მიდიების „გენოციდი“ შავ ზღვაში - კვირის პალიტრა

მიდიების „გენოციდი“ შავ ზღვაში

მიტილუსი ანუ "მიდია" მრავალ ქვეყანაში დელიკატესად იყო მიჩნეული, თუმცა 21-ე საუკუნეში ვითარება შეიცვალა, მათი შეძენა დღეს თითქმის ყველა დიდ სუპერმარკეტში შეიძლება. მიდიები, როგორც ზღვის პროდუქტების უმრავლესობა, ადამიანის ორგანიზმს ვიტამინებით, მინერალებით, სასარგებლო მიკროელემენტებით ამდიდრებს და ძალიან პოპულარულია. ზღვის ამ საინტერესო ბინადრებზე ილიას უნივერსიტეტის ზოოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი ლევან მუმლაძე გვესაუბრება.

- მიდია ორსაგდულიანი მოლუსკია, რაც ნიშნავს, რომ მათი სხეული ორი განყოფილებისაგან შედგება. საზოგადოდ, ორსაგდულიანი მოლუსკები იშვიათად მოძრაობენ და მიდიებიც ასე ცხოვრობენ. ისინი საგანგებო ბუსუსებით ემაგრებიან ერთ ადგილს და ლამის მთელ ცხოვრებას უძრავად ატარებენ. ქმნიან დიდ კოლონიებს, ამიტომ როდესაც ვინმე მათ მოპოვებას მოინდომებს, ამას ადვილად ახერხებს. მიდიების კვერცხებიდან იჩეკება მათი ლარვები ანუ შთამომავლობა. მთელ მსოფლიოში მიდიებს ინტენსიურად მოიპოვებენ, რადგან მათი კვებითი ღირებულება ძალიან მაღალია. ჩვენთან, საქართველოში, მიდიები ტრადიციული საკვები არ არის, მაგრამ მაინც ბევრს მოსწონს.

- შავ ზღვაში მიდიების რომელი სახეობაა გავრცელებული?

- ჩვენთან, ძირითადად, გვხვდება ერთი სახეობის მიდია, რომლის ლათინური სახელია მყტილუს პროვინციალს - შავი ზღვის მიდია, მაგრამ ხმელთაშუა ზღვაშიც გვხვდება. ის იყიდება ჩვენთან მაღაზიებში და მოყვარულებს თავისუფლად შეუძლიათ მისი შეძენა. მიდიებს ფართოდ იყენებენ როგორც შიდა მოხმარებისთვის, ასევე საექსპორტოდ, რადგან ეს პროდუქტი შავ ზღვაში საკმაო რაოდენობით მოიპოვება. თუმცა ადრე შავი ზღვის სანაპიროზე მიდიები უფრო მრავლად იყო, მაგრამ ბოლო ათწლეულების განმავლობაში მათი რაოდენობა შემცირდა.

- რამ გამოიწვია შემცირება?

- რამდენიმე ათეული წლის წინ შავ ზღვაში გამოჩნდა ინვაზიური მოლუსკის სახეობა, რომელიც რაპანას სახელითაა ცნობილი. მისი ნიჟარები შავი ზღვის სანაპიროზეც ყრია, ხალხი მათ აგროვებს და არავინ ფიქრობს, რომ ეს ინვაზიური სახეობაა. რაპანა შავ ზღვაში იაპონიის წყლებიდან გავრცელდა, დასახლდა და გამრავლდა. ეს ერთსაგდულიანი მტაცებელი მოლუსკია, რომლის მთავარი მსხვერპლი მიდიები და ხამანწკები აღმოჩნდნენ. როდესაც რაპანა შავ ზღვაში გავრცელდა, მიდიებზე ინტენსიური ნადირობა დაიწყო. საბოლოოდ, რაპანა სწრაფად გავრცელდა და მისი რაოდენობაც ძალიან გაიზარდა. ამჟამად იქ, სადაც მიდიების საცხოვრებელი გარემოა, რაპანა ყველგან გვხვდება. ვინაიდან მიდიები ერთ ადგილას არიან მიმაგრებული და გაქცევის უნარი არა აქვთ, რაპანასთვის იოლად მოსაპოვებელ მსხვერპლად იქცნენ. სწორედ ამის გამო შემცირდა შავ ზღვაში მიდიების რაოდენობა. არა მარტო მიდიები, რაპანამ ხამანწკებიც ლამის გადაშენების პირას მიიყვანა.

- ცნობილია, რომ მიდიებს სხვადასხვა მეთოდით აგროვებენ, რომელია მათ შორის ყველაზე გავრცელებული?

- მიდიები ნებისმიერ მყარ სუბსტრატზე მაგრდებიან და დიდ კოლონიებს ქმნიან. ადამიანი, რომელიც მიდიებზე ნადირობს, წყალში ჩაყვინთავს და მისაბმელებს გადაჭრის, რომლითაც მიდიები არიან მიმაგრებული - ყველაზე ხშირად მიდიებს ასე მოიპოვებენ. სხვათა შორის, ზოგიერთ ქვეყანაში მიდიებისთვის ფერმებსაც აკეთებენ. ჩვენთანაც სცადეს, მაგრამ ჩვენს სანაპირო წყლებში დიდი შტორმი იცის, ამიტომ მათი კოლონიები ხშირად იშლება და ინგრევა. შესაბამისად, შავ ზღვაში მათი მომრავლება რთულია, სამაგიეროდ, ხმელთაშუა ზღვაში, მათ შორის თურქეთის სანაპირო ზოლზე, მიდიების ბევრი ფერმაა. მათ მყვინთავებისა და სპეციალური ტექნიკის საშუალებით ხსნიან სუბსტრატიდან, რომელზეც მიდიებია მიმაგრებული.

- მიდიები განსაკუთრებით პოპულარულია იაპონიაში, მათ სიყვარულის სიმბოლოდ მიიჩნევენ. კიდევ რომელ ქვეყნებს დაასახელებთ, სადაც მიდიებს განსაკუთრებულ პატივს სცემენ?

- მიდიებს სიამოვნებით გეახლებიან კვიპროსში, საბერძნეთსა და იტალიაში, ოღონდ ეს ის მიდია არ არის, რომელიც შავ ზღვაში გვხვდება. სხვადასხვა ტერიტორიულ წყლებში განსხვავებული სახეობები ბინადრობენ. აზიის ქვეყნებში სხვა სახეობებია, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის სანაპიროებზე - სხვა.

- მათ პოპულარობას, ალბათ, შემადგენლობა განაპირობებს.

- მიდიის ხორცს მართლაც მდიდარი შემადგენლობა აქვს. როგორც სხვა ზღვის ცხოველებში, მისი ხორცშიც დიდი რაოდენობით არის იოდი, თუთია, მანგანუმი და სხვა სასარგებლო ნივთიერებები. მიდიების ცილა ქოლესტერინს ნაკლებად შეიცავს და ადვილი ასათვისებელია. თუ ადამიანს დიეტა სჭირდება, მიდიები მისთვის საუკეთესო საკვებია. საერთოდ, ყველა ტიპის ხორცი ცილებისგან არის შექმნილი, მაგრამ განსხვავება ის არის, რომ მიდიებში უფრო მაღალია მინერალების კონცენტრაცია, ვიდრე ცილებისა.

- ზღვის პროდუქტებს ხშირად ურჩევენ იმას, ვისაც იოდის ნაკლებობა აქვს, მათ შორის მიდიებიცაა?

- დიახ, იოდის დეფიციტისთვის საუკეთესო პროდუქტია, ამიტომ ძველად მიდიებს მედიცინაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ზღვის სხვა პროდუქტების მსგავსად, ისინი მნიშვნელოვან სამკურნალო საშუალებად იყო მიჩნეული. ახლა ყველა მაღაზიაში იყიდება იოდიანი მარილი, რომელიც კარგად ავსებს იოდის დანაკლისს. დღეს ასეთი მარილი ყველგან ხელმისაწვდომია და მარტო ზღვის პროდუქტების იმედად აღარ ვართ. თუმცა იოდის დეფიციტის დროს ზღვის პროდუქტები მაინც კარგია.

- ყველაზე დიდი რაოდენობით მიდიებს სად მოიპოვებენ?

- ძირითადად, ზღვისპირა ქვეყნებში და ექსპორტზეც გააქვთ. სამეურნეო თვალსაზრისით, პირველ ადგილზეა თევზები და შემდეგ მოდის ზღვის მოლუსკები. ჩვენს მეზობელ თურქეთში ინტენსიურად მიმდინარეობს მიდიების წარმოებაც და მოპოვებაც. ამას ხელს ის უშლის, რომ 200 მეტრის ქვემოთ შავი ზღვა მკვდარია და ძალიან დიდი ოდენობით არც ერთი პოპულაცია არ გვხვდება. შავი ზღვის მიდია პოპულარულია ბალკანეთის ქვეყნებში, იტალიაში, საფრანგეთსა და ესპანეთში. მიდიის სხვა სახეობები გვხვდება ჩინეთსა და იაპონიაში, ინდოეთის სანაპირო ზოლსა და ვიეტნამში. რაც შეეხება ამერიკის კონტინენტზე მდებარე ქვეყნებს, იქ მიდიებსა და სხვა ზღვის პროდუქტებს დიდი დატვირთვა არასდროს ჰქონია, თუმცა ფართოდ არის გავრცელებული და მოსახლეობაც სიამოვნებით მიირთმევს. მიდიებისგან ათასგვარი კერძის მომზადება შეიძლება. მათ წვავენ, ხარშავენ, ამზადებენ წვნიანებსა და სხვა მრავალფეროვან საკვებს. სუფრაზე მიდიებს დეკორატიული დატვირთვაც აქვს, რადგან მათი კერძები ძალიან ლამაზია.

მიტილუსის წვნიანი

midia2-1667999689.jpg

მიდიებისგან მომზადებულ კერძებს შორის განსაკუთრებით გემრიელია წვნიანი იტალიური სოუსით პესტოთი.ინგრედიენტები: 1,5 კგ გარჩეული მიდიები, 2 თავი ხახვი, 2 კბილი ნიორი, 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, 2 ღერი რეჰანი, 200 მლ თეთრი ღვინო, 2 ცალი ცუკინი - ერთგვარი ყაბაყი, 200 გ პომიდორი ჩერი, 200 მლ სქელი ნაღები, 2 სუფრის კოვზი ტრადიციული იტალიური სოუსი პესტო, მარილი, 500 მლ ქათმის ბულიონი, წიწაკა გემოვნებით.მომზადება: მიდიები (ნიჟარებით) გავრეცხოთ.

ნიორი და ხახვი დავკეპოთ. ქვაბში გავაცხელოთ ზეთი, დავუმატოთ ნიორი, ხახვი და საშუალო ტემპერატურაზე მოვშუშოთ. როცა დარბილდება, დავაყაროთ მიდიები. 1-2 წუთში დავუმატოთ რეჰანი და ღვინო. ქვაბს დავახუროთ სახურავი და ვადუღოთ, სანამ მიდიების ნიჟარები არ გაიხსნება. მიდიები ამოვიღოთ. ცუკინი დავჭრათ და პამიდორთან ერთად ქვაბში მოვათავსოთ. დავუმატოთ ბულიონი, ნაღები და 3 წუთით ვადუღოთ. შევურიოთ პესტო, მიდიები, მარილი, წიწაკა, ბოლოს, ცეცხლიდან გადმოვდგათ და გემრიელად მივირთვათ.

ხათუნა ჩიგოგიძე