რუსეთის “რბილი ძალა’’: იდეოლოგიური ბაზა, სტრატეგია და ძირითადი შემსრულებლები - კვირის პალიტრა

რუსეთის “რბილი ძალა’’: იდეოლოგიური ბაზა, სტრატეგია და ძირითადი შემსრულებლები

XIX საუკუნის დასაწყისიდან საბჭოთა კავშირის დაშლამდე საქართველოს ტერიტორიაზე არაქართული მოსახლეობის ჯგუფური ჩამოსახლებები რუსეთის იმპერიის სამხედრო-პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებს ემსახურებოდა. რუსეთის იმპერიაში ჩატარებული პირველი საყოველთაო აღწერა (1897 წ.). გვიჩვენებს, რომ 1865 წლიდან 1897 წლამდე საქართველოში მხოლოდ ქართველებისა და აფხაზების პროცენტული ხვედრი წილი შემცირდა: ქართველებისა 73,8%-დან (1865 წ.) 69,4%-მდე (1897 წ.); აფხაზებისა 4,6%- დან (1865 წ.) 2,2%-მდე (1897 წ.). ყველა დანარჩენი ეთნიკური ჯგუფის ხვედრითი წილი კი გაიზარდა: რუსებისა - 2,0%-დან (1865 წ.) 5,3%-მდე (1897 წ.); სომხებისა - 9,6%-დან (1865 წ.) 10,3%-მდე (1897 წ.), ოსებისა - 3,6%-დან (1865 წ.) 4,2%-მდე (1897 წ.) და ა.შ.საბჭოთა პერიოდში, საქართველოს ეთნიკურ შემადგენლობაზე დიდი გავლენა მოახდინა რუსული და სომხური მოსახლეობის უმთავრესად მექანიკურმა მატებამ. 1921 წლიდან საბჭოთა კავშირის დაშლამდე საბჭოთა საქართველოში სლავური მოსახლეობის რაოდენობა განსაკუთრებით გაიზარდა: ეს მეორე მსოფლიო ომისა და ისეთი გიგანტური ობიექტების მშენებლობის შედეგად მოხდა, როგორებიც იყო: რუსთავის მეტალურგიული კომბინატი და ქიმიური ქარხანა, ქუთაისის საავტომობილო ქარხანა, ენგურჰესი და ა. შ. საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რესპუბლიკებიდან სამუშაოდ ჩამოსული პერსონალი (ძირითადად სლავური ეროვნების მოსახლეობა) საბოლოოდ „თბილ და მზიურ“ საქართველოში დარჩენას არჩევდა, რასაც მოსკოვი ხელს უწყობდა. შედეგად საბჭოთა რესპუბლიკებიდან ასიათასობით მიგრანტი დასახლდა საქართველოში, რის შედეგად 1926- 1989 წლებში ჩვენთან სლავური ეროვნების მოსახლეობის რაოდენობა თითქმის ოთხჯერ გაიზარდა და ნახევარ მილიონს მიაღწია.

მსგავს პოლიტიკას ატარებდა საბჭოთა ხელისუფლება ბალტიისპირეთის სამივე რესპუბლიკაში. მაგალითად ესტონეთში მიგრაციისა და მექანიკური მატების შედეგად 1959 წლიდან 1989 წლამდე რუსი ეროვნების მოსახლეობის საერთო რაოდენობა თითქმის ორჯერ გაიზარდა და ნახევან მილიონს მიაღწია, რაც ესტონეთის მთელი მოსახლეობის 30% მეტი იყო. იმავე პერიოდში ლატვიაში რუსი ეროვნების მოსახლეობის საერთო რაოდენობა თითქმის სამჯერ გაიზარდა და 900 ათასს მიაღწია, რაც ლატვიის მთელი მოსახლეობის 34% მეტი იყო.

2014 წელს პუტინის მიერ უკრაინის დონეცკის ოლქის ოკუპაციისა და ანექსიის დაწყებას წინ დიდი „მოსამზადებელი პერიოდი“ უძღოდა, რომელიც ჯერ კიდევ ასი წლის წინ დაიწყო რუსი ეროვნების მოსახლეობის ჩასახლებით უკრაინაში. თუ 1926 წელს დონეცკის ოლქში მთელი მოსახლეობის 64.0% უკრაინელი, ხოლო 26,1 % - რუსი იყო, 1989 წელს უკრაინელები - 50,7%, ხოლო რუსები უკვე 43,6% შეადგენდნენ. ალბათ გადაგღალეთ ციფრებით, თუმცა: “ეშმაკი ყოველთვის დეტალებშია“.

„დემოგრაფიული ანექსია“ მოსამზადებელი ეტაპია „ჰიბრიდული ომისთვის“, თუმცა არა ერთადერთი. დღეისთვის რუსეთის სამეცნიერო წრეებში დიდი ყურადღება ეთმობა “რბილი ძალის” კონცეფციის მეცნიერულ გააზრებას და ხელისუფლებისთვის კონკრეტული რეკომენდაციების მიწოდებას. რუსი მეცნიერები “რბილი ძალის” ძირითად ინსტრუმენტებად ასახელებენ: რუსულ ენას, კულტურას (კლასიკურსა და თანამედროვეს), მეცნიერებასა და განათლებას, არასამთავრობო სექტორის მხარდაჭერას (უპირველესად სხვა ქვეყნებში), ახალგაზრდული პროგრამების ამოქმედებას, საინფორმაციო-საკომუნიკაციო საშუალებებს, ტურიზმსა და ასევე მიგრაციას. “რბილი ძალის” გამოყენების შედეგად კი რუსეთის ხელისუფლება ცდილობს: ობიექტი-ქვეყანის საშინაო და საგარეო პოლიტიკურ კურსზე ზემოქმედებას, რუსეთის დადებითი იმიჯის შექმნას და რუსეთის მოქმედებების გამართლებას.

რუსეთის დიქტატორს, ვ. პუტინს ეკუთვნის შემდეგი სიტყვები: ჩვენ ბევრად უნდა გავაძლიეროთ საგანმანათლებლო და კულტურული აქტივობა იმ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობას ოდნავ მაინც ესმის რუსული ენაო. რუსეთის იმპერიის ჩინოვნიკები არ მალავენ, რომ რუსული ენის სტატუსის ასახვა მეზობელი ქვეყნების კონსტიტუციებში მათი უმთავრესი ამოცანაა.

2021 წლის ზამთარში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს „თანამემამულეებთან მუშაობის დეპარტამენტის“ დირექტორმა, ოლეგ მალგინოვმა, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში შემდეგი განაცხადა: “თანამემამულეთა დახმარების პროგრამა ძალზე აქტუალურია. უკვე საკმარისია ჩვენს ქვეყანაში განხეთქილება, დროა ჩვენი ხალხი გავაერთიანოთ . . .უნდა მოვიფიქროთ, თუ როგორ გავაფართოოთ ახალგაზრდა თანამემამულეების (საუბარია სხვა ქვეყნებში მცხოვრებ რუსულენოვან ახალგაზრდებზე - ბ.ა.) შესაძლებლობა, რათა ისინი უფრო ხშირად ჩამოვიდნენ სამშობლოში (ანუ რუსეთში - ბ.ა.). ეს მოგზაურობები ხარისხიანად დაგეგმილი და ორგანიზებული უნდა იყოს, რადგანაც თანამემამულენი იქცნენ საზღვარგარეთ რუსეთის იმიჯის ამაღლების მექანიზმად”. მალგინოვი ამის გამხორციელებას უკვე პრაქტიკაში ცდილობს: 2021 წლის 5 მარტს პუტინმა ის რუსეთის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დანიშნა უზბეკეთში.

putin2-1667893067.jpg

ოლეგ მალგინოვი

ყურადღება მივაქციოთ ერთ საგანგაშო გარემოებას: რუსეთის ხელისუფლება ტერმინ “თანამემამულების” ძალზე ფართო ინტერპრეტაციას ახდენს და სხვა ქვეყნებში მცხოვრებ რუსულენოვან (!!!) მოსახლეობას, მათი ეროვნებისა და მოქალაქეობის მიუხედავად, თანამემამულეებად თვლის. ამის მიზეზი კი ნათელი გახდება, თუ გავითვალიწინებთ, რომ რუსეთის ხელისუფლება პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მცხოვრებ “თანამემამულეთა” უფლებების შესაძლო, უფრო ხშირად კი მოგონილ, დარღვევებს, ამ ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევის საბაბად იყენებს. “რუსი თანამემამულეების უფლებების დაცვამ რუსეთისთვის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა შეიძინაო” - ასკვნიან ისინი. ამიტომაც მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად პუტინის ხელისუფლება ფინანსურ რესურსებს არ იშურებდა აგრესიული პროპაგანდისთვის, სადაც რუსულ ენასა და კულტურას მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია. ამ შემთხვევაში ისინი რუსული “რბილი ძალის” შეუცვლელი კომპონენტები არიან, რითაც რუსეთი საკუთარ იმპერიალისტურ ზრახვებს ისრულებს. მათი ხანგრძლივვადიანი სტრატეგია ამგვარია: რუსული ენისა და კულტურის აგრესიული ექსპანსია ჯერ პოსტსაბჭოთა სივრცეში, შემდეგ ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებში და ბოლოს მთელ მსოფლიოში.

რუსეთის იმპერიული სტრატეგია ხალხთა შორის “ჰუმანიტარული და კულტურული კონტაქტების გაფართოების” სურვილითაა შენიღბული. ამისთვის კი შემდეგი “რბილი იარაღი” გამოიყენება: უფასო რუსულენოვანი სახელმძღვანელოები და სიმპატიური რუსი მასწავლებელი გოგონები (რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში გაიგზავნებიან); ათასობით ვიდეომასალა და სხვადასხვა სახის ლიტერატურა რუსულ ენაზე; უფასო სწავლება რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში და “ფაქიზი დამუშავება” რუსული პროპაგანდით. ეს ყოველივე “კრემლის” მიერ მომზადებული ფარული შტურმისთვისაა განკუთვნილი და ამის უკან რუსეთის სპეცსამსახურების “ყურები” მოსჩანს. ისინი განსაკუთრებულ ყურადღებას რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში უფასო სწავლების მსურველ, სხვა ქვეყნების ახალგაზრდებს უთმობენ: მათგან ხომ ყველაზე საიმედო “გავლენის აგენტების” გაზრდაა შესაძლებელი! საინტერესოა, რომ 2013 წელს უცხოეთში სასწავლებლად აშშ-ის 300 000 მოქალაქე წასულა. რუსეთის ხელისფლების წარმომადგენლები წუხდნენ, რომ მათგან მხოლოდ 1562 (0,52 %) ჩასულა რუსეთში სწავლის მიზნით. დარწმუნებული ვართ რუსეთის სპეცსამსახურები ამ შანსის გამოყენებასაც ეცდებოდნენ. მხოლოდ ათწლეულების შემდეგ შევიტყობთ, რამდენად წარმატებით ჩაატარეს მათ გადაბირების ოპერაციები და რამდენი პოტენციური “გავლენის აგენტი” დაბრუნდა უკან აშშ-ში.

რუსული “რბილი ძალის” ძირითადი გამტარებლები

რუსული “რბილი ძალის” ამოქმედება განაწილებულია რუსეთის სპეცსამსახურების საფარ საგანმანათლებლო, კულტურულ და სამეცნიერო ორგანიზაციებზე. ოპერატიულ-აგენტურული ოპერაციების შესანიღბად ამ პრაქტიკას საბჭოთა კავშირში ჯერ კიდევ 1920-იანი წლების დასაწყისიდან იყენებდნენ. საბჭოთა და რუსეთის სპეცსამსახურების სადაზვერვო ოპერაციები საფარი ორგანიზაციების შექმნის მოკლე ქრონოლოგია ამგვარია:

1923 წელს შეიქმნა “ОБИ“ -ინფორმაციის გაერთიანებული ბიურო”, რომელიც 1925 წელს“вокс”-მა (“უცხოეთთან კულტურული კავშირების სრულიად საკავშირო საზოგადება”) შეცვალა. 1958 წელს უკვე “მეგობრობის საბჭოთა საზოგადოებების კავშირი” (ссод) შეიქმნა, რომელმაც ამ სახელწოდებით 34 წელი იარსება, ხოლო 1992 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, შეიქმნა “საერთაშორისო თანამშრომლობის რუსეთის ასოციაცია” (рамс). ორი წლის შემდეგ, 1994 წელს შეიქმნა “საერთაშორისო სამეცნიერო და კულტურული თანამშრომლობის რუსეთის ცენტრი “ (РОСЗАРУБЕЖЦЕНТР).

დღეს არსებული და ძალზე აქტიურად მოქმედი “დამოუკიდებელი ქვეყნების თანამეგობრობის, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული თანამშრომლობის ფედერალური სააგენტო” (Россотрудничество) 2008 წელს შეიქმნა და უკვე პუტინის “პირმშოა”. ამჟამად 81 ქვეყანაში მოქმედებს Россотрудничество -ს 98 ოფისი (74 რუსული მეცნიერებისა და კულტურის ცენტრი 62 ქვეყანაში და 24 სააგენტოს წარმომადგენელი, რომლებიც რუსეთის საელჩოების თანამშრომლები არიან). Россотрудничество ექვემდებარება რუსეთის პრეზიდენტს და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულია. 2020 წლის 25 ივნისიდან Россотрудничество-ს ევგენი პრიმაკოვის შვილიშვილი, ევგენი (სანდრო) პრიმაკოვი-უმცროსი ხელმძღვანელობს.

putin3-1667893067.jpg

ევგენი (სანდრო) პრიმაკოვი - უმცროსი და ევგენი პრიმაკოვი - უფროსი

ამ სააგენტოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ერთობლივად დაფუძნებულმა “უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა სამართლებრივი დახმარებისა და უფლებების დაცვის ფონდმა” საქმიანობა 2012 წლის 1 იანვრიდან დაიწყო. სწორედ აღნიშნულია “ფონდია” რუსული “რბილი ძალის” მთავარი დამფინანსებელი. მიუხედავად სახელწოდებების ხშირი ცვლისა განვლილ პერიოდში არ იცვლებოდა “თანამემამულეთა დახმარების საზოგადოებრივი ორგანიზაციების” მთავარი მიზანი: საზღვარგარეთ საბჭოთა, შემდეგ კი რუსეთის, იმპერიული რეჟიმისთვის ხელსაყრელი ინფორმაციის გავრცელება და უცხოელი “პროგრესული” მწერლების, მეცნიერების, თუ პოლიტიკოსების რუსეთსი მიწვევვა და მათი შესაბამისი იდეოლოგიურ-ოპერატიული დამუშავება. ამ ორგანიზაციებს ასობით ფილიალი ჰქონდათ და აქვთ ევროპის, ამერიკის, აზიისა და აფრიკის ქვეყნებში. ისინი უკლებლივ გამოიყენებოდნენ საბჭოთა სპეცსამსახურების ფარული ოპერატიულ-აგენტურული მოქმედებების შესანიღბად. რუსეთის სპეცსამსახურები კა-გე-ბეს მიერ გაკვალული გზებით მოქმედებენ და აგრძელებენ მის ტრადიციას.

Россотрудничество ძალზე აქტიურობს პოსტსაბჭოთა და პოსტსოციალისტურ ქვეყნებში. მისი ყოველწლიური ბიუჯეტი 8-10 მილიარდი რუბლი ანუ დაახლოებით 150 მილიონი დოლარია, რაც ღრმა ეკონომიკურ კრიზისში მყოფი რუსეთისთვის უმძიმეს ტვირთს წარმოადგენს. თუმცა რუსეთის ხელისუფლებისთვის იმპერიული მიზნები მოსახლეობის კეთილდღეობაზე მაღლა დგას! რა მტკიცება უნდა: ვინც ფულს ანაწილებს, მუსიკასაც ის უკვეთავს. ასე, რომ რუსეთის “უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა სამართლებრივი დახმარებისა და უფლებების დაცვის ფონდი” ის სტრუქტურაა, რომელიც რუსული “რბილი ძალის” ღონისძიება-ოპერაციებს აფინანსებს. “ფონდს” 2011 წლიდან გამოცდილი რუსი დიპლომატი იგორ პანევკინი ხელმძღვანელობდა, დღეს ის ფონდის მთავარი მრჩეველის პოსტს იკავებს. ასევე გამოცდილი დიპლომატ-მზვერავები არიან „ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი ალექსანდრე უდალცოვი და მისი პირველი მოადგილე ვლადიმერ პოზდროვკინი.

putin4-1667893067.jpg

ალექსანდრე უდალცოვი

ეცნობი მათ ბიოგრაფიულ მონაცემებს და ერთი საერთო ნიშანი ცხადი ხდება: ისინი უკლებლივ, ათწლეულების მანძილზე, ჯერ კა-გე-ბეს საფარ ორგანიზაციებში მოღვაწეობდნენ, შემდეგ კი რუსეთის სპეცსამსახურების “ფრთებს” შეეფარნენ. დღეს კი საპენსიო ასაკს მიღწეულ-გადაცილებული “ძველი ჩეკისტები”, ჩემი აზრით, “ოდეერების” სტატუსით მოღვაწეობენ “ფონდში”. ეს, “დიპლომატის ფრაკს” შეფარებული სპეცსამსახურების თანამშრომლები განსაზღვრავენ, თუ რა “კულტურულ”, უფრო მართებული იქნება - ოპერატიულ-აგენტურულ ღონისძიებებს დააფინანსებს “ფონდი”.

სხვადასხვა ქვეყნებში განლაგებული რუსეთის საელჩოები იღებენ “ფონდიდან” ფულს და თავის მხრივ ადგილებზე “რუს თანამემამულეთა ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოებს” უნაწილებენ. საელჩოებშიც უამრავი “ჩეკისტია”, რომელთა კოტროლის ქვეშ ხდება ფულის გადაცემა უშუალო შემსრულებლებზე. ფინანსური რესურსების მოძრაობის მარტივი სქემაა და წესით, “რბილი ძალის” სამიზნედ შერჩეული ქვეყნების სპეცსამსახურებს არ უნდა გაუჭირდეთ ამ სქემის გაშიფვრა... იმ შემთხვევაში თუ პოლიტიკური ნება არსებობს და მინიმალური, ბაკალავრის დონის განათლება მაინც აქვთ. საბედნიეროდ ამის მაგალითები საკმაო გვაქვს: 2014 წლის 22 აგვისტოს იგორ პანევკინი არ შეუშვეს ლატვიაში, ხოლო 2016 წლის დეკემბერში ლიტვის ხელისუფლებამ ამ “ფონდის” წარმომადგენლებს ქვეყანაში შესვლის ნება არ მისცა. უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა, პეტრე პოროშენკომ, კი, ჯერ კიდევ 2015 წელს აკრძალა “ფონდის” საქმიანობა უკრაინაში. 2021 წელს კი აშშ-ის ხელისუფლებამ შეაჩერა „ფონდის“ მოქმედება ქვეყანაში. საინტერესოა ჩვენთან რა ხდება?

(მეორე ნაწილის დასასრული)