გიორგი ჩალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე საკუთარ კანდიდატურას წარადგენს - კვირის პალიტრა

გიორგი ჩალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე საკუთარ კანდიდატურას წარადგენს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ჩალაძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე საკუთარ კანდიდატურას წარადგენს.

როგორც ჩალაძე განმარტავს, დრო არ ითმენს და საჭიროა კოორდინირებული მოქმედება.

„პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს! დრო არ ითმენს. საჭიროა ეფექტური მოქმედება შედეგით - მიშას თავისუფლება. ფაქტია, დღემდე ეს ვერ მოხერხდა. სასიცოცხლოდ აუცილებელია მოკლე დროში შედეგის დადება - მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება! არ ვაპირებ დროის კარგვას წარსულზე, მას ვერ შევცვლი, მაგრამ შეგვიძლია მომავალი შევქმნათ ერთად!

ამისთვის კი თავდადებასთან ერთად უმძიმესი შრომა, უდიდესი პასუხისმგებლობა, თანმიმდევრული, ორგანიზებული და სისტემური მოქმედებაა საჭირო. პარტია არის ის ინსტრუმენტი, რომელიც შეუცვლელია ამ ბრძოლაში.

მე მზად ვარ ავიღო პასუხისმგებლობა და ჩვენს ერთგულ, მებრძოლ, უღალატო ამომრჩეველთან ერთად მივიყვანო ბრძოლა ბოლომდე, რომელიც დასრულდება მიშას გათავისუფლებით.

მე მჭირდება ყველა თქვენგანის დახმარება ამ საერთო მიზნის მისაღწევად. ხალხის ძალა, იდეის ერთგულება და სიმამაცე - ეს ყველაფერი ერთად არის გამარჯვების ფორმულა.

ამიტომ მე დავაყენებ ჩემს კანდიდატურას არჩევნებში, რომელიც უნდა ჩატარდეს ჩვენს გაუტეხელ ამომრჩევლებს შორის აქ და ემიგრაციაში, იმ წესებით და პირობებით, რომელიც ხალხის ნებას უტყუარად ასახავს. მჯერა ამას უზრუნველყოფს პარტიის პოლიტსაბჭო.

დრო არ ითმენს. საჭიროა კოორდინირებული მოქმედება დაუყოვნებლივ როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის გარეთ. მიშა უნდა გათავისუფლდეს!

ჩემთვის ეს არის პროექტი - თავისუფლება მიშას! მჯერა ამ საქმეში ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ“,- წერს ჩალაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ნაწილი შიდაპარტიული არჩევნების ჩატარებას ითხოვს. კერძოდ, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ნადირაძემ და რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ბრიფინგი 9 ნოემბერს გამართეს, სადაც მოითხოვეს, რომ პარტიის პოლიტსაბჭო და სამდივნო ხელახლა დაკომპლექტდეს და ასევე, აირჩეს პარტიის ახალი თავმჯდომარე.

აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა, "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია. როგორც მან აღნიშნა, მზად იყო და მზად არის მონაწილეობა მიიღო ნებისმიერი ტიპის არჩევნებში.

IPN