რუსული ძალები ხერსონს ტოვებენ - კვირის პალიტრა

რუსული ძალები ხერსონს ტოვებენ

რუსეთის შეიარაღებული ძალები დნეპრის მარჯვენა სანაპიროსა და ქალაქ ხერსონს ტოვებენ. ჯარების გაყვანის შესახებ ბრძანება რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ გასცა. ამის შესახებ რუსული სახელმწიფო მედია იტყობინება.

უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელის სერგეი სუროვიკინის განცხადებით, გადაწყვეტილება შექმნილი ვითარების შეფასების შემდეგ იქნა მიღებული.

“შექმნილი ვითარების ყოველი მხრივ შესაფების შემდეგ, შეთავაზებულია თავდაცვის პოზიციის მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე დაკავება. მესმის, რომ ეს არ არის მარტივი გადაწყვეტილება. ამავდროულად ჩვენ, რაც მთავარია, შევინარჩუნებთ ჩვენი სამხედროების სიცოცხლეს და, მთლიანობაში, ჩვენი საბრძოლო დაჯგუფების ბრძოლისუნარიანობას, რომლის მარჯვენა სანაპიროზე შეზღუდულ სივრცეში შენახვა უპერსპექტივოა. ამავდროულად, გათავისუფლდება ძალებისა და რესურსების ნაწილი, რომელიც გამოყენებულ იქნება აქტიური მოქმედებებისთვის, მათ შორის თავდასხმითი ხასიათის, ოპერაციის სხვა მიმართულებებზე”, - განაცხადა სუროვიკინმა.

მან დააკონკრეტა, რომ “ჯარების მანევრირება უახლოეს დროში განხორციელდება, ქვედანაყოფები და ნაწილები საინჟინროდ მომზადებულ თავდაცვას დაიკავებენ მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე”.

როგორც დასავლური მედია წერს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ბრძანება გასცა მას შემდეგ, რაც უკრაინული ძალები ორი მიმართულებით მიიწევენ ქალაქ ხერსონისკენ.

რუსეთის მიერ ძალების გაყვანა იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო განვითარება მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა სექტემბერში ჩრდილოეთ ხარკოვის რეგიონი გაათავისუფლეს.