"ყველა პოლიტიკურ ჯგუფს ჰყავს თავისი გამყიდველი...ზოგს სახლი აუშენეს, ზოგს მანქანა უყიდეს" - კვირის პალიტრა

"ყველა პოლიტიკურ ჯგუფს ჰყავს თავისი გამყიდველი...ზოგს სახლი აუშენეს, ზოგს მანქანა უყიდეს"

"კავკასიაში რუსული გავლენები მნიშვნელოვნად შემცირდა და ეს რუსეთ-უკრაინის ომმა განაპირობა“ - ამბობს ანალიტიკოსი უსაფრთხოების საკითხებში - მამუკა არეშიძე. მისი თქმით, ეს განსაკუთრებით სომხურ-აზერბაიჯანულ დაპირისპირების კონტექსტში ჩანს. „მეორეს მხრივ, გაიზარდა თურქეთის გავლენები იმავე კონტექსტში“, - დასძენს ექსპერტი. რა შეცვალა რუსეთ-უკრაინის ომმა კავკასიის პოლიტიკურსა და საზოგადოებრივ წესრიგში? - ამის შესახებ მამუკა არეშიძე გვესაუბრება:

- რეგიონში ერთ-ერთმა მოთამაშემ - აზერბაიჯანმა ისეთი სვლების გაკეთება დაიწყო, როგორსაც 24 თებერვლამდე ვერავითარ შემთხვევაში ვერ განახორციელებდა, უბრალოდ, ამის საშუალებას არ მისცემდნენ, რადგან მსოფლიო წესრიგის კონტექსტში ვერ ჩაჯდებოდა. 24 თებერვლის შემდეგ ალიევმა იგრძნო საერთაშორისო შემაკავებლებზე ჭანჭიკების მოშვება და ამიტომ გაბედა ის, რაც გაბედა. მხოლოდ ყარაბაღისთვის წამოწყებულ ომს არ ვგულისხმობ, პოლიტიკური აქტივობებიც მაქვს მხედველობაში. რეგიონში ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი იყო ისიც, რომ საქართველომ გადაიტანა უმნიშვნელოვანესი პერიოდი, რომლის დროსაც მას ომის ერთ-ერთ აქტორად განიხილავდნენ. როგორც ჩანს, პოლიტიკური ძალების გავლენებმა გაიმარჯვეს, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ დასავლეთისთვის ჩვენს რეგიონში სტაბილურობა უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე - ანტირუსული ომი. რატომ იყო მათთვის სტაბილურობა უფრო მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ საქართველო გახდეს ევროპისთვის საჭირო ენერგომიმწოდებელი. ომის პირობებში ეს ვერ მოხერხდებოდა. როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე, კავკასიაში იწყება ძველი თამაშის წესების მოშლა და ახლის ფორმირება. ყველა ქვეყანა ცდილობს, რომ ამ ახალ თამაშში აქტიურად ჩანდეს მის მიერ დამკვიდრებული თამაშის წესები.

- ვაშინგტონში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის შეხვედრა დაანონსდა. ცნობილი გახდა, რომ სამმხრივი შეხვედრა ამერიკული მხარის ინიციატივით გაიმართება. თქვენი ვერსიით, რაზე შეიძლება შეთანხმდნენ აზერბაიჯანი და ბაქო?

- მგონია, რომ სომხეთი დათმობს იმას, რასაც აქამდე არ თმობდა, იმიტომ რომ სხვა გამოსავალი არ აქვს. ბაქომ იგრძნო, რომ რუსეთის მხარდაჭერა ახლა ნომინალურია და მოსკოვი ვერ შეასრულებს ქოლგის როლს. „ოდეკაბეს“ (კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია - რედ.) ფორმატი ვეღარ მუშაობს და ერევანში ხვდებიან, რომ საჭიროა სხვა ტიპის აქტივობები. სომხეთის პრემიერი დგამს ნაბიჯებს, რომელიც ხვალინდელ დღეზეა ორიენტირებული. დარწმუნებული ვარ, ფაშინიანი ამას შეეწირება. თავადაც იცის, რომ ყარაბაღის დათმობას არავინ აპატიებს, მაგრამ როგორც ჩანს, ის ამაზე მიდის.

- ალბათ, ყარაბაღის დათმობას თავისი ფასი ექნება.

- რა თქმა უნდა. აზერბაიჯანისთვის ყარაბაღის ფასი იქნება სომხეთზე გამავალი აზერბაიჯანისა და ნახიჩევანის გზის გაკონტროლებაზე უარის თქმა. თუ აზერბაიჯანმა მაინც მოითხოვა 2020 წლის 9 ნოემბრის ხელშეკრულების იმ მუხლის შესრულება, რომელიც გულისხმობს სომხეთის ტერიტორიაზე აზერბაიჯანის და ნახიჩევანის გზის დამაკავშირებელი მონაკვეთის ამოქმედებას და კონტროლს, მაშინ კონფლიქტი ისევ გაგრძელდება. მე მაინც მგონია, მსოფლიოს ლიდერები აზერბაიჯანს დაითანხმებენ, რომ ყარაბაღის საფასურად, ამ დათმობაზე წავიდნენ. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ ძალიან კარგი შანსი გვაქვს, სამშვიდობო პროცესის აქტიურ წევრი და თბილისში მოლაპარაკების პლატფორმა შევქმნათ. ნაკლებად მჯერა, რომ სამშვიდობო შეთანხმების საბოლოო დოკუმენტს თბილისში მოეწეროს ხელი, იმიტომ, რომ პოლიტიკური ძალის ცენტრები აუცილებლად შეეცდებიან, დოკუმენტი საბოლოოდ მათ ტერიტორიაზე გაფორმდეს. თუმცა საქართველოში შეიძლება სადისკუსიო პროცესი გაიმართოს, როგორც ექსპერტულ და საზოგადოებრივ, ასევე - პოლიტიკურ წრეებში, მაგრამ საბოლოოდ ხელშეკრულება მოსკოვში, ბრიუსელში ან ვაშინგტონში გაფორმდება, უფრო - ბრიუსელში ან ვაშინგტონში.

- რეგიონში თურქეთის გავლენის გაძლიერება ახსენეთ. რამდენად შესაძლებელია, რომ თურქეთის ახალი საგარეო პოლიტიკა ჩვენთვის გამოწვევად იქცეს?

- ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. ვინ წარმოიდგენდა, რომ რუსეთი ასე ადვილად დათმობდა სამხრეთ კავკასიას, განსაკუთრებით - ყარაბაღის კონტექსტში? ეს იყო რუსეთის დიდი შეცდომა, ისევე, როგორც უკრაინაში შეჭრა. ჩემი აზრით, ამ ორი, უზარმაზარი შეცდომის დაშვებით რუსულმა პოლიტიკურმა ელიტამ თავისი თავი ამოწურა. რაც შეეხება თურქეთის ახალ პოლიტიკას, ამ ქვეყნის დღევანდელი ხელისუფლება არ არის ორიენტირებული ახალი ტერიტორიების დაკავებაზე. ანკარა ახლა ეკონომიკური და იდეოლოგიური გავლენების გაძლიერებითაა დაკავებული. ერდოღანის ხელისუფლება ამ მიმართულებით ძალიან ჭკვიანურად და მოქნილად მოქმედებს. საქართველოს ტერიტორიებზეც მნიშვნელოვანი ბაზები აქვს შექმნილი - ეკონომიკური, იდეოლოგიური, რელიგიური... და, სხვათა შორის, დიდი წარმატებასაც აღწევს. ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული მათი აქტივობის შეზღუდვა.

- წარმატებაში რას გულისხმობთ?

- იმას, რომ საკმაოდ ძლიერი გავლენის ჯგუფები ჰყავს და, სხვათა შორის, მათ შორის არ არიან აზერბაიჯანელები. პირიქით, აზერბაიჯანელ მოსახლეობაში დიდი მხარდაჭერა ვერ მოიპოვეს. მხედველობაში მყავს ჩინოვნიკური აპარატის რეგიონული წარმომადგენლები, რომლებიც პირდაპირ თურქულ კაპიტალზე არიან მიბმულნი.

- რომელ პოლიტიკურ ჯგუფს გულისხმობთ ?

- ყველა პოლიტიკურ ჯგუფს ჰყავს, თავისი გამყიდველი. ამაზე მეტად ვეღარ დავაკონკრეტებ. უმთავრესად რეგიონულ ჩინოვნიკებს ვგულისხმობ. ეს არ არის ზედა ფენა. ზოგს სახლი აუშენეს, ზოგს მანქანა უყიდეს. ამაზე პირდაპირ ერდოღანის ადმინისტრაცია კი არ მუშაობს, ძალიან სერიოზული გავლენის ორგანიზაციები არიან და ისინიც კარგად ართმევენ თავს ამ საქმეს.

(სპეციალურად საიტისთვის)

ხათუნა ბახტურიძე