"დედა, მანიაკი ამედევნაო და არ დავუჯერე, ასეთი რამ წარმოუდგენლად მიმაჩნდა"
ბოლო დროს სოციალურ ქსელში და საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა არაერთი ინფორმაცია ბავშვებზე ძალადობის, იძულების, მუქარის თუ გატაცების მცდელობის თაობაზე. ბუნებრივია, ამას საზოგადოების შეშფოთება მოჰყვა. მოქალაქეები მოითხოვენ, სამართალდამცავებმა ოპერატიულად გამოიძიონ ყველა ასეთი შემთხვევა. როგორც ჩანს, შეშფოთების საფუძველიც ნამდვილად არსებობს, რადგან რამდენიმე საქმეს უკვე მიეცა მსვლელობა და რამდენიმე პირი სხვადასხვა ბრალდებით დააკავეს კიდეც.
ვარკეთილში მომხდარი ფაქტის დეტალებს თავად ბავშვების დედა გვიამბობს.
ეველინა ჩოხელი:
- იმ დღეს სამსახურიდან სახლში გვიან დავბრუნდი. შვილებისგან შევიტყვე, რომ გზაში მათ ვიღაც მამაკაცი აედევნა. ვიფიქრე, მათი შეფასება გადაჭარბებული იყო, რადგან სწორედ იმ დღეს გაჟღერდა წეროვანში მომხდარი მსგავსი ამბავი და მეგონა, ეს მოისმინეს საინფორმაციო საშუალებით, ხოლო რაც მიამბეს, მათი ფანტაზიის ნაყოფი იყო. შემდეგ მეუღლემაც მითხრა: რომ არ მივაკითხე ბავშვებს, ხედავ, რა დაემართათო? ვიფიქრე ისიც სუბიექტური იყო და ამ ნათქვამისთვის დიდი მნიშვნელობა არ მიმინიჭებია. სიმართლე გითხრათ, მსგავსი ამბავი საინფორმაციო საშუალებებით რომ ვრცელდებოდა, წარმოუდგენლად მიმაჩნდა. ეს პარასკევს საღამოს მოხდა. მეორე დილით შევდივარ სოციალურ ქსელში და ანალოგიურ ამბავს ვკითხულობ, უკვე მესამე პირის მიერ მოთხრობილს. ზუსტად იმას ჰყვება, რაც ჩემმა შვილებმა მიამბეს. წინა ღამით მეუღლემ დამიმალა, რომ იმ გოგონას ესაუბრა, რომელმაც ჩემი შვილები სახლამდე მოაცილა. ერთი ერთში ჯდებოდა ბავშვების მონათხრობი გოგონას დაწერილთან. მეუღლე პოლიციაში მუშაობს, იმ ღამით მორიგე იყო, მეორე დღეს რომ მოვიდა სახლში, ვუთხარი, აუცილებლად წავიდეთ პოლიციაში და განცხადება დავწეროთ-მეთქი. გაკვირვებულმა შემომხედა, რადგან წინადღეს ასეთი მძაფრი რეაქცია არ მქონდა. ეს ალბათ იმიტომ, რომ სიმართლე არ მეგონა. იმ გოგონას ველაპარაკე, პირადადაც მიამბო ყველაფერი. ისიც მითხრა, იმ კაცის აღწერილობაც კი მახსოვს და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, გთხოვთ, ეს ამბავი უყურადღებოდ არ დატოვოთო. თხოვნაც არ მინდოდა, ძალიან აქტიური ადამიანი ვარ, ვერ ვიტან უსამართლობას. ამის შემდეგ თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში, არასრულწლოვანთა განყოფილებაში დაგვიბარეს. ბავშვები 4-5 საათის განმავლობაში იკითხებოდნენ, ჩვენც დაგვკითხეს. კამერების ჩანაწერების ამოღებაც მიდის, კამერები მიმდებარედაც უხვად არის, მათ შორის, ავტობუსის კამერის ჩანაწერია ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან ის მამაკაცი მერე იმ ავტობუსში ასვლას ცდილობდა, სადაც ჩემი შვილები ავიდნენ. იქიდან მოქალაქეებმა ჩააგდეს. ახლა მოწმეების დაკითხვაა საჭირო, მარტო ჩვენი ჩვენებები ბევრს არაფერს წყვეტს; გამოძიება ვერ დაიწყება კონკრეტული მუხლით, სანამ მოწმეები არ დაიკითხებიან. მოწმეთა ჩვენებით პიროვნების იდენტიფიცირება უნდა მოხდეს.
- რა გიამბეს შვილებმა?
- 4 შვილის დედა ვარ. 12 წლის რომელიც არის, იმას მოჰყავდა 6 წლის პატარა. ცეკვიდან ბრუნდებოდნენ. ეს ადამიანი ბავშვებთან კომუნიკაციაში მეტროში, მატარებლის ვაგონში ყოფნისას შევიდა. მათ ჯერ დაჟინებით უყურებდა, რამაც ჩემი პატარა შეაშინა, ნერვიულობისგან ნერწყვი გადასცდა და ხველა აუვარდა. ძმამ წყალი მიაწოდა. ამის შემდეგ კაცი მივიდა ბავშვთან, შეეხო და თვალის გუგების შემოწმება დაუწყო. ჩემს უფროს ბიჭს უთხრა, - ეს ბავშვი ექიმთან არის წასაყვანი და უნდა წავიყვანოო. ბავშვმა უპასუხა, რომ არ საჭიროებდნენ ექიმს. დედა ექიმია და ის მიხედავს. მამაკაცმა ამ დროს თქვა: არ ესმის ამ ბავშვს, რადგან პატარააო და ცდილობდა, უმცროსი ბავშვი ძმისთვის ჩამოეშორებინა. უფროსმა ამ დროს ხელი ჰკრა: წადი, ნუ გვაწუხებო, ეძიძგილავებოდა. ამის შემდეგ ვაგონში მყოფი ორი მამაკაცი მას ეუბნება: ბავშვებს ნუ აწუხებ, შენს ადგილას დაჯექიო. ეს კაცი ჯდება. ბავშვები ვარკეთილში გამოდიან ვაგონიდან და ადიან ექსკალატორზე. იქ შეამჩნიეს, რომ ეს ადამიანი 10-15 მეტრით ქვევით არის და მათკენ მოდის. მიწისქვეშა გადასასვლელი, რომელიც უნდა გაევლოთ, საკმაოდ დიდია და აქ სწრაფი ნაბიჯებით მიდიოდნენ. ამ დროს უფროსს პატარისთვის გადაულაპარაკებია, ეს კაცი საშიშად მეჩვენება და ფეხს ავუჩქაროთ, სწრაფად მივიდეთ ავტობუსამდეო. ეს საუბარი გამვლელმა ქალბატონმა მოისმინა და მან ბავშვები ავტობუსამდე მიაცილა. იმავე ტრანსპორტში ეს კაციც ცდილობდა ასვლას. მას ქალმა ხმამაღლა უთხრა, ბავშვებს თავი დაანებეო. კაცი თურმე არ გაჩერდა, მერე ავტობუსის მგზავრებიც მიხვდნენ, რაც ხდებოდა და ის ავტობუსში არ აუშვეს. ქალმა ჩემი შვილები სხვებს ჩააბარა და სთხოვა, ბავშვები სახლამდე მიეცილებინათ. ამის შემდეგ დაიძრა ავტობუსი. ის მამაკაცი წინ გადაუდგა ავტობუსს და მძღოლს დაუწყო საუბარი, რა უფლებით არ მიშვებთ, ამით ჩემი უფლებები ირღვევაო. მძღოლმა უთხრა, რომ სხვა ავტობუსით ესარგებლა. ჩემი შვილები სახლამდე მიაცილეს, სახლში ძიძა და ჩემი უფროსი, 16 წლის შვილი იყვნენ.
- როგორია დღეს ბავშვების ფსიქოემოციური მდგომარეობა?
- პირველ დღეს უფროსი გაფითრებული იყო, პატარამ კი მითხრა, - დედა, მანიაკი ამედევნაო და არ დავუჯერე, რადგან ასეთი რამ წარმოუდგენლად მიმაჩნდა. მეორე დღესაც სტრესში იყვნენ, რადგან დაკითხვაზე ვიყავით რამდენიმე საათი. ახლა ვფიქრობ, ისინი ფსიქოლოგსაც ვაჩვენო, არ მინდა სტრესისგან დაღი დარჩეთ.
- როგორი იყო თქვენი რეაქცია სხვა დროს, როცა მსგავს ფაქტებს ისმენდით?
- მართლა სისულელე მეგონა, საინფორმაციო საშუალებები ნეგატიური ამბებით ხალხის გადატვირთვას ცდილობენ, როგორ შეიძლება ასეთი ადამიანები ქუჩაში თავისუფლად დადიოდნენ-მეთქი. მართლა ბოდვა მეგონა, ვიდრე თავად არ შევეჯახე ამ მწარე რეალობას... 4 შვილის დედა ვარ და მაქვს მოლოდინი, რომ დამნაშავეს მალე დააკავებენ. ამ საქმეს ბოლომდე მივყვები, ის ადამიანი რომ იდენტიფიცირებული იყოს და დააკავონ. ბავშვები მარტო დადიან სულ, მაგრამ ახლა ზუსტად ვიცი, სანამ ამ ადამიანს არ დააკავებენ, ბავშვებს გარეთ ვერ გავუშვებ... ეს ინფორმაციაც მაქსიმალურად უნდა გავრცელდეს, რათა მსგავსი ავადმყოფები დაშინდნენ და მსგავსი რამ აღარ გაბედონ. ისინი სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ, რომ სხვამ მსგავსი ქმედება არ ჩაიდინოს.
ამ ამბის შემდეგ ვიღაცებმა მომწერეს, ვარკეთილის ჯგუფებში ბოლო დროს იწერებოდა მსგავსი ადევნების ფაქტებზეო. მე გვიანობამდე ვმუშაობ და არ მაქვს დრო, ამ ჯგუფებში შევიდე და ინფორმაციებს გავეცნო, მაგრამ მიკვირს მათი, ვინც ეს ამბავი იცოდა და პოლიციას არ შეატყობინა. დღეს რომ შენი შვილი გადარჩება და არ განაცხადებ პოლიციაში, გამოდის, შენი დუმილით და უმოქმედობით დანაშაულის თანამონაწილე ხდები.
უსაფრთხოების განცდა საერთოდ არ მაქვს. საჯარო განცხადება გავაკეთე, საქმე გახმაურდა. იმან ზუსტად იცის, ვისთან აქვს საქმე და თან, თავისუფლებაზეა. მას ჩემი სახით ჰყავს მტერი, რომელიც ებრძვის.
მშობლებს მოვუწოდებ, გაუფრთხილდნენ შვილებს, ტელეფონით მუდმივად აკონტროლონ ისინი. გააფრთხილონ ბავშვები, რომ უცნობებთან კომუნიკაციაში არ შევიდნენ და ასეთ დროს აუცილებლად პოლიციას მიმართონ. ჩემები დაიბნენ, თორემ მეტროსთან სულ დგას პოლიცია. მე ვერასდროს დავუშვებდი ამას და არასდროს გამიფრთხილებია ისინი. ამიტომ ვთვლი, რაღაცნაირად რბილად უნდა შეაპარონ ბავშვებს, რომ არსებობენ ბოროტი ადამიანები...
ჩემი შვილები გადარჩნენ იმიტომ, რომ პასუხისმგებლიანი მოქალაქეები აღმოჩნდნენ მათ გვერდით და შეიძლება, ბევრი ბავშვი სრულიად მარტო აღმოჩნდეს ასეთ ავადმყოფთან. ჩვენ მოქალაქის მაღალმა პასუხისმგებლობამ გვიშველა.
სამწუხაროდ, ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა და მსგავს ფაქტებზე ხშირად საუბრობენ სოციალურ ქსელებში. კიდევ ერთი ფაქტი გახმაურდა ამ დღეებში. ქრისტი ქორიძემ სოციალურ ქსელში ასეთი სტატუსი გამოაქვეყნა (სტილი დაცულია): "მინდა ყველამ ყურადღებით წაიკითხოთ და გააზიაროთ. ჩემი 10 წლის ძმა შეშინებული მირეკავს, ვიღაც უცხო კაცი მიბრახუნებს კარზე, შემოსვლა უნდა, - დანა მიჭირავს ხელში და კარებთან ვდგავარო. ყველანაირი ხერხით ცდილობდა შემოსვლას. ჯერ მანიპულაციას ახდენდა, რომ ბავშვი გასულიყო. ატყუებდა იმით, რომ ხელში ბავშვის სასაცილო სურათი ეჭირა, რათა მისი ინტერესი ან სიბრაზე გამოეწვია და გასულიყო (ბევრი მსგავსი ქვეტექსტი იყო). როგორც ჩანს, წინადადებებს ლოგიკურად ალაგებდა მისდა სასარგებლოდ. როცა მისმა მშვიდმა მანიპულაციამ არ გაჭრა, მუქარა დაიწყო, გადავიდა ბრახუნზე, ყვირილზე, რათა ბავშვი დამფრთხალიყო. დაემუქრა, თუ წყალს არ მიაწვდიდა, კარს შეანგრევდა. ბავშვიც შეშინდა და უთხრა, რომ თუ შორს გავიდოდა, წყალს გადაუგდებდა. აი, მანდ გადავრჩით: როცა წყლის ბოთლი გადაუგდო, კარის დახურვა მოასწრო... ვერ აღგიწერთ, ეს რამხელა შიში იყო, როცა არ ვიყავი ბავშვის გვერდით, როცა ვცდილობდი პარალელურად ტელეფონით მესაუბრა, ამავდროულად შემეგულიანებინა და კონცენტრაცია ათად გამეყო... "112" გამოვიძახე. მივიდა პოლიცია, საჭირო მასალები შეაგროვა და დიდი იმედი მაქვს, რომ ვიპოვით!!! ბავშვი იძახდა, რომ "ტიკტოკზე" გავრცელებულია ინფორმაცია, სადაც აფიშირებენ, რომ 28 ოქტომბერს, შავი ბაზარი იხსნება და ბავშვებს იტაცებენ. ყურად არ მიმიღია, არ ვიცი, ეს მისი წინათგრძნობა იყო თუ რაიმე სხვა, აქვს თუ არა ამას კავშირი ამ ამბავთან, მაგრამ მინდოდა, რომ მაინც აღმენიშნა".
ამ ამბავზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს მუქარას და დამნაშავე მეორე დღესვე დააკავეს. იგი 1996 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ვალერი დოდაშვილი აღმოჩნდა. "გამოძიებით დადგინდა, რომ 25 ოქტომბერს, ბრალდებულმა 2012 წელს დაბადებულ ა.ქ-ს საცხოვრებელი ბინის კარზე დაუკაკუნა და განუცხადა, რომ დახმარება სჭირდებოდა, უარის მიღების შემდეგ კი სხვადასხვა ხერხით, მათ შორის მუქარით ცდილობდა, არასრულწლოვანს მისთვის ბინის კარი გაეღო... მას შემდეგ, რაც არასრულწლოვანი ვერ დაითანხმა, კარის შემტვრევით დაემუქრა. არასრულწლოვანმა ვ. დ-ს უთხრა, რომ ის პოლიციაში დარეკავდა, ბრალდებული ადგილიდან მიიმალა", - ეს ინფორმაცია ძალოვანმა უწყებამ გაავრცელა. პროკურატურამ დაკავებულ 26 წლის ბიჭს ბრალი ორი მუხლით წაუყენა, სს კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (იძულება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით (ქონების განადგურების მუქარა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ), რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სასამართლომაც იმსჯელა მისთვის პატიმრობის შეფარდების საკითხზე. დაკავებული 26 წლის ვალერი დოდაშვილი ამბობს, რომ ვერ იხსენებს, სად იმყოფებოდა 26 ოქტომბერს, დანაშაულის ჩადენის მომენტში. ის წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. დაცვის მხარის მტკიცების მიუხედავად, სასამართლომ ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე დავით კურტანიძის ამ გადაწყვეტილებას ადვოკატი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. მართალია, ბრალდებული ბრალს არ აღიარებს, მაგრამ საქმეში დევს მთავარი მტკიცებულება, ვიდეოკამერის ჩანაწერი. როგორც ირკვევა, სადარბაზოს შესასვლელის კამერამ აღბეჭდა და კადრებში კარგად ჩანს, როგორ შედის სადარბაზოში საეჭვო პირი. მერე ის ტერიტორიას იმავე გასასვლელით ტოვებს. თავად ბრალდებულის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ პატიმრობის შეფარდებისთვის საქმეში მტკიცებულებები არ არსებობდა. ახლა გამოძიებამ უნდა მიიღოს პასუხი მთავარ კითხვაზე, თუ რა მოტივით ცდილობდა 26 წლის მამაკაცი მე-15 სართულზე მდებარე უცხო ბინაში შეღწევას და როგორ აღმოჩნდა ის დაცული კორპუსის სადარბაზოში.
ჩვენ დავუკავშირდით 10 წლის ბიჭის დას, ქრისტი ქორიძეს, რომელიც გამოძიების დასრულებას ელოდება და ვრცელი ინტერვიუსგან თავი შეიკავა, თუმცა ჩვენს რამდენიმე კითხვაზე მაინც უპასუხა. "პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო პოლიციის დეპარტამენტს აქტიური და დაუღალავი შრომისთვის. დამნაშავე დაკავებულია. მადლობა ათასობით უცხო ადამიანს თანადგომისთვის, გამხნევებისთვის. დიდი იმედი მაქვს, რომ საზოგადოება უფრო დაცული იქნება და მსგავსი ფაქტები აღარ დაფიქსირდება", - გვითხრა მან.
ამ დღეებში მსგავსი არაერთი ფაქტი გაშუქდა მედიითაც. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქუთაისში ორი მამაკაცის დაკავებაზეც გაავრცელა ინფორმაცია. პოლიციამ დააკავა 2 პირი, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების და იძულების ბრალდებით. ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქუთაისში, სხვადასხვა დროს, 1977 წელს დაბადებული დ.ზ. - არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი იძულების ბრალდებით არის დაკავებული, ხოლო 1988 წელს დაბადებულ გ.რ-ს სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისთვის წაუყენეს ბრალი.
"გამოძიებით დადგინდა, რომ დ.ზ-მ ქუთაისში, გუმათჰესის დასახლებაში, ერთ-ერთი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, არასრულწლოვან გოგონას ავტომობილით დანიშნულების ადგილამდე მიყვანა შესთავაზა, გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ კი მობილური ტელეფონის გადაცემა აიძულა. სამართალდამცველებმა, კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დ.ზ. დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავეს. რაც შეეხება მეორე ბრალდებულს - გ.რ-ს, სამართალდამცველებმა ის ერთ-ერთი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც მოსწავლეების მიმართ სექსუალური შინაარსის საუბრებს ახორციელებდა და მათ სასქესო ორგანოებზე ხელით შეხებას სთხოვდა. სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების და იძულების ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე და 138-ე მუხლებით გრძელდება", - ნათქვამია შს სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.
კიდევ ერთი ფაქტი 25 ოქტომბერს, მარნეულის რაიონის სოფელ წერეთელში მოხდა. იმ დღეს 10 წლის გოგოს მოტაცებას უცხო მამაკაცი შეეცადა. სკოლიდან შესვენებაზე გასულ გოგონას შუახნის კაცმა ტკბილეული შესთავაზა. მოზარდი ამბობს, რომ მამაკაცი "ფორდის" მარკის ავტომობილში იჯდა. მას უთხრა, რომ მისი დედის ახლობელი იყო და სახლში წაყვანა შესთავაზა. გოგონა სკოლაში გაიქცა და მომხდარის შესახებ პედაგოგებს უამბო, შემდეგ კი პოლიციას შეატყობინეს. გამოიკითხა ბავშვი, მისი ოჯახის წევრები და ახლა პოლიცია მომხდარის დეტალებს სწავლობს. "როგორც ბავშვი ამბობს, ის შუახნის მამაკაცი იყო. როცა გოგონა სკოლის ახლოს მდებარე მარკეტიდან გამოვიდა, მანქანა გაუჩერა, ტკბილეული შესთავაზა, მერე უთხრა, რომ დედამ გამოგზავნა მის წასაყვანად. გოგონა მიხვდა და გაიქცა. შეშინებული მოვიდა სახლში და მოგვიყვა ამის შესახებ. ეს საქმე უნდა გამოიძიონ", - ამბობს 10 წლის გოგონას ბიძა.
სახალხო დამცველი - ნინო ლომჯარიაც ეხმიანება სოციალურ ქსელებსა და მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას ბავშვების მიმართ სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების თაობაზე. როგორც ირკვევა, მისი უწყება უკვე სწავლობს მსგავს 5 ფაქტს: "ინფორმაციის მიხედვით, თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში უცხო პირები სასწავლო დაწესებულებებთან თუ საჯარო სივრცეებში სხვადასხვა მეთოდით ცდილობენ ბავშვებთან ურთიერთობის დამყარებას, მათ დაყოლიებას სატრანსპორტო საშუალებით ერთად გადაადგილებაზე. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს სახალხო დამცველი უკვე სწავლობს მსგავს ხუთ სავარაუდო შემთხვევას, მნიშვნელოვნად მივიჩნევთ საზოგადოების ინფორმირებას ამ საკითხზე; ამასთან, მოვუწოდებთ სახელმწიფო უწყებებს - განახორციელონ პროაქტიული და კოორდინირებული ქმედებები. ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ: ბაღებში, სკოლებსა თუ მათ მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდეს უცხო პირთა გადაადგილების მკაცრი კონტროლი. ხოლო ბავშვებისთვის საფრთხის ან საფრთხის შესახებ ეჭვის არსებობის შემთხვევაში, პასუხისმგებელმა პირებმა დროულად მიაწოდონ ინფორმაცია მშობლებსა და სამართალდამცავ უწყებებს; საგანმანათლებლო დაწესებულებებმა ბავშვებს და მშობლებს მიაწოდონ ინფორმაცია, თუ როგორ იმოქმედონ მსგავს სიტუაციებში, საფრთხისგან თავის არიდების რა მექანიზმები არსებობს და ვის უნდა დაუკავშირდნენ; საზოგადოებამ მსგავსი ფაქტების შემჩნევისას უნდა გამოიჩინოს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და დროულად მიმართოს სამართალდამცავებს, მათ შორის, დააფიქსიროს შეტყობინება საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში. სახალხო დამცველი სავარაუდო შემთხვევებზე დაწყებული გამოძიების მიმდინარეობას შეისწავლის და თითოეულ შემთხვევაზე სახელმწიფო უწყებების მხრიდან რეაგირების მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებს შეაფასებს. საჭიროების შემთხვევაში, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ 24 საათის განმავლობაში მიმართონ საქართველოს სახალხო დამცველს ცხელ ხაზზე - 1481", - ამბობენ სახალხო დამცველის აპარატში.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემაც გააკეთა განცხადება: "დიღომში მომხდარ ფაქტზე, სადაც 10 წლის ბავშვზე მოხდა ზეწოლა, დაკავებულია პიროვნება და ის ცნობილია. ყველა შეტყობინებაზე, რაც შემოდის პოლიციაში "112"-ით თუ სხვა საშუალებით, მყისიერ რეაგირებას ვახდენთ, დეტალურად ვსწავლობთ, თუმცა არის შემთხვევები, სადაც არ იკვეთება დანაშაულის ნიშნები, ხოლო იქ, სადაც იკვეთება, პოლიცია უმკაცრეს რეაგირებას ახორციელებს და ხდება როგორც შემსწრე პირების, ასევე სავარაუდო დაზარალებულების გამოკითხვა, კამერების დათვალიერება.
P.S. უმორჩილესად გთხოვთ, იყავით ყურადღებით! დავიცვათ არა მარტო ჩვენი შვილები, არამედ ყველა ბავშვი! ნუ ვიქნებით გულგრილი და გამოვიჩინოთ უფრო მეტი სიფრთხილე! ყველა საეჭვო შემთხვევის შესახებ ვაცნობოთ პოლიციას!
თეა ხურცილავა