"პუტინმა დამარცხება აღიარა...რუსეთი ახლა დაზავებას იხვეწება" - კვირის პალიტრა

"პუტინმა დამარცხება აღიარა...რუსეთი ახლა დაზავებას იხვეწება"

სომხური გამოცემა "ლრაგირი" («Լրագիր»//«Lragir») აქვეყნებს სარედაქციო კომენტარს სათაურით - "პუტინმა დამარცხება აღიარა", რომელშიც რუსეთის სარდლობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას - რუსული ჯარების მიერ ოკუპირებული ხერსონის დატოვებას ეხება.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

"ხერსონიდან რუსეთის ჯარის დნეპრის მარცხენა ნაპირზე გაყვანით ვლადიმერ პუტინმა უკრაინასთან ომში დამარცხება აღიარა. ახლა საქმე ის კი არ არის, თუ რომელი "ტერიტორია გაიყინება" და წინ როგორი მოლაპარაკება იქნება, საქმე ისაა, რომ კრახი განიცადა პუტინის რუსეთის სტრატეგიამ, რაც დიდად განსაზღვრავს პროცესების განვითარებას როგორც რუსეთის გარეთ, ისე - მის შიგნით.

ვლადიმერ პუტინის ბაგეთაგან ინტერვენციის დაწყების წინ გაჟღერებული ყველა განცხადება შესრულებულია, ოღონდ - უკუმოქმედებით, ხოლო კრემლის ყველაზე მთავარი ამოცანა - მსოფლიოს თანაბრად გაყოფა რუსეთსა და ამერიკას შორის, რომელიც ულტიმატუმის სახით იყო ჩამოყალიბებული, ჩაიფუშა. საბოლოო ჯამში, მოსკოვი იქამდე მივიდა, რომ სრულიად დამოკიდებული გახდა აშშ-ზე [და სიტყვის თქმას ვერ ბედავს] იმ საკითხშიც კი, რომელიც უკრაინისადმი იარაღის მიწოდებას ეხება. რუსეთის ბედი ახლა ამერიკის ნებაზეა დამოკიდებული.

უკრაინის ომმა გაფანტა კრემლის მიერ ათწლეულების განმავლობაში შეთხზული მითები რუსეთის არმიისა და რუსული იარაღის ძლიერებაზე, ქვეყნის სიდიადეზე და მის განსაკუთრებულ მისიაზე. უკრაინის ომით არა მარტო ნიღაბი ჩამოეხსნა რუსული სახელმწიფოს ნამდვილ მიზნებს, არამედ - აჩვენა რუსების რეალური სახე ყველა სფეროში.

ხერსონიდან უკან დახევას შეიძლება, არ აქვს სამკვდრო-სასიცოცხლო მნიშვნელობა სამხედრო თვალსაზრისით, მაგრამ უეჭველია, ომის მსვლელობაში გარდამტეხი მომენტი გახდება. ხერსონში განცდილი მარცხი ვლადიმერ პუტინისათვის უკუათვლის მორიგ წერტილად იქცევა, ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაში. მან ხომ ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები რუსეთის ნაწილებად "სამუდამოდ" გამოაცხადა, ახლა კი უკან აბრუნებს იმას, რაც მიიტაცა და თავისად გამოაცხადა. რასაკვირველია, ამ მხრივ ხერსონის დატოვება მძიმე დარტყმა იქნება რუსული საზოგადოების 80%-ისათვის, რომელიც დეგრადირებულია კრემლის პროპაგანდით რუსეთის ძლიერების თაობაზე.

რუსეთი ახლა დაზავებას იხვეწება, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე. ვლადიმერ პუტინი ნიკოლ ფაშინიანის როლში აღმოჩნდა და ეს შემთხვევითი არ არის: კრემლს ძვირად უჯდება სომხეთის ორი წლის წინანდელი დამარცხება. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ