"პრობლემა შიდაპოლიტიკაზე კიდევ უფრო დიდი და სერიოზულია...“ - კვირის პალიტრა

"პრობლემა შიდაპოლიტიკაზე კიდევ უფრო დიდი და სერიოზულია...“

8 ნოემბერს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე დაამტკიცეს საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებული ანგარიში და შესაბამისი რეზოლუციის პროექტი, რომელიც ოდნავ შერბილებულია. კერძოდ, მასში ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად აღარ არის მოხსენიებული და არც სანქციებზეა ლაპარაკი, მაგრამ ლაპარაკია პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულებაზე როგორც მედიასაშუალებების წარმომადგენლების, ასევე ოპოზიციონერების წინააღმდეგ, დემოკრატიული პროცესების უკუსვლასა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებამდე შესასრულებელ პირობებზე. დეოლიგარქიზაციის ქვეთავში ლაპარაკია კერძო ინტერესების გადაჭარბებულ ზეგავლენაზე საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. სწორედ ამ თემით დავიწყეთ საუბარი ექსპერტ გია ხუხაშვილთან:

xuxashvili1.jpg

- თუ დეტალებზე არ გავამახვილებთ ყურადღებას და მთელ სურათს შევხედავთ, სამწუხაროდ, საქმე მაინც ევროპასთან ურთიერთობის განვითარების ნეგატიურ ტენდენციასთან გვაქვს. ჯერ ეს მხოლოდ ტენდენციაა და პროცესს არ მიუღია შეუქცევადი ხასიათი. იმის შესაძლებლობა, რომ ეს პროცესი შეჩერდეს და პოზიტიური დღის წესრიგისკენ წავიდეს, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ ამისთვის შესასრულებელია ის პირობები, რომლებიც დათქმულია და რომელთა შესრულების ვალდებულებაც ვიკისრეთ. ამასთანავე, ამ ურთულეს პერიოდში უნდა მოხდეს საქართველოს პოლიტიკის ევროპულ პოლიტიკასთან სინქრონიზაცია. თავი რომ დავანებოთ ფასეულობით არჩევანსა და თამაშის წესებს, ყოველივე ამას აქვს სხვა დამატებითი განზომილებაც: მიმდინარეობს გლობალური ომი, ფრონტის ხაზი გავლებულია, ევროპა ატარებს კოორდინირებულ პოლიტიკას ამ ომში და შესაბამისად, სურს ჩვენ გვიხილოს მოკავშირედ და არა გაუგებარ მოთამაშედ, რის დემონსტრირებასაც საქართველო ახდენს. მოკლედ, პრობლემა მხოლოდ ის არ არის, რომ ჩვენს შიდა პოლიტიკაში სისტემური პრობლემებია, პრობლემა კიდევ უფრო დიდი და სერიოზულია. ბუნებრივია, ევროპას არ სურს ჩვენი დაკარგვა და სიფრთხილის ელემენტებიც ჩანს მათ მიდგომაში, რისი მაგალითიც ამ ანგარიშის შედარებით შერბილებული კილოა. ისინი არ არიან კატეგორიული, რადგან ეშინიათ, თუ ძალიან მკაცრად მოგვექცევიან, ჩვენს ხელისუფლებას შეიძლება მეტად უბიძგონ მოწინააღმდეგის ბანაკისკენ.

"ქართული ოცნება" მათ სიფრთხილეს ხშირად ძალიან ბოროტად იყენებს. მიაჩნიათ, რომ ეს არის ვითარება, როდესაც შეუძლიათ ამგვარად ელაპარაკონ ევროპას - კი, მე ცუდი ტიპი ვარ, მაგრამ ასეთად უნდა მიმიღო, თუ არადა, სხვაგან წავალო. ეს მთელ მათ მოქმედებებს, ანტიდასავლური ნარატივის ფორმირების ცდას, ლაიტმოტივად გასდევს. შედეგიც მიიღეს. ფაქტობრივად, დასავლეთს დააბრალეს, რომ მას საქართველოს ომში ჩათრევა სურდა და ჩვენი საზოგადოების ნაწილსაც დააჯერეს ეს პროპაგანდისტული სპეკულაცია. მათ პლატფორმაც შექმნეს ჩვენი საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის გადათამაშებისთვის და ამას მისცეს დასავლეთის შანტაჟირების ფორმა, რაც ძალიან სახიფათო და არაკეთილსინდისიერი თამაშია.

- ანგარიშში ერთ-ერთი მთავარია მედიამენეჯერების საკითხი და "მთავარი არხის" დამფუძნებელ ნიკა გვარამიას დაკავებისა და გასამართლების საეჭვო დეტალები. სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის შემდგომ ოპოზიციისა და საზოგადოების ნაწილი ელის, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიღებს გადაწყვეტილებას და გვარამიას შეიწყალებს, თუმცა გავიდა კვირაზე მეტი და პრეზიდენტს ამ საკითხზე განცხადება არ გაუკეთებია.

- სალომე ზურაბიშვილის შესაძლო გადაწყვეტილებაზე ლაპარაკი გამიჭირდება, მაგრამ ეს საკითხიც აჩვენებს, რომ ჩვენი ხელისუფლება მუდმივად ახერხებს ჩიხურ ვითარებაში მოქცევას. გვარამიას გათავისუფლებას წინ არაფერი უდგას. არა მგონია, მათ რაიმე განსაკუთრებული პრინციპული ინტერესი ჰქონდეთ. კომპრომისზე ვერ მიდიან ერთი მარტივი მიზეზის გამო - ყველაზე მეტად, რაც ამ ხელისუფლებას აშინებს, შინაგანი სისუსტის გამჟღავნებაა, რადგან არა აქვთ განცდა, რომ მათი ძალაუფლება მყარია. ეშინიათ, რომ ნებისმიერი დათმობა მათი ძალაუფლების ხუხულას ჩამოშლის. რადგან შინაგანად სუსტად გრძნობენ თავს, მიაჩნიათ, რომ კომპრომისი შეუქმნით სერიოზულ პრობლემას. პარადოქსია, მაგრამ ასეა - მუდმივად შეტევაზე გადადიან იმიტომ, რომ საკუთარი სისუსტე დაფარონ. ასეა, განსაკუთრებულად აგრესიულად, მათ შორის ირაციონალური აგრესიით, როგორც წესი, სუსტი ადამიანები იქცევიან. მაშინ, როდესაც გვარამიას გათავისუფლება მათ სერიოზულ დივიდენდებს მოუტანდა დასავლეთთან ურთიერთობაში, მაინც არ მიდიან ამაზე. არადა, იოლად შეეძლოთ სერიოზული ბონუსის მიღება.

იგივე ხდება სააკაშვილთან დამოკიდებულებაშიც. დღეს სააკაშვილის პოლიტიკურ თუ სამართლებრივ ფაქტორს დაკარგული აქვს აქტუალურობა. ის აღარ წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს პოლიტიკურად, არც ის არგუმენტია დასაჯერებელი, რომ თუ მას ხელისუფლება ჰუმანურად მოექცევა, ამომრჩეველს დაკარგავს. დღეს სააკაშვილის მიმართ აგრესია მნიშვნელოვნად არის შემცირებული. ამ ბოლოდროინდელი დრამატული პერიპეტიების შემდგომ, საზოგადოების ის ნაწილიც კი, რომელიც მისი ხელისუფლების დროს დაზარალდა, მიიჩნევს, რომ ის უკვე საკმარისად დაისაჯა. ალბათ, "ქართული ოცნების" ირგვლივ არის ასე, 200 კაცი, რომლებიც კვლავაც მიშასთან ხმალამოღებული მებრძოლები არიან, მაგრამ თუ "ქართული ოცნება" მიიჩნევს, რომ ეს 200 კაცია მისი ელექტორატი, კიდევ უფრო შავად ჰქონია საქმე. თუ ფიქრობენ, რომ სააკაშვილის გამოშვების გამო ხალხი მასობრივად აჯანყდება, ესეც დიდი სისულელეა.

რაც ყველაზე საინტერესოა, დღეს სააკაშვილის თემით სპეკულირებენ პირები, რომლებიც სააკაშვილის დროსაც ხელისუფლებაში იყვნენ - ზოგიერთი ყავას უდუღებდა სააკაშვილსა და მისი ოჯახის წევრებს, ზოგი კიდევ მშვენივრად იყო ინტეგრირებული იმჟამინდელ სისტემაში.

თუ ვინმე დაზარალდა სააკაშვილის რეჟიმის დროს, მეც ვიყავი. მე მასზე დღესაც გაბრაზებული ვარ და ბევრ რამეს ვერ ვაპატიებ, მაგრამ დღევანდელი მოცემულობით მისი ციხეში ჯდომა სადიზმად მიმაჩნია. ხელისუფლების აპელირება მართლმსა­ჯულებაზე, როდესაც კოლექტიურ მურუსიძეზე აქვთ აგებული სასამართლო სისტემა, მურუსიძეზე, რომელიც არის მიხეილ სააკაშვილის პროდუქტი და იყო მისი პოლიტიკური დავალებების შემსრულებელი, აბსურდია.

- ანგარიშში ბიძინა ივანიშვილი აღარ არის მოხსენიებული ოლიგარქად და არც სანქციებზეა ლაპარაკი, მაგრამ ნათქვამია, რომ ხელისუფლება უნდა გათავისუფლდეს მისი გავლენისგან. მოგეხსენებათ, პარლამენტი იღებს "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონს, თუმცა ხელისუფლება აცხადებს, რომ ეს კანონი ვერ შეეხება ივანიშვილს, ოპოზიციის თქმით­ კი ქვეყანაში მხოლოდ ერთი ოლიგარქია - ივანიშვილი.

- ჩვენი პოლიტიკური ელიტის პოლემიკა ამ საკითხზე სამარცხვინოა. არ შეიძლება კანონის პერსონიფიცირება. არადა, ჩვენთან ამას აკეთებენ პარლამენტარები, რომლებსაც ეს ჩვენზე უკეთესად უნდა ესმოდეთ. კანონის შექმნის საფუძველი უნდა იყოს გრძელვადიანი სახელმწიფოებრივი ინტერესი და არა კონკრეტული პირების სადამსჯელო ოპერაცია. ერთი მხარე იშვერს ხელს კონკრეტული პერსონისკენ და მეორე მხარეც იმავეს აკეთებს. ფაქტობრივად, ორივე ცდილობს კანონი აქციოს პოლიტიკური მოწინააღმდეგის დასჯის ინსტრუმენტად. სინამდვილეში, დეოლიგარქიზაციის კანონის მიღების მიზანი ვინმეს დასჯა კი არ არის, არამედ ის, თუ ამ კანონის თანახმად ვინმე ჩაითვლება ოლიგარქად, რათა ასეთი პირის ჩამოშორდეს პოლიტიკურ პროცესებს. არადა, ისეთი განცდა გააჩინეს, რომ თითქოს თუ ეს კანონი რომელიმე პერსონას შეეხება, მისი საქმე წასულია..

კანონმა უნდა დაალაგოს თამაშის წესები, რომელთა თანახმად, ბიზნესი და პოლიტიკა ერთმანეთისგან უნდა დაშორიშორდეს. უნდა შეიქმნას ისეთი ინსტრუმენტები, რომელთა ამუშავების შემდეგაც შეუძლებელი იქნება ბიზნესიდან პოლიტიკის გაკონტროლება და პირიქით. შეძლებულ პირებს აღარ უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ მატერიალური ინვესტიციით მოიპოვონ პოლიტიკაზე კონტროლი და ამის მეშვეობით მიიღონ სიკეთე, მაგალითად, მოიგონ ტენდერები... მერე კი ამ მიღებული სიკეთის ნაწილის ინვესტირება ისევ მოახდინონ პოლიტიკაში, რათა მასზე კონტროლი მეტად გააძლიერონ. ამ კანონის ქვეშ ვინ მოხვდება და ვინ არა, ეს მომავლის საქმეა.

- მოგვიწევს ვისაუბროთ "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებზეც. მოგეხსენებათ, პარტიის ნაწილი ითხოვს ვადამდელ შიდაპარტიულ არჩევნებს, მათ შორის თავმჯდომარის არჩევნებსაც. ერთი ვერსიით, ამ პროცესების უკან დგას თავდაცვის ექსმინისტრი დავით კეზერაშვილი, რომელსაც სურს პარტიაში ფინანსური რესურსის ჩადების სანაცვლოდ მასზე საკუთარი კონტროლი დაამყაროს. როგორ შეაფასებთ ამ ყველაფერს? ელით, რომ პარტია შეიძლება დაიშალოს?

- ჩემი აზრით, პარტიამ ჯერ ის უნდა აღიაროს, რომ კრიზისი აქვს, რომლიდანაც ერთადერთი გამოსავალი იქნება დემოკრატიული პროცესი - რიგგარეშე არჩევნების ჩატარება. თუ ეს არ მოხდება, კრიზისი არ დასრულდება, უფრო გამწვავდება და მასშტაბურ დაპირისპირებას წარმოშობს. ყველაზე სწორი გამოსავალი იქნება პოლემიკისა და ურთიერთბრალდებების შეწყვეტა და რიგგარეშე არჩევნების ჩატარება. ამასთან, ყველა მხარემ უნდა იკისროს ვალდებულება, რომ არჩევნების შედეგებს აღიარებენ და პარტიული დისციპლინა შენარჩუნდება. ეს არის პარტიის გადარჩენის ერთადერთი ფორმულა.

რაც შეეხება იმას, სად გადის პარტიაში დაპირისპირების ხაზი, ჩემი აზრით, კეზერაშვილის თუ სხვა დაჯგუფებების ინტერესებზე ყურადღების გამახვილება არ არის სწორი, რადგან დაპირისპირება უფრო ფუნდამენტურია.

"ნაციონალურ მოძრაობასა" და "ქართულ ოცნებას" აქვთ ერთი საერთო ნიშან-თვისება - ლიდერის გარშემო გაერთიანებულ ერთგვარ რელიგიებად ჩამოყალიბდნენ. ამ შემთხვევაში ასეთი ლიდერი, კერპი მიხეილ სააკაშვილია, რომელთანაც პარტიის ნაწილს აქვს ლამის რელიგიურ გრძნობამდე აყვანილი ემოციური ბმა. პარტიის მეორე ნაწილი უფრო რაციოს ემყარება და მოვლენებს ნაკლებად ემოციურად განსჯის. დღეს კონფლიქტი სწორედ რაციოსა და ემოციას შორის მიმდინარეობს. პარტიის ემოციური ნაწილი არანაირ ლოგიკას არ დაგიდევს. მიიჩნევენ, რომ მიშა უნდა გამოვიდეს ციხიდან და მორჩა, მელიას კი უყენებენ პრეტენზიას, ეს აქამდე რატომ ვერ შეძელიო. თუმცა ამ ხალხს რომ ჰკითხო, ეს როგორ უნდა მოხერხდეს, ვერ გიპასუხებენ. მელიასგან ითხოვენ სასწაულს. მათთან ლაპარაკს აზრი არა აქვს.

სიმართლე გითხრათ, პრობლემაა ისიც, რომ არჩევნების შემთხვევაში თუ რაციონალურად მოაზროვნეთა ფრთამ გაიმარჯვა, ემოციას აყოლილთა ფრთა დაემორჩილება კი ახალარჩეულ ხელმძღვანელობას?

რაც შეეხება კეზერაშვილს, მასთან დაკავშირებული საკითხი, რა თქმა უნდა, უსაფუძვლოდ არ წამოჭრილა. პოლიტიკურ ელიტაში რესურსების უკმარისობაა, უამისოდ ძალიან რთულია პოლიტიკის წარმართვა. აქედან გამომდინარე, შეიძლება რაღაც მოლაპარაკებები ნამდვილად მიმდინარეობს, მაგრამ ვეჭვობ, ამის სანაცვლოდ კეზერაშვილი ღიად ითხოვდეს პარტიაზე კონტროლს.

- მინდა შევეხოთ უკრაინის თემასაც, საიდანაც სასიხარულო ინფორმაცია მოდის. მოგეხსენებათ, უკრაინამ დაიბრუნა კონტროლი ხერსონზე, რომელიც ამ ცოტა ხნის წინ პუტინმა რუსეთის ტერიტორიად გამოაცხადა. ექსპერტთა ნაწილის აზრით, ეს ომში უკრაინის წარმატების მისაღწევი გარდამტეხი ეტაპი იქნება.

- ჩვენ არაერთხელ გვითქვამს - ომის დაწყებიდან ორ კვირაშივე გამოჩნდა, რომ რუსეთს ეს ომი წაგებული ჰქონდა სამხედრო-სტრატეგიული, ეკონომიკური, პოლიტიკური თუ საინფორმაციო თვალსაზრისით. ერთადერთი, რაც რუსეთს შანსს უტოვებდა, რომ ომი ეწარმოებინა, იყო სამხედრო-ტექნიკური უპირატესობა, რაც დღეს აღარ აქვთ. რუსეთს ამის მოსაგებად არგუმენტი აღარ დარჩა, ახლა ყველაფერი დროის და რესურსების ამბავია.

კრემლში ზამთრის იმედი ჰქონდათ, ელოდნენ, რომ ევროპას შესცივდებოდა და შეწყვეტდა უკრაინის დახმარებას, რაც ასევე არ გამართლდა. ევროპამ მოახერხა საკუთარი ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რუსეთზე დამოკიდებულება კი უკიდურესად შემცირდა. მოკლედ, კრემლის იმედი ამ მხრივაც გამტყუნდა. ამასთან, დასავლეთს კარგად ესმის, რომ ნებისმიერ იმპერიას, რომელიც მარცხისთვის არის განწირული, დიდი ზიანის მიყენება შეუძლია. ამიტომაც დღეს ლაპარაკია იმაზე, რომ როგორმე მაქსიმალურად შემცირდეს ზიანი.

ჩვენი ხელისუფლების გამო კი ძალიან ვწუხვარ - ის მეტად ტრაგიკულ მდგომარეობაშია. "ქართული ოცნების" პროგნოზით, რუსეთი უკრაინას მალევე დაამარცხებდა და ამაზე ააგეს მთელი პოლიტიკა. ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო რისკების თავიდან აცილების მცდელობა, მაგრამ ამგვარი გათვლითა და მასზე დამყარებული პოლიტიკით დაიზიანეს თავი და დააზარალეს ქვეყნის ინტერესებიც.

ხელისუფლების ანალიზი და პროგნოზი იმდენად მცდარი და ბრიყვულია, აღმოჩნდნენ ისეთ ვითარებაში, როდესაც იძულებული არიან სწყინდეთ მოყვასის გამარჯვება. ამ აბსურდულ ვითარებაში ჩაიგდეს თავი, ვეღარ გამოდიან და კიდევ უფრო ღრმად ეფლობიან ჭაობში. გადასხეს დესანტი და რაღაც ანტიდასავლური ბუშტი შექმნეს, რომელიც ჯერ ტრიო იყო, ახლა უკვე ნონეტია. ივანიშვილი სულ თავს იწონებდა, რომ მოვლენების სწორი ანალიზი შეეძლო, მაგრამ დღეს, ამ ანალიზისა და მცდარი პროგნოზის შედეგად ჩვენი ხელისუფლება სადღაც ჯანდაბაშია გაკვეხებული.

- არსებობს მოლოდინი, რომ უკრაინის წარმატებასთან ერთად, შეიცვლება ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულებები, მით უფრო, რომ ამ ანტიუკრაინულ თუ ანტიდასავლურ რიტორიკაში საქართველოს საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ აიყოლიეს. ამის მაგალითად გავიხსენოთ გასულ კვირას გამოქვეყნებული IRI-ს მორიგი კვლევის შედეგები, რომლის თანახმადაც, გამოკითხულთა 64% სრულად ემხრობა ნატოში, 70% კი ევროკავშირში გაწევრებას.

- ის, რომ ხელისუფლებამ რუსეთის მარცხთან ერთად შეიძლება პოზიცია შეიცვალოს, რეალურია, მაგრამ რამდენად ეფექტიანი იქნება ეს, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. მაქვს განცდა, რომ მათში რუსეთის უძლეველობის მითი ძალიან ღრმად არის გამჯდარი. ეს შეიძლება რაღაც მენტალური ტრავმის შედეგიც იყოს. რაც შეეხება საზოგადოებრივ განწყობებს, ჩემი აზრით, პროპაგანდამ "აბა, ომი გინდათ" გავლენა მოახდინა საზოგადოების ნაწილზე, თანაც ხელისუფლების ანტიდასავლური დესანტის გაძლიერების ახალ-ახალ მცდელობებს ვხედავთ. თუმცა რიტორიკა ოდნავ შეცვალეს, დასავლეთთან რაღაც კომუნიკაციის დამყარებასაც ცდილობენ, მაგრამ ხელისუფლებაში უკვე იმ ტიპის სისტემური პრობლემებია, რომ რუსეთზე დასავლეთის გამარჯვების შემდეგ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში დარჩენა ვეღარც წარმომიდგენია.