„ეს შიდაკლანური ომია პარტიის დასათრევად“ - კვირის პალიტრა

„ეს შიდაკლანური ომია პარტიის დასათრევად“

"რაც ახლა "ნაცმოძრაობაში" ხდება, ძალიან სასაცილოა - დემოკრატობანას თამაშობენ, სინამდვილეში შიდაკლანური ომია პარტიის დასათრევად, ნაკლებად კრიმინალურ მელიას ჯგუფსა და ძველ ბნელ კრიმინალურ ძალებს შორის", - ასე ეხმაურება ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნებს. როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ "ნაციონალური მოძრაობის" წევრების ნაწილმა შიდაპარტიული არჩევნების ჩატარება მოითხოვა. კერძოდ, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ნადირაძემ და რეგიონული ორგანიზაციების წევრებმა ბრიფინგი გამართეს, სადაც მოითხოვეს, რომ პარტიის პოლიტსაბჭო და სამდივნო ხელახლა დაკომპლექტდეს და აირჩიონ პარტიის ახალი თავმჯდომარე. ამ განცხადებას გამოეხმაურა "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია. ის მზად არის ნებისმიერი ტიპის არჩევნებში მონაწილეობისთვის. რა მოხდა კულუარებში, ვინ და რატომ ცდილობს მელიას ჩამოცილებას, ამ საკითხებზე ამირან სალუქვაძე გვესაუბრება:

- ამ პარტიაში ჯანსაღი პროცესი გამორიცხულია. ორი ვარიანტია: ან თავმჯდომარედ იქნება შედარებით ნაკლები კრიმინალი მელია, რომელიც ცდილობდა საკუთარი ხაზის გატარებას, ან ძველი კრიმინალური რეჟიმის წარმომადგენელი დაბრუნდება. ჩემი ვერსიით, გიორგი ჩალაძე­ სააკაშვილის ოჯახის კანდიდატია - ეჭვი მეპარება სააკაშვილის დედის და ბიძის გარეშე დაეყენებინა საკუთარი თავი. გარდა ამისა, არიან კეზერაშვილი, მერაბიშვილი და სხვები, გააქტიურებულია ახალაიაც. მათ დიდძალი ფინანსური­ რესურსი აქვთ გატანილი. "ნაცმოძრაობამ" ამ წლებში არასწორი დასკვნა გამოიტანა. ამიტომ აქვთ რევანშის წყურვილი. ჩალაძეს აირჩევენ თუ სხვას ვინმეს, ის სააკაშვილის ოჯახის და/ან ძველი ძალოვანების გავლენის ქვეშ იქნება. სააკაშვილი თითქოს არ აპირებს პოლიტიკაში ჩარევას, ამიტომ შეეცდება სათავეში აბსოლუტურად მართვადი პირი მოიყვანოს - ჩალაძე სწორედ ასეთი იქნება.

54a7bf64-cf75-404f-b6c5-85b4a7253f72-1668341027.jpeg

- ცნობილია, რომ კეზერაშვილი "ევროპულ საქართველოს" აფინანსებდა, ახლა "ნაციონალური მოძრაობით" რატომ დაინტერესდა?

- ხომ ხედავთ, ევროპარლამენტარებმა კეზერაშვილი მედიამენეჯერად მოიხსენიეს. მან მედია უკვე გადააქცია კანონისგან დამცავ ფარად. ამას ახლა პარტიული მხარდაჭერით გამყარება სჭირდება. ჯერ მისი პოლიტიკური და მედიაპროექტი ფსკერზეა. ეს ტენდენცია გაგრძელდება, რადგან ვერც კეზერაშვილმა და ვერც სხვა "ნაციონალებმა" სწორად ვერ გაიაზრეს, თუ რატომ უთხრა ქართველმა ხალხმა­ უარი 2012 წელს. 10 წელი ჰქონდათ­ 9-წლიანი ნამოქმედარის გასაანალიზებლად. სავარაუდოდ, მათი დასკვნა ასეთია - ხალხს იმდენად კარგად ვერ გადაუარეს, რომ ხელისუფლების შენარჩუნება მოეხერხებინათ. ამიტომაც შურის საძიებლად აპირებენ მოსვლას.

- ელენე ხოშტარიამ და ზურა ჯაფარიძემ­ დაადასტურეს, რომ კეზერაშვილთან­ თანამშრომლობისთვის მზად არიან. რას შეიძლება­ გეგმავდეს კეზერაშვილი ფულის ჩადებით,­ ერთი მხრივ, "ნაცმოძრაობაში" და მეორე მხრივ, "გირჩი­ - მეტი თავისუფლება", "დროასა" და "სტრატეგია­ აღმაშენებლის" ერთობაში?

- კეზერაშვილი რამდენიმე ფრონტის გაშლას ცდილობს. ხოშტარია, ჯაფარიძე, ვაშაძის დაფინანსება - მათი მივლინებები, რესტორნები და სასტუმროები მისთვის დიდი ხარჯი არ არის.

- ხომ არ არის შესაძლებელი, რომ ამ ისედაც დაბალი რეიტინგის მქონე პარტიებს დისკრედიტირებულმა კეზერაშვილმა ელექტორატი­ უფრო შეუმციროს?

- კი, მაგრამ, როგორც ჩანს, მათთვის ამაზე მნიშვნელოვანი დაფინანსებაა. ყველაზე მეტად ვაშაძის მიკვირს, სერიოზულ პოლიტიკოსად მოაქვს თავი, იბრძოლა, იწვალა, პარტიას ამბიციური სახელი, "სტრატეგია აღმაშენებელი" დაარქვა და ბოლოს ჯაფარიძესა და ხოშტარიასთან გაერთიანდა. კაცს, რომელსაც არც ხოშტარიას რუსული ფული უქმნის დისკომფორტს და არც კრიმინალი კეზერაშვილის ფული, პოლიტიკოსობაზე როგორ აქვს პრეტენზია?! ეგენი, ყველა ერთად, პოლიტიკაში მყოფი სუბიექტები არიან, არც სერიოზული გათვლები აქვთ და არც პოლიტიკურ პერსპექტივებს ხედავენ, მათი ერთადერთი მიზანი დაფინანსების მოპოვებაა. ამისთვის კი დაკვეთის შესრულებაა საჭირო. კეზერაშვილის ერთადერთი დაკვეთა ხელისუფლების დაზიანება და საკუთარი ინტერესების ლობირებაა.

ხელისუფლების შეცვლა კი სურთ, მაგრამ არა პოლიტიკური ჭიდილით. მათი გათვლა ასეთია, ოდესმე ხომ დამარცხდება "ქართული ოცნებაო". პოლიტიკურ პროცესზე უარი თქვეს. ბოლოდროინდელი IღI-ს კვლევის მიხედვით, კითხვაზე, ამ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 25% ამბობს, რომ ხმას "ქართულ ოცნებას" მისცემდა, 12% - "ნაციონალურ მოძრაობას", 3% პარტიას "საქართველოსთვის - გიორგი გახარია", "გირჩი - მეტი თავისუფლება - ზურაბ "გირჩი ჯაფარიძეს" ასევე­ 3%, "სტრატეგია აღმაშენებელი - გიორგი­ ვაშაძეს", "დროა - ელენე ხოშტარიას", "ლეიბორისტული პარტია - შალვა ნათელაშვილსა" და სხვებს 2% უჭერს მხარს. არიან ერთპროცენტიანი პარტიებიც.­ ეს ნიშნავს, რომ თუ არჩევნები 5%-იანი ბარიერით ჩატარდება, პარლამენტში შევა მხოლოდ ორი პარტია - "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა", დანარჩენი ოპოზიცია საკუთარი უჭკუობითა და "ნაციონალების" ბრალეულობით სრულად დეგრადირებულია. გადაღრღნეს "ნაციონალებმა" ოპოზიცია! ადრე ბიუჯეტს ღრღნიდნენ, ახლა ოპოზიციას ღრღნიან! ყველა არჩევნებზე ავიწროებენ, ამუნათებენ, საკუთარი წესებით ათამაშებენ, ბოლოს კი ყველა ოპოზიციური ძალა ნადგურდება. გიორგი ვაშაძეს ჰგონია, სამი პარტიის გაერთიანებით 7%-ს აიღებენ. სამი კი არა, ყველა ოპოზიციური პარტია რომ გააერთიანო, მაინც ვერ მოიპოვებენ 7%-იან მხარდაჭერას. "ნაციონალებთან" თამაშმა მათი სრული მარგინალიზაცია განაპირობა.

- თუ "ნაციონალებმა" ოპოზიცია გამოხრეს, გამოდის, მმართველი გუნდის საქმეს აკეთებენ.

- არაჯანსაღი, არაკონკურენტუნარიანი და მარგინალი ოპოზიცია, რა თქმა უნდა, ხელისუფლების საქმეს აკეთებს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სააკაშვილს სურს მისი პარტია ივანიშვილს ემსახუროს. უნდათ თუ არა, ასე გამოდის. ყველას გვინდა ქვეყანაში ჯანსაღი ოპოზიცია იყოს, ხელისუფლებას მუდმივად ტონუსში რომ ამყოფებს. კონკურენტუნარიანი ოპოზიცია ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებშიც კი შედის. კეზერაშვილი მარგინალია და მისი მთავარი ინტერესი ქართული სახელმწიფოს დაზარალებაა, რაც ეწინააღმდეგება ქვეყნის ეროვნულ ინტერესს.

- თქვენი აზრით, ვინ იქნება კეზერაშვილი-მერაბიშვილის წარმომადგენელი "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნებში?

- ხაბეიშვილი ხომ არ მალავს, რომ აქვს კეზერაშვილთან კონტაქტი?

- ხაბეიშვილმა თქვა, რომ არ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში.

- ერთია რა თქვა, მეორე - რას იზამს.

- მელია, ხაბეიშვილი, ჩალაძე - ვის შეიძლება მიანიჭონ "ნაციონალებმა" უპირატესობა?

- მნიშვნელობა არა აქვს... არ არის გამორიცხული, ხაბეიშვილი, ჩალაძე და სხვა ასეთი კანდიდატების ფონზე ისევ მელიამ მოიგოს. სააკაშვილის გზავნილი ნამდვილად მნიშვნელოვანი იქნება,­ მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ "ნაციონალები" ირწმუნებიან, სააკაშვილს ქართული პოლიტიკა აღარ აინტერესებსო, ის ოფიციალურად მხარს ვერავის დაუჭერს. 8 აგვისტოსაც კი არ გააკეთა განცხადება,­ ერთი სიტყვაც არ დაწერა იმის დასამტკიცებლად, რომ აღარ ერევა ქართულ პოლიტიკაში. ძალიან მიკვირს, ფანკლუბმა როგორ აპატია ეს?! ამბობენ, ავად არის და კვდებაო, მაგრამ როცა უნდა სტატუსებსაც წერს და განცხადებებსაც ავრცელებს.

nikameliatribuna-60496-1668341027.jpg

- სულ რომ არაფერი თქვას სააკაშვილმა, ვინმე დაიჯერებს, რომ ჩალაძემ დამოუკიდებლად გადაწყვიტა არჩევნებში მონაწილეობა?

- რა თქმა უნდა, არა. რომან გოცირიძემ "ფეისბუკში" პოსტი დადო, დაგვცინითო? ეს შეკითხვა სწორედაც სააკაშვილის ოჯახისთვის იყო დასმული. გოცირიძე ხელწამოსაკრავი ფიგურა არ არის "ნაცმოძრაობაში". მან ვეტერანი "ნაციონალების" პოზიცია გამოხატა. ჩემი აზრით, გოცირიძის­ განწყობა გავლენას მოახდენს "ნაციონალების" ნაწილზე მაინც. სხვათა შორის, მელია-ვარშალომიძის პაექრობაშიც­ იკვეთებოდა, რომ ვარშალომიძე სააკაშვილის კაცი იყო, მაგრამ მელიამ მოიგო. შესაბამისად, არც ახლაა გამორიცხული, ისევ მელიამ მოიგოს, იმისდა მიუხედავად, რომ თავად არის სუსტი კანდიდატი, ვინაიდან "ნაციონალების" დიდი ნაწილი მხარს აღარ უჭერს. სხვათა შორის, პარტიის­ მარცხი მხოლოდ მელიას ბრალი არ არის. "ნაცმოძრაობამ" სწორი დასკვნა ვერ გამოიტანა,­ პარტია არ გადაახალისა. ჯერ კიდევ შევარდნაძის "მოქკავშირის" დროინდელი აქტივისტები ჰყავთ წამყვან პოზიციებზე, მაგალითად, გენერალურ მდივნად პეტრე ცისკარიშვილი. ხალხს ამოუვიდა ყელში, ახალი სახეები კი, რომლებიც ბოლო დროს შეიყვანეს პარტიაში (ზოგიერთი პარლამენტშიც არის) ძველი სახეებისგან­ არ დისტანცირდებიან. როგორც ისინი ამბობენ, თურმე ვეტერანმა "ნაციონალებმა" კი ჩაიდინეს დანაშაულები, მაგრამ ამისთვის­ პოლიტიკური ფასი გადაიხადეს არჩევ­ნების წაგებით და ამით დამთავრდა ყველაფერი. არაფერი­ დამთავრებულა, არავის არაფერი დავიწყებია, დაწყებული ადამიანების წამებით და დამთავრებული ბიუჯეტის ძარცვით თუ ბიზნესის რეკეტით. აღარაფერს ვიტყვი აგვისტოს ომის სავალალო შედეგებზე. უამრავი დანაშაული ჩაიდინა სააკაშვილის ხელისუფლებამ ხალხისა და ქვეყნის წინაშე. არ მესმის იმისი, ვინც ასეთი წარსულის პარტიაში შედის და თან ვეტერანების გამართლებას ცდილობს. რა მორალი და ეთიკა აქვთ?!

- იმ ფაქტს როგორ ახსნით, პარტიას ბოლო დროს აქტიური წევრები რომ ტოვებენ?

- მიზეზი იმის გააზრება კი არ არის, რაზეც მე ვისაუბრე, უბრალოდ,­ დაინახეს, რომ პარტიას პერსპექტივა აღარ აქვს.

ხათუნა ბახტურიძე