ტრადიციული ღვინო ქართულ-ჰოლანდიური საოჯახო მარნიდან - კვირის პალიტრა

ტრადიციული ღვინო ქართულ-ჰოლანდიური საოჯახო მარნიდან

გურჯაანში ღვინის მეოთხე ფესტივალი გაიმართა - მიზანი ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ღვინის კულტურისა და ქართული ტრადიციების გაცნობაა როგორც უცხოელებისთვის, ისე ქართველი საზოგადოებისთვის. მეღვინეობის ქალაქი რამდენიმე ათეულ ათას კაცს მასპინძლობდა, მათ შორის უცხოელ ტურისტებს. დღე ფიროსმანსა და ღვინით შთაგონებულ ყველა ადამიანს მიეძღვნა. ფესტივალმა 300-ზე მეტი მეღვინის სხვადასხვა ტიპის, ფერისა და ასაკის ღვინო, ჭაჭა თუ სხვა სასმელი გააერთიანა. უამრავ მცირე მეწარმეს, ღვინის ქარხანასა და მარანს შორის, სოფოს საოჯახო მარანიც აღმოვაჩინეთ. სოფო მუჩიაური პროფესიით გერმანისტი, მეღვინეობაში შემთხვევით მოხვდა. პირველი მოსავალი მისმა ოჯახმა 2019 წელს აიღო და პირველი ღვინოც დააყენა.

სოფო მუჩიაური:

- ვენახები ჩემს ოჯახს ყოველთვის ჰქონდა, რადგანაც კახეთიდან ვართ. ვიცავდით რთვლისა და ყურძნის დაწურვის ტრადიციას, შესაბამისად, ოჯახის ღვინოსაც ვაყენებდით. ძირითადად, რქაწითლით. ჩვენთვის ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო და ამ საქმიანობაში ბავშვობიდან ვმონაწილეობდი. ჩემი მშობლები საგარეჯოდან არიან.

- როგორც გავიგეთ, წლების განმავლობაში თარჯიმნად მუშაობდით, შემდეგ ნოტარიუსის თანაშემწე და საჯარო რეესტრის წარმომადგენელი იყავით...

- დიახ და ეს საქმიანობა შევწყვიტე, რადგან მთლიანად ჩავერთე სამეურნეო საქმეში და სხვა რამის გაკეთების დრო აღარ მაქვს. ახლა მთლიანად ვარ მევენახეობა-მეღვინეობაში ჩართული.

gvino4-1667999133.jpg

2018 წელს ჩემი მომავალი მეუღლე, ჰოლანდიელი ივო სტოტსი გავიცანი. ბიზნესმენია, საქართველოთი ძალიან დაინტერესდა და შეუყვარდა აქაურობა. ამსტერდამში წავედით ღვინის ფესტივალზე, სადაც ქართული ღვინოები იყო წარდგენილი. მაშინ გავიცანით პარტნიორები, ქართულ-ჰოლანდიური ოჯახი, რომლებიც ახლა ჩვენი მეგობრები არიან. გოგონა ქართველია, მეუღლე კი ჰოლანდიელი, იქ ცხოვრობენ და ქართული ღვინის ექსპორტი დაიწყეს. ჩვენც დავინტერესდით და ჩავერთეთ. პირველი მოსავალი 2019 წელს ავიღეთ, ჩვენი ღვინო დავაყენეთ, ბრენდიც შევქმენით.

- ბაზა რა იყო ამისთვის?

- საკუთარი ვენახები გვქონდა. ამასთან, დავმკვიდრდით მუკუზანშიც, სადაც ბიძაჩემი ცხოვრობს და საქმეში გვეხმარება. მუკუზანში სახლი ვიყიდეთ, ავაშენეთ მარანი და ახლა ვცდილობთ საბოლოო სახე მივცეთ. რა თქმა უნდა, ნათესავებმაც ხელი შეგვიწყვეს - ვენახის მოვლაში, რთველში, დაწურვაში გვეხმარებიან... ვენახები საგარეჯოსა და მუკუზანში, ორი ჰექტარი მაინც გვექნება.

ღვინის დაყენების საქმეში მთავარი როლი მე მერგო. მუდმივად ვცდილობ მეტი ცოდნა და გამოცდილება შევიძინო, პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინო. ორი წელიწადია, ტრადიციული ქართული ტექნოლოგიით ვაყენებთ ქვევრის ღვინოს. თუმცა თავიდან ქვევრი არ გვქონდა და ღვინოს ევროპული ტექნოლოგიით, ლითონის უჟანგავ ცისტერნებში ვაყენებდით.

- ბიომეურნეობისკენ თუ გაქვთ გეზი აღებული?

- ყურძენს როგორც "ბიოს", ისე ვუვლით, თუმცა სერტიფიცირება ჯერ არ გაგვივლია. ვცდილობთ ჯანსაღი პროდუქტი გვქონდეს და მომავალში ეს სერტიფიკატიც მოვიპოვოთ.

gvino3-1667999132.jpg

- ბოთლებში ჩამოსხმის შემდეგ სად ყიდით?

- საქართველოს რამდენიმე მაღაზიაში, ასევე ნიდერლანდებში. პირველი ექსპორტი 2021 წელს გვქონდა. ღვინოს ორი ტექნოლოგიით ვამზადებთ: ერთს კლასიკურად, მეორეს - ქვევრში ტრადიციული ქართული მეთოდით. ქვევრს შვიდ თვეს სრულ ჭაჭაზე ვაჩერებთ, მერე ვხსნით და ბოთლებში ვასხამთ. მეორე ტექნოლოგია კი, კლასიკური მეთოდი, ჭაჭის გარეშეა. ჭაჭას ვაცლით და მხოლოდ წვენი დუღდება.

- რქაწითლის გარდა, რომელი ჯიშები გაქვთ?

- რქაწითლის ვენახი მუკუზანში გვაქვს, დიდია და ძველიც, დაახლოებით 60 წლისა. რქაწითლის გარდა, საფერავის მიკროზონაში საფერავიც გვაქვს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ბიძის ვენახია, რომლითაც ჩვენ ვსარგებლობთ.

- სახელად "სოფოს საოჯახო მარანი" შეარჩიეთ, ასე რატომ გადაწყდა?

- ეს იყო ჩემი ოცნება, რომელიც რეალობად იქცა და დაერქვა კიდეც ჩემი სახელი, თან მთელი ოჯახი ვართ ჩართული. ოჯახში იგულისხმება მეუღლე, 21 წლის შვილი, ჩემი მშობლები, ბიძა... ეს ყველაფერი ჩემთვის ბევრს ნიშნავს. უპირველესად იმას, რომ ამიხდა ოცნება - ღვინის დაყენება, ბოთლებში ჩამოსხმა, ეტიკეტირება დავიწყეთ. ეტიკეტს ჩვენი სახელი რომ აწერია, ესეც მახარებს. 2019 წელს სამი ღვინით დავიწყეთ და უკვე ხუთი სახეობის გვაქვს. ყოველ წელს სულ უფრო მეტის სწავლას ვცდილობთ, რათა განვვითარდეთ და მეტი გავაკეთოთ. წლეულს პირველად ვმონაწილეობდით გამოფენაში "ინტერნეშენლ ვაინ ენდ სპირიტ კომპიტიშნში" (IWSC) და ბრინჯაოს ოთხი მედალიც მოვიპოვეთ.

gvino5-1667999133.jpg

- მეუღლე ამ საქმეში, როგორც ჩანს, აქტიურად არის ჩართული...

- ის მარკეტინგისა და გაყიდვების სპეციალისტია, ჰოლანდიაში დიდი კომპანია ჰქონდა, ახლა ჩვენს კომპანიას მართავს. ივოს საქართველო, ჩვენი კულტურა და ხალხი უზომოდ უყვარს და სურს უცხოეთში წარმოაჩინოს, რომ საქართველოზე კარგი ქვეყანა არ არსებობს. ქართულის სწავლასაც ცდილობს, თუმცა ცოტა ეძნელება.

- როდესაც გერმანულ ენას სწავლობდით, იფიქრებდით, რომ ოდესმე მეღვინე და მევენახე გახდებოდით?

- ვერასოდეს ვიფიქრებდი. 2018 წლამდე სრულიად სხვა პროფესიით ვმუშაობდი, სხვა ცხოვრების წესი მქონდა, მერე კი გარდაქმნა მოხდა. მეგობრები, ახლობლები ვერ იჯერებდნენ, თავიდან ზოგს გატაცება, ჰობი ეგონა. გადაუვლის, ერთ წელიწადში ეს დამთავრდებაო. მე კი რაც დრო გადის, სულ უფრო ვერთვები ამ საქმეში.

gvino2-1667999132.jpg

- ღვინის დაყენებამდე, ალბათ, ვენახის მოვლა უნდა იცოდეს მეღვინემ...

- კი, ვენახის მოვლასაც ვსწავლობ. ამით იწყება ღვინის დაყენებაც. მერე გამოცდილება გვიწყობს ხელს, თუმცა ყოველ ჯერზე სპეციალისტებთან კონსულტაციებს გავდივარ.

- რა გეგმები გაქვთ?

- ღვინოს ჯერ მცირე რაოდენობით ვაწარმოებთ, დაახლოებით 5 000 ბოთლამდე. ჩვენი სურვილია შევინარჩუნოთ ხარისხი - ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. გვინდა მარნის მშენებლობაც დავასრულოთ. მოვაწყოთ სადეგუსტაციო სივრცე ტურისტებისა და მეგობრების მისაღებად.