"ამერიკელი მაღალჩინოსანი გენერალი უკრაინის საკითხში დიპლომატიისაკენ მოუწოდებს, ჯო ბაიდენის მრჩევლები კი მას ეწინააღმდებიან" - რას წერს The New York Times? - კვირის პალიტრა

"ამერიკელი მაღალჩინოსანი გენერალი უკრაინის საკითხში დიპლომატიისაკენ მოუწოდებს, ჯო ბაიდენის მრჩევლები კი მას ეწინააღმდებიან" - რას წერს The New York Times?

აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ამერიკელი მაღალჩინოსანი გენერალი უკრაინის საკითხში დიპლომატიისაკენ მოუწოდებს, ჯო ბაიდენის მრჩევლები კი მას ეწინააღმდებიან“ (ავტორი - პიტერ ბეიკერი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

აშშ-ის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში უკრაინასთან დაკავშირებულ საკითხზე უთანხმოება გაჩნდა - საჭიროა თუ არა უკრაინას მოეთხოვოს რუსეთთან ომის დიპლომატიური გზით დასრულება? ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსანი - შტაბების უფროსების გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი მარკ მილი მოლაპარაკების დაწყებისკენ მოუწოდებს, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მრჩევლები კი ამბობენ, რომ მოლაპარაკება ჯერ-ჯერობით ნაადრევია.

როგორც ინფორმირებული წყაროები იტყობინებიან, ბოლო დღეებში მარკ მილს არაერთხელ უთქვამს სამსახურებრივ თათბირებზე, რომ უკრაინელებმა ბრძოლის ველზე იმ წარმატებას უკვე მიაღწიეს, რისი მიღწევაც ზამთრის დასაწყისამდე სურდათ, ახლა კი საჭიროა მიღწეულის განმტკიცება მოლაპარაკების მაგიდასთან [შესაბამისი დოკუმენტის გაფორმებით]. მაგრამ სხვა მაღალჩინოსნები ამის წინააღმდეგნი არიან და თვლიან, რომ ამ ეტაპზე არცერთი მხარე არ არის მზად მოლაპარაკებისათვის, მით უმეტეს, რომ საბრძოლო მოქმედებების შეჩერება ვლადიმერ პუტინს ძალთა გადაჯგუფების შესაძლებლობას მისცემს. ჯო ბაიდენის მრჩევლების აზრით, ალბათ, დადგება იმის დრო, რომ კონფლიქტი დიპლომატიური გზით მოგვარდება, მაგრამ რადგანაც ეს მომენტი ჯერ არ დამდგარა, „ამიტომ არ არის საჭირო უკრაინელებზე ზეწოლა მოვახდინოთ და მოვუწოდოთ შეჩერდნენ იმ დროს, როცა ისინი ინიციატივას ფლობენ“.

წყაროები, რომლებიც აშშ-ის ხელისუფლებაში მიმდინარე ამ დავა-კამათზე მიუთითებენ, ანონიმურობის პრინციპს იცავენ, რადგან მათ არ აქვთ უფლებამოსილება კომენტარი გაუკეთონ ამ დელიკატურ საკითხს, თუმცა ინფორმაციის გაჟონვა მაინც მოხდა - გენერალმა მარკ მილმა მინიშნებებით ისაუბრა თავის რეკომენდაციებზე: „მომენტი ხელიდან არ უნდა იქნეს გაშვებული“, - განაცხადა მან ნიუ-იორკში გამოსვლისას.

გენერალმა ხუთშაბათს ტელეარხ CNBC-ის ეთერში, ინტერვიუს დროს, კვლავ ამ საკითხზე ილაპარაკა: „ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ შეაჩერეს უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის არმია [და უკან დაახევინეს]. რა თქმა უნდა, შეუძლებელია დარწმუნებით ვთქვათ, რა მოხდება მომავალში, მაგრამ მაინც ვთვლით, რომ უკვე არსებობს გარკვეული წინამძღვრები საომარი სიტუაციის დიპლომატიური დარეგულირებისათვის“.

მაგრამ საქმე იმაშია, რომ თეთრი სახლს არ სურს ზეწოლა მოახდინოს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე და მისგან ტერიტორიული დათმობა მოითხოვოს რუსი დამპყრობლების წინაშე იმ პირობებში, როცა მოსკოვმა თავისი ჯარი ხერსონიდან გაიყვანა

„შეერთებული შტატები უკრაინაზე ზეწოლას არ ახდენს, - თქვა პარასკევს აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა, - ჩვენ კიევისგან არაფერს არ ვითხოვთ. ჩვენ უკრაინასთან პარტნიორულ კონსულტაციებს ვაწარმოებთ და მხარს ვუჭერთ როგორც მორალურად, ასევე პრაქტიკულად - საგრძნობ სამხედრო დახმარებას ვუწევთ, რაც ახლახანს განვაცხადეთ“.

მართლაც, პენტაგონმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას გაუწევს 400 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღით, რომელშიც, სხვათა შორის, პირველად შედის „ავენჯერის“ ტიპის თვითმავალი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები, ასევე რაკეტები „ჰაიმარსისთვის“, საარტილერიო ჭურვები, ყველგანმავლები და ზამთრის ფორმა სამხედრო მოსამსახურეებისათვის. ამავე დროს პენტაგონმა უარი უთხრა უკრაინას მძლავრი დრონების MQ-1C-ის მიწოდებაზე, რადგან შიშობს, რომ ამ უპილოტო საფრენი აპარატებით უკრაინელები დარტყმებს მიაყენებენ რუსეთის ტერიტორიას და ამით სიტუაციის ესკალაციას გამოიწვევენ.

დიპლომატიური მოლაპარაკებებისადმი დამოკიდებულების საკითხმა ბოლო დროს ატლანტიკის ორივე ნაპირზე დისკუსიის დაწყება განაპირობა. ამერიკელი, უკრაინელი, რუსი და ევროპელი ექსპერტები ცდილობენ გაშიფრონ ის წინააღმდეგობრივი სიგნალები, რომლებიც ვაშინგტონიდან მოდის.

გასულ კვირას ჯეიკ სალივანი კიევში იმყოფებოდა. მისმა ვიზიტმა გააჩინა იმის შთაბეჭდილება, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ვოლოდიმირ ზელენსკის თითქოსდა მოუწოდებს, რომ მან მზადყოფნა გამოხატოს რაღაც ფორმით მოლაპარაკების სასარგებლოდ, თუმცა ამერიკელი ოფიციალური პირები ამას უარყოფენ. მათი თქმით, შეხვედრის დროს ძირითადად სამხედრო საკითხები იქნა განხილული. საუბრის დროს ჯეიკ სალივანმა ვოლოდიმირ ზელენსკის შესთავაზა მოიფიქროს, თუ როგორი შეიძლება იყოს „სამართლიანი მშვიდობა“, როცა მოლაპარაკების დრო დადგება. სხვათა შორის, ასეთივე ფრაზა გაისმა უფრო ადრეც, გასულ თვეში, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების მხრიდანაც.

ამ საკითხში შექმნილი გაურკვევლობა კიდევ უფრო გაართულა ჯო ბაიდენის ორაზროვანმა კომენტარმა პრეს-კონფერენციაზე. კითხვაზე, აქვს თუ არა ამჟამად ამერიკას უკრაინაზე ზეწოლის ბერკეტები მოლაპარაკების დაწყების მიზნით, პრეზიდენტმა ყოყმანით უპასუხა - „ჯერ-ჯერობით გაურკვეველია, საჭიროა თუ არა განხილვა იმისა, მზად არის თუ არა უკრაინა რუსეთთან კომპრომისისათვის“.

რეპორტიორები პრეზიდენტს „მიაწვნენ“ და ჰკითხეს, აქვს თუ მას მხედველობაში ის, რომ უკრაინამ რუსეთს თავისი ტერიტორიების ნაწილი უნდა გადასცეს. პრეზიდენტმა სწრაფად განაცხადა, რომ არა: „ამას თვითონ უკრაინელები გადაწყვეტენ. არაფერი უკრაინაზე უკრაინის გარეშე“. მან გაიმეორა ოფიციალური პოზიცია: ომის შეწყვეტა-არშეწყვეტასა და სხვა საკითხებს თვითონ კიევი მოაგვარებს და არა ამერიკა ან ევროპა. „მე ერთი რამ ვიცი: ჩვენ კიევს არ ვუბრძანებთ იმას, რა უნდა გააკეთოს“.

„მე ისეთი შეგრძნება დამრჩა პრეზიდენტის პასუხისაგან, რომ ადმინისტრაცია დიპლომატიის გამოყენების საკითხს სწავლობს, - ამბობს ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორი ჩარლს კუჩანი, რომელიც ადრე ბარაკ ობამას მრჩევლად მუშაობდა, - თეთრი სახლი ცდილობს ბალანსის წერტილი იპოვოს. პრეზიდენტის გარემოცვა დიპლომატიურ გზებს ეძებს, მაგრამ იმავდროულად არ სურთ შექმნას იმის შთაბეჭდილება, რომ თითქოსდა უკრაინელებს მიუთითებენ, როგორ უნდა მოიქცნენ“. პროფესორმა დაამატა: „ისინი სუფრას შლიან, მაგრამ მაგიდასთან ჯერ არ სხდებიან“.

აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ მოლაპარაკების „რაღაც მომენტში“ დაწყების სურვილის გამოხატვამ ზოგიერთი ექსპერტი გააღიზიანა და მათგან მკვეთრი კრიტიკა გაისმა: ისინი ამტკიცებენ, რომ შეცდომა იქნებოდა იმაზე ფიქრი, რომ უკრაინა ვერ შეძლებს კიდევ უფრო მეტი ტერიტორია გაათავისუფლოს რუსული ოკუპაციისაგან.

„აშშ-მა და მისმა ევროპელმა პარტნიორებმა არ უნდა გამორიცხონ შესაძლებლობა და დიდი ალბათობა იმისა, რომ კიევმა შეიძლება კიდევ უფრო მეტი წარმატება მოიპოვოს. ვაშინგტონმა და ბრიუსელმა არ უნდა მოსთხოვონ კიევს ცეცხლის შეწყვეტა და მიუთითონ, რომ უკრაინას ყირიმისა და დონბასის დაბრუნება არ შეუძლია“, - ამბობს დენიელ ფრიდი, ყოფილი დიპლომატი, ამჟამად კი აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს სმეცნიერ-თანამშრომელი.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ და მისმა გარემოცვამ ამ კვირაში განაცხადეს, რომ უკრაინა რუსეთს არაერთხელ სთავაზობდა მოლაპარაკების განახლებას, მაგრამ იმ პირობით, თუ რუსეთის ჯარები ყველა ოკუპირებულ ტერიტორიას დატოვებს. იმავდროულად, ექსპერტებმა შეამჩნიეს, რომ უკრაინის პრეზიდენტს მოლაპარაკების წინაპირობად აღარ გაუმეორებია ის, რასაც ადრე ამბობდა - „ვლადიმერ პუტინი რუსეთის ხელისუფლებიდან უნდა წავიდესო“.

მთლიანობაში უკრაინული საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს იმ პოზიციას, რომ უკრაინამ შეტევა უნდა გააგრძელოს. უკრაინელები რუსეთის არმიის ყოველ მარცხს დიდი ენთუზიაზმით ხვდებიან. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ დიდი პოლიტიკური ზეწოლა ხდება იმ მიზნით, რომ იგი არავითარ დათმობაზე არ უნდა წავიდეს - არ უნდა დათანხმდეს არანაირ პირობას, რომ რუსეთის ჯარი უკრაინის რომელიმე ტერიტორიას აკონტროლებდეს.

ვაშინგტონში კი დებატები იმის ფონზე მიმდინარეობს, როცა სულ უფრო მეტი კითხვა ჩდება უკრაინისადმი ამერიკული დახმარების გაგრძელებაზე, დახმარების მოცულობაზე და ა.შ. ყველასათვის ცნობილია წარმომადგენელთა პალატის წევრ რესპუბლიკელთა მნიშვნელოვანი ნაწილის პოზიცია, რომ დახმარება უნდა შემცირდეს. ასევე აზრთა გარკვეული წინააღმდეგობაა დემოკრატთა რიგებშიც რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკების საკითხთან დაკავშირებით: მათ ამ საკითხის მიმართ ჯერ პოზიტიური წერილი გამოაქვეყნეს, მაგრამ შემდეგ მისი დეზავუირება მოახდინეს.

თეთრ სახლში მიმდინარე შიდა განხილვების დროს გენერალი მარკ მილი მტკიცედ უჭერს მხარს დიპლომატიური მოლაპარაკების შესაძლებლობას, მაგრამ არც მას არ სურს შექმნას იმის შთაბეჭდილება, რომ აშშ უკრაინისათვის სარმის გამოდებას ცდილობს. გენერალმა წარმოადგინა კოსმოსიდან გადაღებული ფოტოსურათები, რომლებზე ჩანს, რომ რუსები დნეპრის მარცხენა ნაპირზე და საერთოდ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე სანგრებს თხრიან და მტკიცე თავდაცვით ზღუდეებს აგებენ, ისინი ზამთრისთვის ემზადებიან, როცა ფრონტის ხაზი მეტ-ნაკლებად სტაბილური გახდება. ხერსონიდან მათ გასვლა, როგორც ჩანს, თავდაცვისათვის უფრო კარგი პირობების შექმნას ითვალისწინებს.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით გენერალი ამბობს, რომ ზამთრის თვეებში საომარი მოქმედებები შეიძლება შესუსტდეს, რადგან რადიკალური ცვლილებების მიღწევის შანსები მცირდება. ეს კი, თავის მხრივ, მოლაპარაკებისათვის მეტ შესაძლებლობას აჩენს. თეთრ სახლში გამართული დისკუსიის დროს გენერალმა მარკ მილმა პირველი მსოფლიო ომის ეპიზოდი გაიხსენა, როცა სანგრებში ჩაწოლილი მხარეები წლობით აგრძელებდნენ ბრძოლას, რასაც არანაირი ტერიტორიული ცვლილებები არ მოჰქონდა, სამხედროები კი უდიდესი რაოდენობით უაზროდ იღუპებოდნენ.

რა თქმა უნდა, სავარაუდო მოლაპარაკების მიზანი ის არ არის, რომ ვლადიმერ პუტინის მიმართ რაიმე დათმობა მოხდეს. ამავე დროს პოლიტიკური დარეგულირებისათვის ნიადაგის მომზადება მაინც აუცილებელია, რადგან უახლოეს პერიოდში საკითხის გრძელვადიანი სამხედრო გადაწყვეტა ნაკლებად არის მოსალოდნელი.

ინკოგნიტო მაღალჩინოსნების თქმით, ჯო ბაიდენი და ჯეიკ სალივანი გენერალ მარკ მილის თვალსაზრისს არ იზიარებენ და ეს გასაგებია, რატომაც: „ვლადიმერ პუტინი ამჟამად მოლაპარაკებაზე მზადყოფნას არ ამჟღავნებს, უკრაინელები კი ბრძოლის ველზე მოპოვებული წარმატებით გაამაყებულნი არიან და მოლაპარაკებაზე და ტერიტორიის სავარაუდო დათმობაზე სიტყვის გაგონებაც არ სურთ“.

"რა თქმა უნდა, მხოლოდ ვოლოდიმირ ზელენსკიმ და მისმა მთავრობამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, - ამბობს აშშ-ის ყოფილი ელჩი უკრაინაში სტივენ პაიფერი, რომელიც ახლა სტენფორდის უნივერიტეტში მუშაობს. - ვაშინგტონმა ამჟამად ამ საკითხის წინ წამოწევაზე თავი უნდა შეიკავოს. როგორც ჩანს, თეთრი სახლი ამას აცნობიერებს“.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ

(სპეციალურად საიტისთვის)