"ერთხელაც, ქალბატონ ზინას ვკითხე: რა ხდება თქვენს ნომერში ყოველ ღამით-მეთქი? რომ მცივა, ასე ვხურდებიო" - რას იხსენებენ კოლეგები ზინაიდა კვერენჩხილაძეზე? - კვირის პალიტრა

"ერთხელაც, ქალბატონ ზინას ვკითხე: რა ხდება თქვენს ნომერში ყოველ ღამით-მეთქი? რომ მცივა, ასე ვხურდებიო" - რას იხსენებენ კოლეგები ზინაიდა კვერენჩხილაძეზე?

ერთადერთი ქართველი მსახიობი, რომელიც მონასტრის ეზოში დაიკრძალა

საქართველოს სახალხო არტისტის ზინა კვერენჩხილაძის 90 წლისთავის აღსანიშნავად წიგნი-ალბომი გამოვიდა, რომლის შემდგენელ-რედაქტორი ფილოლოგიის დოქტორი საბა მეტრეველი გახლავთ.

ქალბატონი ზინა და ბატონი საბა წლების მანძილზე მეგობრობდნენ. ამ ტიპის ალბომის შედგენა ქალბატონი ზინას დიდი სურვილი იყო. სიცოცხლის ბოლო ერთი წელი ის თავად აგროვებდა მასალებს... არაჩვეულებრივ, უდიდეს მსახიობს გაიხსენებენ საბა მეტრეველი, გია ბურჯანაძე და გოჩა კაპანაძე.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

საბა მეტრეველი:

"პატარაობიდანვე მეოცნებე იყო, გამოუსწორებელი რომანტიკოსი და ასეთი დარჩა სიცოცხლის ბოლომდე... 14 წლის ზინამ პიონერთა სასახლეში მხატვრული კითხვის კაბინეტს მიაშურა. სერგო ზაქარიაძე იყო პირველი ადამიანი, რომელმაც შეამჩნია, ნდობა გამოუცხადა და ირწმუნა მისი. რუსთაველის თეატრში ინსტიტუტის დამთავრებისთანავე მოვიდა და მოიტანა ემოცია, ამაღლებული ესთეტიკა, მეტყველი პლასტიკა, დახვეწილი ინტონაცია, მაღალი სასცენო კულტურა..."

"არც ის იყო შემთხვევითი, რომ ცხოვრების ბოლო პერიოდში, თუკი თეატრისგან თავისუფალი დრო ექნებოდა, გული მცხეთის სამთავროს წმინდა ნინოს დედათა მონასტრისკენ მიუწევდა. იქ იპოვა სულიერი შვება და სავანე... და რაც უნდა გასაოცარი იყოს, ზინაიდა კვერენჩხილაძე ერთადერთი ქართველი მსახიობია, რომელიც მონასტრის ეზოში დაიკრძალა 2011 წელს..."

გია ბურჯანაძე:

"სასტუმრო კარგად არ თბებოდა. ყოველ ღამე მესმოდა რაღაც ბაგაბუგი. ჯერ არაფერს ვამბობდი, ხმაური ისევ გაგრძელდა და ერთხელაც ქალბატონ ზინას ვკითხე: რა ხდება ნომერში ყოველ ღამით-მეთქი? რომ მცივა, დავრბივარ და ასე ვხურდებიო, - მიპასუხა. მერე ვიპოვეთ გამოსავალი: ფოთის წრიულ ავტობუსში ვსხდებოდით უკანა სავარძელზე, მოტორთან ახლოს, რომ კარგად გავმთბარიყავით. ორჯერ შემოვუვლიდით ქალაქს და თან რეპეტიციას გავდიოდით. ასე რომ, მედეასა და იაზონის დიალოგები ავტობუსში გვაქვს მომზადებული..."

გოჩა კაპანაძე:

"ხან მავთულზე შემომჯდარ მობუზულ ბეღურას ჰგავდა, ზოგჯერ - პანტერას, ხან კი ისე გააფთრდებოდა, რომ მოგაგონებდათ ბობოქარ ლომს, რომელსაც შეუძლია წალეკოს ირგვლივ ყველაფერი. ზინაიდა კვერენჩხილაძე ძალიან საინტერესო და ამოუცნობი პიროვნება იყო. ხანდახან გეგონებოდა, რომ შეისწავლე და უცებ, ისეთ ახალ ფერს გაჩვენებდა, ისეთ სხვა ზინად წარმოგიდგებოდა, რომ სახტად დარჩებოდი..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 10 ნოემბრის ნომერში წაიკითხავთ.

ნანული ზოტიკიშვილი