"არჩევნები აშშ-ში: ვის ირჩევენ, ვინ გაიმარჯვებს და რაზე მოახდენს გავლენას არჩევნების შედეგები" - კვირის პალიტრა

"არჩევნები აშშ-ში: ვის ირჩევენ, ვინ გაიმარჯვებს და რაზე მოახდენს გავლენას არჩევნების შედეგები"

"სამშაბათს, 8 ნოემბერს, აშშ-ში "შუალედური" არჩევნების დღეა: ამერიკელები ორპალატიანი საკანონმდებლო ორგანოს - კონგრესის ახალ შემადგენლობას ირჩევენ: წარმომადგენლების პალატისა და სენატის წევრებს. გარდა ამისა, აირჩევა, აგრეთვე, ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოები და შტატების გუბერნატორებიც. არჩევნების შედეგები გარდაუვლად ძალიან დიდ გავლენას მოახდენენ ჯო ბაიდენის დარჩენილ, ორწლიან პრეზიდენტობაზე და მის პოლიტიკაზე, უკრაინაში რუსეთის აგრესიის საწინააღმდეგოდ", - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის სამაუწყებო კომპანიის - "ბი-ბი-სის" (BBC russian) რუსული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით - "არჩევნები აშშ-ში: ვის ირჩევენ, ვინ გაიმარჯვებს და რაზე მოახდენს გავლენას არჩევნების შედეგები".

გთავაზობთ ამონარიდს ვრცელი პუბლიკაციიდან:

რატომ "შუალედური"?

"ფედერალური არჩევნები აშშ-ში ყოველთვის ნოემბრის პირველი ორშაბათის შემდეგ, პირველ სამშაბათს ჩატარდება", - ასეთი დადგენილება მიიღო ამერიკის კონგრესმა 1845 წელს. იმ დროში არც თვითმფრინავები არსებობდა, არც ავტომობილები და არც სწრაფი მატარებლები და ამომრჩეველს საარჩევნო უბნამდე რომ მიეღწია, ხან ერთი, ორი და ზოგჯერ - მეტი დღეც სჭირდებოდა, რომ წასულიყო, ხმა მიეცა და უკან დაბრუნებულიყო.

იყო სხვა მიზეზებიც: არჩევნები არ შეიძლებოდა კვირა დღეს ჩატარებულიყო, რადგან ამ დღეს ოჯახის წევრები ეკლესიაში დადიოდნენ - ეს რიტუალი აუცილებელი იყო ბევრი ამერიკელისათვის, რომლებიც დიდ ქალაქებშიც ცხოვრობდნენ და - ქვეყნის სიღრმეში მდებარე პატარა დასახლებებშიც. შემდეგ კანონმდებლებმა გადაწყვიტეს, რომ თანამემამულეებისათვის ორშაბათობით გზაში ყოფნა არასასიამოვნო იქნებოდა და ამიტომ ეს დღეც "ამოვარდა". ოთხშაბათი საბაზრო დღე იყო ანუ არანაკლებ წმინდა, ვიდრე - კვირა. ასე რომ, კონგრესმენებმა არჩევანი სამშაბათზე შეაჩერეს. სხვათა შორის, საინტერესოა კიდევ რამდენიმე მომენტი: არჩევნების დღე არ უნდა დამთხვეოდა ჰელოუინს (ყველა წმინდანის დღეს - პირველ ნოემბერს), თუნდაც ეს სამშაბათი ყოფილიყო.

ამ არჩევნებს, ტრადიციულად, "შუალედურსაც" უწოდებენ (Midterm elections) - იმიტომ, რომ ის ტარდება ზუსტად პრეზიდენტობის ვადის შუაში. რადგანაც პრეზიდენტს არ ირჩევენ, კონგრესის არჩევნებისას, რა თქმა უნდა, ელექტორატის მონაწილეობის შედარებით დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება.

(...)

უკრაინა რესპუბლიკელთა ფიქრებში

როგორი იქნება ამერიკული მხარდაჭერა უკრაინისადმი, თუ არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატები გაიმარჯვებენ? - ეს ძალზე საინტერესო კითხვაა.

ოთხ ნოემბერს ჯორჯიელმა კონგრესვუმენმა, აქტიურმა რესპუბლიკელმა, დონალდ ტრამპის მომხრე მარჯორი ტეილორმა პირდაპირ, ხმამაღლა და გულწრფელად განაცხადა: "რესპუბლიკური კონგრესისაგან უკრაინა ერთ ცენტსაც ვერ მიიღებს". მისი ასეთი პოზიცია რესპუბლიკურ პარტიაში მარგინალური არ არის: ჯერ კიდევ ოქტომბერში წარმომადგენლების პალატის რესპუბლიკური უმცირესობის ლიდერმა კევინ მაკარტიმ განაცხადა, რომ კონგრესი აღარ გამოწერს უკრაინისთვის ისეთ ჩეკებს, რომლებშიც ფულის რაოდენობას უკრაინის მთავრობა წერდა. საყურადღებოა, რომ თუ პალატაში უმრავლესობას რესპუბლიკელები მოიპოვებენ, კევინ მაკარტი სპიკერი გახდება.

უკრაინის დახმარების გაგრძელებისადმი სკეპტიკურად არიან განწყობილნი ისეთი ცნობილი რესპუბლიკელები, როგორებიცაა დონალდ ტრამპი და მისი შვილები, პოპულარული ტელეწამყვანი თაკერ კარლსონი და სხვები.

ამასთან, ამ პოზიციას ყველა რესპუბლიკელი არ იზიარებს. მაგალითად, სენატში (კონგრესის ზედა პალატაში) რესპუბლიკური ფრაქციის ლიდერი მიტჩ მაკკონელი უკრაინას მხარს უჭერს და მაისში კიევშიც კი ჩავიდა, სოლიდარობის მიზნით.

ყველა შემთხვევაში, შეიძლება ველოდოთ, რომ რესპუბლიკური უმრავლესობა ახალ საბიუჯეტო ასიგნებების განხილვის დროს უკრაინისადმი სამხედრო და ეკონომიკური დახმარების გაწევას კრიტიკულად მიუდგება.

კიდევ რა შეუძლიათ რესპუბლიკელებს?

გავიხსენოთ ზოგიერთი ფაქტი ახლო წარსულიდან: 2018 წელს, როცა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იყო, კონგრესის შუალედურ არჩევნებში, კერძოდ, წარმომადგენლების პალატის წევრების არჩევის დროს, უმრავლესობა დემოკრატებმა მოიპოვეს. მას შემდეგ მოხდა:

ა) ე.წ. შატდაუნი, როცა დემოკრატმა დეპუტატებმა რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს უარი უთხრეს ბიუჯეტის დამტკიცებაზე (მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის გამო). ამის შედეგად შეწყდა ფედერალური დაწესებულებების დაფინანსება. დონალდ ტრამპს თავისი საგანგებო უფლებამოსილებით სარგებლობა მოუხდა, რაც ძალზე იშვიათად ხდება ხოლმე.

ბ) იმპიჩმენტის მცდელობები, როცა დემოკრატ კონგრესმენებს რესპუბლიკელი პრეზიდენტის - დონალდ ტრაპის გადაყენება სურდათ. ახლა რესპუბლიკელები, ბუნებრივია, რევანშის აღებას შეეცდებიან...

გ) გამოძიების შესაძლებლობები. რესპუბლიკური პარტიის უმრავლესობას შეუძლია, რომ დემოკრატ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია სხვადასხვა გამოძიების ინიცირებით გააწამოს. სხვათა შორის, ზემოთ ხსენებულმა მარჯორი ტეილორმა სწორედ ასე განაცხადა, რომ თეთრს სახლს "თავ-ბედს აწყევლინებს".

დ) თეთრი სახლი "მხვეწნელის" როლში: დადგება დრო, როცა თეთრი სახლი კონგრესს სახელმწიფო ვალის თამასის აწევას სთხოვს, რასაც რესპუბლიკელები თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენებენ.

ე) დანიშვნები ფედერალურ თანამდებობებზე. რესპუბლიკურ უმრავლესობას შეუძლია პრეზიდენტის მიერ თანამდებობის პირების დანიშვნების პროცესი შეაჩეროს და დაბლოკოს.

მოკლედ, არსებობს იმის დიდი ალბათობა, რომ რესპუბლიკელებმა დემოკრატებზე "შური იძიონ".

ვინ იქნება აშშ-ის პრეზიდენტი 2024 წლის არჩევნების შემდეგ?

დონალდ ტრამპს ჯერ მტკიცე გადაწყვეტილება არ მიუღია, მაგრამ სავარაუდოდ, იგი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში თავის კანდიდატურას წამოაყენებს. მას, შესაძლოა, მშობლიურ პარტიაში მოწინააღმდეგეები გამოუჩნდეს - მაგალითად, მათ შორის ყველაზე პერსპექტიული - ფლორიდის შტატის გუბერნატორი რონ დესანტისი. ასევე, ასახელებენ ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, დონალდ ტრამპის დროს, მაიკ პენსს, აგრეთვე, ყოფილ სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს - ისიც ტრამპისდროინდელი ჩინოვნიკია. მაგრამ არის მოსაზრება, რომ თუ დონალდ ტრამპი ოფიციალურად წამოაყენებს თავის კანდიდატურას, ჩამოთვლილი პირები მასთან კონკურენციას ვერ გაბედავენ.

ჯო ბაიდენს რამდენჯერმე აქვს ნათქვამი, რომ მას პრეზიდენტობა მეორე ვადითაც აქვს განზრახული. ბევრი მისი მომხრესთვის ეს უხერხულია, რადგან 2024 წლის არჩევნების დროს იგი 82 წლისა იქნება. თუ კონგრესის არჩევნები დემოკრატებისათვის ძალიან წარუმატებელი აღმოჩნდება და თუ ჯო ბაიდენის დაბალი რეიტინგი მომავალ თვეებში არ მოიმატებს, მასზე პარტიის შიგნით ძლიერ ზეწოლას მოახდენენ, რათა პრეზიდენტობისაკენ მიმავალი გზა უფრო პერსპექტიულ კანდიდატებს დაუთმოს. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ