"საფრანგეთი თავის მოქალაქეებს შესაძლო ომისათვის ამზადებს" - რას წერს გავლენიანი ფრანგული გამოცემა - კვირის პალიტრა

"საფრანგეთი თავის მოქალაქეებს შესაძლო ომისათვის ამზადებს" - რას წერს გავლენიანი ფრანგული გამოცემა

"საფრანგეთი მეტად აღარ შეეცდება მტერთან ბრძოლას შორეულ კონტინენტებზე, როგორც ამას იმ დროში აკეთებდა, როცა ფრანგული არმია "საექსპედიციო" იყო. ფრანგული ჯარის სარდლობა ახალ დოკუმენტს ამზადებს, რომლის მიხედვით, ფრანგები სახლთან ახლოს იომებენ - სადღაც, ევროპაში, თანაც - ახალწვეულების მონაწილეობით", - ნათქვამია ფრანგულ გაზეთ "ლე ფიგაროში" (Le Figaro) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით - "საფრანგეთი თავის მოქალაქეებს შესაძლო ომისათვის ამზადებს" (ავტორი - ნიკოლ ბაროტი).

ახალი, სასწრაფოდ მომზადებული "ეროვნული სტრატეგიული მიმოხილვით" დასტურდება, რომ პარიზისთვის უკრაინის ომი გაკვეთილს წარმოადგენს და მას ამ საკითხთან მიმართებით გარკვეული დასკვნები გამოაქვს.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ტულონის სამხედრო-საზღვაო ბაზაში, სადესანტო ვერტმფრენმზიდის - Dixmude-ს ბორტზე პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ჯილდოები უნდა გადასცეს ჯარისკაცებს, რომლებმაც მამაცობა გამოიჩინეს საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობის დროს. ამ ღონისძიებას პრეზიდენტი ატარებს, ქვეყნის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის სტატუსით. ეს იქნება ერთგვარი პრელუდია სახელმწიფოს მეთაურის გამოსვლისა, რომლის დროსაც ემანუელ მაკრონი ილაპარაკებს საერთაშორისო მდგომარეობაზე და "ეროვნული სტრატეგიული მიმოხილვის" პრეზენტაციის შესახებ.

დოკუმენტი მომზადებულია რუსეთ-უკრაინის ომის გათვალისწინებით და წინ უძღვის დებატებს, რომლებიც ახალი კანონის - "სამხედრო პროგრამირების შესახებ 2024-2030 წლებში" - განხილვის დროს გაიმართება. შეიძლება პირდაპირ არ ჩანს, მაგრამ ეს "მიმოხილვა", ფაქტობრივად, შესაძლო ომისთვის მოსახლეობის მომზადების მცდელობას წარმოადგენს. "ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი მენტალიტეტი შევცვალოთ", - ამბობენ ელისეის სასახლეში.

დოკუმენტში ჩამოთვლილია ათი სტრატეგიული ამოცანა საფრანგეთის ინტერესების დასაცავად: დაწყებული მოსახლეობის რწმენის განმტკიცებით პოტენციური მოწინააღმდეგის შესაკავებლად და დამთავრებული ზომების მიღებით საფრანგეთის სამხედრო-პოლიტიკური მდგრადობის განსამტკიცებლად. კიდევ ერთი მიზანი სამხედრო ეკონომიკას უკავშირდება: პრეზიდენტს სურვილი აქვს, დარწმუნდეს, რომ უსაფრთხოება ფრანგი ხალხის საზრუნავს წარმოადგენს.

რაც შეეხება არმიას, ფრანგ ჯარისკაცებს მოუწევთ მომზადება რეალური სამხედრო მოქმედებებისათვის, რაც იმას ნიშნავს, რომ "უნდა მოიშორონ რიგი მოწყვლადი ადგილები", რომლებიც მშვიდობიან წლებში გაჩნდა და რომლებსაც ადრე ყურადღებას არ აქცევდნენ.

"საფრანგეთის სტრატეგიული ამბიციები უნდა დადასტურდეს. ჩვენ იძულებულნი ვართ, მოვლენებს მსოფლიო წესრიგის ნგრევის პრიზმით ვუყუროთ, რომელიც აშკარა გახდა უკრაინა-რუსეთის ომის დაწყებით", - ნათქვამია "მიმოხილვის" ვერსიაში, რომელსაც "ფიგაროს" ჟურნალისტი გაეცნო. "ეს კონტექსტი ეჭვქვეშ აყენებს ფრანგული არმიის ამჟამინდელ მოდელს, რომელიც, უპირველესად, გააზრებული იყო "საექსპედიციო ძალად" და არა - საკუთარი ტერიტორიის დასაცავად. 2030 წლისათვის ახალმა მოდელმა საფრანგეთს უნდა მისცეს შესაძლებლობა, რომ თავი გაართვას და გაუმკლავდეს მაღალინტენსიურ კონფლიქტს და წინააღმდეგობა გაუწიოს ჩვენი მეტოქეების ჰიბრიდულ სამხედრო სტრატეგიებს. ფრანგული სამხედრო მოდელი დაეყრდნობა სამ ბურჯს:

  • პირველი - ბირთვულ შეკავებას, რომელიც საფრანგეთის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესების გარანტს წარმოადგენს;
  • მეორე - ჩვეულებრივი იარაღით შეიარაღებული რეგულარული არმიის პოტენციალს, რომელიც ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელების მიერ საგარეო პოლიტიკის თავისუფალ არჩევანს და მის განხორციელებას უზრუნველყოფს.
  • მესამე - საზოგადოების მობილიზების შესაძლებლობას "ხალხისა და არმიის კავშირის" განმტკიცებისათვის.

მართალია, "ეროვნულ სტრატეგიულ მიმოხილვაში" არ არის ასახული და ნაჩვენები იმ გზებისა და გადაწყვეტილებების ჩამონათვალი, რომელიც საფრანგეთის მთავრობამ უნდა განახორციელოს ზემოთ აღნიშნული მიზნების მისაღწევად, მაგრამ ერთი რამ ნათელია - ხელისუფლება მისი რეალიზებისათვის ფულს არ დაიშურებს, სხვა საბიუჯეტო პრიორიტეტები კი - სამომავლოდ გადაიდება. ამასთან, ემანუელ მაკრონი თავის გეგმების განმარტებას ჯერ არ აპირებს, ყოველ შემთხვევაში, ამას უახლოეს დღეებში ვერ მოვისმენთ: "დოკუმენტი ძალზე ამბიციურია, მაგრამ ჩვენს შესაძლებლობებს სრულიად არ შეესაბამება", - ამბობს პარლამენტის ერთ-ერთი დეპუტატი.

"მიმოხილვის" თანახმად, დღეისათვის [საზოგადოებისათვის] შეთავაზებულია "მხოლოდ იმ გამოწვევების ანალიზი, რომლებსაც საფრანგეთს რუსეთი და ჩინეთი უქმნიან". ეს ისედაც ცნობილია და ამაში საკვირველი არაფერია. არმიას რომ გარკვეული რესურსი და "სამანევრო სივრცე" უნდა ჰქონდეს, ემანუელ მაკრონმა ოთხშაბათს დაადასტურა: "ოპერაცია "ბარხანი" აფრიკაში ოფიციალურად დასრულებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ფრანგები საჰარის სამხრეთით მდებარე საჰელის ზონას ტოვებენ, თუმცა სამხედრო მოსამსახურეების გარკვეული კონტინგენტი აფრიკაში მაინც დარჩება: პარტნიორ ქვეყნებთან - ნიგერთან და ჩადთან კავშირების შესანარჩუნებლად.

2022 წლის "ეროვნული სტრატეგიული მიმოხილვა" 2017 წლის ანალოგიური დოკუმენტის და მისი "განახლებული ვერსიის" (2021წ.) ლოგიკურ გაგრძელებას წარმოადგენს. ახალი "მიმოხილვა, ასევე, მოგვაგონებს ნატოს მიერ ივნისში მიღებულ სტრატეგიულ კონცეფციას, რომელსაც ევროკავშირის "სტრატეგიულ კომპასსაც" უწოდებენ. "მიმოხილვაში" ანალიტიკური ტაბულის სახით გამოყენებულია კონცეფცია - "კონკურენცია - მეტოქეობა - დაპირისპირება". ეს ტაბულა, რომელსაც მხარს უჭერს ქვეყნის შეიარაღებული ძალების მთავარი შტაბის უფროსი, გენერალი ტერი ბურკჰარდი, მსოფლიოს ქვეყნებს სამ ჯგუფად ჰყოფს, საფრანგეთთან მათი დამოკიდებულების მიხედვით:

  • პირველი ჯგუფის ქვეყნებთან ურთიერთობა აგებულია სქემით - "შეჯიბრება და კონკურენცია",
  • მეორე ჯგუფში - "მეტოქეობა",
  • მესამე ჯგუფში ისეთი ქვეყნებია, რომლებმაც საფრანგეთთან "დაპირისპირება" აირჩიეს.

"მიმოხილვაში" ყურადღება ეთმობა კიბერასპექტებს საერთაშორისო გართულებების დროს. მიზანი ისაა, რომ ამ სფეროში საფრანგეთი წამყვანი მოთამაშე უნდა გახდეს. ჰიბრიდულ დაპირისპირებასთან გასამკლავებლად, ასევე, დაგეგმილია "გავლენის ეროვნული სტრატეგიის" შემუშავება, რომელშიც გამოყენებული იქნება სამხედრო მოსამსახურეებისა და დიპლომატების პოტენციალი. საფრანგეთს, აგრეთვე, სურს, რომ საინფორმაციო სივრცეში ("ველზე") "მეტი მოქმედების შესაძლებლობა" ჰქონდეს, თანაც პარიზი იმოქმედებს როგორც თანამშრომლობის რეჟიმში (პოზიტიუარად), ასევე - "მოგერიება-წინააღმდეგობით" (ნეგატიურად).

საფრანგეთის არმიას ემატება მეექვსე ფუნქცია - "გავლენა" (ამჟამად მას აქვს პოტენციური მოწინააღმდეგის გეგმების "გაგება-შესწავლა-წინაღდგომის", "შეკავების", "დაცვის", "გაფრთხილების" და "ინტერვენციის" ფუნქცია, სხვადასხვა ფორმით სხვადასხვა ქვეყნის მიმართ).

"ევროპული სტრატეგიული ავტონომია" ისევ რჩება საფრანგეთის ერთ-ერთ სტრატეგიულ ამოცანად. ემანუელ მაკრონმა ეს იდეა წამოაყენა თავისი პრეზიდენტობის პირველი ხუთწლიანი ვადის დროს, მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, იგი ამ იდეით მარტო დარჩა: ნატო შემჭიდროების პერიოდშია, ამიტომაც ავტონომიის იდეა "თამაშგარე" ხდება. უბრალოდ, ევროპაში კიდევ ერთი ანტირუსული გაერთიანების საჭიროება აღარ არის.

ამიტომაც, ავტონომიის იდეაზე საუბრის დროს "მიმოხილვა" ყურადღებას განსაკუთრებით უთმობს იმ ალიანსების საკითხს, რომლებშიც საფრანგეთიც არის გაწევრებული. პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციას აქვს მინიჭებული: "კონფლიქტების რისკების დაჩქარება და კონფრონტაციების მასშტაბების გაფართოება ადასტურებს სტრატეგიული კავშირების აუცილებლობას და სოლიდარობის პრინციპს, რომელიც მათ საფუძველშია ჩადებული", - ნათქვამია "მიმოხილვაში".

პარიზის ინტერესების გაფართოება მსოფლიოში, აგრეთვე, მოვლენათა განვითარების ასპექტები კრიზისული სიტუაციების დროს, "საფრანგეთს პრობლემებს შეუქმნის, თუ ის ამ გამოწვევების წინაშე მარტო დარჩება", - ხაზს უსვამს ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო, რომელიც მხარს უჭერს მტკიცე და საიმედო პარტნიორობას, აშშ-სთან მაღალი დონის ოპერატიულ ურთიერთობას, აგრეთვე, მუდმივი და დროებითი სტრატეგიული კავშირების შექმნას. საფრანგეთი, რომელმაც ბოლო წლებში თავის დასავლელ თანაალიანსელებს შორის ნდობა გარკვეულწილად დაკარგა, ახლა პირობას დებს, რომ "სანიმუშო მოკავშირე" იქნება.

მაგრამ პარიზი უარს არ ამბობს იმ სწრაფვაზე, რომ იყოს "მრავალი წონასწორობის მქონე სახელმწიფო" (პრეზიდენტ-გენერლის - შარლ დე გოლის გამონათქვამის მიხედვით, რომელიც საბჭოთა კავშირსა და ამერიკას შორის ბალანსის შენარჩუნებას ცდილობდა - რედ.). აქ ეს მიზანი მრავლობით ფორმაშია გადმოცემული ანუ ჩვენ გვინდა, რომ ეს როლი ბევრ სიტუაციაში შევასრულოთ. ახლა ეს ყველასათვის გასაგებად უნდა იქნას განმარტებული. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ