„რატომ არ ცდილობს „ოცნება“, რომ ევროპარლამენტში მეგობრები გაიჩინოს?!“ - კვირის პალიტრა

„რატომ არ ცდილობს „ოცნება“, რომ ევროპარლამენტში მეგობრები გაიჩინოს?!“

47 მომხრე და 5 წინააღმდეგი - 220 შესწორების საფუძველზე ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ესტონელი პარლამენტარის, სვენ მიქსერის ანგარიშის კომპრომისული ვარიანტი მიიღო. დოკუმენტი რეზოლუციის სახეს 12 დეკემბერს, დებატების შემდეგ მიიღებს. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტის კომპრომისულ ვარიანტში მმართველი პარტიის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილის სანქცირების მოთხოვნა აღარ გვხვდება. ამასთან, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების წინა პირობად დასახელებული აღარ არის. თუმცა ევროპარლამენტი საქართველოს ურჩევს ბიძინა ივანიშვილის პირადი ინტერესების გადაჭარბებული გავლენის პრობლემა მოაგვაროს. დოკუმენტის თანახმად, ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს სააკაშვილი, საზღვარგარეთ მკურნალობის უფლება მისცეს და გამოიყენოს ეს როგორც პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების საშუალება. ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეები და გადახედოს მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს მედიის მუშაკებისა და ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედიასაშუალებების მფლობელების ან ახლო ოჯახის წევრების წინააღმდეგ. დოკუმენტი ამ კუთხით განიხილავს ტელეკომპანია "მთავარის" დირექტორის ნიკა გვარამიას, ისევე როგორც სხვა მედიასაშუალებების, როგორიცაა "ფორმულისა" და „"TV პირველის“ დირექტორებისა და დამფუძნებლების შემთხვევას და იმეორებს გვარამიას გამამტყუნებელი განაჩენის გადახედვის მოწოდებას.

რა მოხდა ევროპარლამენტის კულისებში,­ ვისი მეცადინეობით იყო დოკუმენტი უაღრესად კრიტიკული და ვისი მუშაობის შედეგად შედგა კომპრომისული ვარიანტი, რატომ აღარ არის ივანიშვილი ოლიგარქად მოხსენიებული და რატომ აღარ არის სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების წინა პირობა, ამ საკითხებზე საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი თენგიზ ფხალაძე გვესაუბრება:

- ჩემი კოლეგების ერთი ნაწილისგან განსხვავებით, მე არ ვფიქრობ, რომ ანგარიში კომპრომისული და შერბილებულია. ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, დოკუმენტი უაღრესად მძიმეა, ვინაიდან ჩემი ქვეყანა უარყოფით კონტექსტშია მოხსენიებული. შეიძლება თუ არა დოკუმენტი მეტად კრიტიკულიც ყოფილიყო? რა თქმა უნდა, თუმცა ამით თავის დამშვიდება არ ღირს. იმედია, ჩვენი პოლიტიკური სპექტრი შესაბამისად შეაფასებს ვითარების სიმძიმეს და გამოსწორებას შეეცდება. ქართველი პოლიტიკოსების ამ დრომდე გაკეთებული განცხადებები სრულიად არაადეკვატურია. იქნებ ვინმე მაინც მიხვდეს, რომ ასე არ შეიძლება!

- რას გულისხმობთ?

- მმართველი გუნდის განცხადებებს, რომ თურმე რეზოლუცია ფარატინა ფურცელია, რომ ჩალის ფასი აქვს, რომ არაფერს ცვლის... სამწუხაროდ რეალობა სხვაგვარია. მერწმუნეთ, თუ პარლამენტი ასეთი სახით მიიღებს ამ რეზოლუციას, ის ნამდვილად არ იქნება ფარატინა ქაღალდი.

თუ ხელისუფლება რიტორიკას არ შეცვლის, კარგი არაფერია მოსალოდნელი! ჩვენ ვერ მივიღებთ იმ სიკეთეებს, რომელთა მიღების შანსიც რეალურად გვაქვს - უკეთესი სასამართლოს, უკეთესი ეკონომიკის, უკეთესი თავდაცვის... რაც უნდა ვილაპარაკოთ, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა, ჩვენ ხომ ვიცით, რაც ხდება?!

- ხშირად გვესმის "ქართული ოცნების" თავის მართლება, რომ ოპოზიცია ცდილობს დასავლელ პარტნიორებს არასწორი განწყობები შეუქმნას. მკითხველისთვის საინტერესო იქნება დავანახოთ ევროპარლამენტის კულუარები. დღეისათვის ამ ორგანოში ევროპის 28 ქვეყანაში მცხოვრები 340 მილიონი ამომრჩევლის არჩეული 751 დეპუტატი მუშაობს, რომელთა დიდი ნაწილი საერთოდ არ არის დაინტერესებული საქართველოს საკითხით. ვინ მუშაობს­ საქართველოს თემაზე და ვინ მოქმედებს მათ განწყობაზე?

- ევროპარლამენტში საქართველოზე მომუშავე ჯგუფის წევრებს იცნობს როგორც ოპოზიცია, ისე ხელისუფლება. ყველა ქვეყანას პარტნიორებთან მუშაობის ასეთი მოდელი აქვს, მათ შორის ჩვენც. მაგალითად, საქართველოს პარლამენტში ამერიკასთან მეგობრობის ჯგუფი არასდროს ამზადებს რეზოლუციას სასომხეთზე. ყველას თავისი კომპეტენცია აქვს. ამის ახსნა პოლიტიკოსს რატომ უნდა სჭირდებოდეს? ძალიან სავალალოა განცხადება, რომ ევროკავშირში "ნაციონალების" მეგობრები არიან და ამიტომ ვიღებთ ასეთ შეფასებებს. როცა ევროპარლამენტარებს ვეუბნებით, თქვენ საქართველოს კი არა, ერთი კონკრეტული ჯგუფის მეგობრები ხართო, ამით მათ შეურაცხვყოფთ. თუმცა, კარგი, დავუშვათ, იქ მართლაც "ნაციონალების" მეგობრები არიან, "ოცნებას" რატომ არ ჰყავს ამ ორგანოში მეგობრები, მაშინ როდესაც ევროკავშირი ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორია, ევროკავშირში ინტეგრაცია კი სტრატეგიული ინტერესი? რატომ არ ზრუნავს "ქართული ოცნება", რომ ამ უმნიშვნელოვანეს ორგანოში მეგობრები გაიჩინოს და რით ახნიან მმართველი გუნდის ლიდერები იმას, რომ ამ კრიტიკულ რეზოლუციას ხმა მისცა "ქართული ოცნების" პარტნიორმა პარტიამ, "სოციალისტებმა"? პირადად მე მაქვს ეს შეკითხვა - რატომ არა ჰყავს მგეობრები იქ, სადაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები არიან? რაც შეეხება ევროპარლამენტში მიმდინარე სამუშაო პროცესს, ტექსტის შედგენა ბევრ სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის შეფასებით მისიაზე, სხვადასხვა წყაროდან მიღებულ ინფორმაციასა და პარტნიორებთან მუშაობაზე. ჩვენ მათთან პარტნიორულ მუშაობას ვერ ვახერხებთ, მხოლოდ ვლანძღავთ - ან "ნაციონალების" მეგობრობას ვაბრალებთ, ან ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევის მცდელობას.

- რატომ გამორიცხავთ, რომ დასავლეთში­ მართლაც იყვნენ კონკრეტული პოლიტიკური ან გავლენის ჯგუფები, რომლებსაც მართლაც სურთ საქართველოს ომში ჩათრევა?

- თუ ვინმეს ასეთი ინფორმაცია აქვს, უფრო კონკრეტულად უნდა ილაპარაკოს. დასავლეთს ჩვენი ომში ჩართვა ხელს არანაირად არ აძლევს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საქართველოში ევროკავშირის სამშვიდობო მისია დგას. მთელი დასავლური თანამეგობრობა აქტიურად მუშაობდა იმისთვის, რომ 2008 წლის ომი აქტიურ ფაზაში არ გადასულიყო. ამისთვის შეიქმნა ჟენევის მოლაპარაკების ფორმატი, დასავლეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ახლახან ევროკავშირის საბჭო და ევროპარლამენტი შეთანხმდნენ, რომ არ აღიარონ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული რუსული პასპორტები. დასავლეთი ინვესტიციას დებს მშვიდობიან, სტაბილურ საქართველოში. პრაგმატულად ვიფიქროთ - მაშინ, როცა რუსეთი სანქცირებულია და იქ ტვირთების გატარება ნელ-ნელა შეუძლებელი ხდება, საქართველოს, როგორც ტვირთების გამტარი დერეფნის როლი ხომ მნიშვნელოვნად იზრდება? დასავლეთს ომი აწყობს თუ მშვიდობა იმ ქვეყანაში, სადაც მისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი სავაჭრო დერეფანია?!

- ამ რეზოლუციის სახით საქართველომ წითელი ბარათი მიიღო, ყვითელი თუ ისიც შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში­ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე დასავლეთმა­ კიდევ ბევრ რამეზე დახუჭოს თვალი?

- ჩვენი პარტნიორები ყველანაირად ცდილობენ, რომ საქმე წითელ ბარათამდე არ მივიდეს. ეს დააზარალებს არა ერთ ან ორ პირს, არამედ სახელმწიფოებს. შესაბამისად, ყველანაირად ცდილობენ პროცესები ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ წარიმართოს. თუმცა პროცესი ვერ იქნება ცალმხრივი. ჯერ კიდევ დაგვრჩა დრო, რომ კომიტეტის რეზოლუცია პარლამენტის საბოლოო დოკუმენტად არ იქცეს და საბოლოოდ ევროკომისიის რეკომენდაციაში არ გადაითარგმნოს. მოვეშვათ გულში მჯიღის ცემას, დასავლელ პარტნიორებს ჩვენი ემოციები კი არა, მუშაობის შედეგი ვაჩვენოთ.

- მაინც რამ განაპირობა კრიტიკულად მკაცრი დოკუმენტის ოდნავ შერბილება?

- მეგობრები ყოველთვის გაძლევენ შანსს. ევროპარლამენტარებმაც მოგვცეს. იმედია, გამოვიყენებთ.

ხათუნა ბახტურიძე