"მსოფლიოში ყველაზე დიდი უკრაინული თვითმფრინავი ("მრია") საიდუმლო ადგილზე იქნება აღდგენილი" - რას წერს გერმანული გამოცემა
გერმანული გაზეთი "ბილდი" (Bild) აქვეყნებს სტატიას სათაურით - "მსოფლიოში ყველაზე დიდი უკრაინული თვითმფრინავი საიდუმლო ადგილზე იქნება აღდგენილი" (ავტორი - ჟერომ ნუსბაუმი), რომელშიც განხილულია უკრაინული სატვირთო თვითმფრინავის - "ან-225"-ის ("მრია") ანალოგის აგების შესაძლებლობა.
როგორც ცნობილია, მსოფლიოში უდიდესი ტვირთამწეობის უნარის მქონე თვითმფრინავი მხოლოდ ერთი იყო და ისიც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისას, კიევთან ახლოს მდებარე გოსტომელის აეროდრომზე, 25 თებერვალს იქნა განადგურებული.
"ლეიფციგ/ჰალეს აეროდრომზე, სადაც ხშირად ეშვებოდა ხოლმე უკრაინული და ყოფილი საბჭოთა Dream lainer "ან-225", ამჟამად გახსნილია საქველმოქმედო ავიაგამოფენა, რომელიც წლის ბოლომდე გასტანს. ერთ-ერთ სტენდზე მოჩანს "ან-225"-ის დიდი სურათი სიურპრიზით: [უკრაინაში] დაწყებულია მეორე "მრიას" შექმნა, მაგრამ სად, ეს ს ჯერჯერობით სრული საიდუმლოა", - ასე იწყება სტატია გაზეთ "ბილდში".
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
"როგორც კომპანია "ანტონოვის" გენერალური დირექტორი - ევგენი ანტონოვი (42 წლის) ამბობს "ბილდისათვის" მიცემულ ინტერვიუში, არსებობს "ან-225"-ის მეორე ეგზემპლარი, რომელიც თავის დროზე, 1980-იანი წლების მიწურულს, მხოლოდ 30%-ით იყო აწყობილი. ამჟამად დაწყებულია მისი ბოლომდე დასრულების პროცესი, რომელშიც გამოყენებული იქნება გოსტომელის აეროდრომზე განადგურებული თვითმფრინავისაგან დარჩენილი დეტალები. კომპანიაში ფიქრობდნენ, რომ განადგურებული უფროსი "მრია" არაფერში აღარ გამოდგებოდა, მაგრამ ახლა ის ავიასპეციალისტებს თავისი უმცროსი ტყუპისცალის აგებაში "ეხმარება".
სხვათა შორის, თავდაპირველად, ლაპარაკი იყო სრულიად ახალი თვითმფრინავის აგებაზე, რომლის ხარჯები თითქმის სამ მილიარდ ევროს აღემატებოდა. შემდეგ კი "ან-225"-ის მეორე, დაუსრულებელი ვარიანტის ბოლომდე აგება გადაწყდა. "მრიას" ტყუპისცალის დაფინანსება ამ ეტაპზე 500 მილიონი ევროთი განისაზღვრა. ამ მიზნის განსახორციელებლად შესაბამისი ფონდი უკვე შექმნილია.
გამოფენაზე "ან-225"-ის ფოტოები და მოდელები გაიყიდება, დამატებითი თანხების მოპოვებისა და სპონსორების დაინტერესება-მიზიდვისათვის. ამასთან, "თვითმფრინავის აწყობა საიდუმლო ადგილზე მოხდება", - აღნიშნავს ევგენი ანტონოვი.
უკრაინის ახალმა ელჩმა გერმანიაში - ალექსი მაკეევმა (46 წლის), რომელიც ლაიფციგში იმყოფება, მადლობა გადაუხადა გერმანიას იმის გამო, რომ უკრაინის კუთვნილი თვითმფრინავები შეიფარა, იცავს და უფრო მეტიც - ახალი "მრიას" აგებაშიც დიდ დახმარებას უწევს.
ლაიფციგის აეროდრომზე კომპანია "ანტონოვის ავიახაზების" 300-მდე თანამშრომელი მუშაობს. საქსონიის მხარის მეგაპოლისში შექმნილია, აგრეთვე, უკრაინის კუთვნილი თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურების ბაზაც. უკრაინის ელჩის, ალექსი მაკეევის თქმით, "ლაიფციგი არა მარტო ჩვენი თვითმფრინავების სახლი გახდა, არამედ - ჩვენი ახალი თვითმფრინავის ასაფრენი ზოლიც, პერსპექტივაში".
კომპანია "ანტონოვის" გენერალურ დირექტორს ჯერჯერობით არ შეუძლია დაასახელოს ახალი "მრიის" აგების დასრულების ზუსტი თარიღი.
"ომი რაც უფრო მალე დასრულდება, მით უფრო ზუსტად შევძლებთ თარიღის დადგენას", - ამბობს ევგენი გავრილოვი "ბილდის" კორესპონდენტთან საუბრისას.
-----------------
შენიშვნა:
"დღეს, 8 ოქტომბერს, დილით, უკრაინის სახელმწიფო საწარმო "ანტონოვმა", თავის ოფიციალურ Twitter-ზე უარყო მასმედიაში გამოქვეყნებული მონაცემები, რომელთა მიხედვით, უკრაინაში დაიწყო ახალი, მსოფლიოში ყველაზე დიდი სატვირთო თვითმფრინავის - "ან-225"-ის აგება-აწყობის პროცესი.
"ანტონოვმა", უარყო რა ახალი თვითმფრინავის აგება, ხაზი გაუსვა, რომ გერმანულმა გამოცემა "ბილდმა" და უკრაინულმა მასმედიამ უზუსტობა დაუშვეს. კომპანია აცხადებს, "ჯერჯერობით ამ მიმართულებით მხოლოდ საკონსტრუქტორო სამუშაოებია დაწყებული".
მწარმოებლის შეფასებით, დღეისათვის მზადაა მაკომპლექტებელი დეტალების მხოლოდ 30%, რომლებიც შეიძლება მეორე თვითმფრინავის აწყობის დროს იქნეს გამოყენებული.
"თვითმფრინავის აგების ხარჯები მინიმუმ 500 მილიონ ევროდ არის შეფასებული, თუმცა კონკრეტულ თანხებზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია", - ნათქვამია საწარმოს განცხადებაში.
მოამზადა სიმონ კილაძემ