდან რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში და დახურულ სატვირთო ვაგონებში, დიდი ალბათობით, შეიძლება სწორედ ის საარტილერიო ჭურვები ეწყოს, რომლებიც ძალიან სჭირდება რუსეთის საოკუპაციო არმიას უკრაინის ფრონტზე.

საგულისხმოა, რომ ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში კრემლი აქტიურად ეხმარებოდა ჩრდილო კორეას სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის შექმნაში. შესაბამისად, ჩრდილოკორეული არმიის შეიარაღების სტანდარტი, მათ შორის ჭურვების კალიბრი, ძირითადად, საბჭოთა/რუსული ქვემეხებისა და "ჰაუბიცების" იდენტურია, რაც რუს არტილერისტებს მათ საბრძოლო გამოყენებას უადვილებს.

თავის მხრივ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ რუსეთი ასევე აქტიურად ეხმარებოდა ირანს არმიის გასაძლიერებლად და ამ უკანასკნელის არსენალში არსებული შეიარაღების ბევრი სახეობა საბჭოთა იარაღის ერთგვარი კლონია, რაც ხელს აძლევს რუს გენერლებს.

მართალია, ბელორუსი ძალიან მცირე რაოდენობით აწარმოებს საკუთარ შეიარაღებას, მაგრამ ლუკაშენკომ პუტინს ფართოდ გაუღო სამხედრო საწყობების კარები და იქიდან მიღებული საბრძოლო საჭურველიც და მძიმე საბრძოლო ტექნიკაც წაადგება უკრაინაში მებრძოლ რუს ოკუპანტებს.მსოფლიოში ნელ-ნელა იქმნება ორი ბანაკი, რომლებიც ერთმანეთთან დაპირისპირებულ რუსეთსა და უკრაინას შეიარაღებითა და საბრძოლო მასალით ამარაგებენ. თუკი უკრაინას ნატოს წევრი ქვეყნები და მსოფლიოს სხვა ბევრი ქვეყანა ამოუდგნენ მხარში, რუსეთის არმიის გასაძლიერებლად კრემლმა ჯერ ირანი, ჩრდილო კორეა და ბელორუსი გამოძებნა, თუმცა არაა გამორიცხული ეს ჩამონათვალი გაიზარდოს.