"თუ ოდნავ მაინც საღ აზრზე ხარ, შეუძლებელია ენდო კვლევას, სადაც ნინო ლომჯარია უფრო რეიტინგულია, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი" - კვირის პალიტრა

"თუ ოდნავ მაინც საღ აზრზე ხარ, შეუძლებელია ენდო კვლევას, სადაც ნინო ლომჯარია უფრო რეიტინგულია, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი"

თუ ოდნავ მაინც საღ აზრზე ხარ, შეუძლებელია ენდო კვლევას, სადაც ნინო ლომჯარია უფრო რეიტინგულია, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ IRI-ის კვლევის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს ფაქტი აჩვენებს, რომ კვლევას პრობლემა აქვს. ხვიჩია აღნიშნავს, რომ ამ კვლევაში სხვა მაჩვენებლებიც მიუთითებს პრობლემურობაზე, მაგალითად ის, რომ მიხეილ სააკაშვილს უფრო ნაკლები რეიტინგი აქვს, ვიდრე მის თანაპარტიელებს, რომლებიც მისივე მოსაზრებით, ახლოსაც ვერ მივლენ სააკაშვილთან ხალხის მხარდაჭერის თვალსაზრისით.

„მე არ მინდა რაიმე ტიპის პრეტენზიებით ვილაპარაკო პროცენტებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ დაგვიწერეს, ამას არ აქვს პრინციპული მნიშვნელობა ამ წუთას. მე უფრო მიკვირს ქართული მედიის დამოკიდებულება ამ კვლევებთან დაკავშირებით. მაგალითად, ჩვენ 2 პროცენტი გვქონდა და არავინ გაგვაშუქა და იყო პარტიები, რომლებსაც 1 ჰქონდათ და ტელევიზიებიდან არ ჩამოსულან. გამოიკითხნენ საერთოდ არარსებული პარტიების ლიდერები და ჩვენი პარტიიდან, რომელსაც 2 პროცენტი აქვს ამავე კვლევით, არც ერთი ადამიანის რეიტინგი არ გაიზომა. მე მაინტერესებს ასეთი რამეები შემთხვევით ხდება თუ გვებრძვიან? მაგრამ საბოლოო ჯამში, მთავარი პრობლემა მაინც ის არის, რომ შეუძლებელია ენდო კვლევას, თუ ოდნავ მაინც საღ აზრზე ხარ, სადაც ნინო ლომჯარია უფრო რეიტინგულია, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

ინფორმაციისთვის, „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, პერსონების მოწონების რეიტინგი ასე გამოიყურება:

პატრიარქი ილია მეორე - 88 %;

კახა კალაძე - 51%;

ირაკლი ღარიბაშვილი - 44 %;

ანა დოლიძე - 40 %;

სალომე ზურაბიშვილი - 38%;

დავით უსუფაშვილი - 38%;

ნინო ლომჯარია - 38 %;

გიორგი გახარია - 37%;

გიორგი ვაშაძე - 37%;

ბიძინა ივანიშვილი - 36%;

ირაკლი კობახიძე - 34%;

ელენე ხოშტარია - 33%;

მიხეილ სააკაშვილი - 33%;

შალვა ნათელაშვილი - 33%;

ნიკა მელია - 32%;

ხატია დეკანოიძე - 31%;

ალეკო ელისაშვილი- 30%;

მამუკა ხაზარაძე - 29%;

შალვა პაპუაშვილი - 28 %;

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე - 26 %;

ბადრი ჯაფარიძე - 23%;

გიგა ბოკერია - 17 %;

ხათუნა სამნიძე - 15 %.

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბერი - 2 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 74 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.