ხერსონიდან გაქცევა პუტინის რეჟიმს დიდ დარტყმას მიაყენებს თავად რუსეთის მოსახლეობაში... - კვირის პალიტრა

ხერსონიდან გაქცევა პუტინის რეჟიმს დიდ დარტყმას მიაყენებს თავად რუსეთის მოსახლეობაში...

10 ნოემბრის საღამოს რუსეთის ხელისუფლებამ გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გამოჰყავს სამხედრო შენაერთები მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან მარცხენაზე, "თავდაცვითი პოზიციების უკეთესად მოსაწყობად" და "პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად"...

ის, რომ დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე ომის დასაწყისისთანავე შეჭრილი რუსი ოკუპანტების 25-ათასიან საბრძოლო დაჯგუფებას დიდი პრობლემები ჰქონდა ლოგისტიკის მხრივ, ნათლად ჩანდა, მაგრამ რუსი გენერლების სატელევიზიო განცხადება პოზიციების ასე, დემონსტრაციულად დატოვების შესახებ მაინც მოულოდნელობად იქცა არა მარტო რუსეთის საზოგადოებისთვის, არამედ - თვით უკრაინის არმიის სარდლობისთვისაც კი.

მანამდე, ბოლო სამი თვის განმავლობაში, უკრაინელები "ჰაიმარსის" ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან გაშვებული მართვადი რაკეტებითა და 155 მმ-იანი ჰაუბიცებიდან გასროლილი "ექსკალიბურის" მართვადი ჭურვებით სისტემატურ წერტილოვან საარტილერიო-სარაკეტო დარტყმებს აყენებდნენ მდინარე დნეპრზე განთავსებულ საავტომობილო და სარკინიგზო ხიდებს. ამით მარჯვენა სანაპიროზე დისლოცირებულ რუსეთის საოკუპაციო ძალებს მათ სერიოზული პრობლემები შეუქმნეს, საბრძოლო მასალებისა და საწვავის მომარაგების მხრივ.

გარანტირებული ლოგისტიკური უზრუნველყოფის გარეშე დარჩენილი ნებისმიერი საბრძოლო დაჯგუფება განწირულია ალყაში მოქცევისთვის, როდესაც უკან დასახევი არ არსებობს, ფართო მდინარის გამო, ხოლო მასზე გადასასვლელი ხიდები მწყობრიდანაა გამოყვანილი, ბარჟები და კატარღები კი, რომლებიც ცდილობენ მდინარის გადალახვას, განუწყვეტლივ იბომბებიან...

ასე რომ, სამხედრო თვალსაზრისით, რუსეთის არმიის სარდლობამ შეიძლება სწორი გადაწყვეტილებაც მიიღო, მით უმეტეს, მათ ჰქონდათ სადაზვერვო ინფორმაციები, რომ უკრაინის არმია 10 ნოემბრიდან ხერსონის მიმართულებით ფართომასშტაბიანი შეტევების დაწყებას აპირებდა, რომლის წარმატებით განვითარების შემთხვევაში (რისი დიდი ალბათობაც არსებობდა), რუსი ოკუპანტები ისე თავისუფლად ვეღარ გაიქცეოდნენ უკან, როგორც ეს მათ ორი თვის წინ ხარკოვის მიმართულებით ოკუპირებული უკრაინული ქალაქების დატოვებისას შეძლეს.

მაგრამ პოლიტიკური და იდეოლოგიური თვალსაზრისით, ხერსონის ოლქის სრული დატოვების შემდეგ კრემლის მთავარ მიწისქვეშა ბინადრის - პუტინის რეიტინგს თავად რუსეთის ფედერაციის მრავალმილიონიან მოსახლეობაში დიდი დარტყმა უნდა მიადგეს.

აღარავისთვის, თვით დასავლელი ბიუროკრატებისთვისაც, აღარ წარმოადგენს დიდ საიდუმლოებას ის ფაქტი, რომ ორი რუსეთი, უბრალოდ, არ არსებობს და რუსეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მხარს უჭერდა პუტინის რეჟიმს, როდესაც ის ჩეჩნეთის მეორე ომს იწყებდა; როდესაც შემოიჭრა საქართველოში; დაიპყრო უკრაინის ყირიმი; "ააფეთქა" დონბასი და მით უმეტეს, როდესაც წელს, თებერვალში, "სპეციალური სამხედრო ოპერაცია" წამოიწყო მთელი უკრაინის "ჩასაყლაპად".

მაგრამ უკრაინაში შეჭრიდან მეათე თვე იწყება და რუსეთის თვით თვინიერი საზოგადობის ყველაზე "ურა-პატრიოტებიც" კი ვეღარ მალავენ, რომ პუტინის "სპეციალური სამხედრო ოპერაცია", ფაქტობრივად, კრახის პირასაა და თავად რუსეთიც ამ ომის ჭაობში ყელამდეა ჩაფლული. უფრო მეტიც - არის ყველა წინაპირობა იმისა, რომ უკრაინა არა მარტო მთლიანად მოახერხებს დეოკუპაციას, არამედ - ომი თავად რუსეთის ქალაქებზეც გადავა და თანაც - მოსკოვის მიმართულებით...

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ოფიციალურად განაცხადა საოკუპაციო ძალების ხერსონის ოლქიდან გამოყვანის თაობაზე, ჯერჯერობით მაინც ბოლომდე გაურკვეველი რჩება, რუსი ოკუპანტები უბრძოლველად დათმობენ თუ არა ახალი კახოვკის სტრატეგიული მნიშვნელობის ჰიდროელექტროსადგურს და ხომ არ ააფეთქებენ კაშხალს?! ასევე, ისინი სრულად დატოვებენ ხერსონს თუ ქუჩის ბრძოლებს მაინც გამართავენ და ააფეთქებენ ამ ქალაქში "უხვად" დანაღმულ შენობებს...

არის კიდევ ერთი მოსაზრება, თუ რატომ მიიღო კრემლმა ასეთი მოულოდნელი გადაწყვეტილება - საქმე ისაა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში - ჯეიკ სალივანი რამდენიმე დღის წინ მოულოდნელად ეწვია კიევს და პირისპირ დახურული მოლაპარაკება გამართა უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან.

საგულისხმოა, რომ იმავე სალივანს მანამდე ჰქონდა სატელეფონო კავშირები უშუალოდ კრემლთანაც...

ეს ორი ინიციატივა აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ბადებს ვერსიას, რომ თეთრი სახლი მოწადინებულია ზამთრის პერიოდში დროებით მაინც შეჩერდეს აქტიური საბრძოლო მოქმედებები რუსეთ-უკრაინის ომში, რაც, პირველ რიგში, სწორედ კრემლს აწყობს ამოსასუნთქად და შეიძლება პუტინმა ამიტომაც უბრძანა თავის სამხედროებს დნეპრის მარჯვენა სანაპიროსა და ოკუპირებული ხერსონის ოლქის დატოვება, რათა უკრაინელები წამოვიდნენ მოლაპარაკებებზე დროებითი ზავის თაობაზე.

თავის მხრივ, პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციასაც ძალიან აწყობს ტაიმ-აუტის აღება ამ ომში, თუნდაც იმის ფონზე, რომ არჩევნებში "რესპუბლიკელები" იმარჯვებენ (აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნების შედეგების თანახმად, წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკელები“ ლიდერობენ. რაც შეეხება სენატს, ჯერჯერობით რესპუბლიკელებს და დემოკრატებს, დაახლოებით, თანაბარი შედეგი აქვთ).

მთავარია კიევის დაყოლიება, რადგან პრეზიდენტი ზელენსკი დღემდე მტკიცედ დგას შემდეგ პოზიციაზე - ჯერ უკრაინის ტერიტორიის სრული დეოკუპაცია, რუსეთის მიერ რეპარაციის გადახდა, სამხედრო დამნაშავეების დასჯა და მხოლოდ შემდეგ - სამშვიდობო მოლაპარაკებები კრემლთან...

მაგრამ რას იზამს ოფიციალური კიევი, თუკი აშშ-მა შეუმცირა ყოველთვიური გრანდიოზული სამხედრო დახმარება უკრაინის არმიას, რის შესახებაც ახლადარჩეული რესპუბლიკელი კონგრესმენები იმუქრებიან?