„ევროპარლამენტარები იმავეს გვერჩიან, რასაც „ნაცმოძრაობა“ - კვირის პალიტრა

„ევროპარლამენტარები იმავეს გვერჩიან, რასაც „ნაცმოძრაობა“

მმართველი გუნდის ლიდერები საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების წლიური ანგარიშის შესწორებულ ვერსიას უსაფუძვლოსა და უსამართლოს უწოდებენ და მიიჩნევენ, რომ "ასეთ უსამართლობაში პოლიტიკური სარჩული უნდა ვეძებოთ". დოკუმენტს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის ანგარიში სულაც არ არის კომპრომისული, უფრო მეტიც, უსამართლოა. რას მიიჩნევს უსამართლობად საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და როგორ წარმოუდგენია დასავლელ პარტნიორებთან მუშაობა ჩვენი ქვეყნისთვის სასურველი შედეგის მისაღწევად, ამის გარკვევას გიორგი ვოლსკისთან საუბრისას შევეცადეთ:

- სულაც არ ვფიქრობ, რომ ევროპარლამენტარებმა კილო შეარბილეს. რეზოლუციის სამუშაო ვერსია იყო უსაფუძვლო და უსამართლო, ვინაიდან ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას მოითხოვდნენ, მაგრამ დოკუმენტიდან ივანიშვილის სანქცირების საკითხის ამოღება იმას არ ნიშნავს, რომ საბოლოო რედაქცია კომპრომისულია. აქ შეფარულად არის საუბარი ხელისუფლების შეცვლის თაობაზე. მათი შეხედულებით,­ ივანიშვილის გავლენა პოლიტიკურ პროცესზე განისაზღვრება იმ გარემოებით, რომ ხელისუფლებასა და საპარლამენტო უმრავლესობაში მყოფი პირები დაკავშირებული არიან მის სახელთან. აქედან გამომდინარე, მოთხოვნა, რომ ბიძინა ივანიშვილის გავლენა შემცირდეს პოლიტიკაზე ნიშნავს, რომ ჩვენ, ყველანი, სახლში წავიდეთ და ხელისუფლებაში მოვიდეს სხვა პოლიტიკური ძალა. რაც შეეხება სააკაშვილის პოლიტპატიმრად გამოცხადების მოთხოვნას, კანონთან იმდენად შეუსაბამო იყო, რომ იძულებული გახდნენ, თავადვე მოეძებნათ კომპრომისული ვარიანტი და ახლა მისი სასჯელიდან განრიდება მოითხოვეს.

- რას ერჩიან ევროპარლამენტარები "ქართულ ოცნებას"?

- ევროპარლამენტარების ნაწილი იმავეს გვერჩის, რასაც "ნაციონალური მოძრაობა". "ევროპის სახალხო პარტიისა" და ევროპარლამენტართა ერთი ჯგუფის ინტერესებში შედის ხელისუფლების შეცვლა რევოლუციური გზით და ქვეყნის სათავეში იმ პოლიტიკური ძალის მოყვანა, რომელიც მორჩილად შეასრულებს მათ მოთხოვნას, საქართველოში გაიხსნას მეორე ფრონტი. ეს დამოკიდებულება აბსოლუტურად უტიფარი დამოკიდებულებაა და უპირისპირდება საქართველოს სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესებს. კეზერაშვილი განცხადებით გამოდის და ამბობს, რომ პოლიტიკაში ჩაერთვება. მას ფინანსური შემოსავალიც ძალიან საეჭვო ოპერაციებით აქვს მიღებული, აქვს მედიაზე გავლენაც. მასთან დაკავშირებით ევროპარლამენტარების ერთ ჯგუფს არავითარი რეაგირება არა აქვს და თურმე უნდა ჩამოეცალოს პირი, რომელიც პოლიტიკას გაეცალა და არც ერთი ნიშნით მისი პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობა არ საბუთდება. ახლა მე მაქვს შეკითხვა: რატომ სჭირდება "ქართულ ოცნებას" გარედან კარნახი და თუნდაც ბიძინა ივანიშვილის ჩუმი და შეფარული მართვა?! რითი არიან სახელმწიფო პოზიციებზე მყოფი პირები ინტელექტით, გინდ შრომისუნარიანობით და სხვა პოზიტიური მონაცემით უფრო ნაკლები მაჩვენებლის, ვიდრე ზურაბ ჯაფარიძე ან გიორგი ვაშაძე?! ისინი თუ არ იმართებიან ფარდის მიღმა, რატომ უნდა იმართებოდეს ეს ხელისუფლება ფარდის მიღმა?! რა დანაშაული აქვს ამისთანა?! ეს არის მავნებლობის უმაღლესი დონე, რომლითაც გამოირჩევა პოლიტიკოსების ერთი ჯგუფი. სამწუხაროდ, რადიკალურ ოპოზიციას ევროპაშიც ჰყავს მხარდამჭერები.

- "ქართულ ოცნებას" რატომ არ ჰყავს მეგობრები ევროპარლამენტში, ანუ იქ, სადაც არიან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები? როგორ ახსნით იმას, რომ რეზოლუციის ავტორი სტივ მიქსერი სწორედ თქვენი მოკავშირე პარტია "ევროპელი სოციალისტების" წევრია?

- სოციალისტური პარტიის წევრები, სამწუხაროდ, მხარს უჭერენ რეზოლუციის ცვლილებებს და ამ კომპრომისული ვარიანტის არსებობას ასახელებენ ამის მიზეზად, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ წინა რეზოლუციას იმ 300 კაცის გარდა, ძალიან ბევრმა, ორასზე მეტმა, არ დაუჭირა მხარი. ასე რომ, სოციალისტების, ლიბერალების თუ "სახალხო პარტიის" თემა აღარ არის საინტერესო, რადგან არსებობს განსაზღვრული ინტერესები. "სახალხო პარტიას" დიდი რესურსი აქვს, ჰყავს გავლენიანი პოლიტიკოსების ჯგუფები, რომელთაც შეიძლება "სოციალისტებიც" აჰყვნენ, "ალდეს" წევრებიც და "მწვანეთა" ზოგიერთი წევრიც. მეორე საკითხია ის, რომ რა მნიშვნელობა აქვს, რა შეფერილობის არის და რომელი პარტიული მანდატი უდევს დეპუტატს, თუკი ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ ილაშქრებს. ჩვენი ოპონენტები რასაც ამბობენ, სპეკულაციაა, ვინც უნდა იყოს, სოციალისტი იქნება თუ მემარჯვენე, ჩვენ დავუპირისპირდებით ყველას, ვინც დაუპირისპირდება საქართველოს ინტერესს.

- ფიქრობთ, რომ საქართველოს ომში ჩართვა ახლა, ამ კონკრეტულ მომენტშიც შედის დასავლეთის ინტერესებში?

- რატომ მისვამთ ასეთ გულუბრყვილო შეკითხვას? საქართველოს ომში ჩართვა ახლაც შედის უკრაინის ინტერესებში. უკრაინის ხელისუფლებასაც საკმაოდ იმპერატიული მოთხოვნები აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპასთან - სურთ უფრო ქმედითი და ფართო მასშტაბის დახმარება. სწორედ ამ მოთხოვნაზე მხარის აბმის შედეგია ის მოცემულობა, რაც ახლა უკრაინაშია.

- რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ,­ რომ საქართველოს საკითხებზე მომუშავე დასავლელ პოლიტიკოსებთან მოვახერხოთ ურთიერთობის შენარჩუნება?

- ჩვენ ვერ შევცვლით მათ დამოკიდებულებას. რატომ? მათი პოზიცია იმიტომ კი არ არის ასეთი, რომ არ იციან, თუ როგორი სადისტური იყო სააკაშვილის მმართველობა. ყველაფერი კარგად იციან, მაგრამ საკუთარი პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად მოქმედებენ, მათი პოლიტიკური ინტერესის შესახებ კი უკვე გითხარით. აქ მთავარი ძალა და კომპონენტია ქართველი ხალხი, რომელიც გადაწყვეტს, საით უნდა წავიდეს სახელმწიფო და ვის უნდა მისცეს ლეგიტიმაცია.

- რას გულისხმობთ, შეიძლება ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს, რომ პროდასავლური გზით აღარ უნდა იაროს?

- რას ამბობთ, თქვენ დასავლეთი კუბილიუსი და იუკნევიჩიანე გგონიათ?! ჩვენი ინტერესები არის დაკავშირებული დასავლეთთან. სწორედ ის განაპირობებს საქართველოს უსაფრთხოებას. ახლა მიმდინარეობს პროცესი და ამ პროცესში არ არის ისეთი მარტივი ფორმულები, რომ ყველა ყველაფერს მიხვდეს.

- იქნებ უფრო მარტივი ფორმულით აგვიხსნათ, ვისთან უნდა ითანამშრომლოს საქართველოს ხელისუფლებამ, რათა ჩვენი დასავლური ინტეგრაცია შეუქცევადად გაგრძელდეს?

- საქართველოს ხელისუფლება ინტენსიურად თანამშრომლობს ევროკავშირის სახელმწიფოებთან. დღეს ევროპისა და ამერიკის პრაგმატული ინტერესები დაკავშირებულია სტაბილურ საქართველოსთან. მსოფლიოში მიმდინარე პროცესები გაცილებით მაღალ ხარისხში მიმდინარეობს, ვიდრე ჟურნალისტების ცოდნაა. ეს არის პრაგმატიზმის მაღალი ხარისხი. ახლა მსოფლიო ომის მასშტაბის დაპირისპირებაა,­ ქვეყნების ჯახია, ყველა ქვეყანას თავისი ინტერესი აქვს...

- პრაგმატიზმის მაღალი ხარისხის გათვალისწინებით, ვისთან უნდა ითანამშრომლოს საქართველოს ხელისუფლებამ?

- თუ ვისთან უნდა ითანამშრომლოს, ძალიან კარგად გამოჩნდა თუნდაც ერთ ეპიზოდში - ეს იყო ალიევის ჩამოსვლა საქართველოში. ამ ვიზიტისას შედგა საუბარი ევროპის ენერგორესურსებით მომარაგების აუცილებლობაზე. ჩვენ ამისთვის მზად ვართ, საკმაოდ პოზიტიური ურთიერთობები გვაქვს ევროკავშირის ქვეყნებთან, ისევე როგორც აზიის ქვეყნებთან და პრემიერი ღარიბაშვილიც ამიტომ არის მოგზაურობაში, მათ შორის ევროპაში.

ხათუნა ბახტურიძე