"რუსეთისა და ჩინეთის ინტერესების შეკავების მიზნით, დასავლეთი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მილიტარიზაციას ახორციელებს" - რას აცხადებს სერგეი ლავროვი? - კვირის პალიტრა

"რუსეთისა და ჩინეთის ინტერესების შეკავების მიზნით, დასავლეთი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მილიტარიზაციას ახორციელებს" - რას აცხადებს სერგეი ლავროვი?

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთისა და ჩინეთის ინტერესების შეკავების მიზნით, დასავლეთი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მილიტარიზაციას ახორციელებს. ინფორმაციას სააგენტო "როიტერსი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, კამბოჯის დედაქალაქ პნომპენში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) სამიტის დასასრულს გამართულ პრესკონფერენციაზე, რუსეთის პირველმა დიპლომატმა ამერიკის შეერთებული შტატები რეგიონში მისი ქმედებების გამო გააკრიტიკა. ამასთან, დასავლური მედია აღნიშნავს, რომ მომავალი ათწლეულების განმავლობაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონს როგორც რუსეთი, ისე დასავლეთი პოტენციური სტრატეგიული გეოპოლიტიკური ბრძოლის ველად განიხილავენ.

"ამერიკის შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ნატო-დან ცდილობენ ამ სივრცეს დაეპატრონონ,” - განაცხადა ლავროვმა.

მისივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ინდოეთ-წყნარი ოკეანის სტრატეგია რეგიონული თანამშრომლობისთვის "ინკლუზიური სტრუქტურების" გვერდის ავლის მცდელობა იყო. როგორც ლავროვმა დასძინა, ეს მოიცავს "ამ რეგიონის მილიტარიზაციას, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ჩინეთისა და რუსეთის ინტერესების შეკავებაზე აშკარა ფოკუსით".

ცნობისთვის, ჯო ბაიდენმა სამიტზე განაცხადა, რომ ოფიციალური ვაშინგტონი მომხრეა ისეთ ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონის მშენებლობის, რომელიც არის "თავისუფალი და ღია, სტაბილური და აყვავებული, მედეგი და უსაფრთხო“.

"ინტერპრესნიუსი"