"რა გვეტყობა, რომ კეზერაშვილი გვაფინანსებს?“ - კვირის პალიტრა

"რა გვეტყობა, რომ კეზერაშვილი გვაფინანსებს?“

"ჩვენ თუ ცალ-ცალკე ვმოძრაობთ, მაშინ არ გამოდის მიზნის მიღწევა, თუ ვმოძრაობთ ერთად, მაშინ მივდივართ 2024-მდე", - ასე ხსნის ზურა "გირჩი" ჯაფარიძე ოპოზიციის გაერთიანების ინიციატივას.

"მეც ვამბობ, რომ ხელისუფლება უნდა შევცვალოთ, ოღონდ მე რიგგარეშე არჩევნების მჯერა. ვიღაცას სჯერა, რომ მიზანი­ ბარიერის დაწევა უნდა იყოს. ვიღაცას სჯერა,­ რომ სააკაშვილისა და გვარამიას გათავისუფლება უნდა იყოს მიზანი. ვიღაცას სჯერა, რომ ჯერ სასამართლო უნდა შეცვალო და მერე შეიცვლება რაღაცები. მაგას ვამბობ: თუ ჩვენ ცალ-ცალკე ვმოძრაობთ, ვერ ვაღწევთ ვერაფერს", - ამბობს "გირჩის" ლიდერი. მიუხედავად იმისა,­ რომ ოპოზიციური ერთობის შესახებ ზურა ჯაფარიძესთან ერთად გიორგი ვაშაძემ და ელენე ხოშტარიამ არაერთი განცხადება გააკეთეს, ანალიტიკოსებისა და საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენლისთვის გაურკვეველია, რა ტიპის გაერთიანებაზე საუბრობს სამეული, რა არის მათი ერთობის მოტივი და აფინანსებს თუ არა მათ კეზერაშვილი, ამის შესახებ ზურა ჯაფარიძე­ გვესაუბრა:

- ჩემი აზრით, ვინც ვფიქრობთ, რომ "ქართული ოცნება" საქართველოს რუსულ ჭაობში მიათრევს, უნდა გავერთიანდეთ. როგორი უნდა იყოს კონფიგურაცია? ამაზე საბოლოოდ არა ვართ ჩამოყალიბებული. ჩვენი ვერსია გვაქვს, მაგრამ ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. მთავარია, დავინახოთ ერთობის ისეთი სურვილი, როგორიც იყო შარშან, შარშანწინ. სხვებმაც უნდა ილაპარაკონ ერთობის მნიშვნელობაზე საჯაროდ. აი, ამის შემდეგ ექნება აზრი კონკრეტული ფორმულების დასახელებას. წინასწარ აღარაფრის თქმას აღარ ვაპირებთ, იმიტომ, რომ ყველა აზრისა და იდეის დისკრედიტაცია ხდება. მხოლოდ ერთხელ ვახსენეთ პრაიმერი და მეორე დღიდან მთელი კვირის განმავლობაში ყველა იმაზე ლაპარაკობდა, თუ რა ცუდია თურმე პრაიმერი.

- რატომ არ მოსწონს ოპოზიციის ნაწილს თქვენი ინიციატივა ერთობის შესახებ?

- არ ვიცი, ალბათ, პირადი ან პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე ხელსაყრელად არ მიაჩნიათ. თუმცა, ვფიქრობ, ბევრი მუშაობაა საჭირო და საბოლოოდ მაინც ყველა იმ აზრამდე მივა, რომ ერთად­ერთი გამოსავალი ერთობაა. სხვა ფორმულას ვერავინ დადებს და ვერ იტყვის, რომ ესაა ივანიშვილის დამარცხების გზა.

პირველ ეტაპზე ყველაზე რთული სამუშაოა - ჩვენი შეხვედრები ღია პლატფორმად უნდა გადავაკეთოთ და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მათ შორის საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს პროცესში ჩართვის საშუალება მივცეთ.

- "ნაცმოძრაობაში" ერთობის შესახებ არაერთგვაროვანი აზრია. გამოითქვა ვერსია, რომ ნიკა მელია ერთობის­ წინააღმდეგია, კეზერაშვილის დაჯგუფება კი მომხრე.

- არ ვიცი, ვერსია უამრავია, შიდაპარტიულ საკითხებზე ვერ ვისაუბრებ. არ არის ეს ჩემი საქმე. მხოლოდ ის ვიცი, რომ "ნაცმოძრაობას", ისევე როგორც "ლელოს" საბოლოოდ ერთობის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ. უბრალოდ, მათ ერთობის ფორმაზე აქვთ კითხვები. ერთობა პრინციპულად მნიშვნელოვანია, რათა ეს სისტემა დავამარცხოთ და ქვეყანა დაუბრუნდეს ევროპული განვითარების გზას. სანამ ხელისუფლებაში "ქართული ოცნებაა", საქართველოს არ უწერია ნაბიჯის გადადგმა დასავლეთისკენ და ამას ყველა ვიაზრებთ.

- ნიკა მელიას პოზიციას როგორ ახსნით?

- ვერანაირად. პირადად მე არ მსმენია ნიკა მელიასგან რაიმე ისეთი, რაც მაფიქრებინებდა, რომ ის გაერთიანების წინააღმდეგია.

- მან თქვა, რომ არ სურს "ნაცმოძრაობის" ზურგით სხვა პარტიები შეიყვანოს პარლამენტში.

- ვერ გეტყვით, მე არ მომისმენია. მისი კრიტიკა მხოლოდ გაერთიანების კონკრეტულ გზებზე მაქვს მოსმენილი. მაგალითად, პრაიმერზე აქვს კითხვები. ამწუთას რაღაც თვალსაზრისით "ლელოც" წინააღმდეგია ერთობის, თუმცა "ლელოს" ლიდერებსაც რომ მოუსმინოთ, ისინიც რაღაც ტიპის ერთობის მხარდამჭერები არიან, ოღონდ სხვა ფორმაზე ფიქრობენ.

- იქნებ ზოგიერთი პოლიტიკოსისთვის­ პრობლემა ის არის, რომ თქვენი ერთობის სახელი როგორღაც კეზერაშვილის სახელს დაუკავშირდა?

- არ ვაპირებ ამ ზღაპრების განხილვას, იმიტომ, რომ ასეთი მცდარი ინფორმაციის გავრცელებით ცდილობენ ნეგატივის გამოწვევას იმ ყველაფრის მიმართ, რისთვისაც ჩვენ ახლა ვმუშაობთ. ძალზე მწირი ფინანსები გვაქვს, რა გვეტყობა, რომ კეზერაშვილი გვაფინანსებს?

- მაგრამ ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში თქვენ თქვით, დასაფინანსებელი ჯერ არაფერი გვაქვსო, რომ კეზერაშვილი, როგორც პოლიტიკური ფაქტორი, უხერხულობას არ გიქმნით და არც შეკითხვები გაქვთ მის წარსულზე. მეორე მხრივ, ელენე ხოშტარიამ არაერთხელ აღნიშნა, რომ კეზერაშვილთან თანამშრომლობის კომპლექსი არა აქვს.

- დიახ და ვთქვი, რომ კეზერაშვილთან შეკითხვები შეიძლება ჰქონდეს დამოუკიდებელ სასამართლოს. ეს ნიშნავს, რომ მაფინანსებს? კეზერაშვილთან ახლო ურთიერთობა არ მქონია, მხოლოდ შორიდან, ყურმოკვრით ვიცი, რომ საგადასახადოში ყოფნის დროს სხვადასხვა ბიზნესს პრობლემებს უქმნიდა, მაგრამ კონკრეტული და დადასტურებული არაფერი ვიცი. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი მიზანი, რადგან ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას და შესაბამისად, ჭორების ან დაუდასტურებელი ინფორმაციის გამო ადამიანებთან თანამშრომლობაზე უარის თქმა მართებულად არ მიმაჩნია.

- თუ ქოლცენტრების საქმეში მისი დანაშაული გამოიკვეთა?

- ჯერ არაფერია გამოკვეთილი. წინასწარ ვერაფერს ვიტყვი.

ხათუნა ბახტურიძე