"საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ეს არის რუსეთის ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური მარცხი" - როგორ აფასებენ ხერსონის დატოვებას რუსი პროპაგანდისტები? - კვირის პალიტრა

"საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ეს არის რუსეთის ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური მარცხი" - როგორ აფასებენ ხერსონის დატოვებას რუსი პროპაგანდისტები?

9 ნოემბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ქალაქ ხერსონიდან რუსული ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა.

ეს ბრძანება შოიგუმ რუსეთის გაერთიანებული დაჯგუფების მეთაურის, სერგეი სუროვიკინის მოხსენების შემდეგ გასცა. სუროვიკინის თქმით, ხერსონში განლაგებული სამხედრო ნაწილების მომარაგება და ეფექტიანი ფუნქციონირება, შექმნილ ვითარებაში შეუძლებელია.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცხადება არ მოეწონათ რუს პროპაგანდისტებს, რომლებიც მედიასა თუ სოციალურ ქსელებში აქტიურად უჭერენ მხარს ვლადიმერ პუტინის აგრესიულ პოლიტიკას. აღნიშნული გადაწყვეტილება მათთვის იმდენად მიუღებელი აღმოჩნდა, რომ ვრცელი პოსტები თუ ვიდეომიმართვები მიუძღვნეს შოიგუს ბრძანებას.

ხერსონიდან ჯარების გაყვანის ბრძანებას გამოეხმაურა რუსი პროპაგანდისტი და პოლიტოლოგი, სერგეი მარკოვი:

"საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ეს არის რუსეთის ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური მარცხი. ამ მარცხის შედეგები, რეალურად, ძალიან მტკივნეული იქნება", - განაცხადა მარკოვმა.

მისი აზრით, ხერსონთან განცდილი მარცხის მიზეზი რეალური ომისგან თავის არიდება და კრიტიკული გადაწყვეტილებების დაგვიანებაა.

ხერსონის დატოვების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა RT-ის რედაქტორი და პუტინის პოლიტიკის უპირობო მხარდამჭერი მარგარიტა სიმონიანიც:

„იქამდე, სანამ არმია არსებობს, არის იმედი ომის ღირსეულად დასრულების. არმიის დაკარგვით არა მხოლოდ მოსკოვი, მთელი რუსეთი დაიკარგება“, - კუტუზოვი.

შეცვალეთ სიტყვა „მოსკოვი“ „ხერსონით“ და ასე ყველაფერი ნათელი გახდება.

ზუსტად ვიცი, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება, არავისთვის არ იყო ადვილი - არც მათთვის, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო და არც ჩვენთვის, ვინც ხვდებოდა, რომ ასე მოხდებოდა და ლოცულობდა, რომ ეს არ მომხდარიყო“, - დაწერა მარგარიტა სიმონიანმა ტელეგრამ-არხზე.

314583294-2038681509655430-1808687479084366530-n-1668158641.jpg

აღსანიშნავია, რომ რუსმა ჟურნალისტმა კირილ ნაბუტოვმა, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომის წინააღმდეგ გამოდის, დასცინა მარგარიტა სიმონიანს და ვლადიმერ სოლოვიოვს და მათ იდიოტები უწოდა, რადგან კრემლის პროპაგანდისტებმა ხერსონის დატოვება პოლტავის 1709 წლის ბრძოლას შეადარეს.

ნაბუტოვმა აღნიშნა, რომ იმ პერიოდში რუსული არმია პეტრე პირველის ხელმძღვანელობით საკუთარ ტერიტორიას იცავდა და არ გამოდიოდა აგრესორის როლში, როგორც ახლა ხდება.

„ტელეეკრანის გმირები მარგო და ვოვა სალავიოვი მთელი დღე ხერსონზე საუბრობდნენ. რა თქმა უნდა, ისინი რუსეთის იმპერიის ისტორიიდან ამოდიოდნენ... აქ ერთი მცირე განსხვავებაა იდიოტებო, პოლტავაში და ბოროდინოში რუსული არმია არ იყო აგრესორი, ის თავს იცავდა. ასე რომ, თქვენ გმირები აგერიათ მეგრობრებო და მთელი ეს პათოსი შეგიძლიათ უკრაინის თავდაცვის ძალებისკენ მიმართოთ. სხვათაშორის, მათ როგორც კუტუზოვმა მოსკოვი - ჯერ ხერსონი დათმეს... და ვინ არის აგრესორი?

სალავიოვი ჭკვიანი აღმოჩნდა და ამ საკითხზე სხვისი პოსტი გააზიარა, თავად არაფერი დაუწერია. მარგო უფრო სულელი აღმოჩნდა, კუტუზოვის ციტირება მოახდინა“, - დაწერა ჟურნალისტმა. (წყარო)