„საქართველოში ევროპული ბიზნესასოციაციის ყოფილი ხელმძღვანელი დეივიდ ლი კარლ ჰარცელსა და ანდრიუს კუბილიუსს ზეწოლაში ადანაშაულებს“ - სკანდალური ინტერვიუ - კვირის პალიტრა

„საქართველოში ევროპული ბიზნესასოციაციის ყოფილი ხელმძღვანელი დეივიდ ლი კარლ ჰარცელსა და ანდრიუს კუბილიუსს ზეწოლაში ადანაშაულებს“ - სკანდალური ინტერვიუ

სატელეკომუნიკაციო კომპანია "მაგთისა" და საქართველოში ევროპული ბიზნესასოციაციის ყოფილი ხელმძღვანელი დეივიდ ლი,­ კარლ ჰარცელსა და ანდრიუს კუბილიუსს ზეწოლაში ადანაშაულებს - აცხადებს, რომ ასოციაცია საკუთარი სურვილით არ დაუტოვებია. მიზეზად ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსს ასახელებს, რომელმაც, დეივიდ ლის მტკიცებით, ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელს წერილი მისწერა და ასოციაციის ხელმძღვანელთან თანამშრომლობის შეწყვეტა მოსთხოვა მისი პოლიტიკური მოსაზრებების გამო. ამ სკანდალური ფაქტის შესახებ დეივიდ ლიმ საკუთარი "ტვიტერის" გვერდზე რამდენიმე დღის წინ დაწერა. "კუბილიუსმა წერილი მისწერა კარლ ჰარცელს, არ ემუშავა საქართველოს ევროპის ბიზნესასოციაციასთან ჩემი პოლიტიკური განცხადებების გამო. მიმდინარე წლის აპრილში კარლ ჰარცელმა თავის ოფისში გამომიძახა და მითხრა, რომ აღარ ითანამშრომლებდა ჩვენთან, თუ გენერალურ დირექტორად დავრჩებოდი - ამიტომაც გადავდექი", - წერს ის. თუ რა მიზეზით შეხვდა დევიდ ლის ჰარცელი და რა მიზეზით მოსთხოვა თანამდებობიდან წასვლა, როგორ ხსნის ამ საერთაშორისო სკანდალს, ან როგორ აპირებს ამის დამტკიცებას, აქვს თუ არა ხელისუფლებასთან ახლო კავშირი, როგორც ამას ოპოზიცია აცხადებს, ამ საკითხებზე "კვირის პალიტრა" დეივიდ ლის ესაუბრა.

- აპრილში ევროკავშირის წარმომადგენლობაში გვქონდა შეხვედრა ევროკავშირის საგრანტო პროექტთან დაკავშირებით, რომელსაც EBA (ევროპული ბიზნესასოციაცია) ახორციელებს. ეს პროექტი ეხება ბაზრის კვლევას. ჩვენ ვილაპარაკეთ ამ პროექტის მიმდინარეობაზე, ვესაუბრე გარკვეულ პრობლემებზე, რაც საფრანგეთის და გერმანიის საელჩოების მხრიდან შეიქმნა. ამ შეხვედრაზევე ვუთხარით ჰარცელს, რომ 50-ზე მეტმა ქართულმა ბიზნესასოციაციამ ხელი მოაწერა EECP-ს (ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის პლატფორმა) და ამ მხრივ ყველაფერი რიგზე იყო. მე დავადასტურე, რომ ყველა საკონტრაქტო ვალდებულება შესრულდება, მათ შორის ღონისძიებებისა და მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით და ამის შესახებ პროექტის მენეჯერი საქმის კურსში იყო. ვუთხარი, რომ ყველა ადგილობრივ (ქართულ) ასოციაციას სურდა ამ პროექტში მონაწილეობა, რათა გამჭვირვალედ განიხილათ ბაზარზე არსებული პრობლემები და DCFTA-სთან (ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება) დაკავშირებული შესაძლებლობები. ევროკავშირის ელჩმა დაადასტურა, რომ გერმანიის და საფრანგეთის მიერ შექმნილი პრობლემები ცხადი იყო. მან ასევე აღნიშნა, რომ შემდგომი დაფინანსება დამოკიდებული იქნებოდა ფართო მონაწილეობაზე. მე კი კიდევ ერთხელ დავუდასტურე, რომ ეს ასე იქნებოდა, რადგან ამაზე საუკეთესო გუნდი მუშაობდა.

მესმის, რომ ეს არის სხვა თემა, მაგრამ ეხება ჩვენს შეხვედრას, თუ რაზე ვისაუბრეთ და ამაზე არსებობს ანგარიში, რაც შეხვედრის შემდეგ გამგეობას გაეგზავნა. სწორედ აქ მითხრა ელჩმა და წერია ამ ანგარიშში, რომ მან მიიღო პრეტენზია გავლენიანი ევროპარლამენტარისგან ჩემი "ტვიტის" შესახებ. მან ასევე თქვა, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია მას სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული ჩემი პოსტების გამო აკრიტიკებს და ამან პრობლემური გახადა მისი მხარდაჭერა EBA-ს მიმართ.

ამ ანგარიშში მეც ვამბობ, რომ 2004 წლიდან მაქვს ქართულ არსამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის გამოცდილება, ამასთან, მეც ვმუშაობდი არასამთავრობო სექტორში ხელმძღვანელ თანამდებობებზე. ხაზგასმით აღვნიშნე, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში უნდა იყვნენ დამოუკიდებელი პარტიული კონტროლისგან. ეს არის ჩემი მთავარი ინტერესი და სიტყვის თავისუფლების მტკიცე რწმენა!

ბოდიშიც მოვიხადე ევროპარლამენტის განაწყენებისთვის, რადგან ეს არ იყო ჩემი ინტერესის სფერო და იყო საქართველოს რეფლექსური დაცვა ევროპარლამენტარის კრიტიკის საპასუხოდ. ვიმეორებ, ეს ყველაფერი წერია იმ ანგარიშში, რაც ზემოთ ვახსენე. მიმაჩნდა, რომ ეს პროექტი უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე სოციალურ მედიაში ჩემი კომენტარები და შევთავაზე, კონტრაქტის დასრულებამდე სოციალურ მედიაში ყველანაირ აქტიურობას შევაჩერებდი, არანაირ პოსტს აღარ დავწერდი, თუ ეს ვითარებას წაადგებოდა.

ელჩმა მადლობა გადაგვიხადა მონაწილეებს და თქვა, რომ ყველა ვარიანტს განიხილავდა. მეორე დღეს კი წარმომადგენლობიდან დარეკეს და გვითხრეს, რომ კარლ ჰარცელი აღარ იმუშავებდა EBA-სთან, თუკი მე აღმასრულებელ დირექტორად დავრჩებოდი. შესაბამისად, დავინახე გადადგომის საჭიროება და გადავდექი იმ ორგანიზაციის ხელმძღვანელობიდან, რომელიც ჩემი დაარსებულია 2017 წელს და 4 წელი ვიმუშავე აღმასრულებელ დირექტორად ანაზღაურების გარეშე.

- "ტვიტერზე" კუბილიუსის რომელ წერილზე საუბრობთ? წერილი საჯაროა? თუ არა, თქვენ საიდან გაქვთ ინფორმაცია, რომ ჰარცელს მან მოუწოდა არ ეთანამშრომლა თქვენთან?

- ეს ჩემი ვარაუდია, რომ ჰარცელს კუბილიუსმა მიმართა, რადგან მან მითხრა, რომ ევროპარლამენტარისგან საჩივრის წერილი მიიღო. არ დაუკონკრეტებია, თუ ვის გულისხმობდა. მე ვფიქრობ, ეს ანდრიუს კუბილიუსი იყო.

- თქვენი აზრით, რატომ აქვს კუბილიუსს თქვენდამი ასეთი დამოკიდებულება?

- აშკარაა, რომ ეს ხდება ჩემი პოზიციის გამო საქართველოს შესახებ. კუბილიუსი "ნაციონალური მოძრაობის" ლობისტია და ნათელია, რომ მათი მიზნებისთვის მუშაობს. ისიც ნათელია, რომ არასამთავრობო სექტორი "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ლიდერობით "ქართულ ოცნებაზე" ავრცელებს ფეიკინფორმაციას და მას აწვდის საერთაშორისო საზოგადოებრიობას ევროპაშიც და ამერიკაშიც მაშინ, როცა ქვეყანაში რეალურად არის წინსვლა და ამას ადასტურებს საერთაშორისო რეიტინგები.­ საქართველო ბევრ ქვეყანაზე უკეთესია. ისინი კი ქვეყნის დისკრედიტაციას ცდილობენ, რაც ძალიან არ მომწონს და სულ ამაზე ვლაპარაკობ. ეს იყო მიზეზი, რის გამოც ელჩმა მითხრა, თუ რატომ ვამბობ სიმართლეს. ამის გამო დავკარგე სამსახური.

- მაშინვე რატომ არ თქვით ეს საჯაროდ? იყო რამე ფაქტორები, რაც მაშინ ამის გამჟღავნება ევროკავშირისა და საქართველოს ინტერესებს დააზარალებდა?

- მაშინვე იმიტომ არ ვისაუბრე საჯაროდ, რომ ჩემი მთავარი საზრუნავი იყო და არის EBA-ს რეპუტაცია.

- ახლა რატომ თქვით?

- იმიტომ, რომ ჰარცელი წავიდა და ახლა ახალი ელჩია. არ მინდა ის მოატყუონ "ნაციონალური მოძრაობის" ისეთმა ლობისტმა და ისეთმა კორუმპირებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, როგორიცაა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო".

- თქვენს განცხადებას ევროკავშირის რეაგირება მოჰყვა? ვინმე დაინტერესდა ამით?

- იმ შეხვედრის შემდეგ ევროკავშირთან არ მილაპარაკია.

- "ქართულ ოცნებას" ამის შესახებ თუ ესაუბრეთ და როდის?

- "ქართულ ოცნებაში" არავისთან არა მაქვს ურთიერთობა.

- მმართველი პარტიის ოპონენტები ამ ყველაფრის უკან "ქართული ოცნების" კვალს ხედავენ და აცხადებენ, რომ უმრავლესობა­ ამ ფორმით ანტიდასავლურ რიტორიკას აძლიერებს. რას ფიქრობთ ოპოზიციის ამ შეფასებებზე?

- თუ ოპოზიციაში გულისხმობთ "ნაციონალურ მოძრაობას", ის 2012 წლიდან ბლოკავს ნებისმიერ მოძრაობას ევროკავშირში. ხელისუფლებაში ყოფნისას მათ განზრახ გაანადგურეს სტანდარტების ყველა სააგენტო, რათა დაებლოკათ DCFTA-ის ნებისმიერი შანსიც კი, რომელსაც "ქართულმა ოცნებამ" საბოლოოდ მოაწერა ხელი 2014 წელს. ევროკავშირში ინტეგრაციის ყველაზე დიდი ბარიერია "ნაციონალური მოძრაობა" და მათი ევროპარლამენტარი ლობისტები და კორუმპირებული არასამთავრობო ორგანიზაციები. მე ამის შესახებ მუდმივად ვსაუბრობ და ვწერ კიდეც სოციალურ ქსელებში, რადგან ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ამიტომ ისინი სხვას რას იტყოდნენ?

- "ფეისბუკზე" ბანერად გქონდათ ირაკლი კობახიძის ფოტო და აღარ გაქვთ. ეს რას ნიშნავს?

- ვცდილობ რეგულარულად შევცვალო ჩემი გვერდის ფოტო, სხვას არაფერს. ახლა ტელერეპორტაჟი მაქვს.

რუსა მაჩაიძე