„ჩვენკენ კარგი ამბებია“ - გიორგი ცაავას ოჯახის ბაღდათური ცხოვრება - კვირის პალიტრა

„ჩვენკენ კარგი ამბებია“ - გიორგი ცაავას ოჯახის ბაღდათური ცხოვრება

კიდევ ერთი ახალგაზრდა წყვილი დაუბრუნდა მშობლიურ კუთხეს - ცნობილი ფოტოგრაფი გიორგი ცაავა მეუღლესთან, ნათია ფურცელაძესა და ორ მცირეწლოვან გოგონასთან ერთად საყვარელ ბაღდათში დაბრუნდა. გიორგი წინაპრების სახლში დაბინავდა, იქაურობას მიხედა და მეუღლესთან ერთად ბავშვობის ოცნების ახდენასაც შეუდგა. დედაქალაქში კვირის ორ დღეს ატარებს, დანარჩენ დღეებში კი მამულს უვლის.

გიორგი ცაავა:

- ბაღდათში დავიბადე და სკოლაც იქ დავამთავრე. საქართველოში რთული დრო რომ იყო და ჩვენს რეგიონში კიდევ მეტი პრობლემა იყრიდა თავს, ამიტომ აქედან გაქცევა მინდოდა, მაგრამ სამუდამოდ წასვლა არასდროს მიფიქრია. როცა მივდიოდი, მაშინაც ვუშვებდი იმას, რომ ოდესმე დავბრუნდებოდი... ქალაქში ვცხოვრობდი, ვსწავლობდი, მაგრამ აქაურობასთან ყოველთვის მქონდა ემოციური კავშირი. ჩემი მოგონებები თავიდან ბოლომდე ბაღდათს უკავშირდებოდა და ჩემს მომავალსაც აქაურობას ვუკავშირებდი.

- ფოტოგრაფად გიცნობენ, სინამდვილეში პროფესიით ვინ ხარ?

- სამართალმცოდნე და მეორე პროფესიით ხატმწერი და რესტავრატორი ვარ. ფოტოგრაფია სულ მიტაცებდა და მერე ჰობი საყვარელ საქმედ ვაქციე.

- საბოლოოდ პანდემია გახდა მშობლიურ კუთხეში დაბრუნებისთვის სერიოზული მიზეზი?

- პანდემიამდეც ზაფხულობით ოჯახი სულ აქ ვიყავით, დაბრუნებას სულ ვფიქრობდით, უბრალოდ, ბევრი რამ იყო მოსაწესრიგებელი. პანდემიის პირველ ტალღაზე მეურნეობას მივყავი ხელი. ეზოს დასუფთავება და დამუშავება დავიწყე. ამასობაში მივხვდით, რომ აქ ცხოვრება სასიამოვნო იყო და გადმოსვლაც დავაჩქარეთ. მოგვიანებით მე და მეუღლემ გავარკვიეთ, რა იყო თითოეულის ბავშვობის ოცნება. მეუღლემ მითხრა, რომ წიგნის მაღაზიაზე ოცნებობდა, მე - კაფეზე და ოცნებების ახდენაზე დავიწყეთ ფიქრი.

mta3-1668000120.jpg

- მაგრამ მანამდე ეზოს მიხედეთ. გქონდათ სამეურნეო გამოცდილება?

- ბავშვობა გავატარე ოჯახში, სადაც ბებია-ბაბუა, განსაკუთრებით ბებია, მუხლჩაუხრელად შრომობდა. მისგან ეს გამოთქმა მახსოვს: "თუ ადამიანს გაქვს მიწის ერთი კვადრატული და გშია, ესე იგი, ზარმაცი ხარ". ბებო ჩემთვის საუკეთესო მაგალითია. ბავშვობიდან მიყვარდა მცენარეები. დედას ტყეში ჯონჯოლის მოსაკრეფად დავყვებოდით. ბუნებასთან სიახლოვე და ეკომეგობრული გარემო ოჯახში თავიდანვე მქონდა. მოკლედ, ყველაფერი ვიცოდი თეორიულად. როცა ამ საქმეს შევეჭიდე, ინტერნეტი, აგროტელეარხები დავიხმარე, აზრს სხვებსაც ვეკითხებოდი. როგორც მეუბნებიან, საქმე გამომივიდა. ეზო 1700 კვადრატია, კუთხე ავირჩიე და დავიწყე შრომა. მხოლოდ კიტრსა და პამიდორს მოვიყვან-მეთქი, მაგრამ თანდათან იდეები წამოვიდა. ქინძი, ოხრახუში, რეჰანი, ბულგარული წიწაკა, ყაბაყი, ნესვი - ყველაფერი მოვიყვანე. დარჩენილ ადგილს ხომ არ გავაცდენ-მეთქი და, სიმინდი დავთესე. პამიდორი გვიყვარს და სხვადასხვა სახის მქონდა, მათ შორის, ჩერი. ხარიგულას თესლი ზურა შევარდნაძესთან შევიძინე. სუპერმარკეტში პამიდორს რომ ვიყიდდი და მომეწონებოდა, თესლს ვაცლიდი, ვაშრობდი და ვთესავდი. სანამ აქეთ წამოვიდოდი, თბილისში სახლის აივანზე გამოვიყვანე ჩითილები და წამოვიღე.

- გამოიღო ნაყოფი ბოსტანში შრომამ...

- პირველ წელს მშვენიერი მოსავალი მომივიდა. მეორე წელს ბოსტანი უფრო გავამდიდრე - კიტრი მეტად გავუშვი. აქეთ ისეთი მიწაა, ყველაფერი არ მოდის. არ მინდოდა სასუქის გამოყენება და მაქსიმალურად ვცდილობდი ნიადაგი ბუნებრივი მინერალებით გაგვეჯერებინა. ნესვმაც გამიმართლა. სიმბოლურად დავთესე და იმდენი მოვიდა, მეგობრებსაც მოვუკითხე. მოვიყვანე კარგი გოგრებიც და საერთოდ, ისეთი პროდუქტი, რომელიც ოჯახში გვიყვარს.

- მეუღლე მასწავლებელია, ტელესკოლაშიც ასწავლიდა. საქმე ადვილად მიატოვა?

- ჩვენს სამსახურებში ნელ-ნელა დავალაგეთ სიტუაცია. უფროსებს ავუხსენით, რომ მიზანი დავისახეთ და წამოვიწყეთ ჩვენი საქმე, რასაც დიდი დრო სჭირდება. პედაგოგიურ საქმიანობას მეუღლე ახლა ბაღდათის მე-2 საჯარო სკოლაში განაგრძობს, რომელიც თვითონ დაამთავრა. შექმნა დოკუმენტური კინოკლუბი, ჰყავს ბავშვები და არაფორმალური განათლების მიმართულებით ბევრს მუშაობს. ორივე ვცდილობთ ახალგაზრდებს ვუბიძგოთ, როცა სკოლას დაამთავრებენ, სხვაგან არ გაიქცნენ. აქაც შეიძლება საყვარელი საქმის კეთება.

mta2-1668000120.jpg

- ჩანს, მშობლიურ კუთხეში საქმიანობას სულ სხვა მადლი აქვს...

- ფიზიკური მუშაობისას უსარგებლო ფიქრებისთვის დრო არ გრჩება. აზრი და გონება მხოლოდ იქითაა, როგორ გათოხნო, გამარგლო, დაბარო, მორწყო, დათესო. ზრუნავ თითოეულ მცენარეზე. ამ ყველაფრის კეთებისას ფიქრებს ბავშვობაში მივყავდი და თვალწინ სულ ბებია მედგა, რომელიც სულ შრომობდა.

- როგორც გავიგე, ეზოში გახსნით წიგნის მაღაზიასა და კაფეს, რასაც სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" დახმარებით შეძლებთ...

- ოცნების ხორცშესხმაზე ფიქრი როცა დავიწყეთ, დავასკვენით, რომ სახლი, სადაც ვცხოვრობთ, ძალიან დიდია, საცხოვრებლად მეორე სართულიც გვყოფნის. გადავწყვიტე, ჩანაფიქრისთვის პირველი სართული და ეზო გამოგვეყენებინა. სახლის წინ ცენტრალური გზაა, რომელსაც საირმეში მიმავალი ყველა ტურისტი, დამსვენებელი გაივლის. მაღაზიის მოწყობა გზის პირას გადაწყდა. კომერციული სივრცის აშენებას მალე დავიწყებთ, სადაც წიგნები, ხელნაკეთი ნივთები, ადგილობრივი მეღვინეების, მეწარმეების გემრიელი ღვინო, სუვენირები გაიყიდება. იქვე იქნება კაფეც, რომელსაც საგანმანათლებლო ფუნქციაც ექნება - ლიტერატურული კაფე არაფორმალური განათლების წრით, ფოტოგრაფიის მიმართულებით. მოკლედ, ჩავერთეთ კონკურსში "აწარმოე საქართველოში", ჩამოვაყალიბეთ ჩვენი კონცეფცია და გაგვიმართლა - მივიღეთ გრანტი, 40 ათასი ლარი. ეს კაფეს სამზარეულოს სრულად გვიფინანსებს. კაფე მარტში გაიხსნება.

ასე რომ, აქ ცხოვრებით კმაყოფილი ვართ და ჩვენი თავის გვჯერა... გოგონებს მოსწონთ და უხარიათ აქ ყოფნა. დიდი სათამაშო სივრცეც აქვთ გასართობად. ქალაქში ცხოვრებაც საინტერესოა, მაგრამ იქ ასეთი სილაღე ნაკლებად ჰქონდათ. მოკლედ, ასეთი ამბებია ჩვენკენ.