ორი გენერლისგან განწირული რუსი საზღვაო ქვეითები პუტინს ეხვეწებიან ალყიდან გამოყვანას.... - კვირის პალიტრა

ორი გენერლისგან განწირული რუსი საზღვაო ქვეითები პუტინს ეხვეწებიან ალყიდან გამოყვანას....

უკრაინის მიწაზე მიმდინარე ცხრათვიანმა ომმა, რომელსაც კრემლში "მორცხვად" "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" ეძახიან (თუმცა ამ მასშტაბის საბრძოლო მოქმედებები ევროპას მეორე მსოფლიო ომის შემდგომ არც უნახავს), რუსეთის არმიის ძალიან ბევრი მიჩქმალული პრობლემა გამოავლინა, რომელთა ნაწილი ჯერ კიდევ აგვისტოს ომში გამომჟღავნდა.

მათ შორისაა რუსეთის შეიარაღებული ძალების სხვადასხვა დონის მეთაურების მიერ დანაყოფებისა და შენაერთების პირადი შემადგენლობის ისეთ პირდაპირ იერიშებზე გაგზავნა, სადაც თავიდანვე ცხადია, რომ დიდი მსხვერპლი ექნებათ...

მაგრამ, როგორც ჩანს, რუსეთის გენერალიტეტი ვერ "ღალატობს" ჯერ კიდევ ბოლშევიკი კომისრების ტრადიციას, როდესაც მეორე მსოფლიო ომში ათასობით წითელარმიელს (მათ შორის - ჩვენს პაპებსაც) შეაკლავდნენ რაღაც უსახელო სიმაღლის ჯიუტად რამდენჯერმე იერიშს, მიუხედავად იმისა, რომ იმ გორაკზე წითელი დროშის აფრიალებას არაფერი ტაქტიკური უპირატესობა არ მოჰქონდა, თუმცა, სამაგიეროდ, ამ დანაშაულებრივი ბრძანების გამცემი კომისრები მორიგ ორდენს ჩამოიკიდებნდნენ ...

რუსეთ-უკრაინის ცხრათვიანი ომის განმავლობაში არა ერთი ასეთი ფაქტი დაფიქსირდა, რომლებიც რუსი ოკუპანტების პროპაგანდისტების მიერ საგულდაგულოდ იჩქმალებოდა, მაგრამ ბოლო შემთხვევამ თვით ისინიც კი ღიად აალაპარაკა, მას შემდეგ, რაც რუსმა საზღვაო ქვეითებმა მუდარის წერილი გააგზავნეს ხვეწნით... ჩვენი გენერლებისგან განწირულებს იქნებ თავად პუტინმა გვიშველოს უკრაინელების ალყიდან გამოსაღწევადო...

...ოთხ დღეში მარტო ჩვენი ბრიგადიდან 300 კაცამდე დაგვეღუპა, დაგვეჭრა და უგზო-უკვალოდ დაგვეკარგა, საბრძოლო ტექნიკის 50% გაგვინადგურეს, გენერლებმა მურადოვმა და ახმედოვმა გაგვწირეს, იმისთვის, რომ თვითონ რუსეთის გმირის ორდენი ჩამოიკიდონ, შეგვყარეს პავლოვკაში, რომელსაც ზემოდან უგლედარი გამოჰყურებს და უკრაინელები დღედაღამ გვცხრილავენ... გთხოვთ, მიმართოთ უმაღლეს მთავარსარდალს, რომ გვიშველოს და ამ ალყიდან გამოგვიყვანოსო - დაახლოებით ამ შინაარსის წერილი გაუგზავნეს რუსეთის პრიმორსკოეს მხარის გუბერნატორს წყნარი ოკეანის ფლოტის 155-ე ცალკეული საზღვაო ქვეითთა ბრიგადის იმ მებრძოლებმა, რომლებიც უკრაინის ფრონტის დონეცკის მონაკვეთზე, უგლედარის შეტევისას სოფელ პავლოვკასთან, უკრაინელების ალყაში სასიკვდილოდ განწირულ "ტომარაში" აღმოჩნდნენ.

არადა, ამ ბრიგადის მებრძოლებს მშიშრებს ვერ უწოდებ, რადგან ომის პირველი დღეებიდან იბრძვიან და უკვე 28 მარტს ანუ უკრაინაში შეჭრიდან ერთი თვის თავზე, რუსეთის შეირაღებული ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა - პუტინმა ამ ბრიგადას "გვარდიულის" საპატიო სახელიც კი მიანიჭა.

ვინ არიან გენერლები მურადოვი და ახმედოვი, ვისაც რუსი საზღვაო ქვეითები სასაკლაოზე სპეციალურად შერეკვისთვის ბრალს ასე ღიად სდებენ?

გენერალ-ლეიტენანტი რუსტამ მურადოვი რუსეთის აღმოსავლეთ სამხედრო ოლქის სარდალია, ხოლო გენერალი ახმედოვი კი - ამ საზღვაო ქვეითთა ბრიგადის მეთაური.

თავად 155-ე ცალკეული საზღვაო ქვეითთა ბრიგადის ის პირადი შემადგენლობა, რომელიც ახლა უკრაინელებს "ტომარაში" ჰყავთ მომწყვდეული, პავლოვკასთან, დანდობას არ უნდა ელოდნენ, რადგან სწორედ ამ რუსული ბრიგადის ოფიცრებმა და ჯარისკაცებმა ჩაიდინეს ის მხეცობები ბუჩაში, ირპენსა და გოსტომელში, უკრაინის მშვიდობიანი მოქალაქეების წამება-დახოცვის სახით, რომელმაც მსოფლიოს დიდი ნაწილი შეძრა, რადგან ერთიერთზე იმეორებდა მეორე მსოფლიო ომის დროს იმავე ბუჩასა და ირპენში ჰიტლერის სადამსჯელო რაზმების მიერ ჩადენილს, რაც კიდევ ერთხელ ამსგავსებს პუტინს ჰიტლერს...

2-ugl-1667815176.png
უგლედარ-პავლოვკასთან მიმდინარე ბრძოლების ოპერატიული რუკა

უგლედარის მიმართულება კი ორივე მებრძოლი მხარისთვის დიდ მნიშვნელობას იძენს - თუკი რუსმა ოკუპანტებმა მაინც მოახერხეს მისი აღება, გაიჭრებიან ჩრდილოეთით, ზურგიდან მოუვლიან და ალყაში მოაქცევენ დონეცკის დასავლეთით, თავდაცვაში მდგომ უკრაინულ დაჯგუფებას, ხოლო თუკი უკრაინელებმა იმარჯვეს და უგლედარიდან სამხრეთით წარმატებული შეტევები განახორციელეს, მაშინ ისინი გადიან მრავალტანჯულ მარიუპოლამდე და ერთადერთ გზას უკეტავენ რუს ოკუპანტებს, რომელიც ოკუპირებულ ბერდიანსკისკენ, მელიტოპოლისკენ და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისკენ მიდის...