"15 წლის შვილი დარჩა... ჯარში ოფიცრობა უნდოდა, დიდი მიზნები და დიდი მომავალიც ჰქონდა" - რას ჰყვებიან აღაიანში დაღუპულ ქალზე? - კვირის პალიტრა

"15 წლის შვილი დარჩა... ჯარში ოფიცრობა უნდოდა, დიდი მიზნები და დიდი მომავალიც ჰქონდა" - რას ჰყვებიან აღაიანში დაღუპულ ქალზე?

უმძიმესი ავტოავარია კასპის რაიონის სოფელ აღაიანთან გუშინ მოხდა. სამწუხაროდ, ადგილზე გარდაიცვალა საჭესთან მყოფი ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე გოგონა - ბელა მცხვეთაძე. სიკვდილს გადაურჩა მასთან ერთად მანქანაში მყოფი მეორე მგზავრი. არსებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ჯებირს შეეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ გოგონა ადგილზე დაიღუპა.

ბელა მცხვეთაძე კასპის რაიონის სოფელ სამთავისის მაცხოვრებელია. შემთხვევის ადგილზე დიდხანს მუშაობდნენ კრიმინალისტები და გამომძიებლები. მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო და ტრაგედიის გამომწვევ მიზეზებს სამართალდამცველები დაადგენენ. ბელა მცხვეთაძის ცხედარი ჯერ ექსპერტიზაზე გადაასვენეს, შემდეგ კი - მშობლიურ სოფელში, სამთავისში მიასვენეს.

სოციალური ქსელი სავსეა ტკივილიანი სტატუსებით. ძალიან განიცდიან მომხდარს გოგონას მეგობრები, ნათესავები და ის ადამიანები, ვინც მას პირადად იცნობდა.

ბელა მცხვეთაძე, თურმე, თავდაცვის სამინისტროში, ავიაციაში მსახურობდა და მახათაზე არსებულ სამხედრო ნაწილში იყო. ძალიან უჭირთ წარსულ დროში მასზე საუბარი მის მეგობრებს. ცრემლებს ვერ იკავებდა მისი მეგობარი ნათია მაღალფერიძე. ტირილით მითხრა, ძალიან მიჭირს, ბელა ჩემი საყვარელი მეგობარი იყოო...

"ბელა საოცრად კარგი ადამიანი იყო და თავზარდამცემია, რაც მოხდა. ჩვენ ერთმანეთი წლების წინ გავიცანით, მაშინ ბელა და მე სამხედრო სამსახურში მივედით. სანამ კონტრაქტს გავაფორმებდით, კარანტინის გავლა ერთად მოგვიხდა, იქ გავიცანით ერთმანეთი და ერთ ოცეულში ვიყავით. ის იყო საოცარი სულის ადამიანი, სიცოცხლით სავსე გოგონა, ძალიან ბედნიერი, უამრავ სითბოსა და სიყვარულს აფრქვევდა. არასოდეს არავისთვის გული რომ არ უტკენია, ისეთი იყო ბელა, მართლაც ძალიან მაგარი ადამიანი და არ მეგულება ვინმე, ვინც მასზე ცუდს იტყვის. ის იყო გოგო - პოზიტივი, ხალისიანი, დიდი მიზნებით.

კონტრაქტით ვიყავით ჯარში და ბელა გორში გადიოდა ენის კურსებს. უნიჭიერესი იყო და ოფიცრობაზე ჩაბარებას აპირებდა. დიდი გეგმები ჰქონდა და - დიდი მომავალიც. ვერ ვიჯერებ, რომ ბელა ჩვენ გვერდით არ იქნება.

ერთი შვილი ჰყავს, 15 წლის ბიჭი. მომიყვა, წლების წინ მეორე ბავშვზე რომ დარჩა ფეხმძიმედ, თურმე, ისე ცუდად გახდა, ძლივს გადაარჩინეს. მაშინ მოშორდა ნაყოფი და ძლივს გადაიტანა ეს ამბავი...

ავარიის დეტალები არ ვიცით, მითხრეს, რომ ბოძს შეეჯახა და ადგილზე დაიღუპა. დამწუხრებულები ვართ მისი სამეგობრო. 4 წელია, მასთან ვმეგობრობ და ეს იყო საუკეთესო მეგობრობის წლები. ის პირველი დღეები, ჩვენი ჯარში ერთად ყოფნის, დაუვიწყარია. სამი თვეს ერთად გვეძინა, ერთმანეთის გვერდზე და ყველაფერს ერთად ვაკეთებდით. შემდეგ გაგვანაწილეს, ბელა მახათაზე მსახურობდა, მე - გვარდიაში წავედი, მაგრამ არ დაგვიკარგავს ერთმანეთი, მუდმივად ერთმანეთს მოვიკითხავდით ხოლმე.

ჯარში მოსვლამდე სხვადასხვა ადგილას მუშაობდა, მერე ჯარში მოვიდა და ოფიცრობა ძალიან უნდოდა. მანქანასაც კარგად მართავდა, სამსახურში სულ თავისი მანქანით დადიოდა და რა მოხდა იმ საბედისწერო დღეს, არ ვიცი. ისე ვარ განადგურებული, რომ კიდევ არ მჯერა.

თითქოს, ერთმანეთსაც ვგავდით, ფოტოების გადაღება ძალიან უყვარდა, ბედნიერი, ხშირად იღებდა ფოტოებს და ვიდეოებს. სიცოცხლით სავსე იყო და სიცოცხლე ჩქეფს ამ კადრებიდანაც. უსამართლოა ეს ცხოვრება. როგორ უნდა მომხდარიყო ამხელა ტრაგედია... ახლა ვიკრიბებით მისი მეგობრები და მის სახლში უნდა მივიდეთ ყველანი.

ბევრი ოცნება დარჩა აუსრულებელი ბელას, სულ იმას ამბობდა, ამას გავაკეთებ, ამდენს მივაღწევო...

ძალიან დიდი ტკივილია. ძალიან განვიცდი.

ჩვენ ასევე დავუკავშირდით მერის წარმომადგენელს სოფელ სამთავისში - მალხაზ ჯაბანაშვილს:

- ბელა ჩვენი მაცხოვრებელია, მთელი სოფელი განიცდის ამ საშინელ ტრაგედიას და დიდი გულისტკივილია. უსაყვარლესი და კარგი ადამიანი იყო, 31 წლის იყო ბელა. აღაიანთან მომხდარა წუხელ ეს ავარია. როგორც ვიცი, საჭესთან ბელა იჯდა. ავარიის მიზეზი ჯერ არ ვიცით. დიდი ტრაგედიაა, საოცრად კარგი ადამიანი, კარგ ოჯახში აღზრდილი გოგო დაგვეღუპა. მთელი სოფელი შეძრა ამ ამბავმა და ყველა ტირის. ერთი შვილი ჰყავს, 15 წლის, ჰყავს მშობლები და ძმა.

ძალიან დიდი ტკივილია, ვუსამძიმრებ მის ოჯახს და მთელ სოფელს. საჭესთან წლებია, იჯდა, ყველას უჩერებდა მანქანას, გამოცდილება ჰქონდა და იქ რა მოხდა, ჯერ არ ვიცი. შემთხვევისგან არავინ არის დაზღვეული. ადგილზეა გარდაცვლილი, როგორც ვიცი, მისი მეგობარიც იჯდა მანქანაში და ის გადარჩა.

"კვირის პალიტრა" სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, მომხდარი ტრაგედიის გამო.

(სპეციალურად საიტისთვის)