„თუ ნამდვილი ჩაის გასინჯვა გსურთ, წითელმთაში მობრძანდით“ - კვირის პალიტრა

„თუ ნამდვილი ჩაის გასინჯვა გსურთ, წითელმთაში მობრძანდით“

ოზურგეთის რაიონში თუ მოხვდით და სოფელ წითელმთაშიც მოგიწიათ გავლამ, აუცილებლად მოგხვდებათ თვალში ბამბუკისა და თხილის ხეებში ჩადგმული გურული ოდა, ჩაის ბაღითა და ბოსტნით. პატარა მდინარეზე ნავია. ისტორიული ოდა ამ საუკუნის დასაწყისშია აღდგენილი და შენარჩუნებულია XIX საუკუნის ელემენტები. აქაურობის დიასახლისი ლიკა მეგრელაძე დიდხანს ცხოვრობდა თბილისში, თუმცა ერთ დღესაც მეუღლესთან ერთად მშობლიურ წითელმთაში დასახლდა.

"როდესაც გურიაში, ჩემი მშობლების სახლში სტუმრად მყოფმა ამერიკელმა სიძემ ჩაის ბუჩქი დაინახა, არაფრით იჯერებდა, რომ საქართველოში ჩაი ხარობდა. მან გვაიძულა ჩაის ბუჩქების გასუფთავება და აღდგენა, თავადაც გვეხმარებოდა. დედა ნერვიულობდა, კიდეც რომ აღვადგინოთ, ვინ არის მომკრეფიო. შენ ნუ ნერვიულობ, ხალხი მოვა, ამ ჩაის დაკრეფს და ფულს იქით გადაგიხდისო, პასუხობდა ჩემი სიძე. ასე დავიწყეთ ეს საქმე. სამწუხაროა, რომ ქართველი ახალგაზრდების უმეტესობას ჩაის ბუჩქი ნანახიც არა აქვს, გურულებიც კი ვერ ცნობენ", - ჩვენი რესპონდენტი ქართულ ჩაიზე, მისი მოყვანისა და დაყენების სპეციფიკაზე გვიამბობს.

ლიკა მეგრელაძე:

- წითელმთაში დავიბადე და გავიზარდე, კარ-მიდამოც მამაპაპისეულია. ჩემს ბავშვობაში დიდი და პატარა დავდიოდით ჩაის საკრეფად, სოფელი ჩაის პლანტაციებით იყო დაფარული. დედაჩემი, სწავლული აგრონომი, მრავალ წელიწადს მუშაობდა ანასეულის ჩაის მრეწველობისა და სუბტროპიკული კულტურების ინსტიტუტში. ყოველთვის განსაკუთრებულ ჩაის ვსვამდით, ხელით ვამზადებდით. თუმცა ის სამყარო დაინგრა. ჩემმა და ჩემი მშობლების თაობამ მთლიანად ამოძირკვა ჩაი, თუმცა ეზოში ყოველთვის გვქონდა ჩაის ბუჩქები. ხელით რომ ვამზადებდით, ყველამ იცოდა და დღემდე მახსენდება თხოვნა, "ერთი მუჭა ჩაი მომეცი, რა!" სკოლის დასრულების შემდეგ თბილისში გადავედი, გავთხოვდი და ახლა ერთ მუჭა ჩაის ახალი ოჯახის წევრები, ნათესავები და მეზობელ-მეგობრები გვთხოვდნენ. სოფელში ხშირად ჩამოვდიოდით. ორი ქალიშვილიც ხშირად ისვენებდა გურიაში, აქაურობა უყვართ. უფროსი ამერიკაში გათხოვდა, უმცროსიც ძალიან დაკავებულია, მაგრამ სულ მთხოვდნენ აქ რამე საინტერესო პროექტის გაკეთებას. ერთხელაც ჩემი შვილები და მისი მეგობრები ჩამოვიდნენ ამერიკიდან. საინტერესო ადგილების მონახულება სურდათ. კულტურული ფონის მოძიება დავიწყე, შეიძლება ითქვას, გურიის პრეზენტაცია გავაკეთე. რამდენიმე წლის შემდეგ სიძის ამერიკელ მეგობრებს დაებადათ იდეა, გაეკეთებინათ გარკვეული კონცეფციის რესტორანი, სადაც ღია ცეცხლზე მომზადებულ კერძებს დააგემოვნებდით. მუნიციპალური განვითარების ევროკავშირის პროექტის ("მონაწილეობითი პრინციპი გურიის ტურიზმის განვითარების საქმეში") დასრულებამდე ორი დღით ადრე გამიჩნდა იდეა, "ჩაის ტური" გამეკეთებინა. გურულებს გვაქვს ჩაი, მართალია, დიდი ისტორია არა აქვს, მაგრამ ვიფიქრე, რომ "ჩაის ტური" უნდა დაგვეწყო იმ პერიოდიდან, როცა ჩაის ბუჩქი საქართველოში მოხვდა.

chai2-1668000413.jpg

პირველად, 1847 წელს, ანასეულში ჩინეთიდან შემოტანილი ჩაის ბუჩქი დარგეს, მაგრამ არ გაიხარა. 1873 წელს ძმებმა პოპოვებმა ჩინელი ლაო წუნჭაო ჩამოიყვანეს. როცა კონსტანტინ პოპოვმა ბათუმის ახლოს მიწის ნაკვეთი შეიძინა, დაინახა, რომ ის ძალიან ჰგავდა მიწას, როგორიც ჩინეთში ენახა, და "გიჟური" იდეა დაებადა - ჩინელი ოსტატი საქართველოში დაპატიჟა. დანარჩენი ცნობილია. ლაო საქართველოში სამ ათეულ წელიწადს ცხოვრობდა, როცა ჩინეთში დაბრუნდა, საქართველოში ქართული ჩაის ინდუსტრიული განვითარება იწყებოდა.

ჩაისთვის გურია უნიკალური ადგილია. აქ არც მორწყვა სჭირდება, არც შეწამვლა და არც გადახურვა. ცოტას თუ "მოეფერები" და ეკალბარდს მოაშორებ, თან გადაგყვება. ჩაი ორი სახისაა: ტროპიკული და სუბტროპიკული. ჩვენთან სუბტროპიკულია და შესაბამისად, მოკლე სეზონი აქვს, ხუთი, მაქსიმუმ, ექვსი თვე. დანარჩენი პერიოდი ისვენებს. საოცრებაა, მაგრამ როცა ისვენებს, მავნე მწერები არ აწუხებენ. ამასობაში სასარგებლო მწერებიც იღვიძებენ და ამიტომაც გურიაში ჩაის შხამქიმიკატებით დამუშავება არ სჭირდება.

ჩაის პატარა ბაღი მაქვს, პლანტაციასაც არ დავარქმევდი. შეიძლება ითქვას, საჩვენებელი პლანტაციაა. ჩამოსული ტურისტების 1%-მაც არ იცის, რომ ამ ქვეყანაში ხარობს ჩაი, აქ იყო უზარმაზარი ინდუსტრია, რომელიც განადგურდა. ახლა კი გვაქვს ცოტა, მაგრამ ექსკლუზიური, უმაღლესი ხარისხის ჩაი. უცხოელმა კი არა, ბევრმა ქართველმა ახალგაზრდამაც არ იცის. ამიტომ ჩემთან მოსულ ყველა ადამიანს ვუყვები ჩაის ისტორიას. ვაჩვენებ, როგორ იკრიფება ჩაი, ვაცნობ ხარისხის მიხედვით. ბევრი მწვანე და შავ ჩაისაც ვერ ასხვავებს ერთმანეთისგან.

- გავიგე, ჩაის დამზადების განსაკუთრებული რეცეპტიც გქონიათ.

- ჩვენს ჩაის პაკეტით ვერ დალევთ. თუ მისი დაგემოვნება გსურთ, აქ, უნდა მობრძანდეთ, ჩემი ან დედაჩემის მეთვალყურეობით მოკრიფოთ და დაამზადოთ.

- როგორც ვიცი, ჩაის დამზადებას დრო, მზეზე გამოშრობა სჭირდება.

- კი ბატონო, დრო უნდა და სტუმარი ყველა პროცესში ვერ მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ შეუძლია მოკრიფოს და "მოღნობისთვის" დააწყოს. ჩაის რომ მოკრეფთ, მერე "მოღნობისთვის", ანუ ზედმეტი წყლისგან დასაწრეტად, ჩრდილში უნდა გააშროთ. მერე ხელით მოგრეხთ და დადებთ ფერმენტაციისთვის. კარგი მეჩაიე სუნითა და ფერით ხვდება, როდის არის მზად და ამის მერე იწყება მზეზე გაშრობა.

chai3-1668000413.jpg

- რას გეგმავთ?

- საკმაოდ გაიზარდა მოთხოვნა აგროტურებზე. გასტროტურიზმისთვისაც უამრავი რეცეპტი აქვს დედას და გვინდა აღვადგინოთ. სხვათა შორის, ჩემი 83 წლის დედა ჩემზე მეტად პოპულარულია. ჩვენს ჩაის "კომლი" დავარქვით. სახელზე დიდხანს ვფიქრობდით, გვინდოდა კონცეპტუალურად გამართლებული ყოფილიყო. ბოლო პერიოდში პერმაკულტურის განვითარებითა და მიწის არქიტექტურით დავინტერესდი. კიდევ ბევრი თემაა, რაზეც სიამოვნებით ვმუშაობ. ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვარ. აქ რომ არ ჩამოვსულიყავი, ჩემი ცხოვრება ასეთი საინტერესო ნამდვილად არ იქნებოდა. უკვე აღარც მიზიდავს ქალაქში ცხოვრება. ღმერთმა არ ქნას, თბილისში დასაბრუნებელი გავხდე!

ხათუნა ბახტურიძე