"წინა საარჩევნოდ "ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანება არ მოხდება" - სალომე სამადაშვილი "ნაციონალურ მოძრაობას" აკრიტიკებს - კვირის პალიტრა

"წინა საარჩევნოდ "ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანება არ მოხდება" - სალომე სამადაშვილი "ნაციონალურ მოძრაობას" აკრიტიკებს

"ლელოს“ პოლიტიკური მდივნის სალომე სამადაშვილის განცხადებით, "ნაციონალურ მოძრაობას“ „პოლიტიკური გაზრდის“ პერსპექტივა არ აქვს და არც განახლება შეუძლია.

მისივე თქმით, "ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა ბრძოლები მიმდინარეობს იმაზე, თუ ვინ დაწერს საარჩევნო სიას.

როგორც სამადაშვილმა "პალიტრანიუსის“ გადაცემა "360 გრადუსში“ განაცხადა, "ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები 10 -დან 8 ადამიანს არ აინტერესებს.

"მე არ მჯერა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას“ განახლება შეუძლია, ან ფუნდამენტური შეცვლა. ეს არის შიდა ბრძოლები. ეს არის ბრძოლა იმაზე, თუ ვინ დაწერს შემდეგ საარჩევნო სიას.

ქვეყნის რეალობა არ იცვლება იმით, თუ ვინ განსაზღვრავს პროცესებს "ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით. ამ ქვეყნის რეალობა რომ შეიცვალოს, "ქართული ოცნება“ უნდა დამარცხდეს. რაც დღეს ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“, არ აინტერესებს 10 ადამიანიდან 8-ს. მორიგი ინდური სერიალი, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობაში“ დაიდგმება შიდა პოზიციების გადანაწილების გამო, დაიკავებს ჩემ დროს, თქვენს დროს და მთელ ეთერს“, - განაცხადა სამადაშვილმა.

"ლელოს“ პოლიტიკური მდივნის განცხადებით, წინა საარჩევნოდ "ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანება არ მოხდება. "ლელო“ არ შეუერთდება არანაირ ალიანსს, რომელშიც "ნაციონალური მოძრაობა“ იქნება“.

ახლა რა პროცესებიც მიდის „ნაციონალურ მოძრაობაში“, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არანაირი ოპოზიციური გაერთიანება "ნაციონალურ მოძრაობის“ გარშემო არჩევნების წინ არ იქნება სწორი, ეს იქნება მარცხის ფორმულა და ბიძინა ივანიშვილის გამარჯვების ფორმულა. ჩვენი პოზიციაა, რომ წინა საარჩევნოდ "ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანება არ მოხდება“, - აღნიშნა მან.

სამადაშვილის თქმით, "ნაციონალური მოძრაობიდან“ წამოსვლის მიზეზი იყო ის, რომ შარლ მიშელის შეთანხმებას ხელი არ მოაწერა პარტიამ. მისივე თქმით, ეს არის იმის გამოვლინება, რომ მათ არ იციან რას აკეთებენ.

"რატომ უნდა ენდოს ვინმე? რაციონალურად უკვე გაუგებარია რატომ შეიძლება დაუჭირო მხარი პარტიას, რომელმაც არ იცის რას აკეთებს. ხელი არ მოაწერეს შეთანხმებას, შემდეგ მოაწერეს, შემდეგ შემოვიდნენ პარლამენტში. როცა ასეთი არათანმიმდევრულია პოლიტიკური პარტია, როგორ უნდა ანდო შენი ბედი?!“,- აღნიშნა სამადაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"