დნეპრთან, საპონტონე გადასასვლელებზე, რუსული ტანკების საცობების განადგურების დრო დაუდგათ უკრაინელ არტილერისტებს... - კვირის პალიტრა

დნეპრთან, საპონტონე გადასასვლელებზე, რუსული ტანკების საცობების განადგურების დრო დაუდგათ უკრაინელ არტილერისტებს...

სიტყვა - საცობი უეჭველია, ბევრ ჩვენგანში ძალიან დიდ უარყოფით ემოციებს აღძრავს, რადგან მისი "მსხვერპლი" თითქმის ყოველდღიურად, ორჯერ ვხდებით მანქანებით გადატენილ თბილისის ქუჩებში...

მაგრამ ტანკებითა და ჯავშანმანქანებით შექმნილი საცობი ბევრ თქვენგანს არ უნახავს (შეიძლება მათი გამოკლებით, ვინც 2008 წლის 8 აგვისტოს, გამთენიისას, ზემო ნიქოზი-ცხინვალის გზაზე იმყოფებოდა), არადა, სწორედ ეს ხდება ამ წუთებშიც უკრაინაში, მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე, საიდანაც გაქცევის მსურველი რუსი ოკუპანტები სასწრაფოდ ცდილობენ მანამდე თვეობით დაპყრობილი ხერსონის ოლქის სწრაფად დატოვებას და მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გადასვლას.

უკრაინაში შეჭრიდან მალევე რუსმა ოკუპანტებმა მოახერხეს მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე დესანტირება, რისთვისაც დნეპრზე გადებული სამი გადასასვლელი - ანტონოვის საავტომობილო ხიდი, სარკინიგზო ხიდი და ნოვაია კახოვკას კაშხლის პატარა ხიდი და დამბა გამოიყენეს (თუ რატომ არ ააფეთქა თავიდანვე ეს გადასასვლელები უკრაინულმა მხარემ, სხვა საკითხია და მას დიდი ღალატის სუნი ასდის).

ეს უთუოდ დიდი სამხედრო წარმატება გახლდათ რუსი დამპყრობლებისთვის - დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე პლაცდარმის შექმნით ისინი ჯერ მიკოლაევის აღებას, შემდეგ ოჩაკოვისა და ოდესის დაპყრობას და მოლდოვის სეპარატისტული დნესტრისპირეთისკენ სახმელეთო დერეფნის გაჭრას გეგმავდნენ, რაც უკრაინას შავ ზღვაზე გასასვლელს სრულიად ჩაუკეტავდა.

მაგრამ რამდენიმე, წმინდა სამხედრო-ტექნიკურმა საშუალებამ და მათი გამოყენების სწორმა ტაქტიკამ, კრემლს ეს გეგმები ჩაუშალა.

პირველი - ოდესა-ოჩაკოვის სანაპირო წყლებში საზღვაო ნაღმების განთავსებამ შეუძლებელი გახადა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მიერ დიდი სადესანტო ხომალდებიდან მნიშვნელოვანი რაოდენობის საზღვაო დესანტისა და საბრძოლო ტექნიკის გადასხმა, რამაც დახმარების გარეშე დატოვა დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე შეჭრილი რუსი ოკუპანტების სახმელეთო დაჯგუფება. შედეგად, ვეღარ განვითარდა წარმატებული შეტევები მიკოლაევის მიმართულებით.

მეორე - ამერიკული მხარისა და სხვა დასავლელი პარტნიორების მიერ მიწოდებული "ჰაიმარსის" მართვადი რაკეტებითა და "ექსკალიბურის" მართვადი ჭურვებით უკრაინელმა არტილერისტებმა სისტემატური დარტყმებით მოახერხეს ანტონოვის საავტომობილო და სარკინიგზო ხიდების ისე დაზიანება, რომ მათზე მძიმე ტექნიკის გატარება შეუძლებელი აღმოჩნდა.

არა ერთხელ იქნა დაზიანებული ნოვაია კახოვკას ელექტროსადგურის კაშხლის პატარა ხიდიც, მაგრამ რუსმა სამხედროებმა მის ქვეშ ბალასტი ჩაყარეს და ისე გააგრძელეს მისი ექსპლუატაცია.

რუსი ოკუპანტების პირადი შემადგენლობისა და საბრძოლო ტექნიკის ევაკუაცია დნეპრის მარცხენა სანაპიროზე მხოლოდ შემდეგი გზებითაა შესაძლებელი - ნოვაია კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის პატარა ხიდით და ანტონოვის ხიდის სიახლოვეს მოქმედი საპონტონე ხიდებითა და მცურავი ბარჟებით.

საგულისხმოა, რომ 10 ნოემბრის ღამეს განხორციელდა დიდი აფეთქება ისედაც დაზიანებულ სარკინიგზო ხიდზე, რომელმაც მისი ორი ნაწილი ჩამოშალა.

ამ აფეთქების დიდი ძალა უფრო იმაზე მიუთითებს, რომ ეს იყო არა უკრაინული "ჰაიმარსების" მორიგი სარაკეტო დარტყმა, არამედ - რუსი მესანგრეების მიერ ხელით განხორციელებული დანაღმვის შედეგი - რუსი ოკუპანტები გამორბიან რა ხერსონის ოლქიდან, აფეთქებენ და ანადგურებენ ყველაფერს დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე, მათ შორის - ხიდებსაც, რათა შემდგომ უკრაინის არმიას გაუჭირდეს დნეპრის მარცხენა სანაპიროს გათავისუფლების ოპერაციის დაწყება...

1-f-1668153161.png
უკრაინელებმა ერთხელ ეს უკვე შეძლეს, როდესაც მაისში ხარკოვის ოლქში, მდინარე სევერსკი დონეცის (ჩრდილოეთის დონეცი) საპონტონე ხიდით გადალახვის მცდელობისას, საცობში აღმოჩენილი რუსული ჯავშანტექნიკა გადაბუგეს. რატომ უნდა გაუჭირდეთ იმავეს გამეორება დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე?

ეხლა უკრაინელ არტილერისტებს ყველაზე კარგი დრო დაუდგათ, მასობრივი საცეცხლე დარტყმები განახორციელონ მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე, საცობში თავმოყრილი რუსი ოკუპანტების იმ მძიმე ტექნიკისა და პირადი შემადგენლობის გასანადგურებლად, რომლებიც დროებით აგებული საპონტონე ხიდებისა და მცურავი ბარჟების მეშვეობით ცდილობენ, თავს უშველონ და დნეპრის მარცხენა სანაპიროზე რაც შეიძლება მალე გადაბარგდნენ...

ამისთვის უკრაინის არმიას აღარ დასჭირდება მხოლოდ ძვირად ღირებული და შეზღუდული რაოდენობის შორსმსროლელი "ჰაიმარსის" რაკეტებისა და "ექსკალიბურის" ჭურვების გამოყენება, რადგან ყოველ საათს უკრაინელი სამხედროები უფრო და უფრო უახლოვდებიან დნეპრს, მათ ქალაქ ხერსონიდან მხოლოდ 15-იოდე კმ თუ აშორებთ, რაც უკრაინის არტილერიას საშუალებას აძლევს, ძველი, საბჭოთა 152 და თვით 122 მმ კალიბრის ჭურვებითაც კი მისწვდნენ დნეპრის მარჯვენა ნაპირთან ბარჟების რიგში თავმოყრილ რუს ოკუპანტებსა და მათ ტანკებს...