"ახლა საჭმელი ბევრი გვაქვს... რომ გავიზრდები, მინდა მეზღვაური გამოვიდე. ალბათ ავისრულებ ამ სურვილსაც" - კვირის პალიტრა

"ახლა საჭმელი ბევრი გვაქვს... რომ გავიზრდები, მინდა მეზღვაური გამოვიდე. ალბათ ავისრულებ ამ სურვილსაც"

"სამშობლო ჩემნაირი მშივრების ქვეყანაა, ალბათ რამდენი ბაღანეა ჩემსავით მშიერი, ეს არის სამშობლო ჩემთვის", - ეს სიტყვები 14 წლის ქობულეთელმა სერგი თურმანიძემ თქვა, ობოლმა ბიჭმა, რომლის უმძიმესმა ისტორიამ ამ დღეებში მთელი სოციალური ქსელი მოიცვა და ყველა ამ ბიჭის ბედზე აალაპარაკა.

ვიდეო „სიკეთის ქალაქის“ გვერდზე გამოქვეყნდა და გულგრილი მართლაც არავინ დაუტოვებია.

სერგი ქობულეთის სოფელ გორგაძეებში, დედასთან და და-ძმასთან ერთად ცხოვრობს. ოჯახი სოციალურად დაუცველია. ვიდეოში ობოლი ბიჭი ამბობდა, რომ მამის გარდაცვალებამ მისი ოჯახის ცხოვრება შეცვალა. მას შემდეგ ბიჭი ჯართს აგროვებს და იმ ფულით სახლში პური მიაქვს:

"ღელეში ჯართს ვაგროვებ, წვიმის მერე უფრო ბევრია ჯართი, 10-15 კილო, 5 ან 4 ლარამდე. მამა, რაც დაიღუპა, მას მერე ვაგროვებ...

მამა არ მყავს და ყველაფერი მხრებზე დამაწვა. ძალიან გამიჭირდა, საჭმელი არ გვაქვს. ვზივარ მთელი დღე და ვფიქრობ, რით ვუშველო ჩემს და-ძმას. ყველაზე მეტად მიძნელდება შეშის მარტო ჩამოყრა", - ამბობდა სერგი და იმასაც იხსენებდა, ამ ზაფხულს როგორ დადიოდა მზესუმზირით ხელში ზღვის სანაპიროზე, სახლში საჭმელი რომ მიეტანა. ორ თვეში 200 ლარი ვიშოვე მზესუმზირის გაყიდვითო.

მისი ცრემლები და ხმა, ალბათ ბევრ ადამიანს ახლაც არ ამოსდის გონებიდან....

როგორ ირკვევა, ამბავს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მეორე დღესვე, მის სახლში კეთილი ადამიანები პროდუქტებით დატვირთულები მივიდნენ. სერგი და მისი ოჯახი ხალხმა გაახარა, რადგან თანხა ანგარიშზეც ჩაირიცხა. ორი დღის შემდეგ, როცა სერგის დავუკავშირდი ძალიან გახარებული იყო.

თავის ემოციურ ამბავს სერგი "კვირის პალიტრას" უამბობს:

- მადლობა ყველას დახმარებისთვის, ახლა უკვე ყველაფერი მაქვს, საჭმელიც და მეტი რა უნდა ვთქვა. ისიც არ ვიცი, ის ქალბატონი (იგულისხმება სიუჟეტის ავტორი) ჩემთან ვინ გამოგზავნა.

- სერგი მიამბე შენზე.

- მე ვცხოვრობ გორგაძეებში და სკოლაში აქ დავდივარ. მყავს 13 წლის და, 4 წლის ძმა და დედა. მამა როცა ცოცხალი იყო, მთელ თანხას ჩვენს საჭმელში ხარჯავდა. გული სტკიოდა, წამლის ფულსაც საჭმელზე ხარჯავდა. დიდხანს იწვა საავადმყოფოში და იქ გარდაიცვალა. დავრჩით მარტო. ამის მერე გამიჩნდა საფიქრალი, ყველაფერი გვენატრებოდა, მამას გარდაცვალების მერე ყველაფერი ცუდი და ცუდი იყო. ბევრჯერ დამიძინია მშიერს, მამა რამეს ახერხებდა, ნერვიულობდა სახლის პირობების გამოც.

არ ველოდი, რომ ამდენი ხალხი დამეხმარებოდა, მადლობა ყველას. შარშან ახალი წელი რომ მოდიოდა, ჩემს ბიცოლას ვთხოვე დაეწერა "ფეისბუკზე", რომ ვინმეს ჩვენთვის საახალწლოდ ტკბილეული მოეტანა. მაშინ ბიცოლამ ანგარიშის ნომერი დადო, სულ 203 ლარი შემოვიდა, აქედან 200 ლარი მარი კაპანაძემ ჩარიცხა. მაშინ ვიდეოც ჩავწერე და მას მადლობა გადავუხადე. ახლა რაც მოხდა, ამას არ ველოდებოდი, ახლა საჭმელი ბევრი გვაქვს. მოდიან ადამიანები და მოაქვთ საჭმელი, ფულსაც გვჩუქნიან.

ალბათ ავისრულებ სურვილს და სახლსაც ცოტას მივხედავ, ფული თუ დაგვრჩა, ავეჯსაც შევიძენთ, მადლობა ყველას, ვინც დამეხმარა. სულ იმაზე ვდარდობდი, რა მიმეტანა სახლში, რადგან არ გვქონდა საჭმელი.

რომ გავიზრდები, მინდა მეზღვაური გამოვიდე. ალბათ ავისრულებ ამ სურვილსაც.

ახლა საჭმლის მარაგი გვაქვს და დიდი მადლობა. ჩემმა კლასელებმა და მასწავლებლებმა ტელევიზიით ნახეს ეს ვიდეო და მითხრეს, რატომ არ გვითხარი, საჭმლით ჩვენც დაგეხმარებოდითო. არ იცოდნენ ჩემს პირობებზე, რადგან ამაზე მე ხმამაღლა არ ვსაუბრობდი. ბევრი რამ შეიცვალა ამ დღეებში ჩემს ცხოვრებაში, საკვების პრობლემა აღარ არის და ეს ყველაზე დიდი შვებაა ახლა ჩვენთვის. ჯართს იმიტომ ვაგროვებდი, რომ პური არ გვქონდა. მეზობლებსაც ვეცოდებოდით და ისინიც შემოგვაწვდიდნენ ხოლმე საჭმელს.

როგორც სერგის ნათესავმა ინგა თურმანიძემ გვითხრა, ოჯახი ძალიან შეჭირვებულია და უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

ინგა თურმანიძე:

- მოვიდნენ ადამიანები და პროდუქტები მოუტანეს, უხაროდა სერგის, მაგრამ ამ სიხარულსაც დიდი სევდა და ტკივილი ახლავს, რადგან მამამისი ცოცხალი აღარ არის. გვერდზე გამიყვანა და მითხრა, ბიცოლა, ნეტავ მამაჩემის დროს ყოფილიყო ამდენი დახმარება, მამა ხომ ცოცხალი მეყოლებოდაო. სხვანაირი ბავშვია, თქვენ არ იცით, რა დიდი სტრესი აქვს მიღებული. მამამისს გული სტკიოდა, ლარიანი მედიკამენტების ჩამონათვალში არ შედიოდა ის წამლები, რაც ექიმებმა მას გამოუწერეს, ამიტომ წამალსაც ვერ ყიდულობდა საწყალი. ბევრჯერ წამალზე წასული, უკან წამლის გარეშე დაბრუნებულა, რამდენჯერ უთქვამს, ჩემთვის, წამალს როგორ ვიყიდი, როცა სახლში ბავშვები მშივრები მყავსო.

სერგი უმამობას ძალიან განიცდის. კარგი მამა დაკარგა ოჯახმა. ჯართს აკრიფავდა სერგი და ფული მამასთან მოჰქონდა, წამალი იყიდეო, ის კი არ ყიდულობდა - ბავშვი პეჩენიას რომ მთხოვს, როგორ ვუთხრა, ვერ ვყიდულობო, იტყოდა ხოლმე... ძალიან დარდობდა ოჯახზე.

სახლში პირობები საერთოდ არ აქვთ. მანდარინის ყუთები დგას იმ საწოლების ქვეშ, სადაც ბავშვებს სძინავთ. საშინელ პირობებში არიან. მამამისი რომ გარდაიცვალა ცხედრის დასასვენებელი ადგილი არ იყო, ამიტომ სახლის წინა კედელი და ერთი ოთახი მეზობლებმა შევათეთრეთ, რომ როგორმე ცხედარი იქ დაგვესვენებინა. შარშან, 28 აგვისტოს გარდაიცვალა. წელიწადი და 4 თვეა გასული, მანამდეც შეცვლილი იყო სერგის ცხოვრება, რადგან ოჯახს რომ უჭირდა, ის ცდილობდა მათ დახმარებას.

ფაქტობრივად, უწამლობით გადაიცვალა საწყალი მამა. ამათი დარდი გაყვა. მერე ამ ბავშვმა აიღო თავის თავზე ყველაფერი. შეშა ტყიდან მოაქვს, დედა და დაც ეხმარებიან შეშის ზიდვაში. ძალიან გვიხარია ყველას, რომ მათ ხალხი დაეხმარა, ეს ერთჯერადი დახმარებაა, ახლა საჭმლის მარაგი აქვთ, მაგრამ მთავარია, საცხოვრებელი პირობებიც მოეწყოს, რომ ბავშვებმა ნორმალურ პირობებში ცხოვრება შეძლონ.

მადლობა ყველას, ვინც ამ ოჯახს კიდევ გაუწვდის დახმარების ხელს და ვინც მათ ფეხზე დააყენებს. ძალიან მორიდებული ბიჭია სერგი, ბევრი საუბარი არ უყვარს. არასდროს არავის აწუხებს, ბავშვი გახარებულია. გამგეობაც დაჰპირდა დახმარებას, უთხრეს, რომ ტექნიკასაც შეუძენენ. 5000 ლარითაც დაეხმარებიან, მაგრამ ჯერ თანხა არ მიუციათ. ზამთარი მოდის და თუ საცხოვრებელი პირობები მოეწყობა, ამაზე დიდი სიხარული რა იქნება. სიკეთე ხომ არ იკარგება.

სერგის დახმარების მსურველებს შეუძლიათ ამ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა:

მიმღები 61004031012,

ირაკლი თხილაშვილი - სერგის ბიძა GE87BG0000000528034458

სერგისთან დაკავშირება შეგიძლიათ ნომერზე 555128162

(სპეციალურად საიტისთვის)