"ყველანაირი დამამცირებელი კომენტარი დაწერეს... იყო კიბერბულინგი და ვირუსივით მოედო ჩვენი ფოტო, ყველაზე ცუდი კადრი იყო ამოჭრილი ვიდეოდან" - კვირის პალიტრა

"ყველანაირი დამამცირებელი კომენტარი დაწერეს... იყო კიბერბულინგი და ვირუსივით მოედო ჩვენი ფოტო, ყველაზე ცუდი კადრი იყო ამოჭრილი ვიდეოდან"

როგორც ცნობილია, 7 ნოემბერს ერეკლეობა გაიმართა, ბატონის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა პავილიონი მოეწყო, ორგანიზატორებმა სტუმრებს არა ერთი შემეცნებითი და გასართობი აქტივობა შესთავაზეს... ღონისძიებაში მონაწილეობდა წარმატებული ხელოვანი - მაგდალინა ჭიჭიაშვილი, რომელიც დარეჯან დედოფლის როლს განასახიერებდა... სამწუხაროდ, ინტერნეტსივრცეში იგი ძალიან დიდი თავდასხმის მსხვერპლი გახდა...

მაგდალინა ჭიჭიაშვილი შემოქმედებით წარმატებებზე "კვირის პალიტრას" ესაუბრება:

- ჩემი ცხოვრება მუსიკით დაიწყო. დედა მუსიკოსია, გამუდმებით მქონდა კონტაქტი მუსიკასთან - მოცარტი, ბახი, შოპენი, ბეთჰოვენი... სანამ სიმღერას შევძლებდი, ამ მუსიკაზე მთელი დღე გაუჩერებლად ვცეკვავდი, შემდეგ რითმებს ხმა ავაყოლე და ნელ-ნელა დავიწყე სიმღერა, ალბათ, 3 წლიდან - ლექსები, სიმღერები...

საბედნიეროდ, ჩემი მუსიკალური და შემოქმედებითი გემოვნების ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი დედას და ოჯახს მიუძღვის... დედასთან ერთად პიანინოს არ ვშორდებოდი, ვმღეროდი, პარალელურად, მუდმივად ახალ მუსიკას ვეძებდი. ასე აღმოვაჩინე 4-5 წლის ასაკში ჯაზი - ელა ფიცჯერალდი და ლუი არმსტრონგი... ეს სულ სხვა საფეხური იყო. მე და ჩემი და თეატრალიზებულ კონცერტებს ვდგამდით, აქტიურები ვიყავით იმ ბნელ, 1990-იან წლებში. დედა პიანინოსთან დაჯდებოდა, ლამფის შუქზე ჩვენი სახლიდან სულ მუსიკის ხმა გადიოდა. ამას ემატებოდა ეკლესიაში გალობა და მრავალხმიანობა, რომელმაც კიდევ ერთი გადამწყვეტი როლი შეასრულა ჩემი გემოვნების ჩამოყალიბებაში...

ამ ყველაფრის პარალელურად, ბავშვობიდან მიყვარდა ხატვა. ძირითადად, ტანსაცმლის დიზაინს ვქმნიდი, ყველაფერზე ვხატავდი - სკოლის რვეულებში, წიგნებში, კედლებზე, ფანჯრებზე... ბევრი რომ არ გავაგრძელო, ყველანაირი შემოქმედებითი აქტივობა მაინტერესებდა, მათ შორის - წერაც. ვწერდი და ახლაც სოფელში მაქვს უამრავი დღიური, ჩანაწერი, ფურცელი. დიდი შემოქმედებითი ენერგია მქონდა, გამოვხატავდი და კახეთში იმდენად ვიყავი ხელოვნებაში ჩართული, როგორც იმ რთულ პერიოდში შემეძლო, თუმცა შეზღუდული ვიყავი. ახალი იდეები და სიახლეები ჯერ კიდევ იმ დროს მაინტერესებდა და მაწუხებდა, როცა ბევრი ინფორმაცია არ არსებობდა. სამწუხაროდ, გაჭირვებამ, გარემო აზროვნებამ რაღაც პერიოდში ჩამკეტა. ვერ ვვითარდებოდი. არ მქონდა არც არჩევანი, არც შესაძლებლობა, არც ძლიერი საყრდენი.

- თბილისში როდის გადმოხვედით?

- 15 წლისამ ჩავალაგე ბარგი და თბილისში გადმოვედი. აქ იყო ბრძოლა, გაჭირვება, მუშაობა, იმედგაცრუება, ძიება... ამ ყველაფერმა ცოტა წელი არ წაიღო... მიუხედავად ამისა, ვსწავლობდი მეორე მუსიკალურ სასწავლებელში, საფორტეპიანო ფაკულტეტზე, ნიჭიერთა ათწლედში - ვოკალურ ფაკულტეტზე და თოიძეში - დიზაინზე...

პარალელურად, სიახლეებს ვეძებდი - ვცადე როკისა და ფოლკლორის შერწყმა და როკ-ჯგუფში ვმღეროდი... რამდენიმე წელი დამჭირდა, მივმხვდარიყავი და მივსულიყავი კონსერვატორიამდე, ჩემი მასწავლებლის დიდი დამსახურებით. ჩავაბარე და ბაკალავრიატის 4 და მაგისტრატურის 2 არაჩვეულებრივი წელი გავატარე იქ. ვიყავი სტიპენდიატი, ვმღეროდი ყველა კონცერტზე, მქონდა სოლო კონცერტები, სპექტაკლები, სტუდენტური გასვლები, მოკლედ, ძალიან აქტიური სტუდენტი ვიყავი... პარალელურად, დამიბრუნდა და აღვიდგინე ხატვის სურვილი, ასევე, ვქმნიდი ხელნაკეთ აქსესუარებს... ვასწავლიდი გალობას.

- შემდეგ იტალიაში გაემგზავრეთ?

- 2018-19 წლებში ჩავაბარე იტალიაში, ვოკალურ აკადემიაში. ფანტასტიკური ერთი წელი იყო - კონცერტებით, სპექტაკლებით, სიახლეებით. ყველაფერი ისე კარგად იყო, დიდ იმედებს ვამყარებდი, მიუხედავად გაჭირვებისა... მაგრამ შემდეგ დაიწყო კოვიდი და შავი პერიოდი. ნელ-ნელა იმედიც იწურებოდა, ჩაკეტილობა, შემოქმედებითი შეზღუდულობა დიდხანს გაგრძელდა... ყველაფერმა იმოქმედა ჩემს მენტალურ და ფსიქოლოგიურ მხარეზე, სხვაგვარი გახდა შემოქმედებაც, უფრო რეალური და მარტივი... დამოკიდებულებებიც ნელ- ნელა გამოიკვეთა, ბუნებრივი მდგომარეობაც, მეტად დავუახლოვდი ჩემს თავს და ხელოვნებას.

2021 წელს კონცერტების და ფესტივალების სერია აღდგა. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო დანტე ალიგიერის 700 წლის იუბილეზე შესრულებული კონცერტები - მის მუზეუმში, რავენას სხვადასხვა ქალაქში. 2021 წელს დავასრულე აკადემია... 2022 წლის მარტში ჩამოვედი საქართველოში. ახლა ბავშვებს ვასწავლი, თან ვემზადები შემდეგი ეტაპებისთვის - მოსმენებისთვის, კონცერტებისთვის და იმედი მაქვს, მალე სპექტაკლებისთვისაც.

ამასთან ერთად, რამდენჯერმე მიმიღია მონაწილეობა ღონისძიებებში - სხვადასხვა პერსონაჟს განვასახიერებდი, 2017 წელს რაბათში, შემდეგ თბილისობაზე - ქართული კოსტიუმებით ძველი და ახალი ეპოქის თანხვედრის... აგვისტოში ვითანამშრომლე ერთ-ერთ სარეკლამო სააგენტოსთანაც - ძაღლს რომ "ვეძებთ" მთელი ეზო.

ბოლო, თელავის ღონისძიებასთან დაკავშირებით, მეგობარმა დამირეკა და მკითხა, თუ მსურდა მონაწილეობა მიმეღო და მომერგო დარეჯან დედოფლის როლი... ვინაიდან მე ამ ადამიანებს ვიცნობდი და სასიამოვნო მოგონებები მქონდა, ცხადია, დავთანხმდი. სრულიად უწყინარი, საყვარელი და მეგობრული დღე იყო. ყველაფერი ძალიან კარგი გამოვიდა. ბევრი აქტივობა, ლამაზი კონცერტი, ღონისძიება, ფარიკაობა, ინტერვიუები... შემდეგ რა მოხდა, აი, ეს უკვე არ ვიცი. რაღაც გაუგებრობა - კიბერბულინგი და ვირუსივით მოედო ჩვენი ფოტო, რომელიც ამოჭრილი იყო ვიდეოდან და ყველაზე ცუდი კადრი იყო, ყველანაირი დამამცირებელი კომენტარი დაწერეს, რაც შეიძლებოდა და ახლაც არ ვიცი, რატომ.

maxresdefault-1668165630.jpg

- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

- ჩემი გეგმები და მომავალი ძალიან ბევრ რამეს უკავშირდება. მინდა, ჩემი თავი ჩემი პროფესიით, შემოქმედებით გავაცნო საზოგადოებას, სიმღერით, თუ სათანადოდ ვიმუშავებ, ხატვითაც, თეატრალური შემოქმედებით. პარალელურად, ცოტ-ცოტასაც ვწერ. ასევე, ვგალობ სიონის საკათედრო ტაძარში, სამებაშიც, როდესაც დღესასწაულებია. დისკიც გამოიცა, სადაც ჩემი შესრულებით არის "კირიე ელეისონ". პატრიარქთან ვგალობ ხოლმე და მის დაბადების დღეზეც რამდენჯერმე მომეცა საშუალება, მემღერა.

მინდა, აქაც დავიმკვიდრო თავი, ძალიან მიყვარს ჩვენი ქვეყანა... სულ ვცდილობ, კარგი დავინახო. ხანდახან დამცინიან კიდეც ჩემი ახლობლები, აქ რატომ რჩებიო? როცა ყოველთვის შესაძლებელია წასვლა... მე ცოტა სხვანაირად მინდა, სხვა ფერებში ვხედავ რაღაცებს, ვცდი და ვნახოთ, რა როგორ იქნება.

(სპეციალურად საიტისთვის)