ფასანაურის ტყეების საჩუქარი - კვირის პალიტრა

ფასანაურის ტყეების საჩუქარი

შინდის სასარგებლო თვისებებს ვინც იცნობს, შემოდგომაზე აუცილებლად მოძებნის ბაზარში, შეიძენს და მისგან სხვადასხვა პროდუქტს მოამზადებს. ჯემებისა და წვენების გარდა, მზადდება შინდის საწებელიც, რასაც დღეს უკვე ხშირად აკეთებენ. ბაზარში კულტურული შინდიც იყიდება, თუმცა უმთავრესი მაინც ჩვენი ტყეების შინდია, რომელსაც სპეციალისტები ღვთის საჩუქარს უწოდებენ. მხოლოდ ბორჯომის ტყეებში წელიწადში 250 ტონამდე შინდი იკრიფება. შინდის მოსავლით განთქმულია დუშეთის, ფასანაურის ტყეებიც, საიდანაც შინდი ბაზარზე გვიან შემოდგომაზე მოსახლეობას შემოაქვს და საკმაოდ ძვირადაც. ამჟამად შინდის ფასი 4 ლარამდეა. სხვათა შორის, შინდს ჯერ კიდევ ჰიპოკრატე იყენებდა კუჭ-ნაწლავის დაავადებათა სამკურნალოდ. შესაძლოა ამიტომაც ამ კულტურას მთელ საქართველოში შეხვდებით და ნერგიც ძვირია. ჩვენ შინდის მოპოვების შესახებ ფასანაურში ნანა ბედუკაძეს ვესაუბრეთ. ეს მხარე იმიტომ ავირჩიეთ, რომ ამჟამად დედაქალაქის ბაზარში უმეტესად სწორედ აქაური შინდია, რითაც ადგილობრივებს შემოსავალი გვიან შემოდგომამდე აქვთ. ისინი სწორედ ამ პერიოდში აგროვებენ ტყეებში შინდს. ასეთ დროს გასაშრობად გაფენილი შინდი მწიფდება კიდეც, საბოლოოდ კი არომატული და გემრიელი პროდუქტი დედაქალაქის ბაზარზე ხვდება, ან ქარელის ხილის საშრობში, წვენების საწარმოებში.

- შინდი რომ სასარგებლო პროდუქტია, ხალხმა კარგად იცის, ამიტომ გაუყიდავი არასოდეს რჩება. მთაში სხვა ხილი დიდად არც მოგვეპოვება, რომ შემოსავალში შეგვეშველოს, ამდენადაც შინდი ჩვენთვის ღვთისგან გამოგზავნილი დოვლათია. როგორც ვიცი, ის საქართველოს სხვა ტყეებშიც ხარობს... რა თქმა უნდა, ტყეებში სიარული და ველური შინდის კრეფა ყველას არ შეუძლია, მაგრამ ვინც შევძელით და ოჯახებიც წამოგვეშველნენ, სამდურავი ნამდვილად არ გვეთქმის. ზოგ სეზონზე ჩვენი ტყეების შინდი ისე დაიხუნძლება, კრეფას ვეღარ ავუდივართ. უკვე წლებია, ტყეში შინდის საკრეფად ყოველ სეზონზე დავდივარ. ისეთი პერიოდიც გამოვიარე, როდესაც ზოგჯერ ტრანსპორტსაც ვერ ვშოულობდი ბაზარში წასაღებად და შინდი რომ არ გამეფუჭებინა, ვხეხავდი, ქილებში შაქრის გარეშე ვაკონსერვებდი და მერე ჩამქონდა ქალაქში გასაყიდად, როგორც კი ტრანსპორტი გამოჩნდებოდა. თბილისის ბაზარში მუდმივი კლიენტები დღესაც მყავს. მაშინ კი მეუბნებოდნენ, ფასანაურის შინდის ჯემი იმდენად გემრიელია, სულაც არ სჭირდება შაქარიო.

- ველური შინდის კრეფას როდიდან იწყებთ?

- სექტემბრის ბოლოდან. სხვათა შორის, ჩვენში ზოგიერთმა ოჯახმა კულტურული შინდის ნერგებიც დარგო. თუმცა მხოლოდ ერთეული ძირებისგან შემოსავალს ვერ მიიღებ. ველური და კულტურული შინდის ნაყოფი ერთმანეთისგან არომატულობითაც განსხვავდება. კულტურული შინდის ნაყოფი გაცილებით მსხვილი და ხორციანია, მაგრამ კარგად დამწიფებული ველური შინდის არომატსა და გემოს ვერ უტოლდება. თუმცა სარგებლიანობა შეუდარებელი აქვს. სხვათა შორის, შინდის ფოთლებსაც სამკურნალო თვისებები აქვს. რამდენჯერ მიმიცია ბავშვებისთვის მუცლის ტკივილისას ჩაი და გამხარებია, რომ მუცლის ტკივილი დაუამდათ.

- შეგროვილი შინდის დამწიფება ახსენეთ, თუმცა სიმწიფე უფრო ბუნებრივი მაშინ არის, როდესაც ნაყოფი ხეზეა...

- როდესაც ხურმას დავკრეფთ, ვაწყობთ, ვამწიფებთ და მხოლოდ ამის შემდეგ გეახლებით, მაშინ ხომ არ ვამბობთ, რომ ხურმა აუცილებლად ხეზე დამწიფებული უნდა ყოფილიყო? ზამთრის წინ, სიცივეში, შინდი დამწიფებას ვერ ასწრებს და ცვივა. შინ თბილ ტემპერატურაზე კი ზოგჯერ ერთი დღე-ღამეც საკმარისია ნაყოფის დასამწიფებლად. ამისთვის სპეციალურად გავმართეთ ოჯახებში თაროები. გახმობით შინდს არ ვახმობთ. რა საჭიროა, როცა მის ჯემებსა თუ კომპოტებს ვაკეთებთ.

- ველური შინდის ჯემი მართლაც უგემრიელესია, თუმცა არანაკლებია მურაბა და კომპოტი... როგორც ვიცი, ქარელის ხილის საწარმოები იბარებენ შინდს.

- კი, ასეა. ბევრს აწყობს კიდეც ამ საწარმოებში შინდის ჩაბარება. თუმცა მე შინდის გატანა მირჩევნია, სადაც ჩემი კლიენტებიც მყავს.

- დღეში რამდენ კილოგრამ შინდს კრეფთ?

- 30 კილოგრამამდე. თუ კარგი წელიწადი შეხვდა, ტყის შინდი 6 კილოგრამამდე ისხამს. ძალიან ლამაზი სანახავია ამ დროს წითლად დახუნძლული ხეები. შინდი არც ტყეში და არც მის გარეთ მაღალი არ იზრდება. ოღონდ ტყის შინდი უფრო წვრილ და გაბურდულტოტებიანი და ძნელად საკრეფია, ვიდრე კულტურული შინდი.

- ჯემებს თუ ყიდით.

- თავად არა, მაგრამ არის ხალხი, რომლის შინდის ჯემს სასტუმროები ყიდულობენ. სხვათა შორის, შინდის ცოცხალი ჯემი მარტივად გასაკეთებელი როდია, დიდი დრო სჭირდება. ერთ "საიდუმლოსაც" გაგიმხელთ - გახეხვის შემდეგ შინდის კურკებისგან მაღალხარისხიანი არაყი მზადდება. საკმაოდ ძვირი ღირს. სხვათა შორის, დედაქალაქის ცნობილი კონდიტერები და ნამცხვრის მცხობელებიც ბევრ შინდს ყიდულობენ, თავადვე ხეხავენ და უგემრიელეს ნამცხვრებში მოიხმარენ. ზოგიერთი ჩემი მუდმივი კლიენტია და თავისი ნახელავი ნამცხვარიც მოურთმევია. რომ გავსინჯე, წარმოიდგინეთ, თავადაც გამიჭირდა იმის დაჯერება, რომ ჩვენი შინდი ასეთი გემრიელი სასუსნავის მთავარი ნაწილი იყო.