"მივცეთ თავისუფლება ბავშვებს, თმის შეღებვით არაფერი შეიცვლება მის ცხოვრებაში გარდა იმისა, რომ თმა ექნება სხვა ფერი" - კვირის პალიტრა

"მივცეთ თავისუფლება ბავშვებს, თმის შეღებვით არაფერი შეიცვლება მის ცხოვრებაში გარდა იმისა, რომ თმა ექნება სხვა ფერი"

მოზარდები და მათი პრობლემები დღეს ერთ-ერთი აქტუალური თემაა. სად გადის ზღვარი შენიშვნასა და რჩევას შორის, როგორ მივუთითოთ ბავშვს ქცევაზე და როგორ შევუქმნათ მათ სასურველი გარემო სახლში თუ სკოლაში? ეს საკითხები ნებისმიერი მშობლისთვის საინტერესოა. ნინო ამონაშვილი და მისი გუნდი უკვე 5 წელია ბავშვებისა და მშობლების პრობლემებს იკვლევს, კვლევებზე დაყრდნობით კი თერაპიულ კურსებს ქმნის. დღეს ამონაშვილის აკადემიაში 6 დან 17 წლამდე ბავშვებისთვის 4 ტრენინგ კურსი მიმდინარეობს. აქედან ყველაზე მოთხოვნადი პროგრამებია - „დაიჯერე! შენ შეგიძლია!“ და „მე და ჩემი ემოციები“. რა პრობლემებს აწყდებიან ბავშვებთან ურთიერთობის დროს უფროსები და რა განაპირობებს ბავშვებში თავდაჯერებულობის ნაკლებობას? - ამ კითხვებს ფსიქოლოგი, ამონაშვილის აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ნინო ამონაშვილი პახუსობს.

ნინო ამონაშვილი: ამონაშვილის აკადემიას აქვს გამოცხადებული 6 პროგრამა, აქედან 2 არის სკოლამდელი ასაკის ბავშვების, დანარჩენი კი 6-დან 17 წლამდე ბავშვებისთვის. ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი კურსია „დაიჯერე შენ შეგიძლია“, ეს არის თვითშეფასების ამაღლების პროგრამა. გარდატეხის ასაკში და მანამდეც ბავშვებს აქვთ ხოლმე ძალიან დაბალი თვითშეფასება, ზოგჯერ ბავშვი ამბობს - „მე ეს არ შემიძლია... არ გამომივა... ვერ ვისწავლი... ვერ გავაკეთებ“ - ასეთ დროს ბავშვს არ სჯერა თავისი თავის.

- საიდან მოდის პრობლემა?

- ძალიან ბევრი რამით შეიძლება იყოს განპირობებული, მაგრამ ძირითადი არის ოჯახი ან სკოლა. პედაგოგები და მშობლები ვართ ამაში დამნაშავე. ზოგჯერ გაუცნობიერებლად ვაკრიტიკებთ ბავშვს, ვაძლევთ შენიშვნას, შემდეგ ეს გროვდება, ილექება ბავშვის გონებაში და შედეგად ვიღებთ ტექსტს - „ მე ეს არ შემიძლია“. ჩვენს აკადემიაში ყველა პროგრამა ეფუძნება ჰუმანურ პედაგოგიკას, ჰუმანური პედაგოგიკა შენიშვნებს საერთოდ არ აღიარებს. საკონტროლო წერის დროსაც კი როდესაც არის შეცდომები, შეცდომებს კი არ ვუსვამთ ხაზს, კარგზე ვამახვილებთ ყურადღებას, შენიშვნას პირდაპირი ფორმით არ ვაძლევთ. ასეთ დროს ჩნდება კითხვა - ანუ ყველაფერი შეიძლება ბავშვისთვის? როგორ უნდა ისწავლოს? - ბავშვი პირველ რიგში მაგალითით სწავლობს, ჩვენ უნდა ვიყოთ კარგი მაგალითი ბავშვისთვის, ჩვენ თუ ვერ ვიქცევით სათანადოდ, ბავშვს ვერ მოვთხოვთ, რომ ის მოიქცეს კარგად. ჩვენ თუ ვეწევით სიგარეტს, გვაქვს მავნე ჩვევები, ვერ მოვთხოვთ ბავშვს რომ შემდეგ მან არ მოწიოს სიგარეტი. თუ აგრესიულად მივმართავთ ოჯახის წევრები ერთმანეთს, მაშინ ნუ გაგიკვირდებათ თუ ბავშვიც აგრესიულად გიპასუხებთ, ან აგრესიას გამოავლენს სხვასთან ურთიერთობისას. ბავშვი არის ჩვენი ანარეკლი. პირველ რიგში ჩვენ უნდა გამოვასწოროთ ქცევა მისადმი და გარშემომყოფებისადმი, შემდეგ უკვე შეგვიძლია მოვთხოვოთ ბავშვს.

135-1667995384.jpg

- ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროგრამაა - „დაიჯერე შენ შეგიძლია“?

- ეს ყველაზე მოთხოვნადი პროგრამაა, მეორე კი არის კურსი - „მე და ჩემი ემოციები“. ვერავის მივცემთ პირობას რომ აქ ბავშვს მოიყვანს და ჯადოსნურად გამოსწორდება, მაგალითად მოვიდა 10 წლის ბავშვი და მას აქვს სირთულე, ესე იგი ეს სირთულე 10 წლის განმავლობაში გროვდებოდა. ასეთ დროს ჯადოსნურად 4 თვეში პრობლემა მარტივად არ გვარდება, თუმცა თუ პროცესში მშობელიცაა ჩართული, მაშინ დიდი შანსია, რომ პროგრესი გვქონდეს. ვარიგებთ მშობელს, ვხვდებით, ვურჩევთ. ბავშვების ჯგუფური შეხვედრები იმით არის კარგი, რომ ერთი იწყებს ლაპარაკს და სხვაც ჰყვება, იხსნებიან ბავშვები ერთი მეორეს შემხედვარე. ხშირად ყოფლია შემთხვევა აღმოგვიჩენია პრობლემა და შემდეგ მშობლისთვის გვირჩევია მიეყვანა თერაპევტთან. ძალიან ბევრი ბავშვია, რომელიც ერთ პროგრამას ასრულებს და შემდეგ პროგრამას ირჩევს.

- ყველაზე მეტად რა მოსწონთ ბავშვებს თქვენთან?

- ვქმნით ისეთ გარემოს, სადაც კომფორტულად გრძნობენ ბავშვები თავს. სამი მისწრაფებაა, რომლის გარეშეც პრაქტიკულად არ შეუძლიათ ბავშვებს. თუ ეს სამი მისწრაფება დაკმაყოფილებულია მაშინ იმ ადგილას ძალიან უხარიათ ბავშვებს მოსვლა. პირველი - ყველა ბავშვს უნდა დიდობა, უნდა რომ თავი იგრძნოს დიდად. მაგალითად, 7 წლის ბავშვი არ არის დიდი, მაგრამ უნდა იგრძნოს თავი დიდად. როგორ ვაგრძნობინოთ თავი დიდად? სხვადასხვა ასაკში სხვადასხვანაირად მიმდინარეობს ეს პროცესი. პატარა ასაკში სიტყვიერად თქმაც კი საკმარისია. მოზრდილებში მათთვის პასუხისმგებლობების დაკისრებას აქვს დიდი მნიშვნელობა, უნდა დავავალოთ რაღაცეები, მაგალითად - საჭმელი გავაკეთოთ ერთად. თინეიჯერებში, კი რეალურად უნდა ვაღიაროთ, რომ დიდები არიან, ვენდოთ. ჩვენს ყველა პროგრამაზე ბავშვები თავს გრძნობენ პედაგოგის თანატოლებად, თანასწორებად. მეორე და მნიშვნელოვანი ფაქტორია - თავისუფლება - ყველა ბავშვს სურს იყოს თავისუფალი. სრულიად თავისუფალი არავინ არის, შესაბამისად ბავშვებთან თავისუფლება ყველაზე მეტად მიიღწევა არჩევანის მიცემის საშუალებით. მათ ვკითხოთ რისი ჭამა ურჩევნია სადილად, რისი ჩაცმა ურჩევნია სკოლაში წასვლის წინ. თავისუფლების განცდა ძალიან კარგად არის დაკმაყოფილებული ჩვენს კურსებზე და ბაღშიც. მესამე ფაქტორი ბავშვის ბედნიერებისთვის არის განვითარება. ბავშვები მიილტვიან განვითარებისკენ. ვერ ნახავთ ბავშვს, რომელიც არ მიილტვის გავნითარებისკენ. ზოგჯერ ბავშვები ერთი და იგივე მულტფილმს უყურებენ ბევრჯერ, ან ერთი და იგივე ზღაპარს გვაკითხებენ , მშობლებს არ ესმით ხანდახან რატომ ხდება ეს - ამ დროს რაღაცას ივითარებს ბავშვი, რაღაცისთვის სჭირდება. ბავშვი სადაც არ ვითარდება და ვერ ნახულობს მისთვის საინტერესო გარემოს იქ ძალიან უჭირს.

310099268-1667995408.jpg

- ჩვენს სკოლებში დაკმაყოფილებულია თქვენ მიერ ჩამოთვლილი სამივე პირობა, იმისთვის რომ ბავშვებმა ბედნიერად იგრძნონ თავი?

- ზოგადად მსოფლიოში სკოლებში არ არის გათვალისწინებული ეს პირობები. არცერთი ამ სამი მოთხოვნიდან არ არის სკოლებში დაკმაყოფილებული არამარტო ჩვენთან , არამედ მსოფლიოშიც. სკოლა ციხეს უფრო ჰგავს, ვიდრე იმ დაწესებულებას, სადაც ბავშვი ბედნიერი უნდა გარბოდეს. ამერიკის სკოლებში ხშირად მინახავს შესასვლელში ბავშვებს რომ ჩხრეკენ, გასაგებია კრიმინალის აცილების მიზნით ხდება ეს, მაგრამ სკოლა ციხეს არ უნდა ჰგავდეს. სკოლა თუ დაიწყებს იმ მიმართულებით ფიქრს თუ როგორ ვაგრძნობინოთ ბავშვებს თავი დიდებად, როგორ დავუკმაყოფილოთ თავისუფლების განცდა, როგორ მივცეთ მაქსიმალური განვითრება , მაშინ ბავშვები სიხარულით გაიქცევიან სკოლაში, თუმცა ვაღიარებ, რომ განსახორციელებლად ცოტა რთულია.

- რა აწუხებთ დღეს თინეიჯერებს?

- დღევანდელი ბავშვების სირთულეს წარმოადგენს წვდომა ძალიან დიდი რაოდენობის ინფორმაციასთან. დღეს იმდენად დიდი ინფორმაცია აქვთ ბავშვებს, რომ ამ ინფორმაციიდან 90 პროცენტი უსარგებლოა, ტვინი ვერ ასწრებს გადამუშავებას. 1990-იანი წლების ბავშვებს ამდენი ემოცია არ ჰქონდათ. სოცილაური მედია ბავშვებს უქმნის არარეალურ წარმოდგენებს სამყაროზე. მაგალითად ტიკ-ტოკი, სადაც ძირითადად ფილტრიანი ფოტო/ვიდეო ვრცელდება , რეალურ ცხოვრებაში კი ის ადამიანი, თუ ადამიანები სხვანაირად გამოიყურებიან. შესაბამისად არარეალურ ადამინებს უყურებენ ბავშვები.

310562274-1434518143712053-7369627748323392790-n-1667995432.jpg

- ამას მოსდევს იმედგაცრუება?

- რა თქმა უნდა, რადგან ტელეფონში მე ვხედავ იდეალური ნაკვთების ადამიანებს, სარკეში ვიხედები უცებ და ასეთი არ ვარ არც მე და არც ისინი ვისაც ტიკ-ტოკში ან ინსტაგრამზე ვუყურე. აქედან მოდის ფიქრები - „მე უშნო ვარ... „მე ცუდი ვარ“... თვითშეფასების დაცემა. ეს არა მარტო გოგოების, არამედ ბიჭების პრობლემაცაა. სოციალურმა მედიამ ძალიან დიდი როლი ითამაშა ბავშვებში თვითშეფასების დაქვეითებაში.

- ხშირად არის რომ ბავშვი ითხოვს თმის შეღებვას, ან ყურის გახვრეტას ადრეულ ასაკში, რაც მშობლისთვის ზოგჯერ მიუღებელია, რას ურჩევდით ამ დროს მშობელს?

- მივცეთ თავისუფლება ბავშვებს, თმის შეღებვით არაფერი შეიცვლება მის ცხოვრებაში გარდა იმისა, რომ თმა ექნება სხვა ფერი. შეიძლება შევუღებოთ ტონიკით, რომელსაც ჩამოიბანს და ფერი გადაუვა. თმის შეღებვით ბავშვი დაიკმაყოფილებს თავისუფლებისა და დიდობის განცდას, რომ თვითონ გააკეთა არჩევანი და ის უკვე დიდია. ამით უფრო დაუახლოვდება მშობელს. ასეთ ელემენტარულ თხოვნებზე, როგორიც ფერადი მაისურის ჩაცმაა, ან თმის შეღებვა უარს ნუ ვეტყვით მოზარდს. თაობათა დავა ყოველთვის არსებობდა და იარსებებს, ამიტომ, გაგებით და მოთმინებით უნდა მოვეკიდოთ ბავშვების თხოვნებს.

amonashvili-2-1667995003.jpg

- სოციალური მედიის გავლენას რომ დავუბრუნდეთ, გამოსავალი რა არის პრობლემიდან?

- თანამედროვე ტექნოლოგიებს ჩვენ ვერ შევებრძოლებით, ამის გარეშე დღეს შეუძლებელია ცხოვრება, უბრალოდ ბავშვს უნდა ვასწავლოთ ტექნიკის სწორი, საჭირო მიზნებისთვის მოხმარება. გამოსავალი ტელეფონის , პლანშეტის გადაგდება არ არის, გამოსავალია ვასწავლოთ როგორ მოვიხმაროთ.

- საუბრის დასასრულს გკითხავთ - რა მოგწონთ დღევანდელ თინეიჯერებში?

- მე ყველაფერი მომწონს, საერთოდ ვერაფერს ვაბრალებ ბავშვებს, გარემო შეიძლება იყოს არასწორი, მშობელი, მასწავლებელი ცდებოდეს, ბავშვის ბრალი არასდროს არაფერი არ არის. ძალიან კარგი თაობა მოდის, გახსნილი, გამჭრიახი, კარგად გამოსდით ერთმანეთის მხარში დგომა, სხარტები არიან. მშობლებისგან კი საჭირო და აუცილებელია უპირობო სიყვარული - ეს ძალიან სჭრდებათ ჩვენს შვილებს და გამოადგებათ მომავალში. მშობლის მოთმინება არის უმთავრესი, რომელიც ძალიან გვაკლია მშობლებს, მოთმინებით უნდა მივუდგეთ აღზრდის პროცესს, რადგან აღზრდა გრძელვადიანი პროცესია.